გადაწყვეტილება №20210/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 26.07.2023
№ დოკუმენტი 20210/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20210/2/2023

26 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 21.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---”-ის 9.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20210/2/2023).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №005-203 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №14186 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 407 342.14 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 251 725

დღგ – 67 000

საშემოსავლო გადასახადი - 184 725

ჯარიმა - 125 863

საურავი - 29 754.14

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები ასახა 2022 წლის 23 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №32880 ბრძანება და ამავე თარიღის №005-203 საგადასახადო მოთხოვნა.

 

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.06.2023 წლის №14186 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-10 და მე-11 ნაწილებზე, 299-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილებზე, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და აცხადებს, რომ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე ორი პირობა უნდა შესრულებულიყო, კერძოდ, საგადასახადო მოთხოვნის კომპანიის ვებ-გვერდზე გამოგზავნიდან უნდა გასულიყო 30 დღე (2022 წლის 26 დეკემბრიდან 2023 წლის 26 იანვრამდე), და თუ მას არ გაეცნობოდა მომჩივანი, ამის შემდგომ 2-ჯერ უნდა გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინება და თუ მისი ჩაბარება ვერ განხორციელდებოდა, ამის შემდგომ უნდა განხორციელებულიყო საჯარო შეტყობინების გზით ინფორმაციის გამოქვეყნება.

ფაქტობრივად შემოსავლების სამსახურმა, წერილობითი დოკუმენტი ფოსტით გაგზავნა საგადასახადო მოთხოვნის RS-ის პორტალზე განთავსებიდან (2022 წლის 26 დეკემბრიდან) მე-19 დღეს 2023 წლის 13 იანვარს, ხოლო მეორეჯერ გაიგზავნა 2023 წლის 31 იანვარს. 2023 წლის 13 იანვარს გაგზავნილი შეტყობინება არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, რადგანაც არ იყო გასული საგადასახადო მოთხოვნის RS-ის პორტალზე განთავსებიდან 30 დღე. ამიტომაც ითვლება, რომ შემოსავლების სამსახურიდან ფოსტით შეტყობინება გაგზავნილია მხოლოდ ერთხელ და არა ორჯერ.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს წერილობით მიმართა 2023 წლის 26 ივნისს, სადაც ითხოვდა თუ, რომელი საფოსტო დაწესებულების (კომპანიის) მეშვეობით იქნა გაგზავნილი წერილები და აქვე ითხოვდა საფოსტო გზავნილის ჩაბარების/ვერ ჩაბარების დოკუმენტების ასლების გადაცემას (იხ.დანართი).აუდიტის დეპარტამენტიდან მიღებულ პასუხსა და გამოთხოვილ დოკუმენტაციას დამატებით წარმოადგენს. გარდა ამისა ამ/წლის ივლისის თვეში წერილობით მიმართა საქართველოს ფოსტას და მოითხოვა ინფორმაცია:

1. შემოსავლების სამსახურიდან და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტიდან 2023 წლის 1 იანვრიდან - 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდში გაგზავნილი საფოსტო გზავნილის კონკრეტული თარიღები და რა ადმინისტრაციული დოკუმენტები იქნა გაგზავნილი შპს „---“- ისათვის მისამართზე ---. №----ში. 2. შემოსავლების სამსახურიდან და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტიდან 2023 წლის 1 იანვრიდან - 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდში საფოსტო გზავნილის გაგზავნის დოკუმენტი და მისი ჩაბარება/ვერ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, გაგზავნილი მისამართზე ---. №----ში. მიღებული პასუხის შესახებ შესაბამის ინფორმაცია/დოკუმენტაციას დამატებით წარმოადგენს. მომჩივანი ასევე მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-7 ნაწილსა და 299-ე მუხლის მე-10 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ 2022 წლის 26 დეკემბრიდან მოყოლებული ჯანმრთელობის გამო არის ქმედუუნარო და არა მარტო 2022 წლის 26 დეკემბრიდან მანამდეც, რის დასტურადაც წარადგინა ფორმა №100-ები, რომლის მიხედვითაც დასტურდება შემდეგი:

1. კომპანიის დირექტორს ---ს აქვს მე-4 სტადიის მკერდუკანა ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე, დაუდგინდა თიმომის დიაგნოზი, რის გამოც თურქეთის კლინიკაში ჩაუტარდა ოპერატიული მკურნალობა, ჩაუტარდა ქიმიოთერაპიის 3 კურსი, მეოთხე კურსი ვერ ჩაუტარდა ძლიერი ციტოფიქსიური რეაქციის გამო. შემდგომ ჩაუტარდა სხივური თერაპია --- კლინიკაში. სამწუხაროდ კვანძები იზრდება (29 %-ით გაიზარდა), (იხ. დანართი შპს „----ს“ (ყოფილი ---) ფორმა ასი), უჭირს გადაადგილება, აქვს სისუსტე და უკვე თითქმის წელიწადია სახლის პირობებში გადის ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტურ მკურნალობას.

