გადაწყვეტილება №22707/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22707/2/2024
04 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 29.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (№22707/2/2024).
დავის საგანი:
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.07.2015 წლის №081-140 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5499 ბრძანება.
ფაქტების აღწერა:
საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს სათამაშო ბიზნესი. აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 13 ივნისის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ჩატარდა საწარმოს გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე შედგა აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 5 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით: 1. შესამოწმებელ პერიოდში (2008-2010წწ.) საზოგადოებას დეკლარირებული აქვს ფიზიკურ პირებზე განაცემები, რომლებიც დაბეგრილი აქვს 12%-ით. გადამხდელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც 2011 წლამდე მოქმედი სსკ-ის 281-ე მუხლის 23-ე ნაწილის პირობას დააკმაყოფილებდა. შემოწმების მსვლელობისას დეკლარირებული ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად (ძვ. 174) ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა პერიოდების მიხედვით 25%-20% განაკვეთით; 2. გადამხდელის მხრიდან (2008-2011წწ) საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტაცია წარდგენილი არ ყოფილა, რის მიხედვითაც დეკლარირებული გამოქვითვების რეალობა დადგინდებოდა. შემოწმების მსვლელობისას სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად გამოქვითვებში გათვალისწინებული იქნა გადამხდელის სახელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, არქივიდან გამოთხოვილი საბაჟო რეჟიმების ამსახველი დოკუმენტაცია, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, საშემოსავლო გადასახადში დეკლარირებული განაცემები და გამოქვითვას დაქვემდებარებული გადასახადი. მიღებული შედეგით დაკორექტირდა (შემცირდა) დეკლარირებული გამოქვითვები. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2014 წლის 9 დეკემბრის №50921 ბრძანება და №081-98 საგადასახადო მოთხოვნა. გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული აქტები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.02.2015 წლის №5650 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საბჭომ ნაწილობრივ გაიზიარა გადამხდელის არგუმენტაცია და მოგების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა: საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, გამოეთხოვა ინფორმაცია ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისაგან, მათი მოგების მარჟის თაობაზე და გადამხდელისაგან გამოთხოვილი, ასევე შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით მოეხდინა საკითხის დამატებით შესწავლა და შემოწმებით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგა 2015 წლის 30 ივნისის დასკვნა რომლის თანახმად, ირკვევა, რომ საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მოგების მარჟასთან დაკავშირებით, რომელმაც საშუალოდ 26% შეადგინა (მთლიანი შემოსავალის დაახლოებით 79,06% წარმოადგენს ჯამურად დაბრუნებულ თანხებს). გამოთხოვილი ინფორმაციიდან გამომდინარე თუ გადამხდელის განმარტებას დაეყრდნობოდა შემმოწმებელი, როგორც საჩივარშია აღნიშნული, რომ ერთობლივ შემოსავალში არა სხვაობა არამედ მთლიანი შემოსავალია დეკლარირებული მაშინ მთლიან შესამოწმებელ პერიოდზე გამოქვითვები გადააჭარბებს შემოსავალს (კაზინო გავა ზარალზე) და გადამხდელს იმის საშუალებაც არ ექნებოდა დეკლარირებული მოგების/ქონების გადასახადი გადაეხადა, რაც რეალობას არის მოკლებული, შესაბამისად გამოთხოვილი ინფორმაციით გამყარდა პოზიცია, რომ გადამხდელს ერთობლივ შემოსავალში არა მთლიანი შემოსავალი არამედ სხვაობა ჰქონდა დეკლარირებული მთლიან შემოსავალსა და გაცემულ მოგებებს/თანხებს შორის. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2.07.2015 წლის №081-140 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.05.2016 წლის №12868 ბრძანებით საჩივარი შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 301- ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველი დარჩა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2017 წლის 2 მარტის №12034/2/16 და №13013/2/16 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები მომჩივნის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/568-17-21) სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, რომლის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე №3/ბ-19- 2022):
1. „---ის” (ს/ნ ---) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „---ის“ (ს/ნ ---) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 მაისის №12868 ბრძანება და ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველი საბჭოს 2017 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება (საჩივრის №12034/2/16 და 13.012/2/16);
4. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს განიხილოს შპს „---ის" საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 2 ივლისის №081-140 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის და 2015 წლის 30 ივნისის დასკვნის ბათილად ცნობის შესახებ და საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივართან დაკავშირებით;
5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ბს-1270(2კ22)) უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე №3/ბ-19-2022).
შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5499 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან (ერთობლივი შემოსავლების გაზრდა დეკლარირებული გამოქვითვების შემცირებით) დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით სრულყოფილად შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5499 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე №3/ბ-19-2022) მიხედვით, შემოსავლების სამსახურს დაევალა განიხილოს შპს „---ის" საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 2 ივლისის №081-140 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის და 2015 წლის 30 ივნისის დასკვნის ბათილად ცნობის შესახებ და საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი საჩივართან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ აღნიშნული სადავო საკითხი შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის №5650 ბრძანების თანახმად, არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახურმა მიუთითა შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: 2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა იმგვარად, რომ ცხადად აისახოს დასაბეგრი შემოსავალი (მოგება). გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლებისა და ხარჯების აღსარიცხავად გამოიყენება საკასო ან დარიცხვის მეთოდი, იმის მიხედვით, თუ რომელ მეთოდს იყენებს ბუღალტრული აღრიცხვისათვის.
2. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. ამასთან, აღრიცხვის პირველად დოკუმენტებში სრულად და გარკვევით უნდა იყოს ასახული სამეურნეო ოპერაციის შინაარსი, საგანი, თანხა, სამეურნეო ოპერაციაში მონაწილე მხარეების დასახელება.
საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი მოგება. იგი განისაზღვრება, როგორც სხვაობა გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად:
1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება მის მიერ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული ყველა შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან; გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან.
საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირველად საგადასახადო დოკუმენტად მიიჩნევა წერილობითი საბუთი, რომელშიც უნდა აღინიშნოს:
ა) დოკუმენტის დასახელება; ბ) დოკუმენტის შედგენის თარიღი; გ) დოკუმენტის ნომერი, რომლის განმეორება აკრძალულია; დ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა რეკვიზიტები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, დოკუმენტის გამცემი ორგანოს დასახელება და მისი გაცემის თარიღი; სხვა პირის შემთხვევაში – პირის სრული დასახელება, მისი მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი); ე) სამეურნეო ოპერაციის შინაარსი. შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც აღნიშნულია შემდეგი: „პალატა ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოების მტკიცებას, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებული აქტები მიღებული იყო შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს 2015 წლის 25 თებერვლის №5650 ბრძანების აღსრულების პროცესში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის "თ" ქვეპუნქტი (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) აძლევდა დავის განმხილველ ორგანოს საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს. პალატა განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით გათვალისწინებული იყო, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავდა, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემული იყო იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში კი, გადასახადის გადამხდელი საჩივრით არ ეთანხმებოდა გადაანგარიშების შედეგებს და ამ შედეგების გათვალისწინებით მიღებულ აქტებს. კერძოდ, მიიჩნევდა, რომ №5650 ბრძანების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაცია არ იყო სრულყოფილი და არ აძლევდა შემოსავლების სამსახურს საკითხის გადასაწყვეტად საკმარის ცნობებს.
მხარეთა ზემოთ აღნიშნული პოზიციების გათვალისწინებით, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), საჩივრის განუხილველად დატოვებისთვის უნდა დადასტურებულიყო, რომ სადავო აქტი წარმოადგენდა საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად გამოცემულ აქტს, რომლითაც სრულად იქნა გათვალისწინებული აღსასრულებელ აქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება.“
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია: „პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცნობებით ვერ ჩაითვლება, რომ შემოსავლების სამსახურმა №5650 ბრძანების გათვალისწინებით გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ცნობები გამოიკვლია ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი ყველა შესაძლო სუბიექტისგან. მეტიც, სხვა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელებისგან როგორც დამატებითი, ისე უფრო კონკრეტული ინფორმაციის გამოთხოვის ნაცვლად, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის №5650 ბრძანების საფუძველზე გამოცემული დასკვნის, კორექტირებული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვებამდე, პალატის შეფასებით, საჩივრის განმხილველ ორგანოს უნდა გამოეკვლია, სათანადოდ აღსრულდა თუ არა №5650 ბრძანება.
