გადაწყვეტილება №25827/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25827/2/2025
03 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ ------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 9.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25827/2/2025).
დავის საგანი:
სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისისთვის შეფარდებული ჯარიმის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.07.2025 წლის №CB1781546 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 20.08.2025 წლის №18636 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 82 970.24 ლარი.
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.11.2024 წლის №24813 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 485 163.3 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (44.93 % ფასნამატის გათვალისწინებით) – 829 702.38 ლარი.
გამოვლენილ დანაკლისზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.07.2025 წლის №CB1781546 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 82 970.24 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.08.2025 წლის №18636 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით, 269-ე პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით და განმარტავს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანება მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების 30-ე მუხლის 31 პუნქტით და განმარტავს, რომ საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დირექტორი არის უცხოეთის მოქალაქე და ვერ ერკვევა კანონმდებლობაში. არ მალავს რეალიზაციებს. ნაღდი ანგარიშსწორების დროს კომპანია იყენებს საკონტროლო-სალარო აპარატს, უნაღდო ანგარიშსწორებისას იყენებს ბანკის პოსტ-ტერმინალს. ნაწილი მომხმარებლების თანხას რიცხავს დირექტორის საბანკო ანგარიშზე. სურვილის შემთხვევაში, წერს სასაქონლო ზედნადებებსა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს. კომპანიას გააჩნია სასაწყობე პროგრამა, რის საშუალებითაც ახდენს საქონლის რეალიზაციისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის კონტროლს. ეგონა, რომ ბუღალტერი აკონტროლებდა რეალიზაციებს და შესაბამისად ადეკლარირებდა. მას ჩაბარებული ჰქონდა მხოლოდ ნულოვანი დეკლარაციები, რის გამოც ბუღალტრულად ერიცხებოდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჭარბი ნაშთი. ამის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 26.11.2024 წელს. აღნიშნულის შემდეგ რამდენიმე საათში მოხდა დღგ-ის დეკლარაციების დაზუსტება და წარმოშობილი გადასახადების ბიუჯეტში გადახდა. 26.06.2025 წელს მედიაციის საბჭოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული მისი წარდგენილი არგუმენტები.
ითხოვს დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაციებით აღიარებული რეალიზაციების გათვალისწინებას და ჯარიმის კორექტირებას/შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 30-ე მუხლის 31 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის შესაბამისად სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენის მიზნებისათვის, საგადასახადო ორგანოს მიერ მხედველობაში არ მიიღება ინვენტარიზაციის, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის დაწყებამდე საანგარიშო პერიოდებზე (გარდა ბოლო საანგარიშო პერიოდისა) წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციები/გაანგარიშებები (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციები/გაანგარიშებები), რომლებიც საგადასახადო ორგანოში წარდგენილ იქნა ინვენტარიზაციის, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის დაწყების შემდეგ.
მომჩივანს ეგონა, რომ ბუღალტერი აკონტროლებდა რეალიზაციებს და შესაბამისად ადეკლარირებდა. მას ჩაბარებული ჰქონდა მხოლოდ ნულოვანი დეკლარაციები, რის გამოც ბუღალტრულად ერიცხებოდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჭარბი ნაშთი. ამის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 26.11.2024 წელს. აღნიშნულის შემდეგ რამდენიმე საათში მოხდა დღგ-ის დეკლარაციების დაზუსტება და წარმოშობილი გადასახადების ბიუჯეტში გადახდა.
სადავო საკითხზე წარმოდგენილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.09.2025 წლის №21-12/68472 წერილიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროა ალკოჰოლური სასმელების (ძირითადად ლუდი) რეალიზაცია. ინვენტარიზაციის დაწყებამდე 26.11.2024 წელს დირექტორს ------ს (პ/ნ -----) ჩაბარდა ბრძანება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ. ბრძანების ჩაბარების შემდეგ ჩამოერთვა ხელწერილი, რომ ინვენტარიზაციის დაწყებამდე შემოსავლისა და გასავლის ყველა დოკუმენტი ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული ფასეულობა აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში, ასევე ობიექტში მათ მიერ შიდა ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა და შესაბამისად ზედმეტობა ან/და დანაკლისი არ გამოვლენილა. გადასახადის გადამხდელის მიერ ინვენტარიზაციის დაწყების შემდგომ მოხდა დღგ-ს დეკლარაციების დაზუსტება 2024 წლის იანვრიდან 2024 წლის ოქტომბრის ჩათვლით, რაც არ უცნობებია საინვენტარიზაციო კომისიისათვის.
საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 1.01.2024 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (26 ნოემბერი, 2024 წ). საანგარიშო პერიოდის სმფ-ების საწყისი ნაშთი იყო 68 913,64 ლარი (გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით). სულ შეძენილმა სმფ-ების რაოდენობამ პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 480 042,28 ლარი, რაც დასტურდება ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით. რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა ყოველთვიური დღგ-ს დეკლარაციები (შესაბამისი თვეების მიხედვით) – 42 718 ლარი. ამ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა - 24 967,15 ლარი. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დადგენილი ფასნამატი შეადგენს 44.93 %-ს (ინვენტარიზაციის ფასნამატი).
ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2024 წლის 26 ნოემბერი) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა: 523 988,67 ლარი, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიურმა ნაშთმა, რომლებზეც წარმოდგენილ იქნა შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 38 825,47 ლარი, რაც საბაზრო ღირებულებით შეადგენდა 66 397,40 ლარს. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული და ფაქტიური მონაცემების ურთიერთშედარებისას გამოვლინდა სმფების დანაკლისი პირვანდელი ღირებულებით 485 163,3 ლარი, რაც საბაზრო ფასებით (44,93 % ფასნამატის გათვალისწინებით) შეადგენდა 829 702,38 ლარს.
ფაქტიურ აღწერასა და ბუღალტრულ ნაშთს შორის გამოვლენილი სხვაობების პირველადი შედეგები პროექტის სახით შეტყობინება 30.05.2025 წელს ჩაბარდა კომპანიის დირექტორს ------ს (პ/ნ ---) და მიეცა ხუთი სამუშაო დღე საკუთარი არგუმენტირებული პოზიციის წარმოსადგენად. პროექტის მიხედვით გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 829 702,38 ლარის ოდენობით. პირი დაჯარიმდა ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 %-ს ოდენობით, რამაც შეადგინა 82 970,24 ლარი.
პროექტთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა თავისი პოზიცია, რომ არ ეთანხმებოდა ოქმის პროექტით გათვალისწინებულ დარიცხვას და ითხოვდა, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო მის მიერ დაზუსტებული დღგ-ს დეკლარაციებით ნაღიარები რეალიზაციები და მომხდარიყო ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის კორექტირება. მედიაციის საბჭოს 7.07.2025 წლის №-----21-12 გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელის წერილობითი პოზიცია არ დაკმაყოფილდა. შედგენილი იქნა 15.07.2025 წლის №CB1781546 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
შესწორებული დღგ-ის დეკლარაციები გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის დაწყების შემდეგ. შესაბამისად, დეკლარირებული მონაცემები არ მიიღება მხედველობაში და ბუღალტრული ნაშთების გამოყვანის დროს ვერ იქნებოდა გათვალისწინებული ზემოთაღნიშნული გარემოებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.07.2025 წლის №CB1781546 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მართებულად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, მომჩივანის მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებს, საბჭოს მიაჩნია, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისისთვის შეფარდებული ჯარიმის ოდენობა.
გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაციებით აღიარებული რეალიზაციების გათვალისწინებას და ჯარიმის კორექტირებას/შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ დანაკლისზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, ვინაიდან, მომჩივანის მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(9).