ბრძანება N 19047

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.08.2024
№ დოკუმენტი 19047
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19047

20 აგვისტო 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

 

შპს ,,---“-ს (ს/ნ ---)

(მის:---) 2024 წლის 28 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი N87) განიხილა შპს ,,---“-ს (ს/ნ ---) N91035/1/2024 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 2 ივლისის NCB1642838 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის ოდენობას და განმარტავს, რომ შპს ,,---“ (ს/ნ ---) დარეგისტრირდა 05/06/2021 წელს. საქონლის რეალიზაციას ახდენდა მხოლოდ საკონტროლო სალარო აპარატით. 2024 წლის 23 მაისამდე, ინვენტარიზაციის დაწყებამდე, სარეალიზაციოდ სულ შეძენილი აქვს 303482.92 ლარის საქონელი დღგ-ის ჩათვლით, ხოლო რეალიზებული საქონლის შემოსავალმა სალარო აპარატით 05.06.2021-23.05.2024 წლების პერიოდში შეადგინა 106295.05 ლარი. ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატით რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეადგენს 98568.30 ლარს და ნაშთი ინვენტარიზაციის დაწყებისას თვითღირებულებით დღგ-ის ჩათვლით შეადგენდა 204913.62 (303482.92-98568.30) ლარს, ხოლო დღგ-ის გარეშე შეადგენს 173655.61 ლარს და შესაბამისად, დანაკლისი ინვენტარიზაციით თვითღირებულებით დღგ-ის გარეშე შეადგენს 173655.61 ლარს, ფასნამატით - 187268.4 ლარს, ხოლო დღგს ჩათვლით - 220976.76 ლარს.

შესაბამისად, ჯარიმა უნდა დარიცხვოდა 22097.68 ლარი, ნაცვლად 30232.61 ლარისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად სრულყოფილად არ არის გამოკვლეული და შესწავლილი საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ითხოვს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.

 

ფაქტების აღწერა:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ამავე დეპარტამენტის 2024 წლის 23 მაისის N11816 ბრძანების თანახმად ჩატარდა შპს „---“-ს (ს/ნ ---) სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ლუდისა და საკვები პროდუქტების რეალიზაცია, რომელიც ინვენტარიზაციის დაწყების დროს არ ფუნქციონირებდა. შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2024 წლის 23 მაისს ელექტრონულად გაეგზავნა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციისა და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების ჩატარების შესახებ ბრძანება N11816, რომელსაც გაეცნო 2024 წლის 23 მაისს 17:33 საათზე, ასევე შპს „---“- ს (ს/ნ ---) დირექტორს 2024 წლის 24 მაისს ჩაბარდა ბრძანება. მასვე ჩამოერთვა ხელწერილი, რომ ყველა ბუღალტრული საბუთი დამუშავებულია, მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღებულია შემოსავალში, ხოლო რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოწერილია, აგრეთვე ჩამოერთვა ხელწერილი იმის შესახებ, რომ იგი აწარმოებს რეალიზებული სმფ-ების ფინანსურ აღრიცხვას, ასევე ჩამოერთვა ინფორმაცია ინვენტარიზაციის დაწყებამდე ბოლო საანგარიშო პერიოდ(ებ)ში, (რომლის მიხედვით დეკლარირების ვადა არ არის დამდგარი/გასული) მიწოდებული სმფების შესახებ დანართი N19-ის II ცხრილის შესაბამისად.

გადასახადის გადამხდელს ჩამოერთვა ხელწერილი, რომ მას არ გააჩნია ეკ. საქმიანობისთავის განკუთვნილი ობიექტი და არანაირი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფაქტიური მარაგი. ასევე შპს „---“ არ არის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული.

გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 3 ივნისს წარდგენილ იქნა ბუღალტრული ნაშთი, რომელიც მისი მხრიდან არ იქნა სრულად შევსებული. საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა 2021 წლის 5 ივნისიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (2024 წლის 23 აპრილის ჩათვლით) პერიოდი.

- საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ელექტრონული ზედნადებებით მიღებული სმფ–ს პირვანდელი ღირებულება 321099.84 ლარი (2021 წლის 05 ივნისიდან 2024 წლის 23 მაისის ჩათვლით) ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით. კერძოდ: აღებულ იქნა აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ელექტრონული ზედნადებით თანხების ჯამი. - 2021 წლის 5 ივნისიდან – 2024 წლის 23 მაისის ჩათვლით რეალიზებული სმფ–ების საბაზრო ღირებულებად აღებულ იქნა ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით „ინფორმაცია სალაროდან GPRS & SAM“.

2021 წლის 5 ივნისიდან 2024 წლის 23 მაისის ჩათვლით რეალიზებული სმფ– ების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 83534 ლარი (ფასნამატის გარეშე). - ფაქტობრივად აღწერილი და სააღრიცხო მონაცემებში ასახული სმფ-ები შეადგენს 0 ლარს.

ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2024 წლის 23 მაისი) სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 237584.38 ლარი. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ ასევე შევსებულ იქნა დანართი N22–ის II ცხრილი. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 237584.38 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (27.25% ფასნამატის გათვალისწინებით) 302326.12 ლარი. 2024 წლის 20 ივნისს შპს „---ს“ (ს/ნ ---) წარმომადგენელი გაეცნო და ჩაიბარა მიმდინარე კონტროლის განხორციელების ან/და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგებზე გადაწყვეტილების პროექტი. აღნიშნული შეტყობინების პასუხად გადასახადის გადამხდელს საწინააღმდეგო პოზიცია დღის ვადაში არ წარუდგენია. შპს „----ის“ (ს/ნ ---) მარაგების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა დანაკლისი 302326.12 ლარის ოდენობით საბაზრო ფასებით, რაზეც 2024 წლის 2 ივლისს შედგენილ იქნა NCB1642838 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად დაჯარიმდა 30232.61 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო მონიტორინგის დეპრტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ინვენტარიზაციის მომენტისათვის არ არის დღგ-ს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული, არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და არ წარუდგენია ინვენტარიზაციის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაცია. საინვენტარიზაციო კომისიამ ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის და საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრის პრინციპებით სსკ-ის მე-18 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების შესაბამისად. რეალიზებული სმფ-ების საბაზრო ფასი განისაზღვრა იმ ფასებით, რომელიც ჩამოყალიბებულია ბაზარზე იდენტურ საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების საფუძველზე. ყოველივე ამის გათვალისწინებით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ საქონლის ფასნამატად აღებულ იქნა 27.25 %. ასევე გადასახადის გადამხდელს ჩამოერთვა განმარტებითი ხელწერილი რეალიზებული სმფ-ების ფასნამატთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, საქონლის რეალიზაციის პერიოდში ფასნამატი შეადგენდა 25%-დან 30%-მდე. ინვენტარიზაციისას გამოყენებული ყველანაირი მონაცემი აღებულია ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით 2021 წლის 5 ივნისიდან 2024 წლის 23 მაისის ჩათვლით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით. საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამდენად, მომჩივანს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ,,---“-ს (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად სრულყოფილად არ არის გამოკვლეული და შესწავლილი საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ითხოვს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საწარმოს მარაგების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა დანაკლისი 302326.12 ლარის ოდენობით საბაზრო ფასებით, რაზეც 2024 წლის 2 ივლისს შედგენილ იქნა NCB1642838 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად დაჯარიმდა 30232.61 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 18; 286 (9).