გადაწყვეტილება №17826/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.12.2022
№ დოკუმენტი 17826/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№17826/2/2022

22.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 22.12.2021 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------------“ 24.09.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17826/2/2022).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.03.2022 წლის №005-16 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22874 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 170 808 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 101 439

ჯარიმა - 50 720

საურავი - 18 649

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მეორადი აკუმულატორების ჯართისაგან ტყვიის სხმულების წარმოება და ექსპორტი.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის 1.05.2019 წლიდან 31.12.2019 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება დღგ-ის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების საფუძველზე შედგა აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ საწარმო წარმოებისათვის საჭირო მეორადი აკუმულატორების შეძენას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა პირებისგან. მოცემულ პირობებში, აღნიშნულ ოპერაციაზე საქონლის მიმწოდებლები რიგ შემთხვევებში ახორციელებენ დღგ-ის დარიცხვას და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერას, ხოლო საწარმო, როგორც მყიდველი - იმავე ოდენობის დღგ-ის ჩათვლას. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს მეორად აკუმულატორებზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. იმის გათვალისწინებით, რომ პირის საქმიანობის საგანია ტყვიის სხმულების წარმოება, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შესყიდული აკუმულატორები შესყიდვის მომენტშივე წარმოადგენდა ჯართს. გამომდინარე იქიდან, რომ ჯართის რეალიზაცია არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა უფლება აღნიშნულ ოპერაციაზე მიეღო დღგ-ის ჩათვლა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული მეორადი აკუმულატორების (ჯართის) შეძენაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 6.07.2020 წლის №18233 ბრძანება და №005-117 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურმა 21.12.2020 წლის №37816 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმის 21.12.2020 წლის №37816 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 29.10.2021 წლის №12058/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 21.12.2020 წლის №37816 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 3 თებერვლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა, რაზეც მომჩივანს წარედგინა 1.03.2022 წლის №005-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22874 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 21.12.2020 წლის №37816 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის მიერ უარის მიზეზად დასახელებულია ის გარემოება, რომ შემოწმების აქტის მიხედვით, ამოღებული დღგ-ის ჩათვლა შემცირებული იქნა სხვა შემდგომში გამოცემული აქტით, ამიტომაც დასკვნაში გადაანგარიშება გაკეთებული არ არის. საქმე იმაშია, რომ იმ აქტზე, რაზეც შემოსავლების სამსახური აკეთებს აქცენტს მთლიანად არ არის შემცირებული დღგ-ის თანხა, რაც დარიცხული იქნა პირველი შემოწმების აქტით. აშკარაა რომ შემცირებულია თანხის მხოლოდ ნაწილი და არა სრულად მთლიანი თანხა. აქედან გამომდინარე, მიაჩნია რომ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 21 დეკემბრის №37816 ბრძანება, შესაბამისად ითოხვს, რომ მიეცეს დღგ-ის ჩათვლა მთლიან თანხაზე.

ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის თანხების იმ ნაწილის შემცირება, რაც არ იქნა განხორციელებული. დავების

 

განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 21.12.2020 წლის №37816 ბრძანების აღსრულების მიზნით, გამოიცა 2022 წლის 3 თებერვლის დასკვნა, რომლის მიხედვით, 2021 წლის 28 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გამოსცა ბრძანება კომპანიის საქმიანობის ხელახალი შემოწმების შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე კი 2021 წლის 10 სექტემბრის №28689 ბრძანებით დაინიშნა შემოწმებული პერიოდის ხელახალი შემოწმება, ხოლო ამავე ბრძანებისა და 14 სექტემბრის №28854 ბრძანების შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები, ასევე, დღგ-ის ნაწილში დამატებით შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის მაისის, ივნისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეების საანგარიშო პერიოდები. შესაბამისად, აღნიშნულმა ბრძანებამ მოიცვა ასევე, შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 21 დეკემბრის №37816 ბრძანებით გადასაანგარიშებელი პერიოდი და სადავო საკითხი გათვალისწინებულია 2021 წლის 22 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში. ამდენად, მიმდინარე გადაანგარიშების ფარგლებში საწარმოს მიმართ დარიცხული თანხების კორექტირების საჭიროება აღარ დადგა.

მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ ასაბუთებს საჩივარში დასახელებულ არგუმენტს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 21.12.2020 წლის №37816 ბრძანების შესაბამისად და საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.