ბრძანება N 23010

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.10.2026
№ დოკუმენტი 23010
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23010

13 ოქტომბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 23 იანვრის, 6 თებერვლის, 20 აპრილის და 7 მაისის

საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 17 აპრილის, 7 მაისის, 28 მაისის და 30 სექტემბრის სხდომებზე (ოქმები №32, №37, №44 და №89) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 23 იანვრის №100296/1/2026, 6 თებერვლის №100595/1/2026, 20 აპრილის №62943/21 (№680700) და 7 მაისის №75110/21 (06.05.26 №682495) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №002-212 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. საწარმოს მიერ გაწეულ მომსახურებაზე და რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სისწორე, ასევე, აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული სანქციისაგან გათავისუფლება.

2. საწარმოს ინვენტარის (მოტოციკლის ჩაფხუტი, ტელეფონის პორტატული ბატარეა, ქურთუკები, ჩანთები) უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

3. კურიერებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა.

4. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის სისწორე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 მარტის №4718 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 24 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 26 დეკემბრის №28606 ბრძანება და იმავე თარიღის №002-212 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა - 12 011 437 ლარი

მათ შორის:

გადასახადი - 5 617 037 ლარი:

დღგ - 2 670 039

მოგების გადასახადი - 2 586 371

საშემოსავლო გადასახადი - 360 627

ჯარიმა - 2 858 492

საურავი - 3 535 908 საკითხი

 

№1.

 

აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

საწარმო მიტანის სერვისს ახორციელებს კურიერების საშუალებით, რომელთა შორის არიან როგორც მეწარმე, ისე არამეწარმე ფიზიკური პირები. შპს „-------" წარმომადგენელის განმარტებით, საწარმო პერიოდულად ფასდაკლებებს აცხადებს როგორც პარტნიორების კუთვნილ გასაყიდ პროდუქციაზე, ასევე მიტანის სერვისზე. კურიერების მიერ შესრულებული მიტანის სერვისიდან მიღებული თანხები განსხვავდება (ნაკლებია) ამავე საქმეში მათთვის გადახდილ ანაზღაურებისაგან. საწარმო მიტანის სერვისის თანხებს 2023 წლამდე არ აღიარებდა თავის შემოსავლად და არ ბეგრავდა დღგით. შესაბამისად, ამ ნაწილში არამეწარმე და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე განაცემებსაც არ ბეგრავდა საშემოსავლო და მოგების გადასახადებით. საწარმოს მიერ წარმოდგენილი 2022 წლის ბუღალტრული აღრიცხვის (ორისი) მონაცემებით კურიერებზე განაცემები სულ შეადგენს 45 450 919,53 ლარს, ხოლო ელექტრონულად (ექსელის ფაილები) წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით შესაძლებელია კურიერებზე გაცემული 24 999 305 ლარის დაყოფა სხვადასხვა (მ.შ. მიკრო და მცირე ბიზნესის, ინდ.მეწარმის, არამეწარმის და გაურკვეველი) სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე განაცემებად საანგარიშო პერიოდების ჭრილში. საწარმოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით 2022 წელს მიტანის სერვისის ღირებულება შეადგენდა 18 739 848 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად 15 881 227 (18 739 848/1,18) ლარი დაიბეგრა დღგ-ით.

ამასთანავე, 24 999 305 ლარის სხვადასხვა კატეგორიის ფიზიკურ პირებზე განაცემებად დაყოფის შესახებ საწარმოს მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად (მთლიან თანხაში თითოეული კატეგორიის წილის მიხედვით), გადანაწილდა 2022 წლის განაცემში სხვაობა 20 451 614 (45 450 919-24 999 305) ლარი. აღსანიშნავია, რომ სხვაობა დეკლარირებულ და ბუღალტრულად აღრიცხულ მონაცემებს შორის ნაწილობრივ იმ გარემოებითაც არის გამოწვეული, რომ საწარმოს წარმომადგენლების განმარტების მიხედვით, საშემოსავლო და მოგების გადასახადებით დასაბეგრ ბაზების გაანგარიშება და დეკლარირება ხდება დარიცხვის პრინციპით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 982 , 154-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

● გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2022 წელს მიტანის სერვისის ღირებულების დღგ-ით დაბეგვრას. აცხადებს, რომ 2023 წლამდე არ წარმოადგენდა მიტანის სერვისის მიმწოდებელს. განმარტავს, რომ 2023 წლამდე პერიოდში კომპანია ახორციელებდა შუამავლის როლს მიტანის სერვისში. კერძოდ, 2022 წელს გლოვოსა და კურიერებს შორის მოქმედი ხელშეკრულების თანახმად, გლოვოს საქმიანობას წარმოადგენდა ტექნოლოგიური პლატფორმის და გადახდების მართვა, ხოლო მომხმარებლისთვის პროდუქტების მიწოდების ნაწილში იგი მოქმედებდა როგორც შუამავალი (ხელშეკრულების მუხლი 1). აღნიშნული სერვისის მიწოდება მომხმარებლებისთვის ხდებოდა გლოვოს აპლიკაციაში რეგისტრირებული კურიერების მიერ. ვინაიდან გლოვო მისი ბიზნეს მოდელის გათვალისწინებით ოპერირებდა როგორც შუამავალი კურიერსა და მომხმარებელს შორის, იგი არ იღებდა პასუხისმგებლობას როგორც მიტანის სერვისთან, ასევე მიწოდებულ პროდუქტთან მიმართებით (ხელშეკრულების მუხლი 5.5.3). მიტანის სერვისის მიწოდებაზე სრულად პასუხისმგებლები იყვნენ კურიერები. ისინი იღებდნენ პასუხისმგებლობას საკუთარი მომსახურების შედეგებზე (ხელშეკრულების მუხლი 5.1.7). მიტანის სერვისთან დაკავშირებით გლოვოს პასუხისმგებლობის საზღვრების შესახებ ცნობილი იყო ასევე აპლიკაციის მომხმარებლებისთვის. შესაბამის პერიოდში გლოვოსა და მომხმარებლებს შორის მოქმედი ხელშეკრულების თანახმად, გლოვო წარმოდგენილი იყო როგორც პლატფორმის ორგანიზატორი, რომლის მეშვეობითაც მეწარმე სუბიექტებს შეუძლიათ განახორციელონ მომხმარებლებისთვის საკუთარი პროდუქტის/მომსახურების შეთავაზება, ხოლო მომხმარებლებს შეუძლიათ აღნიშნული პროდუქტის/მომსახურების მიღება პირადად ან კურიერების გამოყენებით. ამასთან, მოცემული ხელშეკრულების მიხედვით, ზემოაღნიშნულ ურთიერთობაში გლოვო წარმოადგენდა უბრალო შუამავალს და იგი არ იყო პასუხისმგებელი პროდუქტთან ან გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით (ხელშეკრულების მუხლი 1). ამასთან, ვინაიდან, გლოვოს ფუნქციას წარმოადგენდა მომხმარებლების გადახდების ადმინისტრირება, შეგროვება და გადარიცხვა, მიტანის სერვისიდან აკუმულირებულ თანხებს გლოვო ფინანსურად არ აღიარებდა საკუთარ შემოსავლად. ზემოაღნიშნული ბიზნეს მოდელით საქმიანობის პერიოდში, კერძოდ, 2023 წლამდე, ვინაიდან გლოვოს მიერ არ ხორციელდებოდა მიტანის სერვისის მიწოდება, აღნიშნული მომსახურების ფარგლებში მომხმარებლების მიერ ჩარიცხული თანხები არ წარმოადგენდა გლოვოს მიერ მიღებულ შემოსავლებს და არ ექვემდებარებოდა დღგ-ით დაბეგვრას.

● გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კურიერებზე (მ.შ. მიკრო და მცირე ბიზნესის, ინდ. მეწარმის, არამეწარმის და გაურკვეველი) გაცემული თანხების დაბეგვრას მოგებით და საშემოსავლო გადასახადებით. განმარტავს, რომ მოცემულ პერიოდში კომპანიის მიერ არ ხორციელდებოდა მიტანის სერვისის მიწოდება და კომპანია ახორციელებდა მხოლოდ თანხების გამტარის ფუნქციას, როგორც სტატუსის არმქონე ფიზიკური პირებისთვის, ასევე, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისთვის გადახდილი მიტანის ანაზღაურებები არ წარმოადგენდა ამ პირების მიერ გლოვოსთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებას, შესაბამისად, არ წარმოადგენდა კომპანიის ხარჯს და არ ექვემდებარებოდა დაბეგვრას საშემოსავლო/მოგების გადასახადებით.

● გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2022 წელს კომპანიის მიერ მოგების გადასახადით დაბეგრილი თანხების გაანგარიშების სისწორეს. განმარტავს, რომ კომპანიას 2022 წელს კურიერებზე გაცემული თანხები (გარდა მიტანის სერვისის ანაზღაურების) სრულად აქვს დაბეგრილი მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. მათ შორის 2022 წლის იანვრიდან აგვისტოს თვემდე კომპანია კურიერებზე განაცემებს სრულად ბეგრავდა მოგების გადასახადით, ამ პერიოდში იგი არ ახდენდა ფიზიკური პირების სამეწარმეო სტატუსის იდენტიფიცირებას. აღნიშნული ნიშნით კურიერების იდენტიფიცირება კომპანიამ დაიწყო 2022 წლის აგვისტოს თვიდან და აღნიშნული პერიოდიდან ინდ. მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე განხორციელებულ განაცემებს კომპანია აღარ ბეგრავს მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. აცხადებს, რომ აუდიტორები ვალდებულნი იყვნენ 2022 წლის აგვისტოს თვემდე პერიოდშიც დაეიდენტიფიცირებინათ ფიზიკურ პირებზე განხორციელებული განაცემები და შესაბამისად მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შეემცირებინათ ინდ. მეწარმეებზე ან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე განხორციელებული განაცემების შესაბამისი ოდენობით. ითხოვს კომპანიის მიერ 2022 წლის იანვრიდან აგვისტოს თვემდე მოგების გადასახადით დაბეგრილი თანხების გადაანგარიშებას და შემცირებას.

● გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს ზემოაღნიშნულ საკითხებში დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას. მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე და აცხადებს, რომ 2023 წლიდან, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება გადასულიყო ახალ ბიზნეს მოდელზე და გახდა მიტანის სერვისის მიმწოდებელი სრულად ბეგრავს მიტანის სერვისის ფარგლებში მიღებულ შემოსავლებს.

 

შემოსავლების სამსახურის პოზიცია:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახნად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი საერთო წესით იბეგრება ან საქონლის მიწოდებისას/შეძენისას გამოწერილია სასაქონლო ზედნადები/საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელი მიტანის სერვისს ახორციელებს კურიერების საშუალებით, რომელთა შორის არიან როგორც მეწარმე, ისე არამეწარმე ფიზიკური პირები. საწარმო მიტანის სერვისის თანხებს 2023 წლამდე არ აღიარებდა თავის შემოსავლად და არ ბეგრავდა დღგ-ით. შესაბამისად, ამ ნაწილში არამეწარმე და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე განაცემებსაც არ ბეგრავდა საშემოსავლო და მოგების გადასახადებით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, რომლითაც გადამხდელი აცხადებს, რომ 2023 წლამდე არ წარმოადგენდა მიტანის სერვისის მიმწოდებელს და შესაბამისად არ ბეგრავდა 2022 წელს მიტანის სერვისის ღირებულებას დღგ-ით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის პოზიციაზე, რომლის თანახმად, შემოწმებისათვის, ასევე დავების წარმოების პროცესში წარდგენილი მასალების შესწავლით შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა მოდელით საქმიანობის ფაქტი არ გამოკვეთილა.

