ბრძანება N 5470
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5470
21.03.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ---------------------------)
2023 წლის 16 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 მარტის სხდომაზე (ოქმი N21) განიხილა შპს ,,---------------“-ს (ს/ნ ---------) N79144/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 17 იანვრის NCB1432844 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მათი კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მეფრინველეობა. ფერმაში ახდენენ ქათმების გამოყვანას და შემდგომ რეალიზაციას. კომპანია რეგისტრირებულია 2019 წლიდან და აღნიშნული პერიოდიდან კეთისლინდისიერად საქმიანობს ქართულ ბაზარზე.
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ წიწილების განაშენიანებას სჭირდება თბილი ნიადაგი და შესაბამისი პირობები. იმის გამო, რომ ნიადაგი (ხის ნახერხი), სადაც მოთავსებული ჰყავდათ წიწილები არ აღმოჩნდა შესაბამისი ტემპერატურის, გამოიწვია მათი სიკვდილიანობა. წიწილების სიკვდილიანობა დაიწყო 2023 წლის 5 იანვარს, რომელიც ჯერ შეადგენდა სულ რამდენიმე წიწილას, ხოლო რამდენიმე დღეში კი დაიწყო მასიური სიკვდილიანობის პროცესი.
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ 2023 წლის 7 იანვარს, თავიანთი ელექტრონული გვერდიდან მოახდინეს განცხადების რეგისტრაცია ID: --------„ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურების“ შესახებ. ვინაიდან, 2023 წლის 1 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული იყო უქმე დღეები, მათ განაცხადზე არ მომხდარა რეაგირება დროულად. შესაბამისად, გაფუჭებული/გახრწნილი ხორცის გაჩერებამ გამოიწვია მისი გახრწნა/ლპობა. მათი გაჩერება ფიზიკურად შეუძლებელი გახდა და 2023 წლის 15 იანვარს მოახდინეს მათი განადგურება. 2023 წლის 16 იანვარს მოხდა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მისვლა მათ ობიექტზე, როცა უკვე განადგურებული იყო სასაქონლო მატერიალური ფასეულობები. აღნიშნულზე საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლების მიერ 2023 წლის 17 იანვარს შედგენილ იქნა სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სსკ-ის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ მათ როგორც კეთილსინდისიერმა გადამხდელებმა, მაშინვე, როგორც კი დაიწყო საქონლის გაფუჭება, მოახდინეს განაცხადის რეგისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად და ელოდებოდანენ საგადასახადო ორგანოს პასუხს. რადგან განცხადების რეგისტრაციიდან გასული იყო კალენდარული დღე (5 სამუშაო) და ფიზიკურად შეუძლებელი იყო გაფუჭებული ქათმების გაჩერება თავადვე მოახდინეს საქონლის განადგურება. ამასთან მიუთითებს, რომ მათი ქმედება არ ყოფილა მიმართული გადასახადებისგან თავის არიდებისკენ.
საჩივარში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის 7 იანვარს შემოსავლების სამსახურში დაარეგისტრირა ID: ---------- განცხადება „ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება“ თაობაზე, სადაც მითითებული იყო, რომ განადგურებას ექვემდებარებოდა 56000 ლარის ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობები. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 იანვრის №სმფ-4600 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ჩამოწერისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დანართი N24-ში მითითებულ საქონელთან შედარებით ფაქტიური აღრიცხვისას გამოვლენილი იქნა დანაკლისი 56000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული დარღვევის გამო გადასახადის გადამხდელის მიმართ 2023 წლის 17 იანვარს შედგენილი იქნა NCB1432844 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლი მესამე ნაწილის შესაბამისად პირი დაჯარიმდა 56000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე6 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.
მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულის მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე − იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლომატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, სადავო ოქმის შემდგენი ოფიცრების მიერ საქმეზე წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 9 იანვრის №სმფ-4600 ბრძანების აღსრულების მიზნით, მიმდინარე წლის 9 იანვარს სამსახურის შიდა ნომრიდან მოხდა დაკავშირება შპს ,,----------“-ს მიერ წარმოდგენილ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, კომპანიის წარმომადგენელთან ----------- თან, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერის პროცედურის შესათანხმებლად. საუბრისას შპს ,,-----------“-ს დამფუძნებელმა ------------ ემ განაცხადა რომ მათ მიერ ჩამოსაწერი საქონელი, კერძოდ 7000 ცალი ქათამი განადგურებული ჰქონდათ შემოსავლების სამსახურში განაცხადის გაკეთებამდე, რაზეც მათი მხრიდან მოხდა განმარტება, რომ თუ საგადასახადო ორგანოს ოფიცრებს ადგილზე გამოცხადების დროს დანართ №24-ში წარმოდგენილი საქონელი ფაქტიურად არ დადასტურდება, შპს ,,-----------“-ს მიმართ შედგება შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი.
2023 წლის 16 იანვარს მრავალგზის მცდელობის შემდეგ დაუკავშირდნენ კომპანიის უფლებამოსილ პირს და შეუთანხმდენენ შეხვედრის დროზე, კერძოდ ხელვაჩაურის რაიონი სოფელ --------ში საქმიანობის (ფერმის) ფაქტიურ მისამართზე. ადგილზე გასვლისას დახვდათ კომპანიის დამფუძნებლები ---------- და ---------- (დირექტორი). აღნიშნულმა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ მოახდინეს დანართ №24- ში მითითებული ჩამოსაწერი საქონლის წარმოდგენა და განმეორებით მოხდა მათ მიერ იმ გარემოების დადასტურება, რომ ჩამოსაწერი სასაქონლო- მატერიალური ფასეულობები მათ მიერ თვითნებურად იქნა განადგურებული შემოსავლების სამსახურში შეუთანხმებლად.
ამასთან, კომპანიამ განცხადება საქონლის ჩამოწერის შესახებ წარადგინა 2023 წლის 7 იანვარს (არასამუშაო დღე - შაბათი). აღნიშნული განცხადების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შესაბამისი ბრძანება სმფ-ების ჩამოწერის დოკუმენტის შედგენის და საგადასახადო ორგანოს მიერ მისი დადასტურების შესახებ გამოცემული იქნა 2023 წლის 9 იანვარს, ანუ მომდევნო სამუშაო დღეს. აღნიშნული ბრძანება იმავე დღეს გაეგზავნა და ჩაბარდა გადასახადის გადამხდელს ელექტრონული გვერდის მეშვეობით, ასევე იმავე დღეს შედგა სატელეფონო კომუნიკაციაც კომპანიის წარმომადგენელთან პროცედურის დაგეგმვასთან დაკავშირებით. შპს ,,-----------“-ს (ს/ნ --------) დირექტორმა მიუხედავად მისი განმარტებისა, რომ საქონელი უკვე გაანადგურეს, ვერ წარადგინა ის ადგილი ან შესაბამისი დოკუმენტაცია რომლითაც დაადასტურებდა საქონლის თვითნებურად განადგურების ფაქტს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება მიზანშეწონილად არ მიაჩინია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ,,-------------“-ს (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიამ განცხადება საქონლის ჩამოწერის შესახებ წარადგინა 2023 წლის 7 იანვარს (არასამუშაო დღე - შაბათი). აღნიშნული განცხადების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შესაბამისი ბრძანება სმფ-ების ჩამოწერის დოკუმენტის შედგენის და საგადასახადო ორგანოს მიერ მისი დადასტურების შესახებ გამოცემული იქნა 2023 წლის 9 იანვარს, ანუ მომდევნო სამუშაო დღეს. აღნიშნული ბრძანება იმავე დღეს გაეგზავნა და ჩაბარდა გადასახადის გადამხდელს ელექტრონული გვერდის მეშვეობით, ასევე იმავე დღეს შედგა სატელეფონო კომუნიკაციაც კომპანიის წარმომადგენელთან პროცედურის დაგეგმვასთან დაკავშირებით. კომპანიის დირექტორმა მიუხედავად მისი განმარტებისა, რომ საქონელი უკვე გაანადგურეს, ვერ წარადგინა ის ადგილი ან შესაბამისი დოკუმენტაცია რომლითაც დაადასტურებდა საქონლის თვითნებურად განადგურების ფაქტს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება მიზანშეწონილად არ მიაჩინია.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43 (4); 145 (6); 269 (7); 279 (3).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია: 33 (1)