დასახელებული ბრძანების ჯეროვნად აღსრულებისთვის კი უნდა შეფასებულიყო:
1. რა გარემოებების გამოკვლევა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს;
2. სრულყოფილად შეისწავლა თუ არა აუდიტის დეპარტამენტმა მიღებული ინფორმაცია და საჭირო იყო თუ არა დამატებითი ცნობები მოძიება;
3. წარდგენილი ინფორმაცია იძლეოდა თუ არა არამხოლოდ დარიცხული თანხის გადაანგარიშების, არამედ ზოგადად სადავო საკითხზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად: „პალატა ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას, რომ როცა დავის განმხილველ ორგანოს არსებითად არ უმსჯელია გადასახადის გადამხდელის საჩივარზე და სრულყოფილად არ გამოუკვლევია კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებული ფაქტები და გარემოებები, შეუძლებელია გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე მსჯელობა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ 11.05.2016 წლის №12858 ბრძანებით საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე მითითებით გადასახადის გადამხდელისთვის საჩივრის განხილვაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსს, რის გამოც არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებისა და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის წინაპირობა, რა დროსაც ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს ყველა გარემოების შესწავლის საფუძველზე, ახალი აქტის გამოცემა“.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის №5650 ბრძანება არ არის აღსრულებული და სადავო საკითხი საჭიროებდა დამატებით შესწავლას. ამდენად, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით სრულყოფილად შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
დავობს საშემოსავლო გადასახადზე, ხოლო მას შემდეგ რაც მოგების გადასახადთან დაკავშირებით გამოიცემა შესაბამისი აქტები იტოვებს უფლებას იდავოს მოგების გადასახადზე, თუ უსამართლოდ იქნება დარიცხული კომპანიაზე. ხაზს უსვამს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 2 მარტის 12034/2/16 და 13013/2/16 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი. შესაბამისად, მიაჩნია, რომ საბჭომ თავიდან უნდა იმსჯელოს დარიცხულ საშემოსავლო გადასახადზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე №3/ბ-19-2022):
1. „---ის” (ს/ნ ---) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „---ის“ (ს/ნ ---) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 11 მაისის №12868 ბრძანება და ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველი საბჭოს 2017 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება (საჩივრის №12034/2/16 და 13.012/2/16);
4. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს განიხილოს შპს „---ის" საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 2 ივლისის №081-140 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის და 2015 წლის 30 ივნისის დასკვნის ბათილად ცნობის შესახებ და საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივართან დაკავშირებით;
5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ბს-1270(2კ22)) უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე №3/ბ-19-2022).
შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5499 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან (ერთობლივი შემოსავლების გაზრდა დეკლარირებული გამოქვითვების შემცირებით) დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით სრულყოფილად შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი სადავოდ ხდის ისეთ საკითხს (საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება), რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე №3/ბ-19-2022) აღსრულების მართლზომიერების საკითხი. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე №3/ბ-19-2022) და შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5499 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მსვლელობისას დეკლარირებული ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად (ძვ. 174) ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა პერიოდების მიხედვით 25%-20% განაკვეთით; შემოწმების მსვლელობისას სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად გამოქვითვებში გათვალისწინებული იქნა გადამხდელის სახელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, არქივიდან გამოთხოვილი საბაჟო რეჟიმების ამსახველი დოკუმენტაცია, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, საშემოსავლო გადასახადში დეკლარირებული განაცემები და გამოქვითვას დაქვემდებარებული გადასახადი. მიღებული შედეგით დაკორექტირდა (შემცირდა) დეკლარირებული გამოქვითვები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ბს-1270(2კ22)) უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე №3/ბ-19-2022).
შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5499 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან (ერთობლივი შემოსავლების გაზრდა დეკლარირებული გამოქვითვების შემცირებით) დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით სრულყოფილად შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 13.03.2024 წლის №5499 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1,გ).