გადაწყვეტილება №20363/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 18.12.2023
№ დოკუმენტი 20363/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20363/2/2023

18 .12. 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----------ი (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.11.2023 და 16.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------------ის 24.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20363/2/2023).

 

დავის საგანი:

უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №32496 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №002-244 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13943 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 39 357.44 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 18 945

დღგ - 17 129

საშემოსავლო გადასახადი - 1 816

ჯარიმა - 9 170

საურავი - 11 242.44

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.

უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება.

საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 21.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა შემდეგი:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს ფართები, რომლებიც არასრულად არის დაბეგრილი.

2019 წლის ნოემბრის თვეში რეალიზებულია 3 ფართი. მათ შორის 2 კომერციული ფართი (საკ. კოდი --------- და საკ. კოდი ---------) და 1 დამხმარე ფართი (საკ. კოდი ---------). დამხმარე ფართი შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით არ არის დაბეგრილი. ასევე შემოწმებით სხვაობა გამოვლინდა 2021 წლის ივნისის თვეში. კერძოდ, რეალიზებული ავტოფარეხი (საკ. კოდი ---------) არ არის დაბეგრილი შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად ფართების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დაიბეგრა დღგ-ით, რის შედეგადაც შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 95 163 ლარით. შედეგად მომჩივანს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80 და 81-ე მუხლების შესაბამისად დაანგარიშდა აღნიშნული ფართების რეალიზაციის შედეგად მიღებული ნამეტი და დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 9 085 ლარი, რაც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, 2019 წლის საგადასახადო პერიოდში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 22.12.2022 წლის №32496 ბრძანება და ამავე თარიღის №002- 244 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 11.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.06.2023 წლის №13943 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, 2019 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სათანადო მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მ.შ. საჩივარზე თანდართული და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13943 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების დამუშავების საფუძველზე, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს ფართები და აღნიშნული ოპერაციები არ აქვს დაბეგრილი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ 2 კომერციული ფართის რეალიზაცია მის მიერ დაბეგრილია კანონმდებლობის შესაბამისად და საგადასახადო ვალდებულებების ცვლილება გამოიწვია 2013 წელს რეალიზებული ქონების, 2019 წელს უკან დაბრუნებამ, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლითაც დგინდება, რომ მომჩივნის შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე. შესაბამისად მომჩივანის მიერ განხორციელებული 2013 წლის ოპერაცია, რომელიც დღგ-ით დაბეგრა 2017 წელს და გაუქმდა 2019 წელს (აღნიშნულის საფუძველზე შეამცირა 2019 წლის ნოემბრის თვის დღგ-ის დასაბეგრი თანხა), შემოწმების მიმდინარეობისას არ იქნა გადამოწმებული და გათვალისწინებული (არ შემცირდა), რადგან მომჩივანის მიერ 2013 წელს განხორციელებული დასაბეგრი ოპერაცია არის ხანდაზმული და არ განხორციელებულა შესამოწმებელ პერიოდში. ამასთან მითითებული ქონების რეალიზაცია/უკან დაბრუნება არ ფიქსირდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში არსებული მონაცემებით, ასევე გადამხდელის მიერ მითითებულ 2013 წელს განხორციელებულ ოპერაციაზე არ არსებობს ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა გამოიწვია როგორც დღგ-ის, ასევე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.

საკანონმდებლო ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი, აღნიშნულ ნაწილში, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ დამხმარე ფართის და ავტოსადგომის რეალიზაცია განახორციელა როგორც ფიზიკურმა პირმა, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და შემმოწმებელი აუდიტორის განმარტებაზე, რომლითაც დგინდება, რომ აღნიშნული ფართები მომჩივანს შეძენილი და შემდგომ რეალიზებული აქვს იმ შენობაში სადაც ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას, ამასთან, მის მიერ ავტოფარეხი რეალიზებულია სხვა ქონებებთან ერთად ერთ შემსყიდველზე. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დამხმარე ფართის და ავტოსადგომის რეალიზაცია შემოწმების მიერ დაბეგრილ იქნა კანონმდებლობის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ მყიდველის მიერ უკან დაბრუნებული თანხა (7 500 აშშ დოლარი = 22 002 ლარი) კომპანიის მიერ გატარდა 2019 წლის ხარჯებში, შესაბამისად პროპორციულად შემცირდა 2019 წლის დეკლარაციით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადი, მაგრამ შემოწმებისას, ხარჯების დაანგარიშებისას აღნიშნული გადახდა არ იქნა გათვალისწინებული. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ 2019 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის გაანგარიშების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ 2019 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სათანადო მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საჩივარზე თანდართული და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების პერიოდში აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელი არაერთხელ დაუკავშირდა და ითხოვა გარკვეულ საკითხებზე წერილობითო ახსნა-განმარტება. პირველი ახსნაგანმარტება წარადგინა 2022 წლის აგვისტოს თვეში, რომელშიც განმარტა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის მიზანი, რომელიც მდგომარეობდა სამშენებლო ბიზნესში საქმიანობა, კერძოდ ქალაქ თბილისში -----ა და ნოდარ ----ას ქუჩებზე მისი დაფინანსებით აშენდა საცხოვრებელი კორპუსები, რომელთა დასრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელმა საზღაურად მიიღო აშენებულ სახლში ბინები, კომერციული ფართები და ავტოსადგომი. მას შემდეგ მშენებლობას აღარ ახორციელებდა და არც სხვა ბიზნეს საქმიანობისთვის გამოუყენებია ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი. ამ ეტაპზე მის მიერ აშენებულ კორპუსებში მას დარჩენილი აქვს გასაყიდად ფართები, რის რეალიზაციასაც ის ახდენს პერიოდულად მყიდველის მოძებნისთანავე. აღნიშნულ ახსნა-განმარტებაში მითითებული იყო რომ არც ამჟამად და არც მომავალში იგი არ აპირებდა საქმიანობის გაგრძელებას გარდა გასაყიდად დარჩენილი ფართების რეალიზაციისა.

შემდგომი წერილობითი ახსნა-განმარტება აუდიტის დეპარტამენტს გაეგზავნა 2022 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში, სადაც აუდიტის დეპარტამენტს აინტერესებდა კონკრეტული საკითხი, მათ შორის იმ უძრავი ქონების რეალიზაცია, რომლისგან გამომდინარეც უსაფუძვლოდ დაერიცხა დამატებითი გადასახადი, რაზეც დეტალურად ქვემოთ აღწერს. მიუხედავად წარდგენილი წერილობითი პოზიციებისა, აუდიტორმა არ გაითვალისწინეს წარდგენილი ინფორმაცია და არგუმენტაცია, რის გამოც უსაფუძვლოდ დაერიცხა დამატებით გადასახადი.

უძრავი ქონება (ს/კ ----------) წარმოადგენს კომერციულ ფართს, რომელიც მან საკუთრებაში მიიღო 2014 წლის აპრილში ამხანაგობის კრების ოქმით, როგორც კორპუსის მშენებლობის სანაცვლოდ გადაცემული ქონება. აღნიშნული ქონება 7.11.2019 წელს ნასყიდობის ხელშეკრულებით იყიდა --------მა (პ/ნ ----------).

უძრავი ქონება (ს/ნ ---------) წარმოადგენს კომერციულ ფართს, რომელიც მან საკუთრებაში მიიღო 2013 წლის იანვარში გადაცემის ხელშეკრულებით, როგორც კორპუსის მშენებლობის სანაცვლოდ გადაცემული ქონება, აღნიშნული ქონება 7.11.2019 წელს ნასყიდობის ხელშეკრულებით იყიდა -----ამ (პ/ნ -------------).

აღნიშნული უძრავი ქონებების შესაბამისი გადასახადი სრულად იქნა გადახდილი კანონმდებლობის სრული დაცვით, რასთან დაკავშირებითაც აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში წარდგენილი წერილობითი პოზიცია, რომელშიც მითითებული იყო ერთ-ერთ უძრავ ქონებაზე, რომელზეც არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და ასევე შესაბამისი მორიგების აქტიც, აღნიშნულის გათვალისწინების შემთხვევაში ნათელი მოეფინებოდა გადასახადის გადახდის სისწორეს, კერძოდ უძრავი ქონება ს/კ --------- წარმოადგენდა მის საკუთრებას, რომელიც მის საკუთრებაში აღირიცხა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.05.2013 წლის გადაწყვეტილებით. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე 25.12.2013 წელს ფიზიკურ პირ --------თან (პ/ნ --------) გაფორმდა უძრავი ნივთის წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც უძრავი ქონება დარჩა მის საკუთრებაში და უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ვალდებულება ფიზიკური პირის - --------ის, როგორც მომავალი მესაკუთრის სასარგებლოდ და ცხოვრობდა შიგნით თავის ოჯახის წევრებთან ერთად, რაც დასტურდება სასამართლო გადაწყვეტილებითაც. უძრავი ქონების ღირებულებამ ლარში შეადგინა 57 744 ლარი.

25.12.2013 წელს წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერამდე მყიდველმა ---------მა გამყიდველს გადაუხადა წინასწარი 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 17 167 ლარი, ხოლო დარჩენილი 22 900 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში მყიდველს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით. გრაფიკის მიხედვით მყიდველს 2014 წლის თებერვლიდან 2019 წლის იანვრამდე ვადით ყოველთვიურად, თანაბარწილად უნდა გადაეხადა 581.51 აშშ დოლარი, რაც მოიცავდა როგორც ძირითად თანხას, ასევე სარგებელს.

28.02.2014 წლიდან 3.07.2015 წლამდე მყიდველმა დამატებით გადაიხადა 2 300 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 4 422 ლარი. ჯამში გადახდილი ჰქონდა 21 589 ლარი.

24.02.2014 წელს ცვლილება შევიდა 25.12.2013 წლის წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულებაში და უძრავი ქონების მომავალ მესაკუთრედ --------ის ნაცვლად აღირიცხა ------------ძე (პ/ნ---------), --------ძე გახლავთ -----------ის დისშვილი და მისით ----------ის მომავალ მესაკუთრედ ჩანაცვლება განაპირობა -----------ის ოჯახურმა პრობლემებმა იმასთან დაკავშირებით, რომ მეუღლე არ მიდავებოდა უძრავი ქონების გაყოფასთან დაკავშირებით.2016 წელს აღნიშნულ უძრავ ქონებას შეეცვალა ს/კ და გახდა -------------.

შიდა აუდირებისას 2017 წელს აღმოაჩინა, რომ ---------თვის უძრავი ქონების მიწოდების დროს (ის ფაქტი, რომ მიწოდება განხორციელდა და მყიდველი ფლობდა სადავო უძრავ ქონებას, დასტურდება სასამართლოს გადაწყვეტილებითაც რომელიც თან ერთვის საჩივარს) ოპერაცია არ იყო დაბეგრილი, რის გამო 2017 წლის დეკემბერის თვის დეკლარაციით დაბეგრა აღნიშნული ოპერაცია დღგ-ით 57 744 ლარის ფარგლებში. 2017 წელს გარდა აღნიშნული უძრავი ქონებისა დაიბეგრა სხვა უძრავი ქონებების მიწოდებები, ასევე მათ შორის იყო ორ უძრავ ქონებაზე გადახდილი ავანსიც. ჯამში დეკლარაციით განსაზღვრულმა თანხამ შეადგინა 271 669.35 ლარი, რომლის გადათვლაც თავისუფლად არის შესაძლებელი წარდგენილი საბანკო ამონაწერებით. აქვე წარმოადგენს საბუღალტრო ჩანაწერებს ექსელის სახით, სადაც ასევე სრულად არის ასახული ის ინფორმაცია, თუ რა მონაცემებზე დაყრდნობით იქნა შედგენილი 2017 წლის დეკემბრის დეკლარაცია. 2017 წლის დეკემბერში დაბეგრილია იმ უძრავი ქონებების მიწოდებაც, რომელთა დადეკლარირებაც გამორჩა 2013-2015 წლებში და დაადეკლარიროს სხვა ქონებებთან ერთად 2017 წლის დეკემბერში, რის დასტურადაც საჩივარს ერთვის ხელშეკრულებები.

