გადაწყვეტილება №21293/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21293/2/2023
03 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ --------- 11.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21293/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №32994 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 ივნისის №249-11 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 სექტემბრის №23339 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 610 945.63 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 282 326
დღგ - 211 980
საშემოსავლო გადასახადი - 70 346
ჯარიმა - 140 333.8
საურავი - 188 285.83
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქონლით ლილო-მოლის სავაჭრო ცენტრში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ივლისის №19507 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 12 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 სექტემბრის №23774 ბრძანება და №249-13 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 780 086 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 13 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 27 დეკემბრის №32994 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, შესწავლის შედეგად დადგენილი ფასნამატი არ გაავრცელოს დოკუმენტურ რეალიზაციაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი გაიანგარიშოს/განსაზღვროს გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №32994 ბრძანება 14.01.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 24.02.2023 წლის №18648/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მოახდინოს დოკუმენტური და ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის ანალიზი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №32994 ბრძანების და დავების განხილვის საბჭოს 24.02.2023 წლის №18648/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.06.2023 წლის დასკვნა, 15.06.2023 წლის №13584 ბრძანება და №249-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 149 371 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 610 945.63 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, საბჭოს 24.02.2023 წლის №18648/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 22.09.2023 წლის №20309/2/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 ივნისის №249-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №32994 ბრძანების აღსრულების ნაწილში, გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 22 სექტემბრის №23339 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოადგენს გადაანგარიშების საფუძველს, რადგან არ ასახავს სრულყოფილ მონაცემებს და არ ვლინდება დამატებითი გარემოებები, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგებზე. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი გაანგარიშებულია გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული მონაცემების მიხედვით.
საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება კორექტირების შედეგად გადაანგარიშებული თანხების ოდენობას, მიაჩნია, რომ გამოცემული ადმინისტრაციული აქტებით საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილებები აღსრულებულია არასრულყოფილად, მხოლოდ ნაწილობრივ.
1. 13.06.2023 წლის დასკვნის №1 საკითხში მოცემულია 2 შეუსრულებელი საკითხი. კერძოდ:
ა) შესწორებულიყო ფასნამატი მომჩივნის მიერ წარდგენილი გაანგარიშების შესწავლის შედეგად;
ბ) არ გამოყენებულიყო ფასნამატი დოკუმენტურ, ანუ ზედნადებებით განხორციელებულ რეალიზაციებზე.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა შესაბამისი გაანგარიშება და სრულად გაიშიფრა იმპორტით შემოტანილი საქონლის თვითღირებულება. წარდგენილ გაანგარიშებაში მოცემულია 780 სახეობა საქონელი, რომელთაგან შემოწმებას გაუჩნდა კითხვები 17 სახეობაზე, რადგან ვერ ემთხვეოდა მომჩივნის მიერ გაანგარიშებულ თვითღირებულებას საინვოისო, სატრანსპორტო ან/და სხვა ხარჯების მიხედვით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 19 მაისს გაგზავნილი წერილით ეთხოვა ამ ინფორმაციის დაზუსტება, რაც ვერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ, რადგან აღარ ფუნქციონირებს, აღარ ჰყავს ბუღალტერი, რომელიც აწარმოებდა აღრიცხვას და რომელმაც ხელფასის მიუღებლობის მიუხედავად (1 წელი) შეადგინა ის გაანგარიშება, რაც იყო წარდგენილი.
აღნიშნული არ უნდა გამხდარიყო გადაუანგარიშებლობის მიზეზი, რადგან დოკუმენტური რეალიზაციის გაზრდა დამატებით, ფასნამატით ისედაც არასწორი და დაუშვებელია. ამას გარდა, შემმოწმებლებს შეეძლოთ და ვალდებულიც არიან თავად გაიანგარიშონ საიმპორტო დოკუმენტების საფუძველზე თვითღირებულება, მითუმეტეს რომ მათ უმრავლესობაზე პრობლემა არ წარმოქმნილა. შესაბამისად, გაანგარიშდებოდა/დაზუსტდებოდა ფასნამატიც.
