გადაწყვეტილება №21716/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.04.2024
№ დოკუმენტი 21716/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№21716/2/2023

25 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს „---------------“ (ს/ნ --------------------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს „---------------“ის 25.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21716/2/2023).

 

დავის საგანი:

კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.10.2023 წლის ID:------ გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 19.12.2023 წლის №31896 ბრძანება.

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს უძრავი ქონების მართვა გასამრჯელოს ან ხელშეკრულების საფუძველზე. მომჩივანი როგორც გადასახადის გადამხდელად, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 10 მაისს, საქმიანობის განხორციელების ადგილია ქ. ------ი, ------ის ქ. №-, ბლოკი -, ბინა -.

2023 წლის 16 ოქტომბერს გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ელექტრონული განცხადება (ID-----) „კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ“. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ოქტომბრის ID:------ გადაწყვეტილებით, იმ მოტივით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და საკითხის შესწავლის შედეგად კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის საჭიროება არ დადასტურდა, მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ოქტომბრის ID:------- გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.12.2023 წლის №31896 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე ბრძანების მე-3 პუნქტზე და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის უარი დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე არის დაუსაბუთებელი, იგი ფორმალურადაც კი არ შეიცავს რაიმე განმარტებას, რითაც არსებითი მატერიალური ზიანი ადგება კომპანიას და მის მოიჯარეს.

შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებითაც საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც ასევე არის დაუსაბუთებელი და არ ჩანს სამართლებრივი გარემოებები, რის საფუძველზეც შემოსავლების სამსახური უარს ეუბნება გადასახადის გადამხდელს შეუცვალოს სტატუსი და გახდეს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელი.

საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ეფუძნებოდეს საგადასახადო და სხვა კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და პრინციპებს. მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ წარდგენილი იქნა ყველა სარწმუნო დოკუმენტი: საიჯარო ხელშეკრულება და დოკუმენტაცია, საბანკო ამონაწერები სადაც ფიქსირდება, რომ უძრავი ქონება შეძენილია სესხით, რომელიც გადახდილია სს ლიბერთი ბანკის მეშვეობით. ანუ, წარდგენილია შემოსავლების სამსახურის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

შემოსავლების სამსახური, გამოცემულ №31896 ბრძანებაში აპელირებს შემოსავლების სამსახურის უფლებაზე სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით, მაგრამ არცერთ ნაწილში არ არის დასაბუთებული არანაირი გარემოება თუ პირობა რატომ ამბობს გადასახადის გადამხდელის არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. უარის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიცავს არც ფორმალურ და არც შინაარსობრივ დასაბუთებას უარის შესახებ. ამგვარი სახით გადაწყვეტილება გამორიცხავს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას.

განცხადების წარდგენის მიზანი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა საიჯარო ურთიერთობის მიმდინარეობის დროს. შესაბამისად, დაუსაბუთებლად ირღვევა გადასახადის გადამხდელის უფლება, რის გამოც მატერიალური ზიანი ადგება კომპანიას, რომელსაც რეალური, ნამდვილი ხელშეკრულება უდევს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მაღაზიათა ქსელთან „--------თან“.

წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ არ არსებობს კომპანიისათვის კვალიფიციური დღგ-ის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის არავითარი საფუძველი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.12.2023 წლის №31896 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს უძრავი ქონების მართვა გასამრჯელოს ან ხელშეკრულების საფუძველზე. მომჩივანი როგორც გადასახადის გადამხდელად, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 10 მაისს.2023 წლის 16 ოქტომბერს გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ელექტრონული განცხადება „კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ“.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, იმ მოტივით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და საკითხის შესწავლის შედეგად კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის საჭიროება არ დადასტურდა, მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №31896 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6);