იქიდან გამომდინარე, რომ -------ემ არ გადაიხადა ხელშეკრულებით ნაკისრი ბინის დარჩენილი ღირებულება 25.04.2017 წელს მიმართა თბილისი საქალაქო სასამართლოს სარჩელით და ითხოვა ხელშეკრულებიდან გასვლა, პირგასამტეხლოების დაკისრება და უძრავი ქონების ამონაწერში -------ის სასარგებლოდ რეგისტრირებული ვალდებულების გაუქმება და ------ის, ------ის და სხვათა გამოსახლება უძრავი ქონებიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა და გაუქმდა საჯარო რეესტრში შესაბამისი ჩანაწერი, თუმცა გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მხარეები მორიგდნენ და --------ემ ნებაყოფლობით გააუქმა თავის სასარგებლოდ რეგისტრირებული ვალდებულება 22.08.2019 წელს, ხოლო ინდივიდუალურმა მეწარმემ -----------ა 23.08.2019 წელს უკან დაუბრუნა გადახდილი ნასყიდობის ღირებულებიდან 7 400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 21 708 ლარი, 7.10.2019 წელს დამატებით დაუბრუნა 100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 294 ლარი, რომელიც გადაეცა --------ის წარმომადგენელს და დეიდას --------ს. -----------მა კი უკან დაიბრუნა უძრავი ქონება, რაც გამოიხატა უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ვალდებულების გაუქმებაში, რომელიც პირდაპირ არის ასახული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და გაურკვეველია ამასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის მსჯელობა. შესაბამისად, მის მიერ უკან დაბრუნდა 22 002 ლარი. მითითებულიდან გამომდინარე გამოდის, რომ მყიდველისგან რეალურად მიღებული ჰქონდა ჯამში 21 589 ლარი, ხოლო უკან დააბრუნა მეტობით თანხა 22 002 ლარი ანუ უკან დაბრუნდა 413 ლარით მეტი. თანხის გადაცემის მომენტი ასახულია ვიდეოზე.

აღნიშნული უძრავი ქონება 29.10.2019 წელს ინდივიდუალურმა მეწარმემ ნასყიდობის ხელშეკრულებით გაასხვისა შპს -------ზე (ს/ნ -------). იქიდან გამომდინარე, რომ -------თვის (შემდგომში -------თვის) მიწოდებული უძრავი ქონება უკან დაბრუნდა და მისთვის მიწოდება 2017 წლის დეკემბერში უკვე დაბეგრილი იყო სრული თანხის ფარგლებში დღგ-ით, უძრავი ქონების --------ის სრულუფლებიან საკუთრებაში დაბრუნების დროს 2019 წლის ნოემბერში მოხდა ამავე ქონებაზე უკვე გადახდილი დღგ-ის ჩათვლა, რამაც გამოიწვია 2019 წლის ნოემბერშივე რეალიზებული კომერციული ფართებიდან (ს/კ -------- და ს/კ --------) გამომდინარე საგადასახადო გადასახადის შემცირება იმავე ოდენობით. ამასთან აუდიტის დეპარტამენტმა ასევე არ გაითვალისწინა ავტოსადგომის, როგორც ფიზიკური პირის მიერ რეალიზაციის ფაქტი და უსაფუძვლოდ დაერიცხა დამატებითი გადასახადი.

ამასთან, უკან დაბრუნებული თანხა (7 500 აშშ დოლარი = 22 002 ლარი) გატარდა 2019 წლის ხარჯებში, შესაბამისად პროპორციულად შემცირდა 2019 წლის დეკლარაციაში გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადი. აღნიშნული აუდიტის დეპარტამენტს მხედველობაში რომ მიეღო და საკითხს ჩაღრმავდებოდა, კომერციული ფართების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების დაბეგვრაზე დამატებით თანხებს აღარ დაარიცხავდა. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ოდენობის დამატებით დარიცხვა ასევე გამოიწვია შემოსავლის ხელოვნური გაზრდით ---------ის უძრავი ქონების ზემოაღნიშნული ისტორიის გაუთვალისწინებლობის გამო.

რაც შეეხება დამხმარე ფართს და ავტოსადგომს, უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: ს/კ -------- (მდებარე ქ. თბილისში, ----- №--, დამხმარე ფართი №---) – 21.05.2014 წლიდან ირიცხებოდა ფიზიკური პირის --------ის (პ/ნ --------) საკუთრებაში, რომლისგანაც 21.05.2014 წელს გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ქონება გადაიფორმა --------მა , როგორც ფიზიკურმა პირმა.

აღნიშნული უძრავი ქონება ს/კ -------- , როგორც ფიზიკურმა პირმა 11.11.2019 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიყიდა და საკუთრებაში გადაუფორმა ფიზიკურ პირ --------ეს (პ/ნ ----------).

უძრავი ქონება ს/კ -------- მდებარე ქ. თბილისში №----, ავტოსადგომი №---) – 5.11.2018 წლამდე ირიცხებოდა ფიზიკური პირის --------ეს (პ/ნ ----------). საკუთრებაში, რომლისგანაც ის ---------მა, როგორც ფიზიკურმა პირმა 5.11.2018 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა.

