გადაწყვეტილება №25214/2/2025
📄 სრული ტექსტი
№25214/2/2025
09 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----- (ს/ნ -----).
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 03.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 26.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25214/2/2025).
დავის საგანი:
ათვისების გეგმის მიხედვით მოსაკრებლის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 13.01.2025 წლის N 21-11/359 გადაწყვეტილება;
2. მომსახურების დეპარტამენტის 10.02.2025 წლის №21-11/8116 გადაწყვეტილება;
3. შემოსავლების სამსახურის 06.05.2025 წლის N 8779 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ბუნ. რესურს. სარგებლ. მოსაკრ. - 6 600 ლარი.
ფაქტების აღწერა:
მომჩივანი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას N ----- , რომლის მოქმედების ვადაა 03.02.2022 - 03.02.2026 წლები. მოსაპოვებელი ქვიშა - ხრეშის ჯამური მოცულობა ლიცენზიის მოქმედების პერიოდში - 45 900 მ3 . ათვისების გეგმა დამტკიცებულია 2022 წლის 29 ივნისს, რომლის მიხედვით ასათვისებელი რესურსი წლების მიხედვით შეადგენს: 2022 წელს -11 000 მ3 , 2023 წელს -11 000 მ3 , 2024 წელს -11 000 მ3 , 2025 წელს -11 000 მ3 , 2026 წელს -1 900 მ3 .
მომჩივანმა 2025 წლის 13 იანვრის N ----- (შემოსული N -----/21) განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა არ დარიცხვოდა გადასახადი 2024 წლის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის ათვისების გეგმის მიხედვით, ვინაიდან 2022-2023 წლებში ათვისებული აქვს გეგმით გათვალისწინებულზე მეტი ბუნებრივი რესურსი, რაც დადეკლარირებულია და გადახდილია. ამასთან, 2025 წლის 30 იანვრის N -----/1/2025 წერილით, გადასახადის გადამხდელმა მოითხოვა 2024 წლის მეორე ნახევრის გაანგარიშების (სავარაუდო დარიცხვა) გაუქმება.
მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 13 იანვრის N 21-11/----- და 10 თებერვლის N 21-11/----- გადაწყვეტილებებით გადამხდელს ეცნობა, რომ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშებებში შეზღუდულია ათვისების შესაბამის გეგმაზე ნაკლები რაოდენობის მოსაკრებლის შეტანა. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილებებით განემარტა, რომ ლიცენზიის ვადაზე ადრე გაუქმების ან ათვისების გეგმაში ცვლილებების შეტანის მიზნით ლიცენზიის მფლობელმა უნდა მიმართოს ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
ხსენებული მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილებები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 06.05.2025 წლის N 8779 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-6 მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 106-ე, 107-ე მუხლებზე, „საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეული ნორმების გამოყენების თაობაზე სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს N 1475 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2022 წლის 21 მარტის N 7084 ბრძანებით დამტკიცებულ N 2546 სიტუაციურ სახელმძღვანელოზე და ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის 2025 წლის 11 აპრილის N -----/21 საჩივარზე თანდართულ სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 4 აპრილის N 22/----- წერილზე, რომლითაც განმცხადებელ შპს -----, რომელიც ითხოვდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების N ----- ლიცენზიით გათვალისწინებული წიაღისეულის ათვისების გეგმის ცვლილებას, ეცნობა, რომ სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, დააკმაყოფილოს მისი განცხადება. ასევე, დამატებით, ეცნობა, რომ „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის ვადის გასვლამდე ლიცენზიის მფლობელმა აითვისა ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობა, იგი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს მიმართოს განცხადებით ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებები მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
2025 წლის 13 იანვარს კომუნიკატორის საშუალებით შემოსავლების სამსახურში წარადგინა წერილი ათვისების გეგმის მიხედვით მოსაკრებლის დარიცხვის გაუქმების შესახებ. იმავე დროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში გააგზავნა წერილი ათვისების გეგმის კორექტირებაზე. შემოსავლების სამსახურიდან მიიღო პასუხი, რომ ათვისების გეგმის კორექტირების გარეშე შეუძლებელია სავარაუდო დარიცხვის შეცვლა, ხოლო სს მინერალური რესურსების სააგენტომ მიუთითა, რომ მიემართა შემოსავლების სამსახურისთვის.
ლიცენზია N ----- ითვალისწინებს 45900 მ3 ქვიშა - ხრეშის ამოღების შესაძლებლობას, საიდანაც 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით ათვისებული აქვს 45 738 მ3 და შესაბამისად დარჩენილია 162 მ3 . აქვე აღნიშნავს, რომ 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით ბიუჯეტში გადახდილი აქვს ათვისებული 45 738 მ3 ქვიშა - ხრეშის მოსაკრებელი. ამიტომ მიზანშეწონილად მიაჩნია, მოხდეს ათვისების გეგმის კორექტირება და შესაბამისად, 2024 წლის საანგარიშო პერიოდზე დარიცხული მოსაკრებლის გაუქმება 6600 ლარის ოდენობით.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 107-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გაანგარიშების მე-4 სვეტში აისახება გარემოდან ამოღებული (მოპოვებული/მოსაპოვებელი) ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ: იმ სასარგებლო წიაღისეულზე, რომლის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიით პირდაპირ არის განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური, წლიური მაქსიმალური ან დღიური ოდენობა (გარდა მინერალური წყლებით, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებით და ნახშირორჟანგისა) – 6 თვის განმავლობაში ლიცენზიის შესაბამისად დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიური ასათვისებელი მოცულობა, თანაბარ ნაწილებად, წლიური გეგმის ½- ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება წლიური გეგმის ½-ს, შეიტანება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია მოიცავს არასრულ წელს (დაიწყო, დასრულდა, გასხვისდა წლის შიგნით), გეგმური მოცულობა განისაზღვრება თვის ლიმიტის მიხედვით, ხოლო თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება თვიურ ლიმიტს, შეიტანება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა.
