ბრძანება N 8219

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.04.2024
№ დოკუმენტი 8219
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8219

11 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------ის“ (ს/ნ ------------)

(იურ. მის: ------------------------)

(ფაქტ. მის.: ----------------------)

2024 წლის 1 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ ------------) N88801/1/2024 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 1 აპრილის №------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 აპრილის სხდომაზე (ოქმი №37).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ამბობს, რომ ფლობს სამ მაღაზიას, რომელშიც განთავსებულია სპორტული ინვენტარი და განკუთვნილია საცალო რეალიზაციისათვის. პროდუქცია, სპეციფიკური ზედაპირიდან გამომდინარე, ვერ იკრავს ფასმაჩვენებელს, წებვადი მასალა დიდი ხანი ვერ ძლებს პროდუქციაზე განთავსების შემდეგ და გარემო პირობების ზემოქმედებისგან ადვილად შრება და შესაბამისად ვერ ფიქსირდება ინვენტარზე. აქედან გამომდინარე, ითხოვს სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

№------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმიდან ირკვევა, რომ შპს „---------ის“ (ს/ნ ------------) ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე (ქ. თბილისი, --------ის N---) შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 მარტის N6948 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დაცვის კონტროლი, რა დროსაც გამოვლინდა, რომ შპს „---------ის“ (ს/ნ ------------) მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის მოთხოვნები. კერძოდ, საცალო ვაჭრობისას ფასის მაჩვენებელი (საქართველოს ეროვნულ ვალუტაში) არ იყო განთავსებული მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილზე (აღნიშნულ ობიექტში შესასვლელი კარის მარჯვენა მხარეს და სალაროს წინ არსებულ საქონელზე ფასმაჩვენებლები არ იყო განთავსებული). აღნიშნულის საფუძველზე შედგენილი იქნა №------ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად შეეფარდა გაფრთხილება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, გადასახადის გადამხდელის მოწმობის ასლი და საცალო ვაჭრობისას ფასის მაჩვენებლები (საქართველოს ეროვნულ ვალუტაში) განათავსოს მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის ამ კოდექსის 273-ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმიდან ირკვევა, რომ მომჩივანის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე შემოსავლების სამსახურის N6948 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დაცვის კონტროლი, რა დროსაც გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის მოთხოვნები. აღნიშნულის საფუძველზე შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად შეეფარდა გაფრთხილება.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(1 „ზ“);