2. სიმსივნის დაავადების გარდა აქვს გულის დაავადება. ორჯერ ინფაქტი აქვს გადატანილი 2021-2022 წლებში (იხ.დანართი შპს ---ს მიერ გაცემული ფორმა 100-ები №804 და №805). ვინაიდან, სიმსივნის დაავადებასთან ერთად მკურნალობს გულზეც, ამიტომაც 2021 წლიდან ფაქტობრივად სახლში არის გამოკეტილი. ვერანაირ სამუშაოს ვერ ასრულებს, რადგანაც ქმედუუნაროა ჯამრთელობის გამო, ამიტომაც ვერ გახსნიდა კომპანიის რს-ს და ვერც საჯარო შეტყობინების გადამოწმებას ვერ შეძლებდა. როგორც კი შესაძლებლობა მიეცა 2023 წლის 10 მაისს გახსნა რს-ზე შეტყობინება, საიდანაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ კამერალური შემოწმება ჩატარდა და აქტიც შედგენილ იქნა.

მომჩივანი მიიჩნევს, რომ კანონით განსაზღვრული გასაჩივრების პროცედურების დაცვით აქვს საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილი. სადავო ადმინისტრაციული აქტების, კერძოდ საგადასახადო მოთხოვნის, აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების, შემოწმების აქტის მისთვის ჩაბარების მცდელობისას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა არ გამოიყენა ყველა შესაძლებლობა. კერძოდ, რომ მისულიყვნენ კომპანიის დირექტორის სახლში სადავო აქტებსაც ჩააბარებდნენ. წერილები გაგზავნილ იქნა იურიდიულ მისამართზე, სადაც არანაირი ოფისი არ მდებარეობს, აღარც დაქირავებული თანამშრომლები არ ჰყავს. ამის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია საგადასახადოში წარდგენილი ნულოვანი დეკლარაციებიდან გამომდინარე.

შესაძლებელი იყო სადავო ადმინისტრაციული აქტების ჩაბარება თუ კი ამის ნება ექნებოდა შემოსავლების სამსახურს. მომჩივანი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-122-115 (2კ-13), განჩინებასა 2016 წლის 6 ოქტომბრის №ბს-770-762/კ15 გადაწყვეტილებაზე, აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით ხელმძღვანელობენ სასამართლოები, რისი დასტურია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებას საქმეზე №3/5567-16. (აღნიშნული გადაწყვეტილებები გააჩნია, როგორც ფინანსთა, ასევე შემოსავლების სამსახურს როგორც მოპასუხე მხარეებს).

შესაბამისად მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დარღვეულია მისი კანონიერი უფლება, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი გაასაჩივროს კანონით დადგენილ ვადაში და განხორციელდეს მისი განხილვა. ვინაიდან, საგადასახადო მოთხოვნა, აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და შემოწმების აქტი ჩაბარდა 2023 წლის 10 მაისს (როდესაც მიეცა საშუალება გაცნობოდა შემოწმების აქტს, საგადასახადო მოთხოვნასთან და დარიცხვის შესახებ ბრძანებასთან ერთად 2023 წლის 10 მაისს), ხოლო საჩივარი წარადგინა საგადასახადო კანონით დადგენილ ვადაში 2023 წლის 20 მაისს.

შემოსავლების სამსახურმა 2022 წლის 26 დეკემბრის №005-203 საგადასახადო მოთხოვნისა და აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №32880 ბრძანების საჯაროდ გავრცელება განახორციელა 2023 წლის 23 მარტს, რომელიც ჩაბარებულად ჩაითვალა 2023 წლის 12 აპრილს. მნიშვნელოვანია, რომ შემოსავლების სამსახურს საჯაროდ არ გაუვრცელებია 2022 წლის 23 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი. ამდენად ზემოაღნიშნული მოცემულობიდან გამომდინარე და უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით ჰქონდა გასაჩივრების უფლება 2023 წლის 10 მაისიდან, შესაბამისად მიაჩნია, რომ არ დაურღვევია საგადასახადო მოთხოვნის კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების ვადა, რადგანაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ამდენად საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე მისი მოთხოვნა სამართლიანია და შემოსავლების სამსახურის ბრძანება ექვემდებარება გაუქმებას/ბათილად ცნობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს:

1. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №14186 ბრძანების გაუქმებას/ბათილად ცნობას. ვინაიდან აღნიშნული ბრძანება გამოცემული იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის და შეფასების გარეშე.

