გადაწყვეტილება №19782/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19782/2/2023
12 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ის 22.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19782/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 23.08.2022 წლის №22050 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2023 წლის №081-17 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 1.05.2023 წლის №9376 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 139 560,02 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 74 048
დღგ - 6 077
მოგების გადასახადი - 24 238
საშემოსავლო გადასახადი - 43 604
ქონების გადასახადი - 129
ჯარიმა - 36 933,5
საურავი - 28 578,52
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი.შემოწმების აქტის საფუძველზე 12 ივლისი 2023 N 03/56635 2 გადასახადის გადამხდელს წარედგინა უდიტის დეპარტამენტის 18.04.2022 წლის №081-67 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.08.2022 №22050 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 23.08.2022 წლის №22050 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის დასკვნის საფუძველზე შემცირებას დაექვემდებარა სულ 12 693 ლარი, მათ შორის გადასახადი 8 461 ლარი და ჯარიმა 4 232 ლარი.
აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 20.02.2023 წლის №081-17 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.05.2023 წლის №9376 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანია ძირითადად აწარმოებდა ხე-ტყის მასალის შეძენა-რეალიზაციას, რომელიც უმკაცრესად კონტროლდება სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოების მიერ და გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია არადოკუმენტური რეალიზაცია. შესაბამისად, გაუგებარია რა არადოკუმენტურ რეალიზაციაზე აპელირებენ შემმოწმებლები და აღნიშნულიდან გამომდინარე, რა დამატებითი მტკიცებულების წარდგენა შეეძლო მომჩივანს.
აცხადებს, რომ გაუგებარია რა საფუძვლით იქნა განხილული შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მის მიერ გასაჩივრების პირველივე ეტაპზე განმარტებული იყო, რომ კომპანიის სასესხო ვალდებულებები იფარებოდა დირექტორის პირადი ანგარიშიდან. ასევე, დირექტორის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით იფარებოდა მომწოდებლების მიმართ არსებული დავალიანებები. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმების პროცესში და შემდგომ უკვე საჩივრის დანართად წარდგენილი იქნა საბანკო ამონაწერები და განმარტებები, რაც შემოწმებით არ იქნა გათვალისწინებული. აღნიშნულიდან გამომდინარე გაუგებარია, რა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენას მოითხოვდა შემმოწმებელი.
სულ ამ გზით საზოგადოების დირექტორის (პარტნიორის) -------ის მიერ საზოგადოების სასესხო ვალდებულებების გრაფიკის მიხედვით დასაფარად გადახდილია 37 796,77 ევრო. ამავე მიზეზთა გამო, მომწოდებლებთან არსებულ სხვა დებიტორულ დავალიანებათა დასაფარად საზოგადოების დირექტორის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით გადასახდელია 6480 ლარი (იჯარის გადასახადი), ასევე საზღვარგარეთიდან (რუსეთიდან) საქონლის შემოსატანად ფიზიკურ პირზე გატანებულია 98 000 ლარი, რომლებიც ჯამში გასათვალისწინებელია საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დაფიქსირებულ საზოგადოების დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად განხილულ 214 496 ლარში.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯებზე მოგების გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში მის მიერ წარდგენილი იქნა მასალები იმპორტირებულ ხე-ტყესთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც დარიცხვა შემცირდა მხოლოდ ნაწილობრივ. აღნიშნავს, რომ კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს მის მიერ შეძენილი ხე-ტყის წარმოშობის საფუძვლები და მისი შესაბამისობა კანონმდებლობასთან, ფიზიკური პირებისგან კი შესყიდვას არ აწარმოებს. შესაბამისად, მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებში სამართლებრივი დარღვევის წაყენება სამართლებრივად დაუდასტურებელია.
დამატებით წარდგენილი იქნა მასალები იმპორტირებულ ხე-ტყესთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გადაანგარიშების დროს ამ ბრალდებით დარიცხული თანხები შემცირდა მხოლოდ და მხოლოდ 12 692 ლარით, (მ. შ. ძირითადი გადასახადი - 8 461 ლარით, ჯარიმა - 4 231 ლარით), საზოგადოება მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს მის მიერ შეძენილი ხე-ტყის წარმოშობის საფუძვლები და მისი შესაბამისობა კანონმდებლობასთან, საწარმო კი ფიზიკური პირებიდან შესყიდვებს არ აწარმოებს, ამდენად მის მიმართ მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებში ინსპირირებული სამართლებრივი დარღვევის წაყენება სამართლებრივად დაუდასტურებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების მიუხედავად, აუდიტის დეპარტამენტმა არ გამოიკვლია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად სადავო აქტების ბათილობის საფუძველია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 23.08.2022 წლის №22050 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 25.01.2023 წლის დასკვნა, საიდანაც დგინდება, რომ დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა, შესაბამის ვადაში, წარადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები, კერძოდ, რეესტრი (სადაც კონკრეტულ შესყიდვაზე მიბმულია შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია), საიდანაც გამოიკვეთა, რომ გარკვეული ოდენობის ხე/ტყის მასალა, რომელიც კომპანიამ შეისყიდა იყო იმპორტული წარმოშობის. დამატებითი შესწავლის შედეგად, კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა მოცემულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება. დანარჩენ სადავო საკითხებთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელს დასაბუთებული დოკუმენტური მტკიცებულებები არ წარუდგენია, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელდა.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილ იქნა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდებოდა რომ ხე-ტყე მოპოვებული იყო სოციალური ჭრის ფარგლებში. აღნიშნული დოკუმენტები არ იქნა გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინებული. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ იმპორტირებულ ხე-ტყის მასალაზე წარდგენილი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე მოხდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი არსებითი მნიშვნელობის რაიმე მტკიცებულებები, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 23.08.2022 წლის №22050 ბრძანება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 23.08.2022 წლის №22050 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებს. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯებზე მოგების გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილ იქნა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდებოდა რომ ხე-ტყე მოპოვებული იყო სოციალური ჭრის ფარგლებში. აღნიშნული დოკუმენტები არ იქნა გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინებული. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ იმპორტირებულ ხე-ტყის მასალაზე წარდგენილი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე მოხდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (2) (6); 304 (21)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 601