რაც შეეხება 2022 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდამდე დეკლარირებული მოგების გადასახადის საკითხს, საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ კომპანიის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილ იქნა 2022 წლის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“, რომლის მიხედვით, კურიერებზე განაცემები შეადგენს სულ 45 450 919,53 ლარს, ხოლო ელექტრონულად (ექსელის ფაილები) წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით შესაძლებელია კურიერებზე გაცემული 24 999 305 ლარის დაყოფა სხვადასხვა (მ.შ. მიკრო და მცირე ბიზნესის, ინდ. მეწარმის, არამეწარმის და გაურკვეველი) სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე განაცემებად საანგარიშო პერიოდების ჭრილში.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით კურიერებს უფიქსიდებათ მხოლოდ მიკრო ბიზნესის სტატუსი (თანხა შეადგენს 12 981 202 ლარს), ხოლო აგვისტოსა და სექტემბრის თვეებში ფიზიკური პირების (კურიერების) დიდმა ნაწილმა განახორციელა სტატუსის ცვლილება მიკროდან ძირითადად მცირე ბიზნესის მეწარმის სტატუსზე, თუმცა მათთან ერთად ფიქსირდებიან ინდ. მეწარმის, არამეწარმის და გაურკვეველი სტატუსის მქონე ფიზიკური პირებიც. შემოწმების პროცესში კურიერი ფიზიკური პირების სტატუსი (მ.შ. მისი ცვლილება) შერჩევით გადამოწმებულ იქნა გასს-ში, რის საფუძველზეც შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაცია მიჩნეულ იქნა სანდოდ. შემოწმება დაეყრდნო მოწოდებულ ინფორმაციას პროპორციის მიზნებისათვის (საწარმოს წარმომადგენლებისაგან ცნობილი იყო, რომ კომპანიას აქვს ცალკე განყოფილება, რომელიც ფლობს კურიერების შესახებ საჭირო ინფორმაციას, თუმცა ითხოვეს მიწოდების სერვისის თანხების პროპორციულად განაწილება წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე).

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა 2022 წელს მიტანის სერვისის ღირებულების დღგ-ით დაბეგვრა და ასევე მართლზომიერად განხორციელდა შემოწმების პროცესში კომპანიის მიერ შემოწმებისათვის მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად კურიერებზე (მ.შ. მიკრო და მცირე ბიზნესის, ინდ. მეწარმის, არამეწარმის და გაურკვეველი) გაცემული თანხების მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საკითხი №2.

 

აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

საწარმოს მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით ხარჯად აღიარებულია უსასყიდლო მიწოდება როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებზე. მ.შ. მიტანის სერვისის განმახორციელებელ ფიზიკურ პირებზე (კურიერებზე) მიწოდება შეადგენს 450 295 ლარს. ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, უსასყიდლოდ მიწოდების (მ.შ. მოტოციკლის ჩაფხუტი, ტელეფონის პორტატული ბატარეა, ქურთუკები, ჩანთები) თვითღირებულებას საწარმო განიხილავს მხოლოდ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9, 97-ე, 983 მუხლების გათვალისწინებით, მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა დამატებით განისაზღვრა 450 295 ლარით. შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

● გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარის (მოტოციკლის ჩაფხუტი, ტელეფონის პორტატული ბატარეა, ქურთუკები, ჩანთები) უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

● გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ ადგილი არ აქვს კომპანიის მხრიდან კურიერებზე ინვენტარის მიწოდებას, შესაბამისად, ითხოვს აღნიშნულ ნაწილში კომპანიის მიერ გადახდილი დღგ დაექვემდებაროს შემცირებას.

● გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2023 წლიდან ინვენტარის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ აღნიშნული ოპერაცია 2023 წლიდან ვერ იქნება განხილული უსასყიდლო ოპერაციად, რადგან კომპანიასა და კურიერებს შორის არსებობს სასყიდლიანი გარიგება - კურიერები კომპანიას უწევენ მიტანის მომსახურებას და ასრულებენ დამკვეთის დავალებებს, ხოლო კომპანია, თავის მხრივ, უზრუნველყოფს მომსახურების გაწევისთვის აუცილებელ პირობებს, მათ შორის შესაბამის ინვენტარს. ამდენად, ამ პერიოდიდან ინვენტარი შეიძლება განხილულ იქნეს როგორც მომსახურების ანაზღაურების კომპონენტი და არ შეიძლება შეფასდეს უსასყიდლოდ მიწოდებად. ამდენად, გადამხდელი მიიჩნევს, რომ მოგების გადასახადი ექვემდებარება გაუქმებას.

● გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დასაბეგრი თანხის გაანგარიშების სისწორეს. განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, ინვენტარის ღირებულება შეადგენს 450 295 ლარს. მოცემულ თანხაში აუდიტორების მიერ შეყვანილია კურიერებისთვის მიწოდებული ინვენტარის ღირებულება, რომლის სანაცვლო ანაზღაურებაც მიღებულია კომპანიის მიერ, კერძოდ, 58 053,48 ლარის ღირებულების ინვენტარი, რაც არ წარმოადგენს უსასყიდლოდ მიწოდებას და ექვემდებარება შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურის პოზიცია:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები აღნიშნულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ამასთანავე, საქონლის გადაცემა/გამოყენება ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით, არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით, ხარჯად აღიარებულია უსასყიდლო მიწოდება იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე. მიტანის სერვისის განმახორციელებელ ფიზიკურ პირებზე (კურიერებზე) მიწოდება შეადგენს 450 295 ლარს. ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, უსასყიდლოდ მიწოდების (მოტოციკლის ჩაფხუტი, ტელეფონის პორტატული ბატარეა, ქურთუკები, ჩანთები) თვითღირებულებას საწარმო განიხილავს მხოლოდ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. შემოწმებით ზემოაღნიშნული ინვენტარი (მოტოციკლის ჩაფხუტი, ტელეფონის პორტატული ბატარეა, ქურთუკები, ჩანთები) განხილულ იქნა უსასყიდლოდ მიწოდებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარის (მოტოციკლის ჩაფხუტი, ტელეფონის პორტატული ბატარეა, ქურთუკები, ჩანთები) უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ ინვენტარზე ხარჯის გაწევა ემსახურება კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის ეფექტიან და უსაფრთხო განხორციელებას. კურიერების მიერ აღნიშნული ინვენტარის გამოყენება უზრუნველყოფს მათი უსაფრთხოების დაცვას, მომხმარებლისთვის მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდებას, ბრენდის ერთიან ვიზუალურ აღქმას და ნდობის გაზრდას. იგი წარმოადგენს კომპანიის მარკეტინგული და სარეკლამო სტრატეგიის ნაწილს და ემსახურება „-------“- ს ბრენდის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას ბაზარზე. ინვენტარის გამოყენება კომპანიის მხრიდან დაწესებული სტანდარტების შესაბამისად სავალდებულოა კურიერებისთვის და იგი არ წარმოადგენს კურიერის არჩევანზე დამოკიდებულ ქმედებას. შესაბამისად, აღნიშნული ინვენტარი არ გადაეცემა კურიერებს მათი პირადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, გამოიყენება კომპანიის ინტერესების რეალიზებისთვის, როგორც მოძრავი რეკლამა და მომსახურების ვიზუალური იდენტიფიკატორი. ინვენტარის გადაცემით კომპანიას არ წარმოეშვება კურიერის წინაშე რაიმე მოთხოვნა ან დავალიანება. ოპერაციის ფარგლებში ვირტუალური მოთხოვნების აღიარება და მათი შემდგომი ხარჯებში ჩამოწერა არის ოპერაციის ასახვის მხოლოდ ბუღალტრული ტექნიკა და არ ცვლის ოპერაციის შინაარსს. კურიერს რაიმე სახის ანაზღაურების ვალდებულება არ გააჩნია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს არც მოთხოვნის წარმოშობას/არსებობას და შესაბამისად, ამ მოთხოვნის პატიებას/უიმედო ვალის სახით ჩამოწერას. იგი წარმოადგენს მარკეტინგულ ხარჯს და ემსახურება კომპანიის ბიზნეს ინტერესებს. ამდენად, ადგილი არ აქვს კომპანიის მიერ კურიერებზე ინვენტარის მიწოდებას. 2023 წლიდან, როცა კომპანიამ შეცვალა ბიზნეს მოდელი და საქმიანობა დაიწყო როგორც უშუალო საკურიერო მომსახურების გამწევმა პირმა, ამ პერიოდიდან კომპანია მიტანის მომსახურებას იძენს კურიერებისგან, რის სანაცვლოდაც უხდის მათ ანაზღაურებას. კურიერები, თავის მხრივ, მომსახურებას ახორციელებენ კომპანიის, როგორც დამკვეთის ინვენტარის გამოყენებით, რომელიც მათ გადაეცემათ მხოლოდ მომსახურების გაწევის მიზნით და უშუალოდ უკავშირდება დამკვეთის დავალების შესრულებას. აღნიშნული ინვენტარი არ გამოიყენება მათ მიერ დამოუკიდებელი, პირადი ან არასამსახურებრივი მიზნებისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დასტურდება, რომ ადგილი არ აქვს კომპანიის მხრიდან ინვენტარის მიწოდებას, ამდენად, გადამხდელი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში დარიცხული მოგების გადასახადი უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს კურიერები უწევენ მიტანის მომსახურებას, მომსახურების გაწევის პროცესში კურიერები იყენებენ ინვენტარს (მოტოციკლის ჩაფხუტი, ტელეფონის პორტატული ბატარეა, ქურთუკები, ჩანთები), რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს კომპანიის მარკეტინგის ნაწილს და აღნიშნული ინვენტარი არ გამოიყენება პირადი ან არასამსახურებრივი მიზნებისთვის. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ გაწეული ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა არამართლზომიერია. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ინვენტარის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