16.06.2021 წელს აღნიშნული უძრავი ქონება --------მა როგორც ფიზიკურმა პირმა ნასყიდობის ხელშეკრულებით მიჰყიდა შპს ------ (ს/ნ ---------).

ის ფაქრი რომ აღნიშნული უძრავი ქონება შეძენილია ფიზიკური პირი ----------------ის მიერ იმ შენობაში, სადაც ის ადრე ახორციელებდა საქმიანობას როგორც ინდივიდუალური მეწარმე წარმოადგენს შემთხვევითობას. ქონება შეიძლება შეძენილი ყოფილიყო ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე,რაც არ გამოიწვევდა საგადასახადო ორგანოს შეცდომაში შეყვანას, თითქოს --------------მა შეძენა განახორციელა როგორც ინდ. მეწარმემ.

აღსანიშნავია, რომ მეწარმის მიერ -----ის ქუჩაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა არ წარმოადგენს სტანდარტული მიწის შეძენას, მასზე საცხოვრებელი კორპუსების აშენებას და შემდგომ ბინების რეალიზაციას, არამედ საქმიანობის მიზანი იყო კორპუსების აშენება და აშენებისთვის ანაზღაურების სახით (ანუ ფულის სანაცვლოდ) განშლით რეგისტრირებული ბინა ერთეულების თუ სხვადასხვა დანიშნულების ფართების ინდ. მეწარმისთვის საკუთრებაში გადაცემა და შემდგომ მათი რეალიზაცია. აღნიშნულს ადასტურებს როგორც ამხანაგობა -------სა და ------ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსი, ასევე რეესტრში რეგისტრირებული ხელშეკრულებები და ამონაწერების საჯარო რეესტრიდან, რომელშიც უფლებისდამდგენ დოკუმენტებად მითითებულია „ხელშეკრულება უძრავი ქონების გადაცემის შესახებ“. მხოლოდ და მხოლოდ ის უძრავი ქონებები იქნა გაყიდული -------ის მიერ ინდივიდუალური მეწარმის საქმიანობის ფარგლებში რომელიც მას გადაეცა როგორც მშენებლობისთვის გადაცემული ანაზღაურება და სწორედ ამგვარი მიღებული უძრავი ქონებების რეალიზაცია უნდა დაბეგრილიყო დღგ-ით. ------ის როგორც ფიზიკური პირის საკუთრებაში არასდროს თავის ცხოვრებაში არ ერიცხებოდა არანაირი უძრავი ქონება გარდა აღნიშნული ორი უძრავი ქონებისა. -----ლი არის სამმაგი (საქართველოს, ისრაელის და რუსეთის) მოქალაქე და არ ცხოვრობს საქართველოში, 2014 წელს მან ერთ საცხოვრებელ კორპუსში მხოლოდ და მხოლოდ პირადი მიზნებიდან გამომდინარე შეიძინა საცხოვრებელი ფართი და მოგვიანებით ავტოსადგომი, რომელთაც გამოიყენებდა საცხოვრებლად, თუმცა ვინაიდან მისი გეგმები საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლასთან დაკავშირები გადაიდო მან აღნიშნული უძრავი ქონებები გაასხვისა როგორც ფიზიკურმა პირმა, შესაბამისად აღნიშნული ტრანზაქციები დაბეგვრას არ საჭიროებდა. ამიტომ, აღნიშნული გაყიდვები არ უნდა შეფასდეს ფიზიკური პირის ეკონომიკურ საქმიანობად. ფაქტია ის გარემოება, რომ ინდ. მეწარმედ რეგისტრაცია არ ნიშნავს ფიზიკური პირისათვის ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვას და ამასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის მსჯელობა არ არის მართებული. ამასთან, სახეზეა ბინა და ავტოფარეხი, საუბარი არ არის კომერციულ ფართზე ან თუნდაც ორ ავტოფარეხსა და ორ საცხოვრებელ ფართზე, რაც ობიექტურ პირს უნდა უღრმავებდეს იმის რწმენას, რომ ავტოფარეხი და ბინა სწორედ პირადი გამოყენებისთვის შეიძინა საჩივრის ავტორმა და გაასხვისა იმავე წესით, რა წესითაც იქნა შეძენილი, როგორც ფიზიკურმა პირმა.

