გადაწყვეტილება № 27402/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 27402/2/2026
15 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---- ჯგუფის 22.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27402/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 30.01.2026 წლის №1826 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.03.2026 წლის №006-102 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10775 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 149 913.6 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 90 490.93
ჯარიმა - 47 271.1
საურავი - 12 151.57
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა უპირატესად კვების პროდუქტებით ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში.
აუდიტის დეპარტამენტის 21.10.2025 წლის №23017 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 3.11.2023 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 26.11.2025 წლის №-----საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით გადასახადის გადამხდელთან განხორციელებული საკონტროლო შესყიდვებით დგინდება, რომ კომპანია ეწევა სწრაფი კვების პროდუქტების დამზადება/რეალიზაციას და ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობას.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის (საბანკო ტერმინალის ამონაწერები) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის შემოსავლები და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამურმა თანხამ 16.01.2024 წელს გადააჭარბა 100 000 ლარს. ოპერაცია, რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა, შეადგენს 1 701 ლარს. დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში (16.01.2024წ.-19.03.2024წ.) განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამი შეადგენს 121 159 ლარს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დღიდან შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის ბოლომდე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 664 455 ლარს. შემოწმების შედეგად გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა, საგადასახადო კოდექსის 275-ე (19.03.2024 წლიდან განხორციელებულ ოპერაციებზე) და 282-ე (16.01.2024წ.-19.03.2024წ. პერიოდებზე) მუხლებით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2025 წლის №26728 ბრძანება და ამავე თარიღის №----- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.01.2026 წლის №1826 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ხოლო თუ წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის ოდენობა, გათავისუფლებული ბრუნვა განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 30.01.2026 წლის №1826 ბრძანება არ გასაჩივრებულა. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.03.2026 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ:
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დადგენილ ვადაში წარდგენილია შესყიდვის აქტები 2024 წლის მარტიდან 2025 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდზე. წარდგენილი შესყიდვის აქტები არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით განსაზღვრული პირველადი საგადასახადო დოკუმენტის მოთხოვნებს. კერძოდ, მათ საფუძველზე შეუძლებელია ოპერაციის მონაწილე პირების (გამყიდველის) იდენტიფიცირება. შესაბამისად, წარდგენილი მტკიცებულებები არ იქნა მიღებული მხედველობაში. შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის ფასნამატის (18%) გათვალისწინებით, საკონტროლო-სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალზე დაფიქსირებული ბრუნვებიდან გამიჯნულია დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები. შედეგად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული დღგ შემცირდა 81 225 ლარით, ხოლო დაკისრებული ჯარიმა 33 700 ლარით.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.03.2026 წლის №6743 ბრძანება და ამავე თარიღის №006-102 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.05.2026 წლის №10775 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და დადგენილ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად შემოწმებამ გადაიანგარიშა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, ვინაიდან გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის აქტები არ აკმაყოფილებდა საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით განსაზღვრული პირველადი საგადასახადო დოკუმენტის მოთხოვნებს, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის ფასნამატის (18%) გათვალისწინებით, საკონტროლო-სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალზე დაფიქსირებული ბრუნვებიდან გამიჯნულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი საკითხი, რაც შემოსავლების სამსახურის 30.01.2026 წლის №1826 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დადგენილ ვადაში წარდგენილია შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რის შედეგადაც განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების ნაწილობრივი შემცირება.
შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული გადაანგარიშებისას არ იქნა სათანადოდ გათვალისწინებული კომპანიის მიერ წარდგენილი შესყიდვის აქტები, რის შედეგადაც არასწორად განისაზღვრა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის წილი. აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ წარდგენილი შესყიდვის აქტები არ აკმაყოფილებს პირველადი საგადასახადო დოკუმენტისათვის დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ გამყიდველის იდენტიფიკაციის შეუძლებლობის გამო, თუმცა აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს ოპერაციების რეალურობას და არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს მათი სრულად უგულებელყოფისთვის. საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესყიდვა ხორციელდება აგრარულ ბაზრებში, სადაც ხშირ შემთხვევაში ობიექტურად შეუძლებელია გამყიდველების იდენტიფიკაცია, რაც წარმოადგენს პრაქტიკაში გავრცელებულ გარემოებას და არ უნდა შეფასდეს გადასახადის გადამხდელის საწინააღმდეგოდ. მიუხედავად ამისა, წარდგენილი შესყიდვის აქტები სრულად იქნა უარყოფილი და მათი გაუთვალისწინებლობის საფუძველზე ბრუნვის სტრუქტურა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შედეგად, არ იქნა ასახული კომპანიის საქმიანობის რეალური მონაცემები და დაიკარგა ის მნიშვნელოვანი გარემოება, თუ რა წილი ჰქონდა საერთო ბრუნვაში დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებს, რაც არსებით გავლენას ახდენს საბოლოო საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრაზე. შესაბამისად, მიაჩნია, რომ წარდგენილი შესყიდვის აქტები, საქმიანობის სპეციფიკისა და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით, იძლევა შესაძლებლობას სწორად განისაზღვროს კომპანიის საქმიანობის რეალური სტრუქტურა და გათავისუფლებული ბრუნვის პროპორცია.
