გადაწყვეტილება №17955/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17955/2/2022
9.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 9.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 5.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17955/2/2022).
დავის საგანი:
1. ქონებაზე ყადაღის დადება;
2. საბანკო ანგარიშიდან თანხების ჩამოწერა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ვალის მართვის დეპარტამენტის 18.07.2022 წლის №025-433 ბრძანება;
2. „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ ვალის მართვის დეპარტამენტის 8.06.2022 წლის №025-2022-124482 ბრძანება;
3. შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22892 ბრძანება.
საგადასახადო დავალიანების თანხა: 218 338 ლარი (18.07.2022 წლის მდგომარეობით).
მათ შორის:
გადასახადი - 110 955
ჯარიმა - 56 715
საურავი - 50 668
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით მომჩივანს 2022 წლის 18 ივლისის და ასევე 2022 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 110 955.10 ლარი, ჯარიმა 56 715 ლარი, საურავი 50 667.57 ლარი.
აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოცემულ იქნა ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2022 წლის 18 ივლისის №025-433 ბრძანება, „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ 2022 წლის 8 ივნისის №025-2022-124482 ბრძანება, რომლებიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22892 ბრძანებით საჩივარი:
- „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2022 წლის 18 ივლისის №025-433 ბრძანების ნაწილში - არ დაკმაყოფილდა;
- „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ 2022 წლის 8 ივნისის №025-2022-124482 ბრძანების ნაწილში
- საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დატოვებული იქნა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22892 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ქონებაზე ყადაღის დადება
ფაქტების აღწერა
აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, გადასახადის გადამხდელის მიმართ, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, გამოცემულ იქნა ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ივლისის №025-433 ბრძანება „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ და ყადაღა დაედო გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში რიცხულ ქონებას.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე8 მუხლის მე-5 ნაწილზე, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 241-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 18 ივლისის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2022 წლის 18 ივლისის №025-433 ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში აღნიშნავდა, რომ საგადასახადო კოდექსის მე8 მუხლის მე-5 ნაწილის არცერთი პუნქტით არ გააჩნდა საფუძველი საგადასახადო ორგანოს, რომ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებად ჩათვლილიყო საგადასახადო დავალიანება, კერძოდ:
- თანხა არ აქვს დარიცხული საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე;
- საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვადა გაშვებული არ აქვს და დავების განხილვის საბჭოს 18.03.2022 წლის №14990/2/2021 გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2022 წლის 12 მაისს, სარჩელი სასამართლოში ფოსტით გაგზავნილი იქნა, გასაჩივრების კანონით დადგენილ ვადაში, 1.06.2022 წელს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და ამდენად, ფოსტაში გზავნილის ჩაბარების დრო 1.06.2022 წელი ითვლება ჩაბარების დროდ;
- შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის საგადასახადო შეთანხმება არ გაფორმებულა;
- დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ არის შესული. დავების განხილვის საბჭოს 18.03.2022 წლის გადაწყვეტილების №14990/2/2021, შემოსავლების სამსახურის 22.10.2021 წლის №33419 ბრძანების და 6.07.2021 წლის №125-14 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის მოთხოვნით შეტანილია სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში და 30.06.2022 წლის (საქმე №3/3668-22) განჩინებით წარმოებაშია მიღებული.
მიუხედავად ზემო აღნიშნულისა, რომ აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია, შემოსავლების სამსახურმა სადავო გადაწყვეტილებაში კანონის შეუსაბამოდ მიუთითა საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, მაგრამ არ გაუთვალისწინებია, რომ საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე, ამის საფუძველი არ გააჩნდა.
მომჩივანი ითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანების ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის საგადასახადო დავალიანება, თუ:
ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
ამავე კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-6 ნაწილების შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღა დაადოს ვალდებული პირის ქონებას; საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი; საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
დადგენილია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ივლისის №025-433 ბრძანების საფუძველზე ყადაღა დაედო გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებას, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 18 ივლისის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
ვალის მართვის დეპარტამენტი 24.10.2022 წლის №106810-21-17 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 18 ივლისის მდგომარეობით, ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 110 955.10 ლარი, ჯარიმა 56 715.00 ლარი, საურავი 50 667.57 ლარი, არაღიარებული საგადასახადო დავალიანება 0 ლარი, ზედმეტობა 0 ლარი. აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2022 წლის 18 ივლისის №025-433 ბრძანება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში რიცხულ ქონებას. ერთიანი ელექტრონული ბაზის ინფორმაციით დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოცემული 2022 წლის 18 ივლისის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №025-433 ბრძანება, გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge), 2022 წლის 19 ივლისს, რომელსაც გაეცნო 29.07.2022 წელს.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს არ გააჩნდა საფუძველი, რომ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებად ჩაეთვალა საგადასახადო დავალიანება. კერძოდ: თანხა არ აქვს დარიცხული საგადასახადო დეკლარაციის/საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვადა გაშვებული არ აქვს, დავების განხილვის საბჭოს 18.03.2022 წლის №14990/2/2021 გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2022 წლის 12 მაისს და სარჩელი სასამართლოში ფოსტით გააგზავნა, გასაჩივრების კანონით დადგენილ ვადაში, 1.06.2022 წელს, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის საგადასახადო შეთანხმება არ გაფორმებულა, დავების განხილვის საბჭოს 18.03.2022 წლის გადაწყვეტილების №14990/2/2021, შემოსავლების სამსახურის 22.10.2021 წლის №33419 ბრძანების და 6.07.2021 წლის №125-14 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის მოთხოვნით შეტანილი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.06.2022 წლის (საქმე №3/3668-22) განჩინებით წარმოებაშია მიღებული.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რადგან როგორც საჩივარში მიუთითებს არ არსებობს აღიარებისთვის ის საფუძვლები, რაც მითითებულია საგადასახდო კოდექსის მე-8 მუხლში. ამასთან, საჩივარზე დამატებით წარმოადგინა საქართველოს ფოსტის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ სარჩელი გაგზავნილია სასამართლოში 2022 წლის 1 ივნისს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.06.2022 წლის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ.
