ბრძანება N 7410
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7410
03 აპრილი 2024
ბრძანება
შპს „------“-ის (ს/ნ „------“)
(ფაქტ. მის.:„------“)
2024 წლის 11 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 აპრილის სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ „------“) 2024 წლის 11 მარტის №88357/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 7 თებერვლის №084-1 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრას. განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები სექტემბერ-ოქტომბერში არ იყო დაბეგრილი, დაიბეგრა დეკემბრის თვეში. აცხადებს, რომ გადახდილი აქვს დღგ.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 იანვრის №420 ბრძანების საფუძველზე შპს „------“-ს (ს/ნ „------“) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 31 იანვარს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 7 თებერვლის №2282 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №084-1 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 13 466 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 10 226 ლარი, ჯარიმა 1 023 ლარი და საურავი 2 217 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელს გაწეული აქვს სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების მომსახურება, რაზეც 2022 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვეებში გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავალი არ არის დაბეგრილი დღგ-ით შესაბამის საანგარიშო პერიოდში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ოპერაცია დაიბეგრა დღგით და ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს გაწეული აქვს სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების მომსახურება, რაზეც 2022 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვეებში გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავალი არ არის დაბეგრილი დღგ-ით შესაბამის საანგარიშო პერიოდში.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------“-ის (ს/ნ „------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელს გაწეული აქვს სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების მომსახურება, რაზეც 2022 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვეებში გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავალი არ არის დაბეგრილი დღგ-ით შესაბამის საანგარიშო პერიოდში. შემოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ოპერაცია დაიბეგრა დღგით ,ასევე მომჩივანს დაერიცხა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
159,163,164,168.