ბრძანება N 13036

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12.06.2023
№ დოკუმენტი 13036
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 13036

12.06.2023

ი/მ ----------- (ს/ნ ----------)

(მის.: -------------)

2023 წლის 17 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ ----------ის (ს/ნ ----------) №81059/1/2023 საჩივარი, რომლითაც იგი არ ეთანხმება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის საფუძველზე დარიცხულ გადასახადს.

აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 მაისის სხდომაზე (ოქმი №56). გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით საქმიანობდა 2018 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 აპრილამდე ავტოშემკეთებლად იჯარით აღებულ ფართში.

2020 წლის აპრილის თვიდან კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებით დაიკეტა ავტოსახელოსნოები და შესაბამისად, საქმიანობა აღარ განუხორციელებია. გადამხდელი განმარტავს, რომ არ იცოდა საქმიანობის შეჩერების შესახებ განცხადების წარმოდგენის ვალდებულების შესახებ და აღნიშნულიდან გამომდინარე, გრძელდებოდა ფიქსირებული გადასახადის დარიცხვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული გადასახადის გაუქმებას.

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ი/მ ---------- (ს/ნ ----------) 2018 წლის 12 მარტის ID: ---------- განცხადებით მინიჭებული აქვს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. გადამხდელმა შემოსავლების სამსახურს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შესახებ მიმართა 2023 წლის 13 აპრილს. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ პერიოდში დაერიცხა ფიქსირებული გადასახადი ყოველთვიურად 100-100 ლარის ოდენობით. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით ი/მ ---------- (ს/ნ ----------) 2023 წლის 24 მაისის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული დავალიანება: გადასახადი 4302.74 ლარი, საურავი 1435.45 ლარი. გადამხდელმა წარმოადგინა მეიჯარის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, ი/მ ---------- (ს/ნ ----------) ----------, ---------- 30კვ. მ. სამუშაო ფართს (ე.წ. ბოქსი) ფლობდა 2018 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 აპრილამდე.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 951 მუხლის მიხედვით, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 956 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ:

ა) პირი წყვეტს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას,ბ) პირი საგადასახადო ორგანოს მიმართავს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი №4-ის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში ან მე-7 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

ამავე ბრძანების დანართი №4-ის მე-4 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დარიცხული ფიქსირებული გადასახადი, შესაბამისი საანგარიშო თვის დადგომის შემდეგ, შესაძლებელია, გადაანგარიშდეს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

ამავე კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

„ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში დარიცხული ფიქსირებული გადასახადის გადაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 24 ივნისის №16277 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად, გადაანგარიშების წესის მე-2 ნაწილის მიხედვით დარიცხული და გადაუხდელი ფიქსირებული გადასახადის გადაანგარიშების მოთხოვნით, გადამხდელს შეუძლია განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 24 ივნისის №16277 ბრძანების შესაბამისად შეისწავლოს ი/მ ---------- (ს/ნ ----------) პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის საფუძველზე დარიცხული გადასახადის მართლზომიერების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული დავალიანების კორექტირება/შემცირება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 24 ივნისის №16277 ბრძანების შესაბამისად, შეისწავლოს ი/მ ---------- (ს/ნ ----------) პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის საფუძველზე დარიცხული გადასახადის მართლზომიერების საკითხი;

3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების მიხედვით, დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი საჩივარში ითხოვს დარიცხული გადასახადის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ მომჩივანს, განცხადებით მინიჭებული აქვს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. გადამხდელმა შემოსავლების სამსახურს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შესახებ მიმართა 2023 წლის 13 აპრილს. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ პერიოდში დაერიცხა ფიქსირებული გადასახადი ყოველთვიურად 100-100 ლარის ოდენობით.

ასევე,მონაცემების მიხედვით მომჩივანს 2023 წლის 24 მაისის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება აღიარებული დავალიანება.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 24 ივნისის №16277 ბრძანების შესაბამისად შეისწავლოს მომჩივანის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის საფუძველზე დარიცხული გადასახადის მართლზომიერების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული დავალიანების კორექტირება/შემცირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

951;956;97;96(2);

 

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი №4-ის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი;

 

„ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში დარიცხული ფიქსირებული გადასახადის გადაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 24 ივნისის №16277 ბრძანება;