ბრძანება 25454

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.10.2023
№ დოკუმენტი 25454
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25454

13 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: --- ) 2023 წლის 1 თებერვალის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №101) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) №78780/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №094-128 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საწარმოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი 2020 წლის 31 დეკემბერს გადაიკისრა მესამე პირმა (საწარმოს დამფუძნებელმა). ხოლო, სასესხო ვალდებულებების გადაკისრება შინაარსით გულისხმობს, რომ სასესხო ვალდებულება დაფარულ იქნა თავდაპირველი მსესხებლის მიერ და შემდგომ, სესხი გამსესხებლის მიერ გაცემულ იქნა სხვა პირზე.

შესაბამისად, ვინაიდან მოხდა სესხის დაბრუნება, პირი უფლებამოსილია სესხის თანხის დაბრუნების საანგარიშო პერიოდში, დაბრუნებული თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადი ჩაითვალოს. ამდენად აღნიშნული ოპერაციით ფისკალური შედეგი ნულის ტოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის მხრიდან ბიუჯეტის წინაშე გადასახადის თანხის გადაუხდელობას ადგილი არ ჰქონია. პირი აცხადებს, შემოწმებას რომ მოეცვა 2020 წელიც, გადასახადის დარიცხვა არ განხორციელდებოდა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 მაისის №13268 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №336767 ბრძანება და ამავე თარიღის №094-128 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 981 732 ლარი, მათ შორის, გადასახადი 510 656 ლარი, ჯარიმა 276 011 ლარი, საურავი 195 065 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციისა და ბუღალტრული პროგრამისა შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საწარმოს 2019 წლის საანგარიშო პერიოდში გაცემული აქვს თანხები ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე, კერძოდ დამფუძნებელზე (---), გარდა ამისა 2019 წლის საწყის ნაშთად ფიქსირდება აღნიშნულ პირთან მოთხოვნა. აღნიშნული ოპერაცია გადასახადის გადამხდელი მიერ დაკვალიფიცირებულია პროცენტიან სესხად და სესხის თანხაზე ახდენს პროცენტების დარიცხვას საანგარიშო პერიოდის ბოლოს (საპროცენტო განაკვეთი შესაბამისობაშია საბაზრო საპროცენტო განაკვეთთან). საპროცენტო შემოსავლები ფიზიკური პირის მიერ არ არის ანაზღაურებული. გადასახადის გადამხდელს ფიზიკურ პირზე სესხად გაცემული თანხები, არ აქვს ასახული მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზებში.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, შემოწმების მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული სესხები დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას, შესაბამისად პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 -ე მუხლის მიხედვით დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსი 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციისა და ბუღალტრული პროგრამის მიხედვი, საწარმოს 2019 წლის საანგარიშო პერიოდში გაცემული აქვს თანხები ურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირზე, კერძოდ დამფუძნებელზე (---), გარდა ამისა 2019 წლის საწყის ნაშთად ფიქსირდება ამავე პირთან მოთხოვნა. აღნიშნული ოპერაცია გადასახადის გადამხდელი მიერ დაკვალიფიცირებულია პროცენტიან სესხად (საპროცენტო განაკვეთი შესაბამისობაშია საბაზრო საპროცენტო განაკვეთთან), თუმცა ფიზიკურ პირზე სესხად გაცემული თანხები, არ აქვს დაბეგრილი მოგების გადასახადით.

შესაბამისად, შემოწმების მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული სესხები, დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ვინაიდან მოხდა სესხის დაბრუნება, პირი უფლებამოსილია სესხის თანხის დაბრუნების საანგარიშო პერიოდში, დაბრუნებული თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადი ჩაითვალოს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 მაისის №13268 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საწარმოს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №336767 ბრძანება და ამავე თარიღის №094-128 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 981 732 ლარი, მათ შორის, გადასახადი 510 656 ლარი, ჯარიმა 276 011 ლარი, საურავი 195 065 ლარი.

 

გადაწყვეტილება

შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97; 982; 43 (4).