ამდენად, მომჩივანი ითხოვს, შესრულდეს მოცემულ საკითხებზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
2. 13.06.2023 წლის დასკვნის №2 საკითხში მოცემულია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გადაანგარიშებულიყო 1.01.2019 წლის საწყისი ნაშთი გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემებით, არ გადაანგარიშდა იმ მიზეზით, რომ თითქოს შემოწმების აქტით შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ნაშთი ისედაც გაანგარიშებული იყო მომჩივნის მიერ დეკლარირებული მონაცემებით.
აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან შემოწმების აქტში პირდაპირაა მოცემული, რომ 2019 წლის საწყისი სმფ-ების ნაშთმა შეადგინა 803 735 ლარი, ხოლო 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციით საწყისი სმფ დეკლარირებულია 0 ლარი, 2018 წლის წლიური დეკლარაციით სმფ-ის საბოლოო ნაშთი 111 601 ლარი.
ამდენად, ცალსახაა, რომ მიღებული გადაწყვეტილება - 1.01.2019 წლის საწყისი სმფ-ის გადაანგარიშების შესახებ არ შესრულებულა, რადგან ის უნდა იყოს ნულის ტოლი და გადაანგარიშდეს შემოწმების შედეგად განხორციელებული დამატებითი დარიცხვები.
3. 13.06.2023 წლის დასკვნის №3 საკითხის თანახმად, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული დავალების შესაბამისად გადაანგარიშებულია შემოწმების ატით დარიცხული თანხები დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში.
აღნიშნულზე დასკვნას არ ახლავს შესაბამისი გაანგარიშებები, რაც უნდა მოიცავდეს ფასნამატის ოდენობის განსაზღვრასაც და შემდგომ ამ ფასნამატის შედეგად გადასახადების გაანგარიშებასაც.
მომჩივანი ითხოვს, საჩივრის განხილვამდე წარდგენილი იქნეს გაანგარიშებები ელექტრონული ფორმით, რათა შეძლოს დარწმუნდეს გადაანგარიშების მართებულობაში ან მიეცეს შესაძლებლობა გამოთქვას შენიშვნები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ნაწილობრივ, აღუსრულებელ ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი სადავო საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება. ამასთან, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სრულყოფილად აღასრულოს შემოსავლების სამსახურის და დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №32994 ბრძანებით:
გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, შესწავლის შედეგად დადგენილი ფასნამატი არ გაავრცელოს დოკუმენტურ რეალიზაციაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი გაიანგარიშოს/განსაზღვროს გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისთვის წარდგენილი იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებით (ცხრილის სახით), რომელიც შემოწმებისთვის არ აღმოჩნდა სარწმუნო, ვინაიდან მომჩივნის მიერ ვერ გაიშიფრა და ვერ მოხდა იდენტიფიცირება რეალურად საიდან არის მიღებული ცხრილში არსებული საქონლის თვითღირებულებები, რაც მნიშვნელოვანია ფასნამატის გაანგარიშებისთვის. ამასთან, საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების აქტით შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი გაანგარიშებულია გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემების მიხედვით. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე აღნიშნული საკითხი არ დაექვემდებარა კორექტირებას.
აღსანიშნავია, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 149 371 ლარით.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ჰქონდა სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაცია საწარმოს წარმომადგენლებთან, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ მოხდა მოთხოვნილი მტკიცებულებების წარდგენა. ამასთან, კომპანიის წარმომადგენელს სთხოვეს ერთად განეხილათ სადავო საკითხები, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საგადასახადო ორგანოში.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №32994 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქონლით. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისთვის წარდგენილი იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებით (ცხრილის სახით), რომელიც შემოწმებისთვის არ აღმოჩნდა სარწმუნო, ვინაიდან მომჩივნის მიერ ვერ გაიშიფრა და ვერ მოხდა იდენტიფიცირება რეალურად საიდან არის მიღებული ცხრილში არსებული საქონლის თვითღირებულებები, რაც მნიშვნელოვანია ფასნამატის გაანგარიშებისთვის. ამასთან, საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების აქტით შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი გაანგარიშებულია გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემების მიხედვით. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე აღნიშნული საკითხი არ დაექვემდებარა კორექტირებას. აღსანიშნავია, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 304(1გ)
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;