ბრძანება N 25108-2
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 25108
24/08/2020
შპს -----------------------
(მის.: ქ. -----------------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით
საჩივრების დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 30 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი № 54) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 10 და 13 იანვრის №9922/2/2020, №9933/2/2020 და №9932/2/2020 საჩივარები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 12 და 13 დეკემბრის №006-1067, №006-1069 და №006-1068 „საგადასახადო მოთხოვნებთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით გამოყოფს შემდეგ სადავო საკითხს:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმების ოდენობას და აცხადებს, რომ ჯარიმის გავრცელება თითოეულ თვეზე ცალ-ცალკე არასწორია და ვინაიდან, ჯარიმის შინაარსი ერთგვაროვანია, საწარმო უნდა დაჯარიმებულიყო მხოლოდ 100 ლარის ოდენობით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 01 ივლისის №21903 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს და მასთან შერწყმული შპს ----- ს, შპს ----- ს (შპს ----- ს”+შპს ----- ს ”+ შპს ----- ს ), შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი 2019 წლის 02 ივლისიდან 2019 წლის 28 ნოემბრამდე განისაზღვრა. შემოწმების შედეგებზე, 2019 წლის 28 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2019 წლის 10 დეკემბრის №42979, №42905 და №42904 ბრძანებები და გადამხდელს წარედგინა 2019 წლის 12 და 13 დეკემბრის №006-1067, №006-1069 და №006-1068 „საგადასახადო მოთხოვნები“, რომლებითაც გადამხდელის დამატებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ №006-1067 „საგადასახადო მოთხოვნით: სულ 5 835 ლარით, მათ შორის: გადასახადი 361 ლარი, ჯარიმა 5 376 ლარი, ხოლო საურავი 98 ლარი. №006-1068 „საგადასახადო მოთხოვნით: სულ 4 179 ლარით, მათ შორის: გადასახადი 1 971 ლარი, ჯარიმა 1 938 ლარი, ხოლო საურავი 270 ლარი. №006-1069 „საგადასახადო მოთხოვნით: სულ 4 106 ლარით, მათ შორის: გადასახადი 2 098 ლარი, ჯარიმა 1 149 ლარი, ხოლო საურავი 859 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
სადავო საკითხთან მიმართებაში, შპს ----- ს საკუთრებაში ჰყავს ა/მანქანები, ასევე დაქირავებული ყავს მძღოლი საკუთარი ავტომანქანით, რომელსაც უხდის სატრანსპორტო მომსახურებისათვის ანაზღაურებას, უსხამს საწვავს (დიზელს, ბენზინს) ავტომობილში. საწარმოს აღრიცხული აქვს თითოეულ ავტომანქანაზე გახარჯული საწვავი, გავლილი მანძილის და ოდომეტრის ჩვენების მითითებით. საწვავი შეძენილი აქვს ანგარიშ ფაქტურებით. შესაბამისად, ახორციელებს შეძენილ საწვავზე დღგ-ის ჩათვლებს. საწარამოს მიერ არასწორად არის დეკლარირებული შეძენილ ნავთობპროდუქტებზე ინფორმაცია ფაქტიურად დარიცხული ნაშთების შესახებ დღგ-ის დეკლარაციის დანართი №4 ნაწილი III. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის 2019 წლის 31 მაისს დეკლარირებული მონაცემებით, ერიცხება ნაშთად ბენზინი (0290) 150 ლიტრი, ხოლო დიზელის საწვავი ნაშთად არ ერიცხება.
საწარმოს მიერ არასწორად არის დეკლარირებული დღგ-ის დეკლარაციის დანართი №4 ნაწილი III ნაწილი, ფაქტიურად დარიცხული ნაშთების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ 2016 წელს შეძენილი აქვს 4785 ლიტრი საწვავი, ხოლო დეკლარირებულია 4795 ლიტრი საწვავის შეძენა. 2017 წელს შეძენილია 3650 ლიტრი საწვავი, დეკლარირებულია 3590 ლიტრი საწვავის შეძენა. 2016 წლის I-II-III-V-VI-VIII-IX- X-XI-XII თვეებზე; 2017 წლის I-II-III თვეებზე; 2018-2019 წლებში შეძენილი საწვავის რაოდენობა (2018 წელს 3950 ლიტრი და 2019 წელს 1350 ლიტრი) სწორად არის დეკლარირებული.
