ბრძანება N 15382
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15382
01 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 19 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 ივნისის სხდომაზე (ოქმი N70) განიხილა ი/მ ---------- (ს/ნ -------------) N90276/1/2024 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 12 ივნისის NCB1633620 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ აქვს პატარა ჯიხური, საქმიანობას ეწევა ----------- ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ჰყიდის სასურსათო პროდუქტებს, როგორც საცალოდ, ისე საბითუმოდ. გადამხდელი მიუთითებს, რომ საბითუმო მყიდველებზე სრულად ახდენს სასაქონლო ზედნადების გამოწერას, დღეში დაახლოებით 50-70 სასაქონლო ზედნადები იწერება.
2024 წლის 12 ივნისს შპს ,,-----------“-ზე გამოიწერა ელ. N------------- სასაქონლო ზედნადები, რომლის გააქტიურების დროა 10:08 საათი, ხოლო ტრანსპორტირების დაწყების დრო ორისის ბუღალტრული პროგრამიდან შეცდომით გაყვა 13:00 საათი. 11:41 საათზე როგორც ოქმშია დაფიქსირებული მოხდა ავტომობილის გაჩერება შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ და დაუწერეს ჯარიმა რადგან ტრანსპორტირების დაწყების დრო იყო 13:00 და გადამოწმება მოხდა 11:41 საათზე. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ განზრახული არ ჰქონია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე რეალიზაცია, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ სასაქონლო ზედნადები ატვირთული იყო გადამოწმებამდე საათნახევრით ადრე.
გადამხდელი იმ გარემოებაზე მითითებით, რომ პროგრამული ხარვეზი გასწორებული იქნა და შემდგომში აღარ განმეორდება, ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან ირკვევა, 2024 წლის 12 ივნისს 11:41 სთ-ზე, ქ. ---------, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ გადამოწმდა ავტომობილი ,,-------------“, სახ. ნომრით: ----------- (მძღოლი - ------------(პ/ნ -------------)), რომლის ძარაზე განთავსებული იყო ი/მ ------------- (ს/ნ ---------------) სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 1854 ლარის ღირებულების რძის ნაწარმი და ქათმის ფილე. სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში დადგინდა, რომ აღნიშნული პროდუქციის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა სასაქონლო ზედნადების გარეშე, რის გამოც ი/მ -------------- (ს/ნ --------------) მიმართ შედგა 2024 წლის 12 ივნისის NCB1633620 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური ვერ გაიზიარებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 12 ივნისს შპს ,,-----------“-ზე გამოწერილი N---------- სასაქონლო ზედნადების გააქტიურების დრო 10:08 საათია, ვინაიდან აღნიშნულ ზედნადებში გადასახადის გადამხდელს ტრანსპორტირების დაწყების დროზე ,,გადავადება“ აქვს გაკეთებული და მითითებული დროა 13:00 საათი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს განმეორებით შემთხვევას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---------- (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში დადგინდა, რომ პროდუქციის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა სასაქონლო ზედნადების გარეშე, რის გამოც ი/მ მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:270(1);286(1);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლი