გადაწყვეტილება №19284/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.07.2023
№ დოკუმენტი 19284/2/202
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№19284/2/2023

04 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----------- 2.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19284/2/2023).

 

დავის საგანი:

სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები, გაანგარიშებული ფასნამატის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №184130 საგადასახადო

სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 7.03.2023 წლის №4368 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა

მათ შორის:

ჯარიმა - 23 998.47 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მეორადი ავტონაწილებით ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 22 აგვისტოს №21932 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.

ინვენტარიზაციის დაწყებამდე, ბრძანება ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ ჩაბარდა გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელმაც თავის მხრივ იმავე დღეს წარადგინა ბრძანება საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ, მასვე ჩამოერთვა ხელწერილი, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული ჩამოწერილი აქვს გასავალში, ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახული აქვს საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და აცნობა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიწოდება (საბაზრო ფასებით) იმ პერიოდზე (1.01.2022-22.08.2022) რომლის დეკლარირების ვადა ჯერ არ დამდგარა შეადგენს 0 ლარს.

გადასახადის გადამხდელის კუთვნილ ობიექტში 2022 წლის 30 აგვისტოს მდგომარეობით აღმოჩნდა სულ

101 705 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარეს ჩამოერთვა ხელწერილი, რომ საინვენტარიზაციო კომისიამ ფასეულობები აღწერა სწორად, კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია და აღწერილ ფასეულობებს ღებულობს თავის პასუხისმგებლობის ქვეშ შესანახად.

ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახულმა სასაქონლომატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 60 989.23 ლარი. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრულმა თანხობრივმა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 204 899.49 ლარი.

საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა 2021 წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე პერიოდი.

საანგარიშო პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისმა ნაშთმა შეადგინა 208 047.77 ლარი.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 0 ლარი.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 143 910.26 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (დღგ-ის ჩათვლით და 41.32% ფასნამატის გათვალისწინებით) 239 984.75 ლარი.

ინვენტარიზაციის შედეგად, გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, განისაზღვრა ჯარიმა 23 998.47 ლარის ოდენობით, რაზეც 2022 წლის 22 დეკემბერს შედგა №184130 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

ინვენტარიზაციის შედეგად, გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, განისაზღვრა ჯარიმა 23 998.47 ლარის ოდენობით, რაზეც 2022 წლის 22 დეკემბერს შედგა №184130 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა დანართი 16 (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ) და დანართი 21. აღნიშნულ დანართებში მათ მიერ იქნა დაფიქსირებული ფაქტიურად აღწერილი საქონლის შეძენის დამადასტურებელი სააღრიცხვო დოკუმენტაცია და თვითღირებულებები. აღწერილი საქონლის თვითღირებულებამ ჯამურად შეადგინა 60 989.23 ლარი. გამომდინარე აქედან, აღნიშნული ინვენტარიზაციის მიხედვით ფასნამატმა შეადგინა 41.32%. აღნიშნული პროცენტის გათვალიწინებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრულმა ნაშთმა ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვის თვითღირებულებით შეადგინა 204 899.49 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა თვითღირებულებით შეადგინა 143 910.26 ლარი, ხოლო საბაზრო ფასით დანაკლისმა (დღგ-ს ჩათვლით) შეადგინა 239 984.75 ლარი. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენდა (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ინვენტარიზაციის განმახორციელებელ პირთა მიერ დადგენილია საშუალო ფასნამატი 41%, რაც არ შეესაბამება რეალობას. მიწოდებულ იქნა ფაქტიური ნაშთის თვითღირებულების გაანგარიშება, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გაზიარებული. გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს მეორადი ავტონაწილებით ვაჭრობა, აქედან გამომდინარე, ფაქტიური ნაშთის აღწერისას მითითებული საქონლის დასახელებები მითითებულია ზოგი რუსული აბრევიატურით, ზოგი მიმსგავსებული სახელებით და ა.შ.. ამასთანავე, შეძენის ინვოისები არის ინგლისურად და მათი პირდაპირი თარგმანი არ ემთხვევა იდენტურად ფაქტიური აღწერის მონაცემებს, რაც შემოწმების მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული.

ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 2019 წლის 18 ნოემბერს გადასახადის გადამხდელის ობიექტზე ჩატარებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელის ბალანსზე არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 414 060 ლარი, ამ პერიოდის შემდგომ გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენები არ განხორციელებულა, ხოლო რეალიზებული და დეკლარირებულია 84 215 ლარის საქონლის მიწოდება საბაზრო ფასით. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 22 აგვისტოს ინვენტარიზაციის დაწყების მომენტში უნდა გააჩნდეს 329 844 ლარის საქონელი. ფაქტიური აღწერის შედეგად დადგენილია 101 705 ლარის საქონელი საბაზრო ფასით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ დანაკლისი საბაზრო ფასით არ უნდა აღემატებოდეს 228 139 ლარს, მაგრამ როგორც 2022 წლის 22 დეკემბრის №184130 ოქმშია მითითებული, დანაკლისი საბაზრო ფასით შეადგენს 239 984.75 ლარს, რაც შეუსაბამოა ამ ფაქტიური გარემოებების მიხედვით.

მომჩივანი ითხოვს, მათი უშუალო მონაწილეობით მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა, ხელახლა მოხდეს ინვენტარიზაციის ფასნამატის დადგენა, განისაზღვროს ფაქტიურად აღწერილი ნაშთის თვითღირებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით მოხდეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

დგენილი საფუძვლითა და წესით. საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, ფაქტობრივად აღწერილმა და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახულმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 60 989.23 ლარი. ბუღალტრულმა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 204 899.49 ლარი. საანგარიშო პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისმა ნაშთმა შეადგინა 208 047.77 ლარი, ხოლო საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეძენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 0 ლარი. შედეგად, გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 143 910.26 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (დღგ-ის ჩათვლით და 41.32% ფასნამატის გათვალისწინებით) 239 984.75 ლარი. ამგვარად, ინვენტარიზაციით გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე.

მომჩივანი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგებს და აღნიშნავს, რომ ინვენტარიზაციის განმახორციელებელ პირთა მიერ დადგენილი საშუალო ფასნამატი 41% არ შეესაბამება რეალობას. მიწოდებული ფაქტიური ნაშთის თვითღირებულების გაანგარიშება ნაწილობრივ იქნა გაზიარებული, ფაქტიური ნაშთის აღწერისას მითითებული საქონლის დასახელებები მითითებულია ზოგი რუსული აბრევიატურით, ზოგი მიმსგავსებული სახელებით და ა.შ., ამასთანავე, შეძენის ინვოისები არის ინგლისურად და მათი პირდაპირი თარგმანი არ ემთხვევა იდენტურად ფაქტიური აღწერის მონაცემებს, რაც შემოწმების მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული. 2019 წლის 18 ნოემბერს გადასახადის გადამხდელის ობიექტზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიხედვით, ბალანსზე არსებულმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 414 060 ლარი, ამ პერიოდის შემდგომ გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენები არ განხორციელებულა, ხოლო რეალიზებული და დეკლარირებულია 84 215 ლარის საქონლის მიწოდება საბაზრო ფასით. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის 22 აგვისტოს, ინვენტარიზაციის დაწყების მომენტში, გადასახადის გადამხდელს უნდა გააჩნდეს 329 844 ლარის საქონელი. ფაქტიური აღწერის შედეგად დადგენილია 101 705 ლარის საქონელი საბაზრო ფასით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დანაკლისი საბაზრო ფასით არ უნდა აღემატებოდეს 228 139 ლარს, ნაცვლად დადგენილი 239 984.75 ლარისა და რომ აღნიშნული შეუსაბამოა ფაქტიური გარემოებების მიხედვით. ითხოვს, მათი უშუალო მონაწილეობით საკითხის ხელახლა შესწავლას და ინვენტარიზაციის ფასნამატის ხელახლა დადგენას.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადი გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტებისგან განსახვავებული ინფორმაცია, ამასთან, დამატებით აღნიშნა, რომ საქონლის ზოგიერთ დასახელებებთან მიმართებით პოზიციები შეჯერებულია, მაგრამ ზოგიერთ ნაწილში, რაშიც არ ეთანხმება მონიტორინგის წარმოდგენელი, არის იმის გამო, რომ ვერ იდენტიფიცირდება დასახელები, სწორედ ეს იწვევს სხვაობას, ანუ სახელების დაინდენტიფიცირებაა პრობლემა, რადგან ინვოისში ინგლისურადაა დასახელება, რუსულად დაფიქსირებული სახელი მიახლოებითია და მათი თარგმანი არ ემთხვევა ქართულად ჩანაწერს, რაც იწვევს უთანხმოებას.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ავტომობილის ზოგიერთი ნაწილი, რომელიც იმპორტირებულია და ინვოისშია მითითებულია დასახელება, შემდგომ განცალკევებულია ნაწილებად და ინვოისში ჩაწერილთან შეუსაბამობაში მოდიოდა, ამიტომ ვერ ხდებოდა იდენტიფიცირება.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის შეფასების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს, მათი უშუალო მონაწილეობით მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა, ხელახლა მოხდეს ინვენტარიზაციის ფასნამატის დადგენა, განისაზღვროს ფაქტიურად აღწერილი ნაშთის თვითღირებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით მოხდეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მეორადი ავტონაწილებით ვაჭრობა.ინვენტარიზაციით გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

70(1ა);8(11);269(1);270(1);286(9);