საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ერთდროულად გამოყენება N 2543

2543 საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ერთდროულად გამოყენება - (ძალადაკარგული) 17.03.2021
№ დოკუმენტი 2543
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ერთდროულად გამოყენება N 2543

ფაქტობრივი გარემოებები

· 2020 წლის 20 მარტს შპს „X“-ის მიერ სგპ-ს გავლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილ იქნა საბაჟო დეკლარაციით წინასწარ (2020 წლის 18 მარტს) დეკლარირებული საქონელი, იმპორტის გადასახდელის ოდენობამ შეადგინა 14614 ლარი. რისკების მართვის სისტემის მიერ საბაჟო დეკლარაციისთვის განისაზღვრა „ყვითელი/წითელი დერეფანი". საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე და სატრანსპორტო საშუალებაზე გამოიწერა აღრიცხვის მოწმობა. საქონლის წარდგენის/დანიშნულების ადგილად განისაზღვრა გეზ-ი, თუმცა ავტოსატრანსპორტო საშუალება, გეზ-ის ნაცვლად, გამოცხადდა შპს "X"-ის საწყობში.

· სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონელი გადმოიტვირთა შპს "X"-ის საწყობში და მოხდა საქონლის განკარგვა.

შეფასება

· საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა, იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ არსებობს უკანონოდ განკარგული/დაკარგული/განადგურებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, იწვევს დაჯარიმებას იმავე ან იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

· განსახილველ შემთხვევაში, შპს „X"-ის ქმედებაში იკვეთება საქართველოს საბაჟო კოდექსის როგორც 170-ე მუხლით, ასევე 172-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ნიშნები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქმედება, რომლისთვისაც შპს „X"-ს შეეფარდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია, მოიცავს ქმედებას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლით.

ღონისძიებები

· შპს „X“-ს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი (ან მე-2) ნაწილის შესაბამისად.