გადაწყვეტილება №10347/2/2020

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 25.09.2020
№ დოკუმენტი 10347/2/2020
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 10347/2/2020

25.09.2020

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --------- (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 25.09.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- ს 14.04.2020 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №10347/2/2020).

 

დავის საგანი:

ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1.აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2019 წლის №44577 ბრძანება;

2.აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2019 წლის №006-1108 საგადასახადო მოთხოვნა;

3.შემოსავლების სამსახურის 25.03.2020 წლის №9187 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 314 756.49 ლარი

მათ შორის:

დღგ - (-5 647) ლარი.

მიწის გადასახადი (სასოფლო) – 216 ლარი. მოგების გადასახადი - 6 811 ლარი.

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - (-154 695) ლარი. საშემოსავლო გადასახადი - 6 358 ლარი.

ქონების გადასახადი - 286 488 ლარი. ჯარიმა - 140 830 ლარი.

საურავი - 34 395.49 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანს სადავო თანხები დაერიცხა აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების 17.12.2019 წლის აქტის საფუძველზე. შემოწმებამ მოიცვა 28.09.2016 წლიდან 1.08.2018 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის მიხედვით:

- საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელია შპს ----------- რომელიც ფლობს სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიას შესწავლა-მოპოვების მიზნით (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი). აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში შპს ------- მა ქ. ----- ში განახორციელა სამუშაოები საბადოს კვლევა-ძიების და მარაგების შესახებ. დამფუძნებელი მოცემულ დანახარჯებს განიხილავდა ძიებისა და შეფასების აქტივად ფასს 6-ის მიხედვით და შესაბამისად ახდენდა მათ კაპიტალიზაციას.

- მას შემდეგ რაც ----------- ის ტერიტორიაზე ძიებითი სამუშაოები გადავიდა განვითარების სტადიაზე ანუ, რაც დადასტურდა მინერალური რესურსის მარაგების არსებობა, მოპოვების სამუშაოების დაწყების მიზნით დააფუძნა შვილობილი კომპანია შპს ---------- და საწესდებო კაპიტალში შეიტანა აღნიშნული ლიცენზიის ნაწილი და ქ. ----- ის საბადოსთვის ჩატარებული სხვადასხვა გეოტექნიკური კვლევები და პროექტები, რომლის ნაწილიც მიაკუთვნა დაუმთავრებელ მშენებლობას (საბადოს) და ნაწილი კი არამატერიალურ აქტივებს.

- საწესდებო კაპიტალში არამატერიალურ აქტივად შეიტანა -----ის საბადოზე „კვლევა-ძიების ინფორმაციის“ სახით 23 996 665 ლარის აქტივი. აღნიშნული აქტივი შედგება რამდენიმე სახის ხარჯისგან (ბურღვის ხარჯი, ხელფასები, არარეზიდენტის მომსახურება, მასალები, იჯარა და სხვა), რომელიც აკუმულირებული იყო შპს ------------- თან.

-შპს-----------დაარსების დღიდან დღემდე (ჯერ მოპოვებითი სამუშაოები არ დაწყებულა) ახორციელებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების წინასწარ მოსამზადებელ სამუშაოებს საბადოსთვის რეზიდენტი იურიდიული პირისაგან მიღებული სესხის საშუალებით.

- საწარმო დამფუძნებლისგან მიღებულ აქტივს, „ინფორმაცია -----ის საბადოს კვლევა- ძიების და მარაგების შესახებ“ არ განიხილავს საბადოს თვითღირებულების შემადგენელ ნაწილად და ამასთან, არც რეზიდენტი კომპანიისგან მიღებული სესხის პროცენტის კაპიტალიზებას ახდენს ქონების გადასახადის მიზნებისათვის.

- შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი (ბასს) 23-ის მიხედვით და იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია აქვს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსგან და ამასთან, აღნიშნული მოპოვება უნდა განხორციელდეს შახტური მეთოდით, საბადოს (გვირაბის) მშენებლობის დასრულებამდე გაწეული დანახარჯები აღიარდა როგორც დაუმთავრებელი მშენებლობა, რომელიც წარმოადგენს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების თანახმად, საწარმოს დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის.