2. დაევალოს შემოსავლების სამსახურს განიხილოს შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2023 წლის 20 მაისის №81129/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №005-203 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველის ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის 19.04.2023 წლამდე მოქმედი რედაქციით, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-11 ნაწილის დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2023 წლის №67828-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანი 2022 წლის 23 დეკემბრის აქტს, მის საფუძველზე გამოცემულ 2022 წლის 26 დეკემბრის №32880 ბრძანებას და ამავე თარიღის №005-203 საგადასახადო მოთხოვნას ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გაცნობია ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge) საშუალებით, ვერც საფოსტო დაწესებულების საშუალებით მოხდა დოკუმენტების ჩაბარება (გაეგზავნა 2-ჯერ 2023 წლის 13 და 31 იანვარს, გადასახადის გადამხდელის რეგისტრაციის მისამართზე:----, გზავნილი დაუბრუნდა გამგზავნს „არასრულია, ვერ მოვიძიე შპს გაკითხვით“ საფუძვლით), ამიტომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების თანახმად განხორციელდა აღნიშნული ბრძანების და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება 2023 წლის 23 მარტს და ჩაბარებულად ჩაითვალა 12.04.2023 წელს, რომლის გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 12.05.2023 წელი, ხოლო სადავო აქტების გაუქმების თაობაზე საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 20.05.2023 წელს.

ამასთან, აღნიშნულ დოკუმენტაციას გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge) საშუალებით 2023 წლის 10 მაისს. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი, შესაბამისად, სადავო აქტების წარდგენის თარიღად ითვლება აღნიშნული აქტების პირველად ჩაბარების თარიღი, საჯაროდ გავრცელებიდან მე-20 დღე, 12.04.2022 წელი.

მომჩივანი ყურადღებას ამახვილებს სასამართლო პრაქტიკაზე ასევე უთითებს, რომ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. სიმსივნის დაავადებასთან ერთად მკურნალობს გულზეც, ამიტომაც 2021 წლიდან ფაქტობრივად სახლში არის გამოკეტილი. ვერანაირ სამუშაოს ვერ ასრულებს, რადგანაც ქმედუუნაროა ჯამრთელობის გამო, ამიტომაც ვერ გახსნიდა კომპანიის ვებ-გვერდს (rs.ge) და ვერც საჯარო შეტყობინების გადამოწმებას ვერ შეძლებდა. როგორც კი შესაძლებლობა მიეცა 2023 წლის 10 მაისს გახსნა ვებ-გვერდზე (rs.ge) შეტყობინება. წარმოადგინა შპს ---“-ს მიერ გაცემული ფორმა 100-ები №804 და №805.

ანალოგიურ საკითხზე სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკით მიჩნეულია, რომ საჯარო შეტყობინებით დოკუმენტის ჩაბარების მექანიზმის გამოყენებამდე, დოკუმენტის როგორც ფოსტით (მინიმუმ ორჯერ) ისე ელექტრონული ფორმით გაგზავნის ვალდებულების ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრება განპირობებულია იმ საფუძვლით, რომ ადრესატისთვის დოკუმენტის საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოყენებული იქნეს როგორც უკიდურესი ღონისძიება. შესაბამისად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებამდე, საგადასახადო ორგანომ სრულად უნდა გამოიყენოს ადრესატისთვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით (ტელეფონი, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება და სხვა საშუალებები) და მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენოს დოკუმენტის საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარების მექანიზმი, რაც ამოწურავს ამ შესაძლებლობებს.

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ფორმალურად დაცულია დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისათვის საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი წინაპირობები, საბჭო მიიჩნევს, რომ მხოლოდ აღნიშნული არასაკმარისია განსახილველ შემთხვევაში დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისთვის - როგორც ჩაბარების უკიდურესი ღონისძიების გამოყენებისთვის. მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გადასახადის გადამხდელისთვის ჩაბარების დროს გამოყენებული არ ყოფილა გადასახადის გადამხდელის ინფორმირების ან/და დოკუმენტის ჩაბარების რეალურად არსებული ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, უშუალოდ საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა მიერ გადასახადის გადამხდელისთვის დოკუმენტის ჩაბარების მცდელობა. შესაბამისად, სადავო დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებით მომჩივანს იგი არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადა, უნდა აითვალოს სადავო აქტების ელექტრონულად გაცნობის თარიღიდან (10.05.2023 წელი). ვინაიდან საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 20.05.2023 წელს, გასაჩივრების ვადა დაცულად უნდა ჩაითვალოს. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №14186 ბრძანება;

3. საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს; 4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები ასახა 2022 წლის 23 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №32880 ბრძანება და ამავე თარიღის №005-203 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.06.2023 წლის №14186 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301; 44 ; 299.