რაც შეეხება კურიერებზე მიწოდებული ინვენტარის დღგ-ით დაბეგვრის საკითხს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე, რომლებიც ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს, მიმწოდებელი ფაქტობრივად არ იღებს ანაზღაურებას. ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი.

მოცემული ნორმის მიზანს წარმოადგენს თანასწორი მიდგომის უზრუნველყოფა როგორც საბოლოო მომხმარებლის მიერ საქონლის შეძენის შემთხვევაში, ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც დასაბეგრი პირი ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილ აქტივებს იყენებს პირადი მიზნებისათვის, მათ შორის, უსასყიდლოდ მიწოდებისთვის და, შესაბამისად, ფაქტობრივად საბოლოო მომხმარებლად გვევლინება. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საკითხი №3.

 

აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

სს „-------“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საწარმოს უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით დაზღვეული ჰყავს კურიერები, რომლებსაც განიხილავს მიტანის სერვისის მომსახურების გამწევ პირებად. საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების მიხედვით, ჯამურად შესამოწმებელ პერიოდში ------- გადახდილია 981 593 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 983 მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით ოპერაცია განხილულ იქნა კურიერებისათვის დაზღვევის მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად, სს „-------“ გადახდილი თანხების ოდენობით. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კურიერებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

