გადაწყვეტილება №27994/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.10.2026
№ დოკუმენტი 27994/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27994/2/2026

08 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს „--------“ (ს/ნ „--------“ )

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,2.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს „--------“-ის 21.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27994/2/2026).

 

დავის საგანი:

სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.07.2026 წლის №CB1939472 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 7.08.2026 წლის №17862 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 500 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, მომჩივანს, 13.07.2026 წლის №CB1939472 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.08.2026 წლის №17862 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 286-ე მუხლის პირველი ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24 მუხლის მე-3 პუნქტით და განმარტავს, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 30.06.2026 წელს აღნიშნულ საქმეზე შემოსავლების სამსახურში გამოგზავნილ იქნა წერილი №„--------“, სადაც მითითებული იყო GPS კოორდინატები და აღნიშნავდნენ თუ რა მონაკვეთზე მოძრაობდა სატრანსპორტო საშუალება გაჩერებამდე. აღნიშნულ წერილში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ სს „--------“ (ს/ნ „--------) კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება გაჩერებამდე გადაადგილდებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. შესაბამისად, სახეზე გვაქვს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, რომლის მიხედვითაც საჭიროა სასაქონლო ზედნადების გამოწერა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

19.06.2026 წელს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის „--------“-ის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სს „-------” კუთვნილი „--------"-ს მარკის (სახ. №„--------“) სატრანსპორტო საშუალება გააჩერეს კომპანიის საწარმოო ტერიტორიაზე - სამთო კარიერიდან სამსხვრევდამხარისხებელი ფაბრიკისკენ მიმავალ შიდა სამრეწველო გზაზე, რომელიც საკუთრების უფლებით 1996 წლიდან ეკუთვნის. ავტომობილზე განთავსებული იყო კარიერიდან მოპოვებული კირქვა (ე.წ. „ბუტი“), რომელიც წარმოადგენს გეოდეზიური თვალსაზრისით მარმარილოსებრ კირქვას ცემენტის წარმოებისათვის, ხოლო დღეის მდგომარეობით სამშენებლო ბლოკების და სხვა სამშენებლო მასალების წარმოებისათვის საჭირო ნედლეულს.

ავტომობილი გადაადგილდებოდა კარიერიდან (დაახლოებით 70 მეტრი სიღრმიდან) სამსხვრევ დამხარისხებელი ფაბრიკის მიმართულებით, ამავე ფაბრიკის 170 ტონიან ძირითად ბუნკერში, მოპოვებული ნედლეულის დასაცლელად, რათა არ შეწყვეტილიყო დამსხვრევა დახარისხების საწარმოო პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის გადაადგილება ხორციელდებოდა ერთიანი საწარმოო პროცესის ფარგლებში, ლიცენზიით განსაზღვრული კარიერიდან კომპანიის კუთვნილ კარიერთან უშუალოდ მომიჯნავე საწარმოო ტერიტორიაზე, 1960-იან წლებში გაყვანილი სპეციალურ შიდა სამრეწველო გზაზე, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ მძიმე საკარიერო და მძიმე გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისათვის და რომელზეც აკრძალულია რაიონის მხრიდან მომავალი ნებისმიერი სხვა ტრანსპორტის გადაადგილება, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სატრანსპორტო საშუალება გააჩერეს და დალუქეს. ადგილზე შედგენილ იქნა მხოლოდ დალუქვის აქტი და მიღება-ჩაბარების აქტი. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შემთხვევის ადგილზე არ შედგენილა. დალუქვის აქტის შინაარსი „--------“-სთვის არ გაუცნიათ მიუხედავად მისი მოთხოვნისა და ასევე მიუხედავად მოთხოვნისა აქტის ეგზემპლარი არ გადაუციათ. ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ აღნიშნული დოკუმენტის დატოვება არ შეეძლოთ.

გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლებს არ დაუსახელებიათ ნორმატიული ან ადმინისტრაციული საფუძველი რომლის საფუძველზეც ისინი მოქმედებდნენ. ეს ყველაფერი მოხდა 2026 წლის 19 ივნისს. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1939472 მხოლოდ 13.07.2026 წელს, ანუ შემთხვევიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ იქნა შედგენილი ადგილზე - სს „--------“-ის ტერიტორიაზე, თუმცა მათ დალუქულ ავტომობილზე ლუქი არ აუხსნიათ, იმ მიზეზით რომ “ვინც დალუქა ლუქებიც იმან უნდა მოხსნასო”. ამდენად, დოკუმენტებითაც დასტურდება, რომ 19.06.2026 წელს შემთხვევის ადგილზე საგადასახადო სამართალდარღვევის შემთხვევის განხილვა არ ჩატარებულა, სამართალდარღვევის ოქმი არ შედგენილა, კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სავარაუდო დარღვევის შინაარსს არ გასცნობია. თუმცა, შემთხვევის ადგილზე, „--------“-მა გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლებს განუმარტა, რომ ტვირთი, რომელიც მათ დააკავეს და დალუქეს არ არის საბაზრო სამოქალაქო ბრუნვისათვის განკუთვნილი პროდუქცია (მისი მოცულობაა 0,1 მილიმეტრიდან x 60-70 სანტიმეტრი). მომჩივანი საბაზრო სამოქალაქო ბრუნვაში უშვებს მხოლოდ 0.3 x 0,4 მილიმეტრი ან/და 0.4 × 0.8 მილიმეტრი ზომის საამშენებლო პროდუქციას, რომლითაც ვაჭრობს რეგისტრაციის დღიდან და ეს და ასევე სხვა ზომის პროდუქციები რეგისტრირებული აქვს საქსტანდარტში. არ ვაჭრობს კარიერში მოპოვებული ნედლეულით, იმ მარტივი მიზეზით, რომ აღნიშნულ ნედლეულს ვერც ფიზიკური და ვერც იურიდიული პირი ვერ გამოიყენებს მისი გადამუშავებისა და ფრაქცირების გარეშე.

უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს სადავო ფაქტი არ გამოუკვლევიათ. ვერ დასტურდება საქონლის იმგვარი ტრანსპორტირება, რომელსაც მოცემულ კონკრეტულ გარემოებებში თან უნდა ახლდეს სასაქონლო ზედნადები, ხოლო წარმოდგენილი აქტები და ვარაუდები არ ქმნის კომპანიისათვის საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრების საკმარის საფუძველს. კომპანია ათწლეულებია ცემენტის ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვებიდან ახორციელებს კირქვის მოპოვებასა გადამუშავებასა და რეალიზაციას, როგორც საქართველოს სამშენებლო მასალების ბაზარზე, ასევე ახლო მეზობელ ბაზრებზეც. კომპანიის საწარმოო პროცესი მოიცავს მოპოვებული ნედლეულის კარიერიდან დამხარისხებელ ფაბრიკამდე გადაზიდვას შემდგომი დამუშავების მიზნით.

საქონელი არ წარმოადგენს სასაქონლო პროდუქციას და შესაბამისად არ ხდებოდა არც რეალიზაცია და არც საკუთრების უფლების სხვა პირზე გადასვლა. ოქმში არასწორად არის მითითებული, რომ თითქოს ხდებოდა კირქვის ტრანსპორტირება ზედნადების გარეშე მესამე პირებზე გადასაცემად სახელმწიფოს კუთვნილი საავტომობილო გზაზე, რაც არასწორია, რადგან კომპანიას საჯარო რეესტრში რეგისტრირებული აქვს 31ჰა მიწის ნაკვეთი რომლის კოორდინატებიც არ ემთხვევა წერილში მითითებულ კოორდინატებს. შეუძლებელია სახელმწიფო გზა მდებარეობდეს ან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ან ამ შემთხვევაში სამთო მინაკუთვნზე, რომელსაც უშუალოდ გადაკვეთს შიდა სამრეწველო გზა. არ მომხდარა კირქვის აწონვა მიუხედავად მომჩივნის შეთავაზებისა, რადგან პერმანენტულად ახდენს, როგორც მოპოვებული კარიერიდან შემოტანილი კირქვის აწონვას, ასევე, სარეალიზაციო კირქვის აწონვასაც მიწოდების წინ და შესაბამისი ზედნადების ატვირთვას, მხოლოდ მყიდველის მიერ წინასწარ გადახდილი თანხის სანაცვლოდ და ფარგლებში. ამდენად აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გარემოსდაცვითი დეპარტამენტიდან მიღებული არასწორი მონაცემების საფუძველზე. ჯარიმა გადახდილია.

სადავოდ გამხდარი აქტები არ ადგენს ტრანსპორტირების ზუსტ ადგილს, მარშრუტსა და სამართლებრივ ხასიათს. დალუქვისა და მიღება-ჩაბარების აქტები ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ კონკრეტულ დროს ავტომანქანაზე განხორციელდა ლუქის დადება და ნივთი გადაეცა პასუხისმგებელ პირს. აღნიშნული აქტები არ შეიცავს იმ მოცულობის ფაქტობრივ აღწერას, რომელიც აუცილებელია იმის დასადგენად, გადაადგილება ხდებოდა თუ არა საერთო სარგებლობის გზაზე, რა იყო საწყისი და საბოლოო წერტილი, გასცდა თუ არა ავტომანქანა ერთიან საწარმოო/ტექნოლოგიურ სივრცეს და არსებობდა თუ არა მესამე პირისათვის მიწოდების ან რეალიზაციის მიზანი. საჯარო რეესტრის ამონაწერები, საკადასტრო გეგმები და სიტუაციური მასალა მიუთითებს სალიცენზიო და საწარმოო ტერიტორიების უშუალო მომიჯნავეობაზე და ადასტურებს კომპანიის განმარტების რეალურობას, რომ საუბარი იყო მოპოვებული ნედლეულის დამუშავების პროცესში შიდა ტექნოლოგიურ გადაადგილებაზე.

არ იკვეთება საქონლის მიწოდება მესამე პირებზე, რეალიზაცია. სადავო კირქვა ეკუთვნოდა ერთი და იმავე საწარმოს, მომპოვებელს, გადამამუშავებელს, გადამზიდავს და რეალიზატორ საწარმოს - სს „--------“-ს. საწარმოს საწყისი ტექნოლოგიური რგოლიდან, კარიერიდან ხდებოდა მისი გადაზიდვა გადასამუშავებლად პირებზე და არა სარეალიზაციოდ. ეს არ არის არავითარი მიწოდება მესამე პირებზე. წარმოდგენილი საკადასტრო მასალები, საწარმოო მარშრუტის განმარტება, მესამე პირისათვის მიწოდების არარსებობა, უფლებამოსილი საგადასახადო თანამშრომლის მიერ უშუალო კონტროლის არჩატარება და კომპანიის წერილობითი კომუნიკაცია გადაწყვეტილებისათვის არსებითი გარემოებებია.

ითხოვს დაევალოს შემოსავლების სამსახურს საჩივრის განხილვის პროცესში, წარმოადგინოს მითითებულ გარემოებებზე უტყუარი მონაცემები: აუდიო ვიდეო ჩანაწერი, სადავო ავტომანქანის მდებარეობის ზუსტი მონაცემი, ფოტოსურათები/ვიდეოჩანაწერი, საქონლის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდი და დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება, რომ ავტომანქანა იმყოფებოდა სარეალიზაციო საქონლის ტრანსპორტირების პროცესში, სახელმწიფო გზაზე და გადაჰქონდა მესამე პირისათვის სასაქონლო ზედნადების გარეშე.

ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილად მიიჩნია, რომ მომჩივნის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. აღნიშნული ამსახველი წერილი, მასზე დართული GPS კოორდინატები, გადაადგილების მარშრუტის ადმინისტრაციული სქემა და მათი მოპოვების ან დამუშავების მეთოდოლოგია მომჩივანს წარმოების არცერთ ეტაპზე არ გადასცემია. შესაბამისად, საზოგადოებისთვის უცნობია: კონკრეტულად რა კოორდინატებია დაფიქსირებული, რა საშუალებითა და რა დროს მოხდა მათი განსაზღვრა, რამდენად ზუსტია აღნიშნული გადაადგილების მონაცემები, რომელი საკადასტრო მონაცემების საფუძველზე ჩაითვალა ადგილი სახელმწიფო საკუთრებად, რეალურად გადიოდა თუ არა გადაადგილების მარშრუტი საწარმოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. მომჩივანს არ მიეცა შესაძლებლობა, გაცნობოდა მის წინააღმდეგ გამოყენებულ არსებით მტკიცებულებას, შეემოწმებინა მისი სისწორე და სანდოობა, შეედარებინა GPS კოორდინატები შესაბამის საკადასტრო გეგმებთან, წარედგინა საწინააღმდეგო მტკიცებულებები და გაეკეთებინა სრულყოფილი განმარტება. დაუშვებელია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ისეთი მტკიცებულების საფუძველზე, რომელიც დაინტერესებული მხარისთვის უცნობია და რომლის ნამდვილობის, სიზუსტისა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობის შემოწმების შესაძლებლობაც მას არ მისცემია. მხოლოდ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს წერილში ჩამოყალიბებული მითითება, პირველადი მონაცემებისა და მათი ობიექტური გადამოწმების გარეშე, ვერ ჩაითვლება საკმარის და უტყუარ მტკიცებულებად იმის დასადგენად, რომ სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. ამასთან, შემოსავლების სამსახურს სადავო მონაცემები უნდა შეედარებინა საზოგადოების მიერ წარდგენილ საკადასტრო დოკუმენტებთან და სრულყოფილად გამოეკვლია გადაადგილების ფაქტობრივი მარშრუტი. ადმინისტრაციულ ორგანოს ეს გარემოებები არ შეუსწავლია და გასაჩივრებულ ბრძანებაში არც იმაზე უმსჯელია, რატომ მიენიჭა უპირატესობა საზოგადოებისთვის გაუცნობელ GPS მონაცემებს, აღნიშნულ გარემოებაზე როგორც მინიმუმ უნდა ეცნობებინა მომჩივნისთვის და მიეღო საჭირო განმარტებები.

კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორია უშუალოდ მომიჯნავედ მდებარეობს და ერთიან საწარმოო სივრცეს ქმნის. მათ შორის საქონლის გადაადგილება არ ხორციელდებოდა საზოგადოების დამოუკიდებელ ტერიტორიულად განცალკევებულ ფილიალებს, საამქროებს, უბნებს ან სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის. მოპოვებული კირქვის გადაადგილება წარმოადგენდა ერთიანი საწარმოო პროცესის შიდა ტექნოლოგიურ ეტაპს: ლიცენზირებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ნედლეულის გადატანას იქვე, მომიჯნავედ განთავსებულ დამხარისხებელ საწარმომდე. საქონელი არ გასხვისებულა, არ მომხდარა მისი სხვა პირისთვის მიწოდება, მესაკუთრე არ შეცვლილა და გადაადგილებას არ ჰქონია დამოუკიდებელი კომერციული ოპერაციის ხასიათი. ნაკვეთის განსხვავებული საკადასტრო ან საკუთრებითი სტატუსი თავისთავად არ ნიშნავს, რომ ისინი საწარმოს „ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს" წარმოადგენენ. ტერიტორიული განცალკევება უნდა დადგინდეს ფაქტობრივი მდებარეობისა და საწარმოს ორგანიზაციული სტრუქტურის გათვალისწინებით და არა მხოლოდ ნაკვეთების სამართლებრივი სტატუსის მიხედვით. მომიჯნავე ტერიტორიების არსებობა კი, პირიქით, გამორიცხავს მათ ტერიტორიულ განცალკევებას შეფასებას. გარდა ზემოაღნიშნულისა გასაჩივრებული ბრძანება არ ასახელებს: კონკრეტულად რომელი ორი ტერიტორიულად განცალკევებული სტრუქტურული ქვედანაყოფი არსებობდა, რომელი მათგანიდან რომელში ხდებოდა საქონლის ტრანსპორტირება, რა მანძილით ან რა ნიშნით იყვნენ ისინი ტერიტორიულად განცალკევებული, რის საფუძველზე მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ მომიჯნავე ნაკვეთები ფილიალებად, საამქროებად, უბნებად ან სხვა დამოუკიდებელ ქვედანაყოფებად. ერთიანი საწარმოო სივრცის ფარგლებში, მომიჯნავე ტერიტორიებს შორის ნედლეულის შიდა ტექნოლოგიური გადაადგილება ვერ გაუთანაბრდება ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის საქონლის ტრანსპორტირებას. არც ის გარემოებაა სათანადოდ დადასტურებული, რომ სატრანსპორტო საშუალება მართლაც გადაადგილდებოდა საწარმოს ერთიანი საწარმოო სივრცის გარეთ. ადმინისტრაციული ორგანო ვერ დააკისრებს საზოგადოებას პასუხისმგებლობას გაუცნობელი და გადაუმოწმებელი მონაცემების საფუძველზე. საქმეზე არ დასტურდება ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის საქონლის ტრანსპორტირება, არ არსებობს აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემადგენლობა, რაც გასაჩივრებული ბრძანებისა და დაკისრებული სანქციის გაუქმების საფუძველია.

