გადაწყვეტილება № 18746/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.03.2023
№ დოკუმენტი 18746/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№18746/2/2023

17.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 17.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 25.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18746/2/2023).

 

დავის საგანი:

სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2022 წლის №081-231 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33801 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 64 144,85 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 31 563

დღგ - 15 362

საშემოსავლო გადასახადი - 16 027

ქონების გადასახადი - 174

ჯარიმა - 20 950

საურავი - 11 631,85

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 25.11.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი.

გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს მრავალსართულიანი ბინის მშენებლობას, პარალელურად ყიდის ბინებს როგორც ფიზიკურ, ასევე, იურიდიულ პირებზე. შემოწმებით შესწავლილია გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამა, მყიდველებთან დადებული ხელშეკრულებები, საბანკო ამონაწერები, საჯარო რეესტრის მონაცემები და სხვა საჭირო დოკუმენტაცია. დადგინდა, რომ გადამხდელმა რიგ შემთხვევებში არასრულად დაბეგრა რეალიზებული ბინების ღირებულება შესაბამის პერიოდებში. შემოწმების შედეგად განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები თვეების მიხედვით. დეკლარირებულ მონაცემებთან მიმართებაში გამოვლენილ სხვაობებზე საგადასახადო კოდექსის 159-ე 160-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხო ინფორმაციის, ასევე, პირველადი დოკუმენტაციის შესწავლისას დადგინდა, რომ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში კონკრეტულ თვეებზე არასწორად არის განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი განაცემები. გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის სხვაობით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა შესაბამის თვეებზე. გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 79-ე და 80-ე მუხლების შესაბამისად დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2019 წლის საანგარიშო პერიოდზე გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დეკლარაცია. შემოწმებით ბალანსზე რიცხული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ღირებულება განისაზღვრა 17 420 ლარით. საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმებით დადგინა, რომ შპს „----------“ მიერ შპს „----------“ სახელზე გამოწერილია ავანსის ანგარიშ-ფაქტურა ავ-------, ხოლო ოპერაციის განხორციელების პერიოდზე გამოწერილია ეა-------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. გადამხდელის მიერ ავანსის ფაქტურა ჩათვლილია 2019 წლის დეკემბრის პერიოდზე 1 754 ლარის ოდენობით, ასევე ოპერაციის განხორციელების პერიოდის (2020 წლის თებერვალი) შესაბამის დღგ-ის დეკლარაციაში ჩაითვალა ეა---------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანხაც. შემოწმებით გადამხდელის მიერ მიღებული ჩათვლა 2020 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდზე გაუქმდა, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2022 წლის №081-231 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33801 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ბუღალტრულ მონაცემებს ზედამხედველობას უწევდა გამოუცდელი კადრი, რის გამოც ფიქსირდება ხარვეზები, როგორც ბუღალტრულ აღრიცხვაში, ასევე დეკლარაციებში. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიის მხრიდან დაიწყო დეკლარაციების დაზუსტება და კუთვნილი გადასახადის გადახდა, მაგრამ ვიდრე სრულად მოახდენდა საჭირო თანხების მობილიზებას დაინიშნა გასვლითი საგადასახადო შემოწმება. კომპანია მზად არის გადაიხადოს ძირი თანხა და ითხოვს ჯარიმისა და საურავის პატიებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა)რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას. კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს მრავალსართულიანი ბინის მშენებლობას, პარალელურად ყიდის ბინებს როგორც ფიზიკურ, ასევე, იურიდიულ პირებზე.

დადგინდა, რომ გადამხდელმა რიგ შემთხვევებში არასრულად დაბეგრა რეალიზებული ბინების ღირებულება შესაბამის პერიოდებში. ასევე,დადგინდა, რომ წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში კონკრეტულ თვეებზე არასწორად არის განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი განაცემები.

2019 წლის საანგარიშო პერიოდზე გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დეკლარაცია.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:269(1);270(1);272(1,2);275(1,2)