ბრძანება N 38923-1
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 38923
28/12/2020
შპს -------------------
(მის.: ქ. -------------)
სადავო საკითხთან დაკავშიებით საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 04 დეკემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი № 91) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 27 ოქტომბრის და 04 დეკემბრის № 54336/1/2020, № 55145/1/2020 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 28 სექტემბრის №007-354 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულ პირთან შპს ----- ს განხორციელებული ოპერაციის (ურთიერთდამოკიდებულ პირზე გაცემულია იჯარით ქონება) გარიგების ფასის ცვლილებას და აღნიშნული საფუძვლით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირებას (გაზრდას). წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შემმოწმებელს სათანადო დონეზე არ გამოუკვლევია თუ რა მიზეზით იყო საიჯარო ქირა იმაზე დაბალი, ვიდრე არაურთიერთდამოკიდებულ პირებთან გაფორმებული იჯარის ღირებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 ივნისის №17489 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 01 მაისამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე, 2020 წლის 24 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2020 წლის 28 სექტემბრის №29102 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №007-354 საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 583 307 ლარით, მათ შორის: გადასახადი 306 515 ლარი, ჯარიმა 153 650 ლარი. ხოლო, საურავი 123 142 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შპს ----- ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს არასაცხოვრებელი ფართების გაქირავება. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს იჯარით ჰქონდა გაცემული ქ. ----- ში მდებარე თავისი კუთვნილი შენობა-ნაგებობები. აღნიშნულ ფართებში შპს ----- ს მოიჯარეებად უფიქსირდება, როგორც ურთიერთდამოკიდებული, ასევე, არაურთიერთდამოკიდებული პირები. შემოწმების პროცესში გამოვლინდა შემთხვევები, როცა ურთიერთდამოკიდებული პირისთვის მიწოდებული საიჯარო მომსახურების ღირებულება მნიშვნელოვნად ნაკლებია არაურთიერთდამოკიდებულ პირთან დადებული გარიგების ფასზე. კერძოდ, ქ. ------ ში მდებარე შენობა- ნაგებობის ყოველთვიური იჯარის ღირებულებამ შპს ----- სთვის შეადგინა საშუალოდ 20 596 ლარი, სს ---- სთვის შეადგინა 40 681 ლარი. ხოლო,შპს ----- ს თვის (ურთიერთდამოკიდებული პირი) 4 886 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 და მე-11 ნაწილების შესაბამისად ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაციების გარიგების ფასი განისაზღვრა არაურთიერთდამოკიდებულ პირებთან დაფიქსირებული გარიგების საშუალო ფასებით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკორექტირდა (გაიზარდა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საწარმოს დაეკისრა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
ამავე კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე;
ბ) თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, დღგ-ის დასაბეგრი ოპერაციაა: საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც გამოიხატება შემდეგში: შესამოწმებელ პერიოდში შპს ----- ს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირზე იჯარით გაცემულია ქ. ---- ში მდებარე თავისი კუთვნილი შენობა-ნაგებობები და ურთიერთდამოკიდებული პირისთვის მიწოდებული საიჯარო მომსახურების ღირებულება მნიშვნელოვნად ნაკლებია არაურთიერთდამოკიდებულ პირთან დადებული გარიგების ფასზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს --------- ს საჩივრები სადავო საკიოთხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულ პირზე იჯარით გაცემული ქონების საიჯარო ქირის გარიგების ფასის ცვლილებას და აღნიშნული საფუძვლით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს არასაცხოვრებელი ფართების გაქირავება. აღნიშნულ ფართებში გადამხდელს მოიჯარეებად უფიქსირდება, როგორც ურთიერთდამოკიდებული, ასევე, არაურთიერთდამოკიდებული პირები. შემოწმების პროცესში გამოვლინდა შემთხვევები, როცა ურთიერთდამოკიდებული პირისთვის მიწოდებული საიჯარო მომსახურების ღირებულება მნიშვნელოვნად ნაკლებია არაურთიერთდამოკიდებულ პირთან დადებული გარიგების ფასზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით სსკ-ს მე-18 მუხლის მე-2 და მე-11 ნაწილების შესაბამისად ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაციების გარიგების ფასი განისაზღვრა არაურთიერთდამოკიდებულ პირებთან დაფიქსირებული გარიგების საშუალო ფასებით და სსკ-ს 161-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საწარმოს დაეკისრა გადასახადი და ჯარიმა სსკ-ს 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18(2); 18(11); 19(1)
01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161(1); 161(2,,ბ“)