გადაწყვეტილება №27032/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27032/2/2026
19 მაისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: სს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ------- 30.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27032/2/2026).
დავის საგანი:
საიჯარო მომსახურების თანხის განსაზღვრა სსიპ ------- მიერ დადგენილი საბაზრო ფასით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2025 წლის №001-323 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.03.2026 წლის №4995 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 772 474,04 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 406 662,78
დღგ - 393 353
მოგების გადასახადი - 12 000
ქონების გადასახადი - 1 309,78
ჯარიმა - 203 331,5
საურავი - 162 479,04
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა ------- (ს/კ -------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა.
აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2025 წლის საგადასახდო შემოწმების აქტის საფუძველზე შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანი მთლიანი შენობიდან ფლობს შენობა №1-დან 6 080.34 კვ.მ და შენობა №3-დან 61.79 კვ.მ ფართს. გადამხდელს შპს „-------“ უფიქსირდება 5 915 კვ.მ-ის ფართის იჯარით გაცემა, ხოლო 1.04.2024 წლიდან ახორციელებს სრული ფართის (6 142 კვ.მ) იჯარით გაცემას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ყოველთვიურად გამოიწერება ელ. საგადასახადო ანგარიშფაქტურები. შესამოწმებელ პერიოდში ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, იჯარის სახით გაწეული მომსახურების ღირებულება, რომელიც დეკლარირებულია გადასახადის გადამხდელის მიერ შეადგენს 533 993 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). შესაბამისად, მთლიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, 1 კვ.მ ფართის საიჯარო ფასი საშუალოდ შეადგენს 2 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). შპს „-------“ (ს/ნ -------) წარმოადგენს სს „-------“ ურთიერთდამოკიდებულ პირს და ამასთან, შპს „-------“ ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას, შესაბამისად, მისი შემოსავალი გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე. გადასახადის გადამხდელს მოეთხოვა საიჯარო ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებული შეფასების დასკვნის წარმოდგენა. შედეგად, პირის მიერ წარმოდგენილია სსიპ ------- მიერ შედგენილი დასკვნა (№-------), სადაც შავ კარკასულ მდგომარეობაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ -------) საიჯარო ქირის 1 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია 4,8 აშშ დოლარით, რომელიც კორექტირდება წლების მიხედვით ვალუტის კურსიდან გამომდინარე. ამასთან, საზოგადოების განმარტებით, მოიჯარეს ქონება დროებით სარგებლობაში გადაეცა შავი კარკასის მდგომარეობით და მასზე განხორციელებული კეთილმოწყობის (სარემონტო/სარეკონსტრუქციო) სამუშაოები წარმოადგენს მოიჯარის აქტივს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების, საგადასახადო კოდექსის მე-18 და 159-ე მუხლების გათვალისწინებით, შპს „-------“ გაწეული საიჯარო მომსახურება გაანგარიშდა სსიპ ------- მიერ დადგენილი საბაზრო ფასის შესაბამისად და განისაზღვრა 3 097 278 ლარით (დღგ-ის ჩათვლით). შემოწმების მონაცემებსა და გამოწერილ/დეკლარირებულ ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს შორის სხვაობა 2 172 275 ლარი (დღგ-ის გარეშე) დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2025 წლის №001-323 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.03.2026 წლის №4995 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, 157-ე მუხლის „რ.ბ“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია მიიჩნევს, საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
------- დასკვნაში, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა იჯარის საბაზრო ფასი, არ არის გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები:
● იჯარით გაცემული უძრავი ქონების სპეციფიკა. კერძოდ, აღნიშნული ფართი ვერ გამოიყენება ყველა ტიპის კომერციული საქმიანობისთვის (მისი გამოყენება უფლებრივად და ეკონომიკურად შეზღუდულია) და მისი შეფასება იმავე რაონში იჯარით გაცემული კომერციული ფართების (მათ შორის სამედიცინო ან სხვა სახის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოსაყენებლად) საიჯარო ქირების საფუძველზე იურიდულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია;
● იჯარით გაცემულ ფართში სასარგებლო ფართების ოდენობა;
● იჯარით გაცემული ფართის სიდიდე და საიჯარო ხელშეკრულების გრძელვადიანი ხასიათი;
● მოიჯარის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიცია იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობის მიზნით, რომლის განხორციელების შესაძლებლობა თავად მეიჯარეს ქონების იჯარით გადაცემის მომენტში არ გააჩნდა;
● იჯარით გაცემული ფართის გადაცემის მდგომარეობა. კერძოდ, ქონება მოიჯარეს გადაეცა შავი კარკასის მდგომარეობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიამ მიმართა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიას 2022–2025 წლების საბაზრო საიჯარო ქირის დადგენის მიზნით და შეფასების ანგარიშის მიღებისთანავე, არაუგვიანეს 6.02.2026 წელს. წარმოდგენილი იქნება შესაბამისი შეფასების ანგარიში დავების განმხილველი ორგანოსთვის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ.ბ.“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის მომსახურებისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ნაკლები ამ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში მოეთხოვა საიჯარო ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებული შეფასების დასკვნის წარდგენა. მომჩივნის მიერ წარდგენილ იქნა სსიპ ------- მიერ შედგენილი დასკვნა, სადაც შავ კარკასულ მდგომარეობაში არსებული უძრავი ქონების საიჯარო ქირის 1 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია 4,8 აშშ დოლარით. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმება დაეყრდნო აღნიშნულ დასკვნას.
გადასახადის გადამხდელი საჩივარში აღნიშნავს, რომ მიმართა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიას 2022–2025 წლების საბაზრო საიჯარო ქირის დადგენის მიზნით და შეფასების ანგარიშის მიღებისთანავე, არაუგვიანეს 6.02.2026 წელს წარმოდგენილი იქნება შესაბამისი შეფასების ანგარიში. თუმცა, დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების წარმოდგენა საბჭოში არ მომხდარა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საიჯარო მომსახურების თანხის განსაზღვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა.
გადამხდელს უფიქსირდება ფართის იჯარით გაცემა, ყოველთვიურად გამოიწერება ელ. საგადასახადო ანგარიშფაქტურები. შესამოწმებელ პერიოდში ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, იჯარის სახით გაწეული მომსახურების ღირებულება, მთლიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, 1 კვ.მ ფართის საიჯარო ფასი საშუალოდ შეადგენს 2 ლარს. მოიჯარე წარმოადგენს მომჩივანის ურთიერთდამოკიდებულ პირს და ამასთან, ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას, შესაბამისად, მისი შემოსავალი გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე. გადასახადის გადამხდელს მოეთხოვა საიჯარო ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებული შეფასების დასკვნის წარმოდგენა. შედეგად, პირის მიერ წარმოდგენილია დასკვნა, სადაც შავ კარკასულ მდგომარეობაში არსებული უძრავი ქონების საიჯარო ქირის 1 კვ.მ-ის საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია 4,8 აშშ დოლარით, რომელიც კორექტირდება წლების მიხედვით ვალუტის კურსიდან გამომდინარე. ამასთან, საზოგადოების განმარტებით, მოიჯარეს ქონება დროებით სარგებლობაში გადაეცა შავი კარკასის მდგომარეობით და მასზე განხორციელებული კეთილმოწყობის (სარემონტო/სარეკონსტრუქციო) სამუშაოები წარმოადგენს მოიჯარის აქტივს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გაწეული საიჯარო მომსახურება გაანგარიშდა ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილი საბაზრო ფასის შესაბამისად. შემოწმების მონაცემებსა და გამოწერილ/დეკლარირებულ ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს შორის სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. შესაბამისად, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19; 159; 163; 164