აღნიშნულის თაობაზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2019 წლის №44577 ბრძანება და №006-1108 საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.03.2020 წლის №9187 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი. რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამფუძნებელი საწარმოს მიერ სასარგებლო წიაღისეულის საბადოში მარაგების არსებობის დადასტურების მიზნით, განხორციელებული კვლევა-ძიების სამუშაოების შედეგად, ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ნაპოვნია კომერციულად ეფექტიანი მადნეულის მარაგი და ამ მარაგის შახტური მეთოდით მოსაპოვებლად დაფუძნებულია საწარმო, რომლის კაპიტალში შეტანილია ლიცენზიის ნაწილი (არამატერიალური აქტივი) და კვლევა-ძიების სამუშაოებზე გაწეული დანახარჯები, რომლებიც ფასს 6- ის შესაბამისად ექვემდებარება ფულადი სახსრების წარმომქმნელ ერთეულზე მიკუთვნებას. რადგან დაფუძნებული საწარმოსთვის ფულადი სახსრების წარმომქმნელ ერთეულს წარმოადგენს კომერციულად სიცოცხლისუნარიანი საბადო (მატერიალური აქტივი), კვლევა-ძიების სამუშაოებზე გაწეული დანახარჯები, მიუხედავად იმისა, თუ ისინი როგორი სახის (არამატერიალურ თუ მატერიალურ) აქტივებად ჰქონდა აღრიცხული დამფუძნებელ საწარმოს კაპიტალში შეტანამდე, სამთომოპოვებითი საწარმოების მიერ სააღრიცხვო მიზნებისათვის გამოყენებული შემოსავლის მომტანი უბნების მეთოდის შესაბამისად, სრულად უნდა კაპიტალიზდეს და მიეკუთვნოს საბადოს (გვირაბის) მშენებლობის ღირებულებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლის მიხედვით, შესამოწმებელი პირის ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელიც ასახავს კომპანიის დაფუძნების თარიღიდან (2016 წლის 28 სექტემბრი) 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს და რომელიც დამოუკიდებელ აუდიტორთა დასკვნით, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სამართლიანად ასახავს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მადნეულის საბადოს კვლევა- ძიებასა და მარაგების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გაწეული დანახარჯები, „ძიების და შეფასების აქტივის“ სახით, წარმოდგენილია საბადოს ქონების შემადგენლობაში, ამასთან, საბადოს ქონება და ძირითადი საშუალებები ცალ-ცალკე არის წარმოდგენილი. ასევე აღნიშნულია, რომ დაუსრულებელი საბადო მოიცავს კაპიტალიზებულ განვითარების ხარჯებს მომპოვებელი საქმიანობებისთვის, რომელთან მიმართებაშიც ხდება მინერალური რესურსების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის და კომერციული სიცოცხლისუნარიანობის დემონსტრირება, ასევე ძიებისა და მოპოვების ლიცენზიასა და ძიებისა და შეფასების აქტივებს. კაპიტალიზებული ხარჯები მოიცავს მასალების, პირდაპირი შრომის და ზედნადები ხარჯების ღირებულებას. საბადოს ქონება აღირიცხება თვითღირებულებას გამოკლებული დაგროვილი ამორტიზაცია და დაგროვილი გაუფასურების ზარალი. საბადოს ქონებას ცვეთა არ ერიცხება, სანამ არ დასრულდება მშენებლობა და აქტივები ხელმისაწვდომი არ იქნება მათი დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ სამართლებრივ ნორმებთან და გადამხდელის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის ამომწურავი ჩამონათვალი მოცემულია საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლით, კერძოდ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ქონების გადასახადის გადამხდელია, რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია - მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე. შესაბამისად, თუ რომელიმე აქტივი არ ექცევა (მაგ, არამატერიალური აქტივი) ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტში, საგადასახადო კოდექსის მიხედვით ქონების გადასახადი ამ აქტივზე გადახდას არ ექვემდებარება.