ბუნდოვანია შემოსავლების სამსახურის შემდეგი მსჯელობაც: „ამასთან მის მიერ ავტოფარეხი რეალიზებულია სხვა ქონებებთან ერთად ერთ შესყიდვაზე“ - გაურკვეველია რას გულისხმობს შემოსავლების სამსახური მითითებულში?! სხვა ქონებებთან ერთად ერთ შემსყიდველზე ავტოფარეხის რეალიზებას რა ნიშნით გამოარჩევს დამხმარე ფართის რეალიზებისგან?! თუ კი შემოსავლების სამსახური თავად გამოარჩევს ავტოფარეხის რეალიზაციის დამხმარე ფართის რეალიზაციისგან, მაშინ საინტერესოა, ორივე შემთხვევაში რატომ ავალდებულებს საჩივრის ავტორს დღგ-ის გადახდას?! გამოდის რომ შემოსავლების სამსახურის დისკრიმინაციულად უდგება გადასახადის გადამხდელს რამდენიმე დონეზე:

1. ფიზიკური პირის მიერ ქონების განკარგვის ნაწილში, რომელიც იმდენად მცირე რაოდენობით არის, რომ არანაირად არ უნდა იქნეს მიჩნეული ეკონომიკურ საქმიანობად;

2. უძრავი ქონების მდებარეობის ნაწილში (ერთის მხრივ - ეს მხოლოდ უძრავი ქონებაა, ხოლო მეორე მხრივ მხოლოდ და მხოლოდ თავისი ადგილმდებარეობის გამო - ეკონომიკური საქმიანობა) და

3. ბოლო და ყველაზე პარადოქსული ნაწილი დისკრიმინაციის ეს არის - მყიდველიდან გამომდინარე დისკრიმინაცია, მოცემულ შემთხვევაში მთავარია, არავინ იყიდა ქონება, არამედ ის, რომ -------მა როგორც ფიზიკურმა პირმა გაყიდა მისი ერთადერთი პარკინგი, ხოლო დანარჩენი პარკინგები, რომელიც მან გაყიდა როგორც მეწარმემ, მიღებული იყო მშენებლობის საკომპენსაციოდ ამხანაგობისგან, რომელიც არის მისთვის მშენებლობისთვის გაწეული ხარჯის კომპენსაციის შემცვლელი/ანალოგი. აღნიშნული არის მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობა, რადგან ფულის ნაცვლად ამხანაგობას გააჩნდა მხოლოდ უძრავი ქონება. მსგავსად უძრავი ქონებისა მათ ასანაზღაურებლად შეიძლება გადაეცათ, მაგალითად ჭურჭლის დიდი ოდენობა ან ძვირადღირებული საკოლექციო მარკები (წარმოვიდგინოთ რომ ასეთი საკოლექციო მარკა გაყიდა საჩივრის ავტორმა პირზე, რომელმაც ასევე იყიდა იმავე პირისგან მისი ერთადერთი პარკინგი) და სწორედ ამიტომ არ შეიძლება ერთ კონტექსტში განიხილებოდეს სადავო ორი ქონება და ამხანაგობისგან მიღებული სხვა ქონებები, გამოდის რომ ------ის წინააღმდეგ დიკსრიმინაციულად იქნა გამოყენებული რამდენიმე სრულიად შემთხვევითი დამთხვევა, რომელთაგანაც ვერც ერთით ვერ დასტურდება ------ის, როგორც ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობა სადავო კონტექსტში:

1. ამხანაგობას მშენებლობის ხარჯების ასანაზღაურებლად არ გააჩნდა სხვა საშუალება გარდა იმისა, რომ გადაეცა ------ის ქუჩაზე აშენებული ფართები;

2. ფიზიკურმა პირმა ---------მა თავისი პირადი მიზნებისათვის ნაღდი ანგარიშსწორებით შეიძინა სხვა კერძო პირებისგან (და არა ამხანაგობისგან) ძალიან მცირე რაოდენობის უძრავი ქონება იმავე ადგილზე, სადაც ამხანაგობას გააჩნდა მშენებლობის ასანაზღაურებლად მიმართული უძრავი ქონება;