საწარმოს მთელ შესამოწმებელ პერიოდზე 2016 წლის იანვრიდან 2019 წლის მაისის თვის ჩათვლით უფიქსირდება არასწორი საწვავის (ბენზინის) ნაშთები. ამდენად, გადასახადის გადამხდელი არასწორი დეკლარირების გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე, დაჯარიმდა თითოეულ თვეზე 100 ლარით, ჯამში 4100 ლარის ოდენობით.
შემოწმების მიერ გადამხდელს განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში, შემოწმებით დადგენილი, გადახდის წყარისთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის მონაცემები განსხვავდება აღნიშნულ პერიოდზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი „ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ“ მონაცემებისგან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ვალდებული იყო საგადასახადო ორგანოში წარედგინა ინფორმაცია დანართი N2-07 შესაბამისად საანგარისო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ, ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად: გადასახადის გადამხდელი ვალდებულია: თ) შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვადლდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის მიხედვით კი „პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“ ამასთან, გასათვალისწინებელია შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 თებერვლის 2893 ბრძანებით დამტკიცებული 2425 სიტუაციური სახელმძღვანელო, რომლის შესაბამისად საზოგადოებას დაერიცხა კუთვნილი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ცნობა შემოსავლის მიმღები პირის სარეგისტრაციო ნომრის, გვარისა და სახელის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, საანგარიშო პერიოდისათვის შემოსავლის საერთო თანხისა და დაკავებული გადასახადის საერთო თანხის მითითებით წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს არა უგვიანეს გადასახადის დაკავების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელსაც ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება და შემოსავლების მიმღები პირის შესახებ საგადასახადო ორგანოსათვის ინფორმაციის წარდგენა, ასეთი ინფორმაცია შესაძლებელია წარდგენილ იქნეს NII-07 დანართის ფორმით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ხოლო, ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი და მე-11 ნაწილებითა და 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილი ქმედებებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დადგენილია, რომ რამდენიმე საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო სანქცია გამოიყენება თითოეული სამართალდარღვევისათვის ცალ-ცალკე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის ქმედებები ჩადენილია ერთმანეთის თანმიმდევრულად, ამასთან ყოველი შემდგომი სამართალდარღვევა არ არის ჩადენილი წინა სამართალდარღვევის გამოვლენის შემდეგ, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მულის მე-8 ნაწილის დისპოზიცია. ამასთან, მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ სამართალდარღვევები საგადასახადო ორგანოს მიერ გამოვლენილია ერთდროულად. შესაბამისად, ყოველი სამართალდარღევის ქმედება, რაც გამოიხატა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაში, განხილული არ უნდა იქნეს როგორც განმეორებით ჩადენილი სამართალდარღვევა. ამასთან აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელს 2011 წლის 14 აპრილის თარიღიდან არ უფიქსირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის შეფარდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების აქტით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები განხილულ უნდა იქნეს ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;
2. სადავო საკითხთან მიმართებაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები განხილულ იქნეს ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება;
3. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის სსკ-ს 291-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმების ოდენობას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს საწვავი შეძენილი აქვს ანგარიშ-ფაქტურებით და ახორციელებს შეძენილ საწვავზე დღგ-ის ჩათვლებს. საწარამოს მიერ არასწორად არის დეკლარირებული შეძენილ ნავთობპროდუქტებზე ინფორმაცია ფაქტიურად დარიცხული ნაშთების შესახებ დღგ-ის დეკლარაციის დანართი №4 ნაწილი III. საწარმოს მთელ შესამოწმებელ პერიოდზე უფიქსირდება არასწორი საწვავის (ბენზინის) ნაშთები. ამდენად, გადამხდელი არასწორი დეკლარირების გამო, სსკ-ს 291-ე მუხლის საფუძველზე, დაჯარიმდა თითოეულ თვეზე 100 ლარით, ჯამში 4100 ლარის ოდენობით.
ამასთან, გადახდის წყარისთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის მონაცემები განსხვავდება აღნიშნულ პერიოდზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი „ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ“ მონაცემებისგან, სსკ-ს 291-ე მუხლის მიხედვით საწარმოს დაერიცხა კუთვნილი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სსკ-ს 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები განხილულ უნდა იქნეს ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 154(1,,ა“); 154(3,,გ.ა“); 269(8); 270(7): 291
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანება