ბრძანება N 3119

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.02.2024
№ დოკუმენტი 3119
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3119

14 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ -----------ის (პ/ნ --------------------)

(ფაქტ. მის.: -----------------------------;

იურ. მის.: ------------------------------)

2024 წლის 7 თებერვლის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №14) განიხილა ფ/პ -----------ის (პ/ნ --------------------) 2024 წლის 7 თებერვლის №87535/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №006-720 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, ქონების გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის პირველი დეკემბრის №29968 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ -----------ის (პ/ნ --------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 27 დეკემბრის №33182 ბრძანება და ამავე თარიღის №006-720 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 4 313 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 835 ლარი, ჯარიმა 1 418 ლარი, საურავი 60 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ ფ/პ ---------ის 2022 წლის შემოსავალი აჭარბებს 100 000 ლარიან ზღვარს. ამავდროულად, გადასახადის გადამხდელის და მისი ოჯახის წევრების (მეუღლის) საკუთრებაში ირიცხება უძრავი/მოძრავი ქონება. შემოწმებამ ქონების ღირებულება განსაზღვრა გადამხდელის მიერ გამოგზავნილი ახსნა-განმარტების საფუძველზე წარმოდგენილი უძრავი/მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებით. შედეგად, გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა ქონების გადასახადით. პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ ქონებაზე ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გაანგარიშება ხორციელდება საგადასახადო პერიოდის განმავლობაში ამ ქონების მის საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ - მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ყოველ წელს მეუღლის სახელით ავსებს ქონების დეკლარაციას და იხდის გადასახადს. შემმოწმებელთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ არასწორად ადეკლარირებდა საკუთრებაში არსებულ ქონებას, რადგან 2022 წლის განმავლობაში მისი შემოსავალი აჭარბებდა 100 000 ლარს. აღნიშნულის შემდეგ 2023 წლის 19 დეკემბერს წარმოადგინა დაზუსტებული საოჯახო დეკლარაცია (მისი მეუღლის სახელით) 2021-2023 წლებზე. აცხადებს, რომ აღნიშნული თანხები გადაიხადა მანამ სანამ საგადასახადო მოთხოვნა და საგადასახადო შემოწმების აქტი გამოიცემოდა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ფ/პ ----------ს მეუღლის, ----------ის, სახელით წარდგენილი აქვს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია და დეკლარაციაში მითითებული აქვს ფ/პ ---------ის საკუთრებაში არსებული ქონება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფ/პ ---------ის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა განსაზღვროს მისი მეუღლის, --------ის, მიერ წარდგენილი ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში მითითებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ -----------ის (პ/ნ --------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფ/პ -----------ის (პ/ნ --------------------) ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა განსაზღვროს მისი მეუღლის, ---------ის, მიერ წარდგენილი ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში მითითებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, ქონების გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №29968 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №33182 ბრძანება და №006-720 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 4 313 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად მომჩვანის 2022 წლის შემოსავალი აჭარბებს 100 000 ლარიან ზღვარს. ამავდროულად, გადასახადის გადამხდელის და მისი ოჯახის წევრების (მეუღლის) საკუთრებაში ირიცხება უძრავი/მოძრავი ქონება. შემოწმებამ ქონების ღირებულება განსაზღვრა გადამხდელის მიერ გამოგზავნილი ახსნა-განმარტების საფუძველზე წარმოდგენილი უძრავი/მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებით. შედეგად, გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა ქონების გადასახადით. პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივანის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა განსაზღვროს მისი მეუღლის მიერ წარდგენილი ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში მითითებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(1 „გ.ა“); 202(5); 205(12,14);