ითხოვს სრულად იქნეს მიღებული კომპანიის მიერ წარდგენილი შესყიდვის აქტები და მათი გათვალისწინებით განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების ხელახალი გადაანგარიშება, კერძოდ სწორად განისაზღვროს დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის წილი.
ამასთან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საკითხი არ იქნა გათვალისწინებული არც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში და არც შემდგომ განხორციელებულ გადაანგარიშებაში. შესაბამისად, ითხოვს დავების განხილვის საბჭომ დამატებით იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე და როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 30.01.2026 წლის №1826 ბრძანებით დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ხოლო თუ წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის ოდენობა, გათავისუფლებული ბრუნვა განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 23.03.2026 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ:
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დადგენილ ვადაში წარდგენილია შესყიდვის აქტები 2024 წლის მარტიდან 2025 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდზე. წარდგენილი შესყიდვის აქტები არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით განსაზღვრული პირველადი საგადასახადო დოკუმენტის მოთხოვნებს. კერძოდ, მათ საფუძველზე შეუძლებელია ოპერაციის მონაწილე პირების (გამყიდველის) იდენტიფიცირება. შესაბამისად, წარდგენილი მტკიცებულებები არ იქნა მიღებული მხედველობაში. შემოწმების მიერ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული კომპანიის ფასნამატის (18%) გათვალისწინებით, საკონტროლო-სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალზე დაფიქსირებული ბრუნვებიდან გამიჯნულია დღგ-ით დასაბეგრი და დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები. მომჩივანი მიუთითებს, რომ შესყიდვის აქტებში გამყიდველის იდენტიფიკაციის შეუძლებლობა არ გამორიცხავს ოპერაციების რეალურობას და არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს მათი სრულად უგულებელყოფისთვის. საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ადგილობრივი სასოფლოსამეურნეო პროდუქციის შესყიდვა ხორციელდება აგრარულ ბაზრებში, სადაც ხშირ შემთხვევაში ობიექტურად შეუძლებელია გამყიდველების იდენტიფიკაცია, რაც წარმოადგენს პრაქტიკაში გავრცელებულ გარემოებას და არ უნდა შეფასდეს გადასახადის გადამხდელის საწინააღმდეგოდ. მიაჩნია, რომ წარდგენილი შესყიდვის აქტები, საქმიანობის სპეციფიკისა და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით, იძლევა შესაძლებლობას სწორად განისაზღვროს კომპანიის საქმიანობის რეალური სტრუქტურა და გათავისუფლებული ბრუნვის პროპორცია.
აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 30.01.2026 წლის №1826 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება, მომჩივნის მითითებას, რომ როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან, საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 30.01.2026 წლის №1826 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 30.01.2026 წლის №1826 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში წარდგენილი 2024 წლის მარტიდან 2025 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდის შესყიდვის აქტები არ იქნა გათვალისწინებული, ვინაიდან მათ საფუძველზე შეუძლებელია ოპერაციის მონაწილე გამყიდველი პირების იდენტიფიცირება, რაც არღვევს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნებს. პირველადი დოკუმენტების უარყოფის გამო, საგადასახადო ორგანომ გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი და მსგავსი აუდირებული კომპანიის 18%-იანი ფასნამატის, საკონტროლო-სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის ბრუნვების საფუძველზე ერთმანეთისგან გამიჯნა დღგ-ით დასაბეგრი და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაციები.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 30.01.2026 წლის №1826 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304