3. ფიზიკურმა პირმა ------მა მიყიდა თავისი პირადი მიზერული ქონება კიდევ უფრო მიზერული ნაწილი იმავე პირს, რომელმაც შეიძინა ამხანაგობის მიერ მშენებლობის (ანუ სულ სხვა მიზნებისთვის) ხარჯების ასანაზღაურებლად გადაცემული უძრავი ქონება. ეს არის ხარისხობრივად, იურიდიულად (მესაკუთრის თვალსაზრისით) და შესაბამისად, ეკონომიკურად (საგადასახადო მიზნებისათვის) სრულიად განსხვავებული ობიექტი. ის ფაქტი, რომ ანაზღაურების სანაცვლოდ ------მა მაგ. ათი კილოგრამი ოქროს ან აშშ-ის ქალაქ -------ში მიწის ნაკვეთის ნაცვლად მიიღო უძრავი ქონებები ----ის ქუჩაზე მდებარე მისივე აშენებულ კორპუსში, სრული შემთხვევითობაა, რომელიც განპირობებულია იმით, რომ ამხანაგობის გარდა აღნიშნული უძრავი ქონებების სხვა აქტივი არ გააჩნდა და ამიტომ გადაწყდა ფულის, ოქროს ან სხვა ტერიტორიაზე ქონების გადაცემის ნაცვლად გადაცემული ყოფილიყო უძრავი ქონებები -----ის ქუჩაზე. მითითებულიდან გამომდინარე როგორ შეიძლება პირადი მიზნებისათვის განკუთვნილი ქონება და მშენებლობაზე გაწეული ხარჯების საკომპენსაციოდ გათვლილი ქონება არ გაიმიჯნოს ერთმანეთისგან და ერთ კონტექსტში გახილებოდეს?!

ისეთ შემთხვევაში როდესაც საქმე ეხება ინდ. მეწარმეს აუდიტის დეპარტამენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ინდ. მეწარმედ რეგისტრაციის შემდეგ პირს არ ესპობა უფლება, გარკვეული ტრანზაქციები განახორციელოს როგორც ფიზიკურმა პირმა. მოცემულ შემთხვევაში შეიძლება დაისვას რამდენიმე შეკითხვა იმ აუდიტორის მიმართ, რომელმაც გადაწყვიტა რომ ხსენებული ორი უძრავი ქონება ------მა როგორც ინდ. მეწარმემ გაასხვისა:

1. ეთანხმებით თუ არა იმ გარემოებას რომ -------თვის მშენებლობის განხორციელების სანაცვლოდ მაინდამაინც -----ის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონებების გადაცემა იყო არა სავალდებულო მოვლენა, არამედ ანაზღაურების უამრავი ვარიანტიდან (ფული, რემბრანდტის ნახატი, მიწა მაიამიში, ოქროს ზოდი ან სხვა) ერთ-ერთი?

2. ეთანხმებით თუ არა იმას რომ მის მიერ ნებისმიერ ზემოაღნიშნულ ქონებებს შესაძლო გაყიდვის მიზანი, რაც ამხანაგობიდან რეალურად მიღებული უძრავი ქონებების შემთხვევაში მართლაც მოხდა, მშენებლობის პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურებაა და შესაბამისად ამგვარი რეალიზაცია უპირობოდა უნდა ჩათვლილიყო ეკონომიკურ საქმიანობად?

3. თუ კი -------ი მიიღებდა ამხანაგობისგან მხოლოდ ფულს და არა უძრავ ქონებას, გადაიხდიდა ყველა შესაბამის გადასახადს და შემდეგ იყიდდა რომელიმე გამყიდველისგან თავისივე აშენებულ კორპუსში ბინას და პარკინგს (რომელიც ამ შემთხვევაში ფორმალურადაც კი გახდებოდა მისი ერთადერთი უძრავი ქონება - ყველაზე პარადოქსული კი ისაა, რომ დაბეგვრის თვალსაზრისით, ამ ტერმინის საყოველთაოდ მიღებული გაგებით და რეალურადაც ერთადერთი უძრავი ქონება მხოლოდ მითითებული პარკინგი დამატებითი ფართი იყო - ამხანაგობიდან მიღებულ სხვა დანარჩენ ქონებას კი სულ სხვა მნიშვნელობა და დანიშნულება ჰქონდა, რადგან ის იყო მხოლოდ ამორფული ობიექტი (რომელიც შემთხვევით უძრავ ქონებაში გამოიხატებოდა და მას ფულის ან ნებისმიერი სხვა ნივთის ტოლი ღირებულება ჰქონდა, რომლის გადაცემის და გაყიდვის მიზანი იყო ეკონომიკური საქმიანობის პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურება და რომლის გაყიდვის უფლება ინდ. მეწარმე -------ლს ანუ ეკონომიკურად სრულიად განსხავებულ სუბიექტს ჰქონდა ვიდრე ფიზიკური პირი --------ია), მაშინ განიხილავდით თუ არა მათ ( ავტოფარეხი და დამხმარე ფართი) შემდგომ გაყიდვის ეკონომიკურ საქმიანობად?