ითხოვს გადაეცეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 30.06.2026 წლის Nº„--------“ წერილი სრულად, ყველა დანართით, GPS კოორდინატითა და მათი მოპოვების დამადასტურებელი პირველადი მასალით და საზოგადოებას მიეცეს გონივრული ვადა აღნიშნული მასალების შესასწავლად, პოზიციისა შესაბამის საკადასტრო მონაცემებთან შესადარებლად და დამატებითი წერილობითი და მტკიცებულებების წარსადგენად. ასევე ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და გადახდილი ჯარიმის თანხის ან დაბრუნებას ან სამომავლო გადახდებში გათვალისწინებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.

მომჩივნის განმარტებით, ადგილზე შედგენილ იქნა მხოლოდ დალუქვის აქტი და მიღება-ჩაბარების აქტი. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შემთხვევის ადგილზე არ შედგენილა. დალუქვის აქტის შინაარსი „--------“-სთვის არ გაუცნიათ მიუხედავად მისი მოთხოვნისა და ასევე მიუხედავად მოთხოვნისა აქტის ეგზემპლარი არ გადაუციათ. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1939472 მხოლოდ 13.07.2026 წელს, ანუ შემთხვევიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ იქნა შედგენილი ადგილზე - სს „--------“-ის ტერიტორიაზე, თუმცა დალუქულ ავტომობილზე ლუქი არ აუხსნიათ, იმ მიზეზით რომ ვინც დალუქა ლუქებიც იმან უნდა მოხსნასო.

19.06.2026 წელს შემთხვევის ადგილზე საგადასახადო სამართალდარღვევის შემთხვევის განხილვა არ ჩატარებულა, სამართალდარღვევის ოქმი არ შედგენილა, კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს სავარაუდო დარღვევის შინაარსს არ გასცნობია. უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს სადავო ფაქტი არ გამოუკვლევიათ. ვერ დასტურდება საქონლის იმგვარი ტრანსპორტირება, რომელსაც მოცემულ კონკრეტულ გარემოებებში თან უნდა ახლდეს სასაქონლო ზედნადები, ხოლო წარმოდგენილი აქტები და ვარაუდები არ ქმნის კომპანიისათვის საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრების საკმარის საფუძველს.

ოქმში არასწორად არის მითითებული, რომ ხდებოდა კირქვის ტრანსპორტირება ზედნადების გარეშე მესამე პირებზე გადასაცემად სახელმწიფოს კუთვნილი საავტომობილო გზაზე. კომპანიას საჯარო რეესტრში რეგისტრირებული აქვს 31ჰა მიწის ნაკვეთი რომლის კოორდინატებიც არ ემთხვევა წერილში მითითებულ კოორდინატებს. შეუძლებელია სახელმწიფო გზა მდებარეობდეს ან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ან ჩვენს შემთხვევაში სამთო მინაკუთვნზე, რომელსაც უშუალოდ გადაკვეთავს ჩვენი შიდა სამრეწველო გზა. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გარემოსდაცვითი დეპარტამენტიდან მიღებული არასწორი მონაცემების საფუძველზე. ჯარიმა გადახდილია. საჯარო რეესტრის ამონაწერები, საკადასტრო გეგმები და სიტუაციური მასალა მიუთითებს სალიცენზიო და საწარმოო ტერიტორიების უშუალო მომიჯნავეობაზე და ადასტურებს კომპანიის განმარტების რეალურობას, რომ საუბარი იყო მოპოვებული ნედლეულის დამუშავების პროცესში შიდა ტექნოლოგიურ გადაადგილებაზე.

