გადაწყვეტილება №18644/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18644/2/2023
23.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ "------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 23.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------" 12.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18644/2/2023)
დავის საგანი:
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2022 წლის №025-5 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32392 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 89 334 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 46 737
დღგ - 33 114
მოგების გადასახადი - 12 278
საშემოსავლო გადასახადი - 989
სოციალური გადასახადი - 356
საურავი - 42 597
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 2 აგვისტოს №"------" შეტყობინების საფუძველზე, ჩატარდა საწარმოს ალტერნატიული აუდიტის საგადასახადო შემოწმება.
აღნიშნული საგადასახადო შემოწმების საფუძველზე შედგა 2012 წლის 31 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, საწარმო შემოწმდა 2006 წლის პირველი იანვრიდან 2012 წლის 2 ივლისის ჩათვლით.
2012 წლის 31 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:
გადასახადის გადამხდელს მოგების გადასახადის დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავალი დეკლარირებული აქვს 848 951 ლარი, ნაცვლად 890 942 ლარისა, რომელიც გამოწვეული იქნა შემდეგი გარემოებით 2011 წლის 29 იანვარს გადასახადის გადამხდელის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირზე შპს „-------“-ზე (ს/ნ „-------“ ) მიწოდებული აქვს უძრავი ქონება 19 000 ლარად, რომლის ნარჩენი ღირებულებაც შეადგენდა 44 251 ლარს. აღნიშნული ქონების რეალური ღირებულება შეადგენდა 86 242 ლარს, რაზეც არსებობს აუდიტორული დასკვნა ქონების შეფასებაზე, რომელიც შედგენილია 2012 წლის 26 მარტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა 41 991 (86 242-44 251) ლარით და გადასახადის გადამხდელი დაიბეგრა მოგების გადასახადით.
გადასახადის გადამხდელის მიერ 2011 წლის 29 იანვარს რეალიზებული ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ღირებულებამ შეადგინა 86 242 ლარი. აღნიშნული ბრუნვის გათვალიწინებით დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ გადააჭარბა 100 000 ლარს. რითაც გადასახადის გადამხდელს დაუდგა ვალდებულება დარეგისტრირებულიყო დღგ-ის გადამხდელად. 2011 წელს დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 144 776 ლარი. 2011 წელს დღგ-ის ნაწილში გადასახადის გადამხდელს დაერიცხა 26 060 ლარი, შესაბამისი თვეების მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2012 წლის 24 დეკემბრის №30698 ბრძანება და 2012 წლის 24 დეკემბრის №145 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 2013 წლის 23 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურმა 2013 წლის 24 აპრილის №17224 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდა შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 24 დეკემბრის №025-145 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული საურავისაგან.
შემოსავლების სამსახურმა 2013 წლის 24 აპრილის №17224 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 19.02.2014 წლის №6079/2/13 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლის 2016 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, რომლის 2018 წლის 22 ივნისის № „-------“ გადაწყვეტილებით:
1. შპს „-------“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „-------“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
ა) ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება საჩივარზე (№6079/2/13) დღგ-ისა და მოგების გადასახადის ნაწილში, ამავე ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 24 აპრილის №17224 ბრძანება;
ბ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 24 დეკემბრის №30698 ბრძანება დღგ-ისა და მოგების გადასახადის დარიცხვის ნაწილში, ასევე, ამავე ნაწილში არაარსებითად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 24 დეკემბრის №145 საგადასახადო მოთხოვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს დღგისა და მოგების გადასახადის დარიცხვის ნაწილში, შპს „------ -თან “ მიმართებაში მიიღოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2020 წლის ბს-1240(2კ-18) განჩინებით
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 19 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 28 ივლისის №025-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32392 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს 2011 წლის პირველი იანვრიდან არსებული ოპერაციების საფუძველზე დაედგინა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32392 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, 160-ე მუხლით, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის №3ბ/291-17 გადაწყვეტილებას და გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას, რომლითაც დადგენილია, რომ 2010 წლის 28 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდზე პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ მოიპოვება არც აუდიტის დეპარტამენტში და არც გადამხდელთან, შესაბამისად, შეუძლებელია დადგინდეს 2010 წლის 28 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები და მათი რეალობა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ვინაიდან, 2011 წლამდე პერიოდზე ვერ დგინდება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის საფუძველი, ბოლო 12 თვიან პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატებოდა თუ არა 100 000 ლარს და რომელი დასაბეგრი ოპერაციების (ძირითადი საშუალებების რეალიზაციის გარდა) შედეგადაა საერთო თანხა დაანგარიშებული, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2011 წლის პირველი იანვრიდან არსებული ოპერაციების საფუძველზე დაადგინოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და აღნიშნულის გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, როგორც გადამხდელი იყო ვალდებული შემოწმებული დოკუმენტაციის შენახვაზე, ასევე იყო ვალდებული შემოსავლების სამსახურიც, რომ შეენახა სრულყოფილი დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების ხელთ არსებული მასალებით ვერ ხდება საკითხის დამატებითი შესწავლა, შესაბამისად აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა, როდესაც ვერ ხერხდება პირველადი დოკუმენტებით დამტკიცება საკითხისა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გააუქმოს დარიცხული თანხა. ჯერ პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 მარტის ბრძანება, რომელზეც აპელირებს აუდიტის დეპარტამენტი გაუქმებულია თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ. აქედან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 მარტის ბრძანების არგუმენტად მოყვანა აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან არის უადგილო და შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2022 წლის №320154 ბრძანება არის საფუძველს მოკლებული. ყველაზე მთავარი - შემოსავლების სამსახურმა სადავო ბრძანებას საფუძვლად არ დაუდო რაიმე ისეთი ახალი მტკიცებულება, რომელიც არ იყო სასამართლოში წარდგენილი. შემოსავლების სამსახურის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები კი სასამართლომ თავისი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საკმარის საფუძვლად არ ჩათვალა იმ გარემოების დასამტკიცებლად, რომ უტყუარად არსებობდა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის საფუძველი. ასეთ პირობებში ბუნებრივია ჩნდება ამგვარი რიტორიკული კითხვა: რა, შემოსავლების სამსახური უფრო მაღლა დგას სასამართლოზე, რომ იმ მტკიცებულებებს საფუძვლიანად მიიჩნევს, რომელი მტკიცებულებებიც სასამართლომ საკმარის საფუძვლად არ მიიჩნია და შემოსავლების სამსახურს უთხრა, რომ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლებელია მისი „დადანაშაულება“ ?!!!!!
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან მოითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის № „-------“ გადაწყვეტილებით, შპს „-------“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება საჩივარზე (№6079/2/13) დღგ-ისა და მოგების გადასახადის ნაწილში, ამავე ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 24 აპრილის №17224 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 24 დეკემბრის №30698 ბრძანება დღგ-ისა და მოგების გადასახადის დარიცხვის ნაწილში, ასევე, ამავე ნაწილში არაარსებითად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 24 დეკემბრის №145 საგადასახადო მოთხოვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს დღგ-ისა და მოგების გადასახადის დარიცხვის ნაწილში, შპს „------- - თან “ მიმართებაში მიიღოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის № „-------“ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 19 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, სადაც მითითებულია შემდეგი:
შესასწავლ პერიოდს წარმოადგენს 2010 წლის 28 იანვრიდან 2011 წლის 28 იანვრამდე საანგარიშო პერიოდი (უწყვეტი 12 კალენდარული თვე) და აღნიშნულ პერიოდში პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია იყო მხოლოდ მატერიალური ფორმით და შენახვა დაარქივება ხდება გადამხდელთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით შპს „------- -ს “ წარმომადგენელთან განხორციელდა კომუნიკაცია აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც გადამხდელის ახსნა-განმარტებით დგინდება აღნიშნული დოკუმენტაციის გადამხდელის მიერ შენახვა დაარქივება არ მომხდარა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების ხელთ არსებული მასალებით ვერ ხდება საკითხის დამატებითი შესწავლა, შესაბამისად აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32392 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს 2011 წლის პირველი იანვრიდან არსებული ოპერაციების საფუძველზე დაედგინა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის № „-------“ გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 24 დეკემბრის №30698 ბრძანება დღგ-ისა და მოგების გადასახადის დარიცხვის ნაწილში, ასევე, ამავე ნაწილში არაარსებითად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 24 დეკემბრის №145 საგადასახადო მოთხოვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა დღგ-ისა და მოგების გადასახადის დარიცხვის ნაწილში, მიეღო ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ხოლო შემოსავლების 22.12.2022 წლის №32392 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს 2011 წლის პირველი იანვრიდან არსებული ოპერაციების საფუძველზე დაედგინა დღგის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2018 წლის 22 ივნისის № „-------“ სასამართლო გადაწყვეტილება დღგ-სთან ერთად მოიცავს მოგების გადასახადსაც, ხოლო შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32392 ბრძანება მიღებულია მხოლოდ დღგ-ზე, ამრიგად, საბჭოს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მოგების გადასახადის განსაზღვრის ნაწილში არ არის აღსრულებული. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32392 ბრძანება;
3. საჩივარი ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.