ნიშანდობლივია, რომ ამა თუ იმ აქტივის ბალანსზე აღრიცხვა რეგულირდება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით. შესაბამისად, ზოგადად, ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის სწორად განსაზღვრის მიზნით, აუცილებელია ფაქტობრივი გარემოებების, შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისა (ფასს) და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს) დეტალური ანალიზი.

მინერალური რესურსების მარაგის ძიებისა და შეფასების აქტივი წარმოადგენს შპს ----- ის მიერ 2011-2016 წლებში -----ის ტერიტორიაზე მინერალური რესურსების მარაგების ძიებასა და შეფასებაზე გაწეულ დანახარჯებს. დამფუძნებელი მოცემულ დანახარჯებს განიხილავდა ძიებისა და შეფასების აქტივად ფასს 6-ის მიხედვით და შესაბამისად ახდენდა მათ კაპიტალიზაციას.

2016 წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც ----- ის ტერიტორიაზე ძიებითი სამუშაოები გადავიდა განვითარების სტადიაზე (ანუ მას შემდეგ, რაც დადასტურდა მინერალური რესურსის მარაგების არსებობა), ზემოაღნიშნული დაკაპიტალიზებული დანახარჯები მინერალური რესურსების ძიებისა და შეფასების აქტივის სახით შეტანილი იყო კომპანიის საწესდებო კაპიტალში.

გადმოცემის მომენტში კომპანიამ ძიებისა და შეფასების აქტივი აღრიცხა ბასს 38 არამატერიალური აქტივების მიხედვით, რადგან თვლიდა რომ დანახარჯები სრულად იყო მიმართული არამატერიალური ცოდნის ფორმირებისკენ რომლის შედეგადაც კომპანია შეძლებდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დაწყებას. აღნიშნულზე ასევე მიუთითებს, სალიცენზიო პირობებით დადგენილი ვალდებულებები, რომელთა შეუსრულებლობაც გამოიწვევდა წიაღით სარგებლობის უფლების შეწყვეტას.

კომპანიის ზემოთ არჩეული მიდგომა სრულ შესაბამისობაშია ფასს 6-თან, რომლის მიხედვითაც განვითარების სტადიაზე ძიებისა და შეფასების აქტივი უნდა კვალიფიცირდეს ძირითად საშუალებად ან არამატერიალურ აქტივად. აქტივის შინაარსიდან გამომდინარე, ძიებისა და შეფასების აქტივის მატერიალურ ან არამატერიალურ აქტივად კვალიფიკაციისათვის უნდა შეფასდეს მოპოვებული აქტივის ბუნება; დაკაპიტალიზირებული ხარჯები წარმოადგენს ფიზიკური ფორმის მქონე (მატერიალურ) აქტივს თუ დაგროვებულ არამატერიალურ ცოდნას, რომელიც აუცილებელი იყო რათა კომპანიას მოეპოვებინა ან შეენარჩუნებინა საბადოზე წარმოების უფლება (თავის მხრივ ასევე არამატერიალური აქტივი).

ფასს 6.16 მიანიშნებს, რომ უმეტეს შემთხვევაში ძიებისა და შეფასების სამუშაოები მიმართულია არამატერიალური ცოდნის ფორმირებისაკენ, რათა დადგინდეს მინერალური რესურსების მარაგების არსებობა, რაც წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლების წინაპირობას. უფრო მეტიც, ისეთი დანახარჯები, რომელიც მატერიალური აქტივის გამოყენებასთანაა დაკავშირებული, მაგრამ მიმართულია არამატერიალური ცოდნის მოპოვებისკენ (მაგ, საბადოზე კვლევის ჩასატარებლად გამოყენებული საბურღი დანადგარის ცვეთა), უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც არამატერიალური აქტივი. ფასი 6.16 ასევე საკმაოდ ვიწრო ინტერპრეტაციას აძლევს მისი მოქმედების სფეროში წარმოშობილ მატერიალური აქტივის შესაძლო სახეობებს, როცა ასეთ მაგალითებად მოჰყავს ბურღვითი დანადგარები და მანქანები - ანუ მხოლოდ ფიზიკური ფორმის მქონე აქტივები.

