ბრძანება N 2013

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.02.2023
№ დოკუმენტი 2013
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2013

06.02.2023

შპს „--------" (ს/ნ -------)

(ფაქტ. მის.: ------- )

2022 წლის 15 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია შპს „-------" (ს/ნ ------- ) №18458/2/2022 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ნოემბრის №006-147 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას (2022 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება N26533). აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5).

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 სექტემბრის №23952 ბრძანების აღსრულების მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, კომპანიას ჩაუტარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად ორგანიზაციას გამოუვლინდა 57835.58 ლარის დანაკლისი. კომპანიის მიერ მოხდა აღნიშნული ინვენტარიზაციის შედეგების გასაჩივრება. მიუხედავად იმისა, რომ არ მომხდარა საქმის განხილვა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა მაინც გამოსცა საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 სექტემბრის №23952 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---------" (ს/ნ -------- ) საჩივარი. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობის განსაზღვრის მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარედგინა კონსიგნაციის ფაქტის ამსახველი მტკიცებულება (დოკუმენტაცია) ჩაშლილი თვეებისა და პიროვნებების (მოვალეების) მიხედვით.

მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველეყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება);

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშება არ განხორციელდა შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 სექტემბრის №23952 ბრძანებას გადამხდელი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე) გაეცნო იმავე დღეს (2022 წლის 16 სექტემბერს). ბრძანებით გათვალისწინებული 15 კალენდარული დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის დამატებითი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. აღნიშნულზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2022 წლის 19 ოქტომბრის N26533 ბრძანება და 2022 წლის 17 ნოემბრის N006-147 საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებსა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის №23952 ბრძანების გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით დავალებული დოკუმენტები/მტკიცებულებები. კერძოდ, კონსიგნაციის ფაქტის ამსახველი მტკიცებულება (დოკუმენტაცია) ჩაშლილი თვეებისა და პიროვნებების (მოვალეების) მიხედვით. რის შედეგადაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 სექტემბრის №23952 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „-------" (ს/ნ -------- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.