ვალის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე დამატებით აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სრულად არის აღიარებულად ასახული საგადასახადო დავალიანება (გადასახადი 110 955.10 ლარი, ჯარიმა 56 715.00 ლარი, საურავი 50 667.57 ლარი). გადასახადის გადამხდელი საბჭოს 18.03.2022 წლის გადაწყვეტილებას (№14990/2/2021) გაეცნო ელექტრონულად 12.05.2022 წელს.
საქმესთან არსებული მასალებით, საბჭოს აპარატის მიერ მოპოვებული ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ საბჭოს 18.03.2022 წლის გადაწყვეტილებას (№14990/2/2021) გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 12.05.2022 წელს. ხოლო, საბჭოს 18.03.2022 წლის გადაწყვეტილების (№14990/2/2021), შემოსავლების სამსახურის 22.10.2021 წლის №33419 ბრძანების და აუდიტის დეპარტამენტის 6.07.2021 წლის №125-14 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის მოთხოვნით, მომჩივანმა (როგორც განჩინებაშია დაფიქსირებული) თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2022 წლის 2 ივნისს, მაგრამ, როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ, საჩივარზე დამატებით 22.10.2022 წელს (რეგ.:№185681/010 წარმოდგენილი დოკუმენტით (ქვითარი) ირკვევა, სარჩელი სასამართლოში გაიგზავნა, საქართველოს ფოსტის მეშვეობით, 1.06.2022 წელს, ხოლო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.06.2022 წლის განჩინებით სარჩელი წარმოებაშია მიღებული. ასევე აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.06.2022 წლის განჩინება და საქმის მასალები გაეგზავნა შემოსავლების სამსახურს და რეგისტრირებულია 5.07.2022 წელს (რეგ №119439/21).
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილია დოკუმენტი სარჩელის სასამართლოში გაგზავნის თაობაზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.06.2022 წლის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, რომელიც არ არის შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ.
აღნიშნული გარემოება არსებითი მნიშვნელობისაა, ვინაიდან მისი გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია მომჩივნის მიმართ გამოყენებული საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებების მართლზომიერების საკითხის შეფასება.
საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის მოსმენის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
2. საბანკო ანგარიშებიდან თანხების ჩამოწერა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით, ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 110 896.10 ლარი, ჯარიმა 56715.00 ლარი, საურავი 52513.65 ლარი.
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ 2022 წლის 8 ივნისის №025-2022-124482 ბრძანება.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-9 ნაწილებზე, 299-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, 299-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ სადავო ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2022 წლის 10 ივნისს. შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით 2022 წლის 27 ივლისს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა აღნიშნულ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის ხელმძღვანელი პირი დირექტორი "----------" იმყოფებოდა და ამჟამადაც იმყოფება ---------- ში თავისი შვილის სამკურნალოდ, რომელიც დაავადებულია მძიმე სენით. 2022 წლის 24 იანვარს ---------- ში ჩატარებული რთული ოპერაციის მიუხედავად მდგომარეობა გაუარესდა, რის შემდგომაც მკურნალობის კურსს გადის ---------- ში. აღნიშნულის გამო ვერ უზრუნველყო დროულად დოკუმენტების შეგროვება და გასაჩივრება, რის გამოც ითხოვს ვადის დარღვევის ჩათვლას საპატიოდ და მისი საჩივრის დაკმაყოფილებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-9 ნაწილების შესაბამისად:
1. საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
3. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილების შესაბამისად:
4. პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
10. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ სადავო ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2022 წლის 10 ივნისს. შესაბამისად, სადავო აქტის გასაჩივრების ბოლო დღეა 11 ივლისი (30-ე დღე 10 ივლისი, კვირა) საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2022 წლის 27 ივლისს, გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
მომჩივანი წარმოადგენს 17.02.2022 წელს დასკვნას ავადმყოფის (---------- ის) გაწერის შესახებ (თარგმანს ნოტარიულად დამოწმებულს) და აღნიშნავს, რომ კომპანიის ხელმძღვანელი პირი, დირექტორი (----------) იმყოფებოდა და ამჟამადაც იმყოფება ---------- ში თავისი შვილის სამკურნალოდ, აღნიშნულის გამო ვერ უზრუნველყო დროულად დოკუმენტების შეგროვება და გასაჩივრება, ითხოვს ვადის დარღვევის ჩათვლას საპატიოდ.
საბჭოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი ვერ დაედება საფუძვლად გასაჩივრების ვადის აღდგენას, ვინაიდან, სადავო აქტის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 11 ივნისიდან და საჩივრის წარდგენის ბოლო დღე იყო 11 ივლისი, ხოლო წარმოდგენილი დასკვნა დათარიღებულია 2022 წლის 17 თებერვლით.
ამგვარად, ვინაიდან შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელის საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით და ამასთან არ არსებოს დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22892 ბრძანება;
3. პირველი სადავო საკითხის სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საჩივარი, პირველი სადავო საკითხის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.