ფასს 6.16-ის ზემოთ მოცემული განმარტებიდან გამომდინარე დარგისათვის აპრობირებული პრაქტიკაა, რომ ძიებისა და შეფასების აქტივის უმეტესი ნაწილი, სწორედ რომ არამატერიალურ აქტივად კვალიფიცირდებოდეს. კომპანიის მიერ არამატერიალურ აქტივად დაკვალიფიცირებული ძიებისა და შეფასების აქტივის არც ერთი კომპონენტი ექცევა ძირითადი საშუალების განმარტებაში, რადგან არ აქვს ფიზიკური ფორმა და იყო მიმართული არამატერიალური ცოდნის ფორმირებისათვის.

ასევე, მომჩივანი წარმოადგენს საერთაშორისო აუდიტორული და ბუღალტრული კომპანიის KPMG-ის ფასს-ის განმარტებებს, რომლითაც მრავალი კომპანია ხელმძღვანელობს ინდუსტრიაში.

1) 5.11.80.30-40 ფასს-ის განმარტებიდან:

მატერიალური აქტივის არამატერიალური აქტივის შესაქმნელად გამოყენების შემთხვევაში, გამოყენების შესაბამისი ხარჯი ჩართული უნდა იყოს არამატერიალური აქტივის ღირებულებაში (მაგ, ცვეთის ხარჯის კაპიტალიზაცია), თუმცა გამოყენებული აქტივი კვლავ ჩაითვლება მატერიალურ აქტივად. მაგ, კომპანია ფლობს საბურღ მოწყობილობას, რომელიც გამოყენებულია მხოლოდ საძიებო სამუშაოების ფაზაზე. ასეთი მოწყობილობა კლასიფიცირებულია მატერიალურ აქტივად (ძირითად საშუალებად), ხოლო მისი ცვეთის ხარჯი წარმოადგენს არამატერიალური ძიებისა და შეფასების აქტივის ღირებულების ნაწილს და შესაბამისად კაპიტალიზდება შესაბამის ძიებისა და შეფასების აქტივად, მოცემულ შემთხვევაში საძიებო შახტად.

2) 5.11.70.10 ფასს-ის განმარტებებიდან:

ძიებისა და შეფასების აქტივების მაგალითები, რომლებიც კლასიფიცირდება არამატერიალურ აქტივად:

2.1 საბურღი სამუშაოების განხორციელების უფლება;

2.2 საძიებო სამუშაოების განხორციელების უფლება;

2.3 ტოპოგრაფიული, გეოლოგიური, გეოქიმიური და გეოფიზიკური კვლევების ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯი;

2.4 საძიებო საბურღი სამუშაოების ხარჯები;

2.6 გათხრების წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები;

2.7 ნიმუშების/სინჯების აღებასთან დაკავშირებული ხარჯები და

2.8 მინერალური რესურსების მოპოვების ტექნიკური განხორციელებადობის და კომერციული/ეკონომიკური მიზანშეწონილობის შეფასების ხარჯები.

3) 5.11.80.20 ფასს-ის განმარტებებიდან:

ძიებისა და შეფასების აქტივების მაგალითები, რომლებიც შესაძლოა კვალიფიცირდეს მატერიალურ აქტივად.

ფინანსურ ანგარიშგებაში ძიებისა და შეფასების აქტივის წარმოდგენა „მაღაროს ქონებად“ დარგისათვის აპრობირებული პრაქტიკაა. იმის გათვალისწინებით, რომ „მაღაროს ქონება“ არ წარმოადგენს ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განსაზღვრულ ტერმინს, შინაარსიდან გამომდინარე იგი (ან მისი ნაწილი) უნდა მოექცეს ან ბასს 38-ის ან ბასს 16-ის რეგულირების სფეროში.