,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N 136 დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ" ქვეპუნქტის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით გაცემული ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით); იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის ვადის გასვლამდე ლიცენზიის მფლობელმა აითვისა ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობა, იგი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს მიმართოს განცხადებით ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.
სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 28.05.2025 წლის N ----- -21-11 წერილი, სადაც აღნიშნულია შემდეგი:
მომჩივანი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას N -----, რომლის მოქმედების ვადაა 03.02.2022 - 03.02.2026წ. მოსაპოვებელი ქვიშა - ხრეშის ჯამური მოცულობა ლიცენზიის მოქმედების პერიოდში - 45900მ3 .
ათვისების გეგმა დამტკიცებულია 29.06.2022წ, რომლის მიხედვით ასათვისებელი რესურსი წლების მიხედვით შეადგენს: 2022წ-11000მ3 , 2023წ-11000მ3 , 2024წ-11000მ3 , 2025წ11000მ3 , 2026წ-1900მ3 .
ქვიშა - ხრეშის მოპოვებაზე განაკვეთი შეადგენს: 2024 წლამდე მ3 - 0,2ლ; 2024 წლიდან მ3 - 0,6ლ.
აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში ათვისების გეგმის მიხედვით დასარიცხი მოსაკრებლის ოდენობა 2024 წლის ჩათვლით შეადგენს:
1. 2022 წლის I ნახევარი - 5000მ3 . 1000ლარი;
2. 2022 წლის II ნახევარი - 6000მ3 . 1200ლარი;
3. 2023 წლის I ნახევარი - 5500მ3 . 1100ლარი;
4. 2023 წლის II ნახევარი - 5500მ3 . 1100ლარი;
5. 2024 წლის I ნახევარი - 5500მ3 . 3300ლარი;
6. 2024 წლის II ნახევარი - 5500მ3 . 3300ლარი;
სულ 2024 წლის ჩათვლით 33000მ3 . 11000 ლარი.
მომჩივნის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე N ----- ლიცენზიის ფარგლებში დარიცხული მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს:
7. 2022 წლის I ნახევარი - გაანგარიშება წარმოდგენილი არ ყოფილა. დაერიცხა სავარაუდო 5000მ3 . 1000ლარი;
8. 2022 წლის II ნახევარი - 28310.00მ3 . 5662.00ლარი;
9. 2023 წლის I ნახევარი - 9843.00მ3 . 1968.60ლარი;
10. 2023 წლის II ნახევარი - 7585.00მ3 . 1517.00ლარი;
11. 2024 წლის I ნახევარი - გაანგარიშება წარმოდგენილი არ ყოფილა. დაერიცხა სავარაუდო 5500მ3 . 3300ლარი;
12. 2024 წლის II ნახევარი - გაანგარიშება წარმოდგენილი არ ყოფილა. დაერიცხა სავარაუდო 5500მ3 . 3300ლარი;
სულ დარიცხულია 61738მ3 . 16747.60 ლარი.
ჯამურად, N ----- ლიცენზიის ფარგლებში დარიცხული რესურსის ოდენობა 28738 მ3 -ით აჭარბებს აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში 2024 წლის ჩათვლით ათვისების გეგმის მიხედვით დასარიცხს, ხოლო ჯამურ მოპოვებას აჭარბებს 15838მ3 -ით. მოსაკრებელში სულ გადახდილია 14,920.32 ლარი.
ამასთან, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშებებში შეზღუდულია ათვისების შესაბამისი გეგმაზე ნაკლები რაოდენობის მოსაკრებლის შეტანა. ლიცენზიის ვადაზე ადრე გაუქმების ან ათვისების გეგმაში ცვლილებების შეტანის მიზნით ლიცენზიის მფლობელმა უნდა მიმართოს ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. აღნიშნულის შესახებ მომჩივანს ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 10.02.2025 წლის N 21-11/----- წერილით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
ათვისების გეგმის მიხედვით მოსაკრებლის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომჩივანმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა არ დარიცხვოდა გადასახადი 2024 წლის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის ათვისების გეგმის მიხედვით, ვინაიდან 2022-2023 წლებში ათვისებული აქვს გეგმით გათვალისწინებულზე მეტი ბუნებრივი რესურსი, რაც დადეკლარირებულია და გადახდილია. იმავე დროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში გააგზავნა წერილი ათვისების გეგმის კორექტირებაზე. შემოსავლების სამსახურიდან მიიღო პასუხი, რომ ათვისების გეგმის კორექტირების გარეშე შეუძლებელია სავარაუდო დარიცხვის შეცვლა, ხოლო სს მინერალური რესურსების სააგენტომ მიუთითა, რომ მიემართა შემოსავლების სამსახურისთვის. მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილებები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშებებში შეზღუდულია ათვისების შესაბამისი გეგმაზე ნაკლები რაოდენობის მოსაკრებლის შეტანა. ლიცენზიის ვადაზე ადრე გაუქმების ან ათვისების გეგმაში ცვლილებების შეტანის მიზნით ლიცენზიის მფლობელმა უნდა მიმართოს ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. საბჭომ მიიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა შემდეგ ნორმებს:
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი;
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 107-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტი; ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ" ქვეპუნქტი.