გადაწყვეტილება №24796/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24796/2/2025
11 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ "------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,27.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ის 19.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24796/2/2025).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 9.11.2023 წლის№21088/2/2023 (რეგ.1.12.2023წ. 03/94857) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები და დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.01.2025 წლის დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 12.02.2025 წლის №2389 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 12.02.2025 წლის №006-7 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 173 757.69 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 87 387
დღგ - 848
მოგების გადასახადი - 58 308
საშემოსავლო გადასახადი - 28 231
ჯარიმა - 43 351
საურავი - 43 019.69
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა გზებისა და ავტობანების მშენებლობა, საბითუმო ვაჭრობა საქონლის ფართო ასორტიმენტით კონკრეტული სპეციალიზაციის გარეშე.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.03.2020 წლიდან 1.09.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგები აისახა 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
გადასახადის გადამხდელს 16.01.2019 წელს გაფორმებული აქვს მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას ფიზიკური პირისგან "--------"-სგან (პ/ნ "--------") 392 000 აშშ დოლარად შესყიდული აქვს მიწის ნაკვეთი (ს/კ "--------"). წინა პერიოდში ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული და თანხის გადახდა ხდება ეტაპობრივად. კერძოდ, 16.01.2019 წელს გადახდილია 158 200 აშშ დოლარის შესაბამისი თანხა ლარში, 16.01.2020 წელს 165 800 აშშ დოლარის შესაბამისი თანხა ლარში და 16.01.2021 წელს 68 000 აშშ დოლარის შესაბამისი თანხა ლარში (აღნიშნული თარიღები მითითებულია 16.01.2019 წლის ხელშეკრულებაზე დაყრდნობით). ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემდგომ, მიწის ნაკვეთი უნდა გადასულიყო კომპანიის საკუთრებაში.
ამჟამინდელი შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ იყო ფიზიკური პირის "--------"-ის საკუთრებაში და ასევე, დღემდე არ გადასულა კომპანიის საკუთრებაში. მიწის ნაკვეთი გადაყიდულია რამდენჯერმე სხვადასხვა პირებზე. შემოწმების პროცესში გამოიკვეთა, რომ ფ/პ"--------"-ს გამოსყიდვის უფლებით გაყიდული აქვს მიწის ნაკვეთი ფ/პ "------"-ზე, რის შემდეგაც 15.11.2021 წელს უკან გამოსყიდვაზე უარი განაცხადა ფ/პ "--------"-მა. ასევე, ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე პერიოდში არანაირი ღონისძიება არ განხორციელებულა კომპანიის მიერ აღნიშნული თანხის დასაბრუნებლად.
აქედან გამომდინარე, 2021 წლის ნოემბრიდან (გამოსყიდვაზე უარის თქმის დრო) კომპანიასა და ფიზიკურ პირს შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული თანხა, რომელიც უკან არ დაბრუნებულა, ჩაითვალა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. სესხად დაკვალიფიცირებული თანხიდან წლიური საბაზრო პროცენტის (17.99%) მიხედვით დაანგარიშდა საპროცენტო სარგებელი, რომელიც ასევე დაიბეგრა მოგების გადასახადით, როგორც უსასყიდლოდ გაწეული მომსახურება.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2023 წლის №16915 ბრძანება და ამავე თარიღის №006-355 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 2023 წლის 10, 25, 29 აგვისტოს, 12 და 27 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.10.2023 წლის №25647 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 9.11.2023 წლის №21088/2/2023 (რეგ. 1.12.2023წ. 03/94857) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25647 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და უზრუნველყოს შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 9.11.2023 წლის №21088/2/2023 (რეგ. 1.12.2023წ. 03/94857) გადაწყვეტილების აღსრულებაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 21.01.2025 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა სულ შემცირდა 272 292 ლარით, მათ შორის გადასახადი 181 526 ლარით და ჯარიმა 90 766 ლარით.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.02.2025 წლის №2389 ბრძანება და ამავე თარიღის №006-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
სამწუხაროდ აუდიტის დეპარტამენტმა შინაარსობრივად სრულად არ აღასრულა საბჭოს გადაწყვეტილება, კერძოდ საშემოსავლო გადასახადში შემოწმების შედეგად დადგენილ 137 541 ლარს, როგორც ხარჯის ნაწილი, უნდა გამოკლებოდა შემოწმების შედეგად მოგების გადასახადით დაბეგრილი არამიზნობრივი ხარჯი 74 037 ლარის ოდენობით, შესაბამისად შემოწმების აქტით დარიცხული თანხა აღნიშნულ ეპიზოდში უნდა ყოფილიყო შემცირებული.
ასევე, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით არ არის ნამსჯელი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობაზე, უმორჩილესად ითხოვს საბჭომ იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე და გააუქმოს აუდიტის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები (ჯარიმა საურავი).
ასევე, უმორჩილესად ითხოვს საკითხის განხილვისას ჩადენილი სამართალდარღვევების შინაარსის, კომპანიის ისტორიის გათვალისწინებას და მიეცეს შესაძლებლობა, რომ საწარმომ განაგრძოს ეკონომიკური საქმიანობა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საბჭოს 9.11.2023 წლის №21088/2/2023 (რეგ. 1.12.2023წ. 03/94857) გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელშიც მითითებულია შემდეგი:
საგადასახადო შემოწმების მიხედვით, შპს "------"-ის მიერ თანხის გადახდა განხორციელდა სამ ეტაპად - 16.01.2019 წელს 158 200 აშშ დოლარი (შესაბამისი თანხა ლარში), 16.01.2020 წელს 165 800 აშშ დოლარი (შესაბამისი თანხა ლარში) და 16.01.2021 წელს 68 000 აშშ დოლარის (შესაბამისი თანხა ლარში). საგულისხმოა, რომ 68 000 აშშ დოლარის (შესაბამისი თანხა ლარში) გადახდა ექცევა საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო აღნიშნავს, რომ 16.01.2019 წელს 158 200 აშშ დოლარის (შესაბამისი თანხა ლარში) და 16.01.2020 წელს 165 800 აშშ დოლარის (შესაბამისი თანხა ლარში) გადახდების შესამოწმებელ პერიოდში გაცემულ სესხად განხილვა არამართლზომიერია. ვინაიდან, ბოლო გადახდა (68 000 აშშ დოლარის (შესაბამისი თანხა ლარში)) ექცევა საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდში, საბჭო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაბეგვრას უნდა დაექვემდებაროს და საგადასახადო ვალდებულებები, როგორც გაცემულ სესხზე უნდა განისაზღვროს მხოლოდ აღნიშნულ ბოლო გადახდაზე (68 000 აშშ დოლარზე (შესაბამისი თანხა ლარში))“.
საბჭოს 9.11.2023 წლის №21088/2/2023 (რეგ. 1.12.2023წ. 03/94857) გადაწყვეტილების აღსრულებაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი 21.01.2025 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ დავების საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად დაბეგვრას დაექვემდებარა და საგადასახადო ვალდებულებები, როგორც გაცემულ სესხზე განისაზღვრა მხოლოდ ბოლო გადახდაზე. გადაანგარიშების შედეგად 392 000 აშშ დოლარიდან (1 124 352 ლარი) სესხად განხილვას და მოგების გადასახადის დაბეგვრას დაექვემდებარა მხოლოდ 68 00 აშშ დოლარი (224 312 ლარი), ხოლო დარჩენილ ნაწილში დარიცხული თანხა დაექვემდებარა შემცირებას.
წარმოდგენილი საჩივრით მომჩივანი მიუთითებს ორ გარემოებაზე, კერძოდ:
- საშემოსავლო გადასახადში შემოწმების შედეგად დადგენილ 137 541 ლარს, როგორც ხარჯის ნაწილი, უნდა გამოკლებოდა შემოწმების შედეგად მოგების გადასახადით დაბეგრილი არამიზნობრივი ხარჯი 74 037 ლარის ოდენობით;
- საბჭომ იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობაზე.
მომჩივნის არგუმენტებზე აღსანიშნია, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. აღნიშნულს ადასტურებს აუდიტის დეპარტამენტის 26.02.2025 წლის №------- წერილით წარმოდგენილი შემმოწმებლის პოზიცია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არამიზნობრივი ხარჯის 74 037 ლარის ოდენობით, რომელიც დაიბეგრა მოგების გადასახადით, არ არის კავშირში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს მიერ სადავო საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან. აღნიშნული საკითხი ეხება დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯებს, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებული იყო შემოსავლების სამსახურში და 16.10.2023 წლის №25647 ბრძანებით საჩივარი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა აღნიშნულ საკითხზე განმარტა, რომ „მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ ამ ნაწილში ეთანხმება დარიცხვას და აღარ ასაჩივრებს აღნიშნულს. შემოსავლების სამსახურმა გაიზიარა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია და განმარტა, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა დოკუმენტაცია რომლითაც დადგინდებოდა ხარჯის გაწევა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, აღნიშნულის არაეკონომიკურ ხარჯად, კერძოდ, დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს“. ამასთან, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების 74 037 ლარის მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხი მომჩივანს არ გაუსაჩივრებია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტს დავალებული არ ჰქონდა ამ ნაწილში დარიცხვის შემცირება.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებაზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 9.11.2023 წლის №21088/2/2023 (რეგ. 1.12.2023წ. 03/94857) გადაწყვეტილება აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 9.11.2023 წლის №21088/2/2023 (რეგ. 1.12.2023წ. 03/94857) გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს საკითხის განხილვისას ჩადენილი სამართალდარღვევების შინაარსის, კომპანიის ისტორიის გათვალისწინებას და მიეცეს შესაძლებლობა, რომ საწარმომ განაგრძოს ეკონომიკური საქმიანობა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელს 16.01.2019 წელს გაფორმებული აქვს მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას ფიზიკური პირისგან 392 000 აშშ დოლარად შესყიდული აქვს მიწის ნაკვეთი.წინა პერიოდში ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული და თანხის გადახდა ხდება ეტაპობრივად. კერძოდ, 16.01.2019 წელს გადახდილია 158 200 აშშ დოლარის შესაბამისი თანხა ლარში, 16.01.2020 წელს 165 800 აშშ დოლარის შესაბამისი თანხა ლარში და 16.01.2021 წელს 68 000 აშშ დოლარის შესაბამისი თანხა ლარში.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემდგომ, მიწის ნაკვეთი უნდა გადასულიყო კომპანიის საკუთრებაში.
ამჟამინდელი შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ იყო ფიზიკური პირის საკუთრებაში და ასევე, დღემდე არ გადასულა კომპანიის საკუთრებაში. მიწის ნაკვეთი გადაყიდულია რამდენჯერმე სხვადასხვა პირებზე. შემოწმების პროცესში გამოიკვეთა, რომ გამოსყიდვის უფლებით გაყიდული აქვს მიწის ნაკვეთი,რის შემდეგაც 15.11.2021 წელს უკან გამოსყიდვაზე უარი განაცხადა ფ/პ-მა.ასევე, ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე პერიოდში არანაირი ღონისძიება არ განხორციელებულა კომპანიის მიერ აღნიშნული თანხის დასაბრუნებლად.
აქედან გამომდინარე, 2021 წლის ნოემბრიდან კომპანიასა და ფიზიკურ პირს შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული თანხა, რომელიც უკან არ დაბრუნებულა, ჩაითვალა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. სესხად დაკვალიფიცირებული თანხიდან წლიური საბაზრო პროცენტის მიხედვით დაანგარიშდა საპროცენტო სარგებელი, რომელიც ასევე დაიბეგრა მოგების გადასახადით, როგორც უსასყიდლოდ გაწეული მომსახურება.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
269(7),304(21).