გადაწყვეტილება №25273/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25273/2/2025
19 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --- ის 6.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25273/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11509 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2025 წლის №042-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2.05.2025 წლის №8577 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 10 613,83 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 4 760
ჯარიმა - 2 380
საურავი - 3 473,83
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება შპს „---გან“ (ს/ნ ---) 1.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე პერიოდებში მომსახურების გაწევისთვის მიღებული შემოსავლების შედეგად წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ მეწარმეს 2019 წლის დეკემბრის თვეში მიღებული აქვს შპს „---გან“ (ს/ნ ----) სატრანსპორტო მომსახურების გაწევასთან (მძღოლი) დაკავშირებით ანაზღაურებული თანხები 23 800 ლარის ოდენობით და თავის მხრივ არ აქვს დეკლარირებული და გადახდილი კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „---გან“ მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა ერთობლივ შემოსავალში ასახვას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2021 წლის №40362 ბრძანება და №042-47 საგადასახადო მოთხოვნა, ასევე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია 24.12.2021 წლის №042-4933 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ და 18.05.2022 წლის №049-2022-104595 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.07.2022 წლის №17313 ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2021 წლის №042-47 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 29.07.2022 წლის №17116/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 12.01.2023 წლის №254 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისად, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალა ვალის მართვის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, გაავრცელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 12.01.2023 წლის №254 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 24.03.2023 წლის №18781/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 12.01.2023 წლის №254 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 25.07.2023 წლის №042-21 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №27921 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 9.02.2024 წლის №21392/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11509 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისად, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11509 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 19.03.2025 წლის დასკვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 15.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 24.03.2025 წლის №042-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2.05.2025 წლის №8577 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ 2019 წლის 3 დეკემბრის თვეში შპს „---გან“ არ მიუღია ანაზღაურება სატრანსპორტო მომსახურებისათვის, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს, დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2.05.2025 წლის №8577 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ 2019 წლის დეკემბრის თვეში შპს „---გან“ არ მიუღია ანაზღაურება სატრანსპორტო მომსახურებისათვის. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
--- დასაქმებული იყო შპს „----“- ში და იღებდა კუთვნილ ხელფასს. მართალია შპს „---ში“ აღნიშნავს, რომ ----თან შრომითი კონტრაქტის ძალაში იყო 2020 წლის თებერვლის თვის ბოლომდე, მაგრამ ---- 2020 წლის მარტის თვეშიც აგრძელებდა შრომით საქმიანობას და შესრულებული აქვს რეისები 2020 წლის მარტის თვის ჩათვლით, ხოლო 2020 წლის აპრილის-მაისის თვეში ---ს არანაირი რეისი არ განუხორციელებია შპს „---ს“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით.
საქმის მასალებს ერთვის ცნობა საქართველოს ბანკიდან, რომლითაც დასტურდება, რომ 1.04.2020 წელს და 4.04.2020 წელს ---ს მიღებული აქვს კუთვნილი ხელფასი, აღნიშნული ხელფასი არის სწორედ 2020 წლის მარტის თვის ხელფასი. --- ვერ შეძლება სადავო პერიოდში რეისების შესრულებას რადგან გადაიტანა მძიმე ოპერაცია გულზე (შუნტირება) და ფიზიკურად არ ჰქონდა შესაძლებლობა რაიმე სახის შრომითი საქმიანობა გაეწია. კატეგორიულად გამორიცხულია შპს „---“-ს მიერ ---თვის რაიმე თანხის გადახდა, რადგან ---ს არანაირი მომსახურება შპს „---“-სთვის არ გაუწევია და აღნიშნული მომსახურება შპს „---“-ს გაუწია შპს „---მა“. ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობს დავა გულზე მძიმე ოპერაცია გადატანილ ადამიანს შეეძლო თუ არა მძიმე სპეც. ტექნიკის მართვა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ოფიციალურად არის დადასტურებული დამსაქმებელი კომპანიისაგან, რომ --- სადავო პერიოდში არ მუშაობდა შპს ---ში და არც მისი კომპანიის კუთვნილი ტრანსპორტის გამოყენების უფლება გააჩნდა, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებ მხარებს არ სურთ გაიგონ ეს ელემენტარული ჭეშმარიტება და ჯიუტად კვლავ არიცხავენ ---- ყოველგვარი საფუძვლის გარეშე საგადასახადო დავალიანებას.
შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას გაირკვა, რომ თურმე ---ს ედავებიან არა 2020 წლის მარტი აპრილის თვეში განხორციელებულ რეისებს (რომლის მხოლოდ ნაწილი განახორციელა რეალურად), არამედ 2019 წლის დეკემბრის თვეში განხორციელებულ რეისებს, რომელიც თურმე შეუსრულებია შპს ---ს სასარგებლოდ, მიუღია ამისთვის ანაზღაურება, რომელიც არ დაადეკლარირა. საჩივრის განმხილველი ორგანო დადასტურებულად მიიჩნევს შპს ---ს მითითებას, რომ ---ს გადაუხადა თანხა და არ სთხოვს აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელ არცერთ დოკუმენტს. ის რომ შპს ---მ შიდა საბუღალტრო დოკუმენტებში გაწერა, რომ თითქოს ---ს მისცა კონკრეტული თანხა, სრულებით არ ადასტურებს რომ ეს თანხა ნამდვილად იქნა გადახდილი. შპს ---ს არ წარმოუდგენია ---თან გაფორმებული რაიმე კონტრაქტი, ან მიღება-ჩაბარების აქტი გაწეულ მომსახურებაზე, ან თანხის გადახდის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების გზით. ასეთ პირობებში კი ---ს ავალებს წარმოადგინოს დოკუმენტი რომ ანაზღაურება არ მიუღია. პირველ რიგში უნდა გაირკვეს რამდენად ადასტურებს შპს --- თანხის გადახდის ფაქტს და მხოლოდ ამის შემდგომ შეტრიალდება მტკიცების ტვირთი ---სკენ და მოუწევს ამტკიცოს რომ ანაზღაურება არ მიუღია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11509 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისად, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11509 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 19.03.2025 წლის დასკვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 15.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11509 ბრძანების აღსრულების მიზნით, განმეორებით ჩატარდა ანალიტიკური პროცედურები, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემების მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, --- (ს/ნ ---) კვლავ მართავს შპს „---ის“ (ს/ნ ---) საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით ---), რაც დასტურდება სხვადასხვა გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში მძღოლის გრაფაში მისი პირადი ნომრის მითითებით.
ამასთან, ---- შპს „---ის“ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში 2020 წლის იანვრის თვის შემდგომ პერიოდებში აღარ ფიქსირდება. ამასთან აღსანიშნავია, რომ არ შეცვლილა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 29.06.2023 წლის დასკვნის არგუმენტები. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილ იქნა შპს „---გან“ (ს/ნ ---) და შპს „---გან“ (ს/ნ ---) ----თან (ს/ნ ---) დაკავშირებული სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია 1.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე პერიოდებში. კერძოდ: შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებები, მისთვის ანაზღაურებული თანხების (ნაღდი/უნაღდო) დამადასტურებელი დოკუმენტაცია, გასავლის ორდერები და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია.
ასევე, ჰქონდა თუ არა ---ს (ს/ნ ---) შპს „---გან“ (ს/ნ ---) საკუთრებაში არსებული ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით ---) გამოყენების უფლება და რა პირობებით. შპს „---ის“ 7.03.2023 წლის წერილის საფუძველზე ირკვევა, რომ აღნიშნულ კომპანიაში --- 1.01.2018 წლიდან 31.08.2018 წლის ჩათვლით და 1.05.2019 წლიდან 29.02.2020 წლის ჩათვლით პერიოდებში მუშაობდა სატვირთო ავტომობილის მძღოლის პოზიციაზე, მის მოვალეობას წარმოადგენდა ავტომანქანის მართვა და აქტივის გამართულობაზე ზრუნვა, მისი ხელფასი განისაზღვრებოდა გამომუშავებით (თვის განმავლობაში ნამუშევარი დღეების მიხედვით). ასევე, საწარმოს მომხმარებლებთან რაიმე ტიპის ეკონომიკური გარიგების წარმართვა ან მომსახურების ანაზღაურების მიზნით საწარმოს მფლობელობაში არსებული სატვირთო ავტომობილის გამოყენების უფლება მას არ ჰქონია. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც რომ, გარდა იმ პერიოდისა, როდესაც შპს „---ის“ ინფორმაციით გადასახადის გადამხდელი ფიქსირდება მის დაქირავებულად. --- შპს „---ს“ შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებში ფიქსირდება მძღოლად, კერძოდ, 2020 წლის მარტიდან მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში შესრულებული აქვს 66 რეისი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). აუდიტის დეპარტამენტის 19.03.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 24.03.2025 წლის №042-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.05.2025 წლის №8577 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ 2019 წლის დეკემბრის თვეში შპს „---გან“ არ მიუღია ანაზღაურება სატრანსპორტო მომსახურებისათვის; დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭო მიიჩნევს, სადავო ოპერაციის შესაფასებლად საკმარისი არ არის, შემოსავლების სამსახურის 2.05.2025 წლის №8577 ბრძანებით განსაზღვრული დავალება.
სათანადოდ არ არის გამოკვლეული და დამატებით შესწავლას მოითხოვს საკითხი, გაუწია თუ არა მომჩივანმა 2019 წლის დეკემბრის თვეში სატრანსპორტო მომსახურება შპს ---ს და ასევე გაუწია თუ არა იმავე პერიოდში იგივე მომსახურება შპს ---მა აღნიშნულ კომპანიას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2.05.2025 წლის №8577 ბრძანება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2.05.2025 წლის №8577 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 21.05.2024 წლის №11509 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება საწარმოსგან 1.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე პერიოდებში მომსახურების გაწევისთვის მიღებული შემოსავლების შედეგად წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ მეწარმეს 2019 წლის დეკემბრის თვეში მიღებული აქვს სატრანსპორტო მომსახურების გაწევასთან (მძღოლი) დაკავშირებით ანაზღაურებული თანხები 23 800 ლარის ოდენობით და თავის მხრივ არ აქვს დეკლარირებული და გადახდილი კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავალი დაექვემდებარა ერთობლივ შემოსავალში ასახვას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის №11509 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის №8577 ბრძანება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 304 1, ბ.