„მაღაროს ქონების“ შემადგენელი აქტივების შინაარსისა და შესაბამისი ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების ანალიზის შედეგად ცხადია, რომ კომპანიის მინერალური რესურსების მარაგის ძიებისა და შეფასების აქტივი ბასს-ის მიზნებისათვის წარმოადგენს არამატერიალურ აქტივს და შესაბამისად არ წარმოადგენს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქტივების ღირებულებაში შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის მათ ღირებულებას, გარდა ისეთი ხარჯებისა (დანახარჯებისა), რომელთა პირდაპირ გამოქვითვის უფლება აქვს გადასახადის გადამხდელს, ხოლო აქტივების უსასყიდლოდ მიღებისას – ამ აქტივების საბაზრო ფასი.

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

ბასს 23-ის პირველი პუნქტის მიხედვით, ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულია განსაკუთრებული აქტივის შეძენის, მშენებლობის ან წარმოების პროცესთან, ამ აქტივის თვითღირებულებაში აისახება. ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული სხვა დანახარჯების აღიარება ხდება ხარჯის სახით.

ბასს 38-ის მე-2 პუნქტის მიხედვით, წინამდებარე სტანდარტი გამოყენებულ უნდა იქნეს ყველა საწარმოში არამატერიალური აქტივების აღრიცხვისათვის, გარდა:

გ) მინერალური რესურსების მარაგის ძიებისა და შეფასების აქტივების აღიარებისა და შეფასებისა (იხ. ფასს 6 – „მინერალური რესურსების მარაგის ძიება და შეფასება“); და

დ) მინერალურ რესურსებზე უფლებისა და მინერალების, ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და მსგავსი არაკვლავწარმოებადი რესურსების დაზვერვის ან მოპოვებისა და დამუშავების დანახარჯებისა. მინერალური რესურსების მარაგის ძიების და შეფასების აღრიცხვას არეგულირებს ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 6, რომლის მე-9 პუნქტის თანახმად, საწარმომ უნდა განსაზღვროს ისეთი სააღრიცხვო პოლიტიკა, რომელიც დაადგენს რომელი დანახარჯები იქნება აღიარებული მინერალური რესურსების მარაგის ძიებისა და შეფასების აქტივებად და შემდეგ ამ სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად იმოქმედოს. სააღრიცხვო პოლიტიკის განსაზღვრის დროს, საწარმო ითვალისწინებს იმ დონეებს, რომლის მიხედვითაც შეიძლება დანახარჯების დაკავშირება გარკვეული მინერალური რესურსის მოძიებასთან. ქვემოთ მოცემულია ისეთი დანახარჯების მაგალითები, რომლებიც შეიძლება ჩაირთოს ძიებისა და შეფასების აქტივების თავდაპირველ შეფასებაში (ჩამონათვალი არ არის ამომწურავი):

ა) მინერალური რესურსების ძიების უფლების შეძენა;

ბ) ტოპოგრაფიული, გეოლოგიური, გეოქიმიური და გეოფიზიკური კვლევები;

გ) საძიებო ბურღვა;

დ) გათხრების სამუშაოები;

ე) სინჯების აღება; და

ვ) მინერალური რესურსის მოპოვების ტექნიკური განხორციელებისა და კომერციული სიცოცხლისუნარიანობის შეფასებასთან დაკავშირებული საქმიანობები.

ამავე სტანდარტის მე-15 პუნქტის მიხედვით, მინერალური რესურსების მარაგის ძიებისა და შეფასების აქტივები დააჯგუფოს მატერიალურ და არამატერიალურ აქტივებად, შეძენილი აქტივების თავისებურებებიდან გამომდინარე და უცვლელად იხელმძღვანელოს ამ კლასიფიკაციით.

ამავე სტანდარტის მე-16 პუნქტის მიხედვით, მინერალური რესურსების მარაგის ძიებისა და შეფასების ზოგიერთ აქტივებს მიაკუთვნებენ არამატერიალურ აქტივებს (მაგ. ბურღვის ნებართვა), სხვებს კი - მატერიალურ აქტივებს (მაგ.,სატრანსპორტო საშუალებები და ჭაბურღილები). რამდენადაც მატერიალური აქტივი გამოიყენება არამატერიალური აქტივის შესაქმნელად, სიდიდე, რომელიც ამ მოხმარებას აღწერს, წარმოადგენს არამატერიალური აქტივის ღირებულების ნაწილს. თუმცა, მატერიალური აქტივის გამოყენება არამატერიალურის შესაქმნელად მატერიალურ აქტივს არამატერიალურად არ გარდაქმნის.

