ბრძანება N 33170

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.12.2023
№ დოკუმენტი 33170
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 33170

27 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------ (ს/ნ -----)

(მის.: -------)

2023 წლის 7 სექტემბრის, 13 სექტემბრის და 24 ოქტომბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №127) განიხილა ი/მ ------ს (ს/ნ ----) 2023 წლის 7 სექტემბრის №83467/1/2023, 13 სექტემბრის №83594/1/2023 და 24 ოქტომბრის №84337/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 აგვისტოს №006-431 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ გამოიკვლია ის გარემოებები, რაც ჰქონდა დავალებული სასამართლოს გადაწყვეტილებით და იგივე ფაქტობრივი გარემოებების პირობებში უცვლელად დატოვა დარიცხული თანხები, რაც ეწინააღმდეგება სასამართლო გადაწყვეტილებას, ვინაიდან ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლის საფუძველზეც მოხდა დარიცხვა, სასამართლომ მიიჩნია არასაკმარისად და აუდიტის დეპარტამენტს დაავალა დამატებითი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 26 მარტის №17881 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ -----ს (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2008 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 21 მარტამდე, ხოლო საშემოსავლო და ქონების გადასახადების ნაწილში 2008, 2009, 2010, 2011 და 2012 წლების საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2014 წლის 21 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2014 წლის 25 აგვისტოს №38111 ბრძანება და 26 აგვისტოს №006-102 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 421 930 ლარი, მათ შორის გადასახადი 215 074 ლარი, ჯარიმა 177 189 ლარი, საურავი 29 667 ლარი.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 26 აგვისტოს №006-102 საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2015 წლის 1 ივნისის №18871 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2016 წლის 17 მარტის №10839/2/15 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ი/მ ----ს (ს/ნ -----) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 17 მარტის N10839/2/15 გადაწყვეტილება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის პირველი ივნისის №18871 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 26 აგვისტოს №006-102 საგადასახადო მოთხოვნა და მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, განისაზღვროს დღგ-ის გადახდის მიზნებისათვის რას წარმოადგენს საქონლის მიწოდების მომენტი - აუცილებელია, რომ უძრავი ნივთის მშენებლობა ფაქტობრივად დასრულებული იყოს ან იგი შესული იყოს ექსპლუატაციაში თუ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, მიუხედავად შენობა-ნაგებობის სტატუსისა. ამასთან, თუკი შენობა-ნაგებობის მშენებლობის დასრულებასა და მის ექსპლუატაციაში გამოყენების შესაძლებლობის ქონას აქვს არსებითი მნიშვნელობა, უნდა დადგინდეს, რამდენად მოხდა -----ს მიერ სწორედ აშენებული და არა მშენებარე უძრავი ქონების გადაცემა.

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების კომპლექსური ანალიზი იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ შემოსავლების მიღების უფლება მოიპოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელს შესრულებული აქვს გარიგებით (ხელშეკრულები) გათვალისწინებული ყველა ვალდებულება. ამრიგად შენობა-ნაგებობის მიწოდებად და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვისთვის საკმარისი არ არის მასზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი. სასამართლო მიუთითებს, რომ საგადასახადო მიზნებისთვის, შენობა-ნაგებობების მიწოდების მომენტი, შესაძლებელია არ ემთხვეოდეს მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, თუკი დადგინდება, რომ შესრულებული არ არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის უძრავი ქონების - მშენებარე ობიექტის რეალიზაცია, თუნდაც მასზე რეგისტრირებული იყოს საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში, არ წარმოადგენს დასაბეგრ ოპერაციას, ვინაიდან ქონების მსგავსი სახით განკარგვისას მხარეებს კვლავ შესასრულებელი რჩებათ გარიგებიდან გამომდინარე ისეთი ვალდებულებები, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაშიც ქონების რეალიზაცია მხოლოდ ფორმალურად იქნება განხორციელებული, ხოლო ფაქტობრივად რეალიზაციის შედეგად არსებული სიკეთე - საკუთრების შეუზღუდავად ფლობა და სარგებლობა მიუღწეველი აღმოჩნდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოწმებით რეალიზებულად მიჩნეული და დაბეგრილი არის ის ბინები, რომლებიც მყიდველის სახელზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დადასტურებული კი არ არის, რომ შენობა-ნაგებობის მშენებლობა ფაქტობრივად იყო დასრულებული ან იგი შესული იყო ექსპლუატაციაში, აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას. ამასთან, საგულისხმოა, რომ შემოწმებით ი/მ ------ს მიერ -----ზე ბინების გადაცემა დაკვალიფიცირდა ბარტერად, მასზე გავრცელდა საბაზრო ფასი და აღნიშნულმა გამოიწვია დღგ-ში დამატებით გადასახადისა და სანქციის დარიცხვა. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ოპერაციის მიმართაც აუცილებელია, ზუსტად განისაზღვროს საქონლის მიწოდების მომენტი გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობის შესაბამისად. ასევე, აღსანიშნავია მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას მიწოდებული ინფორმაცია, რომ 2014 წლის იანვარში მშენებარე სახლის მხოლოდ 5 სართული იყო აშენებული, ხოლო 2014 წლის 17 თებერვლიდან 2014 წლის 25 აპრილამდე ი/მ ------ს ----ს მერიის ბრძანების საფუძველზე საერთოდ შეჩერებული ჰქონდა მშენებლობის ნებართვა.

ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ რეალიზებული ფართი ფაქტობრივად/მატერიალურად არსებობდა, აშენებული იყო მისი ნაწილი და მასზე საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, გარიგების მონაწილე მხარე (მყიდველს) გააჩნდა თუ არა აღნიშნული ქონებით სარგებლობის ფაქტობრივი შესაძლებლობა, რამდენად იყო კორპუსის მშენებლობა დასრულებული, მოწყობილი იყო თუ არა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ოპერაციების მიმართ უნდა გამოიკვლიოს შენობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტში რეალიზებული ფართი იყო თუ არა იმ მდგომარეობაში, რაზეც გარიგების მონაწილეები შეთანხმდნენ და იყო თუ არა შესაძლებელი ფართით ფაქტობრივი სარგებლობა.“

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება. ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 9 აგვისტოს შედგენილ იქნა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადამხდელს არ შეუმცირდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 აგვისტოს №006-431 საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

ი/მ -----მ 2010 წლის 27 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე -----გან შეიძინა 192 კვ.მ მიწის ნაკვეთი 106 000 აშშ დოლარად, რომელიც მდებარეობს ქალაქ -----ში ------ს №---ში. ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ი/მ ----- და ----- შეთანხმდნენ, რომ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (------ 192 კვ.მ და ------ 141 კვ.მ ჯამში 333 კვ.მ) -----ის მიერ მოხდებოდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება, საიდანაც ------ მიწის ფართობის სანაცვლოდ მიიღებდა 3 ბინას (116.7 კვ.მ; 49.2 კვ.მ; 49.2 კვ.მ; ჯამში - 215.1 კვ.მ). ------სა და შპს „-----ს“ შორის დაიდო ზეპირი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც 2012 წლის ოქტომბრის თვეში შპს „-----მა“ დაიწყო ქ. ----ში ----ს №---ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ხოლო ------ს შპს „-----თვის“ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება უნდა მოეხდინა ნაწილი ბინებით და ნაწილი თანხობრივად. 2014 წლიდან -----მ დაიწყო აშენებული ფართების რეალიზაცია, რომელზეც შედგენილია მშენებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც მე-3 პუნქტის მიხედვით, მეწარმე კისრულობს ვალდებულებას წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 თვის განმავლობაში მიიყვანოს ნასყიდობის საგანი თეთრი კარკასის მდგომარეობამდე. აღნიშნული ფართების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს, ხოლო გადამხდელი არ დადგა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციაზე და არ დაბეგრა მიღებული შემოსავალი დღგ-ით. შემოწმებით რეალიზებულად მიჩნეული და დაბეგრილია ის ბინები, რომელიც მყიდველების სახელზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ მოხდა ი/მ -----ს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ დამატებით სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, შედეგად არ დგინდება შემოწმების აქტში ასახული ფაქტობრივი გარემოებისგან განსხვავებული სამეურნეო ოპერაციები. კერძოდ, საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ ი/მ -----მ 2010 წლის 27 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე ------გან შეიძინა 192 კვ.მ მიწის ნაკვეთი 106 000 აშშ დოლარად, რომელიც მდებარეობს ქალაქ -----ში -----ს №---ში. ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, ი/მ -----ს მიერ მოხდებოდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება, საიდანაც ----- მიწის ფართობის სანაცვლოდ მიიღებდა 3 ბინას. -----სა და შპს „-----ს“ შორის დაიდო ზეპირი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც 2012 წლის ოქტომბრის თვეში შპს „------მა“ დაიწყო ქ. ------ში -----ს №---ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ხოლო -----ს შპს „-----თვის“ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება უნდა მოეხდინა ნაწილი ბინებით და ნაწილი თანხობრივად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2014 წლიდან ------მ დაიწყო აშენებული ფართების რეალიზაცია, რომელზეც შედგენილია მშენებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც მე-3 პუნქტის მიხედვით, საწარმო კისრულობს ვალდებულებას წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 თვის განმავლობაში მიიყვანოს ნასყიდობის საგანი თეთრი კარკასის მდგომარეობამდე. ამასთან, გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შემოწმებით განსაზღვრული გარემოებებისგან განსხვავებული გარემოებები ან/და დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. შემოწმებით რეალიზებულად მიჩნეული და დაბეგრილია ის ბინები, რომელიც მყიდველების სახელზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ მოხდა ი/მ ------ს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ----- (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა 2010 წლის 27 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე ფ/პ-გან შეიძინა 192 კვ.მ მიწის ნაკვეთი 106 000 აშშ დოლარად. ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მომჩივანი და გამყიდველი შეთანხმდნენ, რომ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მომჩივნის მიერ მოხდებოდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება, საიდანაც გამყიდველი მიწის ფართობის სანაცვლოდ მიიღებდა 3 ბინას (116.7 კვ.მ; 49.2 კვ.მ; 49.2 კვ.მ; ჯამში - 215.1 კვ.მ). მომჩივანსა და შპს-ს შორის დაიდო ზეპირი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც 2012 წლის ოქტომბრის თვეში შპს -მ დაიწყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ხოლო მომჩივანს შპს-თვის შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება უნდა მოეხდინა ნაწილი ბინებით და ნაწილი თანხობრივად. 2014 წლიდან მომჩივანმა დაიწყო აშენებული ფართების რეალიზაცია, რომელზეც შედგენილია მშენებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც მე-3 პუნქტის მიხედვით, მეწარმე კისრულობს ვალდებულებას წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 თვის განმავლობაში მიიყვანოს ნასყიდობის საგანი თეთრი კარკასის მდგომარეობამდე. აღნიშნული ფართების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს, ხოლო გადამხდელი არ დადგა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციაზე და არ დაბეგრა მიღებული შემოსავალი დღგ-ით. შემოწმებით რეალიზებულად მიჩნეული და დაბეგრილია ის ბინები, რომელიც მყიდველების სახელზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ მოხდა მომჩივნის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160"ა", 161(1)(8).