ბრძანება N 13421

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.06.2025
№ დოკუმენტი 13421
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13421

24 ივნისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ----------ის (ს/ნ ----------------)

(ფაქტ. მის.: -----------------------,იურ. მის.: ------------------------)

2025 წლის 28 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 ივნისის სხდომაზე (ოქმი №48) განიხილა ი/მ ----------ის (ს/ნ ----------------) 2025 წლის 28 მაისის №95929/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 მაისის №001-61 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ არასწორად (მეტობით) განისაზღვრა დოკუმენტის გარეშე გაყიდული სმფ-ების თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა 31%-იანი ფასნამატი, რაც თავის მხრივ იმან განაპირობა, რომ შემოწმებამ არასწორად (ნაკლებობით) განსაზღვრა დოკუმენტებით გაყიდული სმფების თვითღირებულება (91%-იანი ფასნამატის გამოყენებით), ანუ ნაკლები თვითღირებულება იქნა მიკუთვნებული დოკუმენტურ რეალიზაციაზე. შემოწმებას მთელ თვითღირებულებაზე უნდა გაევრცელებინა 31%-იანი ფასნამატი ან დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება განესაზღვრა 31%-იანი ფასნამატით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 ნოემბრის №24514 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ----------ის (ს/ნ ----------------)2024 წლის 10 ივლისის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ ----------ის (ს/ნ ----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21409 ბრძანების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 ნოემბრის №24514 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 2 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები შემცირდა სულ 283 625 ლარით, მათ შორის, გადასახადი 187 064 ლარით და ჯარიმა 96 561 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 8 მაისის №001-61 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 ნოემბრის №24514 ბრძანების აღსრულების მიზნით, ი/მ ----------ის (ს/ნ ----------------) საგადასახადო შემოწმების შედეგები დაექვემდებარა კორექტირებას, კერძოდ, გაანგარიშება განხორციელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21409 ბრძანების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, კერძოდ, დოკუმენტის გარეშე გაყიდული სმფ-ების სარეალიზაციო ფასნამატად გამოყენებულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე გადაანგარიშებით დადგენილი ფასნამატი 31%-ის ოდენობით, ნაცვლად შემოწმების აქტში გამოყენებული 91%-ისა (მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული), რასაც დაემატა დოკუმენტური რეალიზაცია.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2024 წლის 20 ნოემბრის №24514 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას ეხელმძღვანელა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21409 ბრძანების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, ხოლო აღნიშნული ბრძანებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ფასნამატისა და საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ინვენტარიზაციის დროს დაფიქსირებული ფასებით ხელმძღვანელობა. ბრძანების აღსრულების შედეგად, შეიცვალა ინვენტარიზაციის შედეგები და ცვლილება შევიდა გადამხდელის მიმართ გამოცემულ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად მომჩივანს განესაზღვრა ჯარიმა 7 564,02 ლარი ნაცვლად 24 724,9 ლარისა. ხოლო, ვინაიდან შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებული იყო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის შედეგად შეიცვალა ინვენტარიზაციის შედეგები, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გამოყენებულ იქნა მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე გადაანგარიშებით დადგენილი ფასნამატი 31%-ის ოდენობით, ნაცვლად შემოწმების აქტში გამოყენებული 91%-ისა, რის საფუძველზეც შემცირდა შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები სულ 283 625 ლარით, მათ შორის, გადასახადი 187 064 ლარით და ჯარიმა 96 561 ლარით.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ----------ის (ს/ნ ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №24514 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი.სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის №21409 ბრძანების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

შემოსავლების სამსახურის №24514 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები შემცირდა სულ 283 625 ლარით, მათ შორის, გადასახადი 187 064 ლარით და ჯარიმა 96 561 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა №001-61 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21);