ამავე სტანდარტის მე-17 პუნქტის მიხედვით, როდესაც მინერალური რესურსის მოპოვების ტექნიკური განხორციელება და კომერციული სიცოცხლისუნარიანობა აშკარა ხდება, ძიებისა და შეფასების აქტივები აღარ უნდა იყოს კლასიფიცირებული ასეთად; განხილულ უნდა იქნეს ძიებისა და შეფასების აქტივების გაუფასურება და კლასიფიკაციის შეცვლამდე უნდა აღიარდეს ნებისმიერი გაუფასურების ზარალი.

ამავე სტანდარტის 21-ე პუნქტის მიხედვით, აქტივების გაუფასურების შეფასების მარეგულირებელი დებულებების გათვალისწინებით, განსაზღვროს ფულადი სახსრების წარმომქმნელ ერთეულებზე ან ფულადი სახსრების წარმომქმნელი ერთეულების ჯგუფებზე ძიებისა და შეფასების აქტივების მიკუთვნების სააღრიცხვო პოლიტიკა;

ამავე სტანდარტის 25-ე პუნქტის მიხედვით, მინერალური რესურსების მარაგის ძიებისა და შეფასების აქტივები მიიჩნიოს აქტივების განცალკევებულ კლასად და მათი კლასიფიკაციის შესაბამისად გააკეთოს განმარტებითი შენიშვნები, ბასს 16-ით ან ბასს 38-ით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში, დამფუძნებელი საწარმოს მიერ მინერალური რესურსების მარაგების არსებობის დადასტურების მიზნით, განხორციელებული კვლევა-ძიების სამუშაოების შედეგად, ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ნაპოვნია კომერციულად ეფექტიანი მადნეულის მარაგი და ამ მარაგის შახტური მეთოდით მოსაპოვებლად დაფუძნებულია საწარმო, რომლის კაპიტალში შეტანილია ლიცენზიის ნაწილი (არამატერიალური აქტივი) და კვლევა-ძიების სამუშაოებზე გაწეული დანახარჯები.

გადმოცემის მომენტში კომპანიამ მინერალური რესურსების მარაგების ძიებისა და შეფასების აქტივი აღრიცხა ბასს 38 - არამატერიალური აქტივების მიხედვით, რადგან თვლიდა რომ დანახარჯები სრულად იყო მიმართული არამატერიალური ცოდნის ფორმირებისკენ, რომლის შედეგადაც კომპანია შეძლებდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების დაწყებას.

კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, მინერალური რესურსების მარაგების ძიებისა და შეფასების აქტივი მიკუთვნებულია საბადოს ქონებაზე, რომელიც აღირიცხება თვითღირებულებას გამოკლებული დაგროვილი ამორტიზაცია და დაგროვილი გაუფასურების ზარალი. საბადოს ქონებას ცვეთა არ ერიცხება, სანამ არ დასრულდება მშენებლობა და აქტივები ხელმისაწვდომი არ იქნება მათი დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მინერალური რესურსების მარაგების ძიებისა და შეფასების აქტივი საბადოს (გვირაბის) მშენებლობის დასრულებამდე, ბასს-ის მიზნებისათვის წარმოადგენს არამატერიალურ აქტივს და შესაბამისად არ წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის მოსმენის, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, საბჭო იზიარებს მომჩივნის არგუმენტს, სადავო შემთხვევაში მინერალური რესურსების მარაგების ძიებისა და შეფასების აქტივის არამატერულ აქტივად აღრიცხვასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული საფუძვლით დამატებით დარიცხული ქონების გადასახადი და დაკისრებული სანქცია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.03.2020წ. №9187 ბრძანება;

3. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2019 წლის №006-1108 საგადასახადო მოთხოვნა;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დარიცხული თანხების გადაანგარიშება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.