შემოსავლების სამსახურის პოზიცია:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით დაზღვეული ჰყავს კურიერები, რომლებსაც განიხილავს მიტანის სერვისის მომსახურების გამწევ პირებად. შემოწმებით აღნიშნული ოპერაცია განხილულ იქნა კურიერებისათვის დაზღვევის მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი არ ეთანხმება კურიერებისათვის დაზღვევის მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ კომპანია ახორციელებს კურიერების დაზღვევას უბედური შემთხვევებისგან და აღნიშნული არ წარმოადგენს სტანდარტულ ჯანმრთელობის დაზღვევას. ამ შემთხვევაში კურიერების დაზღვევა ემსახურება კომპანიის საქმიანობის უწყვეტობას, რეპუტაციის დაცვას, სამართლებრივი და ფინანსური რისკების შემცირებას. კურიერებისთვის დაზღვევის შეთავაზებით კომპანია მოქმედებს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საერთაშორისო ბრენდის სტანდარტების შესაბამისად, რათა მინიმუმამდე შემცირდეს კომპანიის მიმართ სამართლებრივი პრეტენზიების რისკი, უზრუნველყოფილ იქნას კომპანიის სანდოობა და პრესტიჟი ბაზარზე. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯის გაწევის მიზანი არის ბიზნესის რეპუტაციის და მდგრადობის უზრუნველყოფა და ცხადია, რომ უკავშირდება მომავალში შემოსავლის მიღებას. ამასთან, 2023 წლის 1 იანვრიდან პერიოდებში, როცა კომპანია უკვე წარმოადგენს საკურიერო მომსახურების მიმწოდებელს, ხოლო აღნიშნულ საკურიერო მომსახურებას თავის მხრივ იძენს კურიერებისგან, გაწეული დაზღვევის ხარჯი შესაძლებელია შეფასდეს კურიერების ანაზღაურების ნაწილად, რა შემთხვევაშიც იგი ვერ იქნება განხილული უსასყიდლო მომსახურების გაწევად. გადამხდელი მიიჩნევს, რომ მოცემულ ნაწილში დარიცხული გადასახადი და სანქცია ექვემდებარება გაუქმებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადამხდელის მიერ კურირების ჯანმრთელობის დაზღვევისთვის გაწეული ხარჯის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა არამართლზომიერია. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს კურიერებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

საკითხი №4.

 

აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

შემოწმებით გასს-ისა და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებზე დაყრდნობით გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების ზრდა/კლება საანგარიშო პერიოდების მიხედვით. ამასთანავე, საწარმოს გაფორმებული აქვს მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება არარეზიდენტ კომპანიასთან „-------“-თან, რომლისაგან მიღებული შემოსავლები, გადასახადის გადამხდელის განმარტებით, დღგით დასაბეგრ ბრუნვაში შეტანილია მხოლოდ 2022 წელს 252 552 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 1621 მუხლების გათვალისწინებით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები შემცირებას დაექვემდებარა ჯამურად 107 384 ლარის ოდენობით, რამაც გამოიწვია გადასახადის შემცირება 19 329 (107 384*0,18) ლარით. ამავდროულად საწარმოს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩასმულ იქნა გარკვეული თანხები, რომლებზეც გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებული იყო კომპანიის მიერ, შესაბამისად მოხდა დასაბეგრი ბრუნვის გაორმაგება. კერძოდ, საუბარია ურთიერთდამოკიდებულ კომპანია შპს „-------“ (ს/ნ -------) უსასყიდლოდ მიწოდებულ მარაგებზე 33 956 ლარის ოდენობით, რომელზეც კომპანიას გამოწერილი ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისად ჰქონდა დაბეგრილი. ასევე 6123 ანგარიშის ბრუნვაზე, 371 219 ლარის ოდენობით, რომელზეც ასევე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და დაბეგრილია დღგ-ით. გადამხდელი ითხოვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შემცირებას ჯამურად დამატებით 405 175 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის პოზიცია:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლის შესაბამისად, მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზეა გაწეული, მიიჩნევა, რომ იგი არ გაწეულა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო თუ მომსახურება არ არის გაწეული საქართველოს ტერიტორიაზე, იგი განიხილება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეულად.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების მიმღები არის დაფუძნებული, თუ მომსახურების მიმღები არის დასაბეგრი პირი. ამასთანავე, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება მომსახურების მიმღების ფიქსირებული დაწესებულებისთვის, რომელიც არ მდებარეობს იქ, სადაც მომსახურების მიმღებია დაფუძნებული, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ფიქსირებული დაწესებულების მდებარეობის ადგილი. დაფუძნების ადგილის ან ფიქსირებული დაწესებულების არარსებობის შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების მიმღებს აქვს მუდმივი მისამართი, ან, სადაც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შემოწმებით არ მომხდარა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაორმაგება.