არ იკვეთება საქონლის მიწოდება მესამე პირებზე, რეალიზაცია ან საგადასახადო ბრუნვის სადავო კირქვა ეკუთვნოდა ერთი და იმავე საწარმოს, მომპოვებელს, გადამამუშავებელს, გადამზიდავს და რეალიზატორ საწარმოს - სს „--------“-ს. საწარმოს საწყისი ტექნოლოგიური რგოლიდან, კარიერიდან ხდებოდა მისი გადაზიდვა გადასამუშავებლად პირებზე და არა სარეალიზაციოდ. ეს არ არის არავითარი მიწოდება მესამე პირებზე. საქონლის გადაადგილება არ ხორციელდებოდა საზოგადოების დამოუკიდებელ ტერიტორიულად განცალკევებულ ფილიალებს, საამქროებს, უბნებს ან სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის. მოპოვებული კირქვის გადაადგილება წარმოადგენდა ერთიანი საწარმოო პროცესის შიდა ტექნოლოგიურ ეტაპს: ლიცენზირებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ნედლეულის გადატანას იქვე, მომიჯნავედ განთავსებულ დამხარისხებელ საწარმომდე. საქონელი არ გასხვისებულა, არ მომხდარა მისი სხვა პირისთვის მიწოდება, მესაკუთრე არ შეცვლილა და გადაადგილებას არ ჰქონია დამოუკიდებელი კომერციული ოპერაციის ხასიათი. ნაკვეთის განსხვავებული საკადასტრო ან საკუთრებითი სტატუსი თავისთავად არ ნიშნავს, რომ ისინი საწარმოს „ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს" წარმოადგენენ.

საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.08.2026 წლის №„--------“ წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლების მიერ 19.06.2026 წელს 16:45 საათზე გაჩერებული და გადამოწმებული იქნა „-------“- ს მარკის ავტომანქანა (სახ. №„--------“), რომლის ძარაზე განთავსებული იყო 22 ტონა საცემენტე კირქვა. შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არ იყო ატვირთული სასაქონლო ზედნადები. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის „--------“-ის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დამუშავებულ და მოძიებულ იქნა დამატებითი მასალები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საიდანაც გაირკვა, რომ მანქანაზე განთავსებული საქონელი იყო მომჩივნის საკუთრება. სააქციო საზოგადოების დირექტორთან რამდენჯერმე განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია საქმის ვითარების შესწავლის და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ახსნა განმარტების მიღების მიზნით, რაზეც შემოსავლების სამსახურში მოსვლასა და ახსნა-განმარტებაზე უარი განაცხადეს. აღნიშნულ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით მიმართეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს 26.06.2026 წლის №„--------“ წერილით, რათა მიეწოდებინათ ზუსტი მონაცემები ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 30.06.2026 წელს გამოგზავნილ საპასუხო წერილში (№„--------“), მითითებული იყო GPS კოორდინატები და აღნიშნული იყო თუ რა მონაკვეთზე მოძრაობდა სატრანსპორტო საშუალება გაჩერებამდე. აღნიშნულიდან ირკვევა, რომ სატრანსპორტო საშუალება გაჩერებამდე გადაადგილდებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. არსებული მონაცემების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1939472.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.07.2026 წლის №CB1939472 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქცია მართებულია.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 7.08.2026 წლის №17862 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და გადახდილი ჯარიმის თანხის ან დაბრუნებას ან სამომავლო გადახდებში გათვალისწინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, მომჩივანს, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 7.08.2026 წლის №17862 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

286.