შემოსავლების სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა შემდეგი პრინციპით: თითოეულ საანგარიშო პერიოდზე 18%-ით დასაბეგრ შემოსავალზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჯამს დაემატა იმავე პერიოდის შემოსავალი, რომელზეც არ იწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარირებულ მონაცემთან შედარებით 2022 წელს შემცირდა 347 040 ლარით, 2023 წელს გაიზარდა 245 547 ლარით, ხოლო 2024 წელს შემცირდა 4 703 ლარით, ჯამურად შემცირება შეადგენს 106 197 ლარს. საჩივარში მითითებულ 6123 ანგარიშზე აღრიცხულია მიტანის სერვისის ღირებულება ფასდაკლებამდე და ფასდაკლება (სხვაობის თანხები წარმოადგენს საბოლოო მომხმარებლების მიერ ანაზღაურებულ მიტანის სერვისიდან შემოსავალს, რაზეც არ იწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები). აღნიშნულ ანგარიშზე გატარებული თანხები თანხვედრაშია საწარმოს მიერ მოწოდებული აპლიკაციის მფლობელი კომპანიის ცხრილებთან.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ინვენტარის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის საფუძვლით მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს კურიერებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. საწარმოს მიერ გაწეულ მომსახურებაზე და რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სისწორე, ასევე, აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული სანქციისაგან გათავისუფლება.

2. საწარმოს ინვენტარის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა.

3. კურიერებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა.

4. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის სისწორე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელი მიტანის სერვისს ახორციელებს კურიერების საშუალებით, რომელთა შორის არიან როგორც მეწარმე, ისე არამეწარმე ფიზიკური პირები. საწარმო მიტანის სერვისის თანხებს 2023 წლამდე არ აღიარებდა თავის შემოსავლად და არ ბეგრავდა დღგ-ით. შესაბამისად, არამეწარმე და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე განაცემებსაც არ ბეგრავდა საშემოსავლო და მოგების გადასახადებით.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით, ხარჯად აღიარებულია უსასყიდლო მიწოდება იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე. ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, უსასყიდლოდ მიწოდების თვითღირებულებას საწარმო განიხილავს მხოლოდ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. შემოწმებით ზემოაღნიშნული ინვენტარი განხილულ იქნა უსასყიდლოდ მიწოდებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

3. საწარმოს უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით დაზღვეული ჰყავს კურიერები, რომლებსაც განიხილავს მიტანის სერვისის მომსახურების გამწევ პირებად. საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში სადაზღვევო კომპანიისთვის გადახდილი თანხა განხილულ იქნა კურიერებისათვის დაზღვევის მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი.

4. შემოწმებით გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების ზრდა/კლება საანგარიშო პერიოდების მიხედვით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები დაექვემდებარა შემცირებას, რამაც გამოიწვია გადასახადის შემცირება. ამავდროულად საწარმოს დაერიცხა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ინვენტარის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის საფუძვლით მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას; მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს კურიერებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას; დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 982(1-გ); 983(1); 154; 159; 163; 164; 269(7)