4. ეთანხმებით თუ არა იმას, რომ თუ კი იგი თავისი ეკონომიკური საქმიანობის განმავლობაში პირადი მიზნებისათვის იყიდდა ტელეფონს ან ავტომობილს და შემდგომ გაყიდდა მათ ეს არ უნდა ჩათვლილიყო მის ეკონომიკურ საქმიანობად, რომელიც დაკავშირებულია იქნებოდა -----ის ქუჩაზე არსებულ მშენებლობასთან?

5. ეთანხმებით თუ არა იმ გარემოებას რომ საგადასახადო მიზნებიდან გამომდინარე, მაგალითად ბათუმში ერთადერთი დახმარება ფართის და ავტოფარეხის გაყიდვა, რომელიც შეძენილია პირადი მიზნებისათვის, არაფრით განსხვავდება ერთადერთი ავტომობილისა და ტელეფონისგან?

6. საგადასახადო მიზნებისთვის რით განსხვავდება ერთადერთი ბინა და პარკინგი ქალაქ ----ში (თუ კი მათ ---------ი შეიძენდა) ------ის ქუჩაზე შეძენილ ერთადერთი ბინისა და პარკინგისგან?

7. ეთანხმებით თუ არა იმ გარემოებას, რომ ფიზიკური პირისგან რეალური ფულით პირადი მიზნებისათვის ნაყიდი ერთადერთი პარკინგი და ბინა და მათი რამდენიმე წლის შემდეგ გაყიდვა -------ის მიერ ეკონომიკურად ვერანაირად ვერ დაუკავშირდებოდა მის მიერ მშენებლობისთვის გაღებულ ხარჯებს და მათ ანაზღაურებას?

8. რაც შეეხება იმ არგუმენტს რომელიც შეეხება -------ის საკუთრებაში არსებული ერთადერთი პარკინგის იმ მყიდველისთვის მიყიდვას, რომელმაც ინდ. მეწარმისგან იყიდა სხვა ბევრი პარკინგი:

ა. თუ კი იგივე არგუმენტი არ გამოდგება დამხმარე ფართთან დაკავშირებით მაშინ რატომ არ გათავისუფლდა აღნიშნულ ნაწილში --------ი დღგ-ის გადახდისაგან?

ბ. თუ კი პარგინგთან დაკავშირებული არგუმენტი გამოყენებულია შერჩევით და მხოლოდ იმიტომ რომ ადგილი აქვს უბრალო დამთხვევას მყიდველის დასახლებაში, მაშინ საერთოდ რატომ იქნა ეს არგუმენტი გამოყენებული?! ეს კიდევ ერთი მტკიცებულება ხომ არ არის შემოსავლების სამსახურის აუხსნელი სუბიექტურობის?!

გ. თუ კი -------ი ამხანაგობიდან -----ის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონებების ნაცვლად მიიღებდა ძვირადღირებულ კოლექციულ მარკას (და რა თქმა უნდა, შესაბამისად დაბეგრავდა ამ მარკის გაყიდვას) და გაყიდდა მას პარკინგთან და დამხმარე ფართთან ერთად იმავე მყიდველზე, რა იქნებოდა უცნაური ამაში, რომ ერთსა და იმავე ტერიტორიაზე არა მარტო მდებარე დამხმარე ფართი, არამედ პარკინგიც კი იყიდა ერთი და იგივე პირმა, და გახდებოდა თუ არა აღნიშნული დაბეგვრის ობიექტი?

9. ეთანხმებით თუ არა იმ გარემოებას რომ გაწეული მშენებლობისთვის ამხანაგობის მხრიდან საზღაურად მაინცდამაინც ------ის ქუჩაზე ფართების გადაცემა (და არა საბანკო ანგარიშებზე თანხის გადაცემა, მიწა -----ში ან ------ის ნახატის მიღება და სხვა) იყო არა სავალდებულო მოვლენა, არამედ სხვადასხვა დამთხვევების შედეგი, რის გამოც -------ის, როგორც ფიზიკური პირის უფლებები ფლობდეს და განკარგავდეს პირადი მიზნებისთვის მიზერული რაოდენობის უძრავ ქონებას არ უნდა იყოს დისკრიმინაციულად შეზღუდული?

აღნიშნულის გათვალისწინებით საგადასახადო ორგანომ უნდ გამიჯნოს მოცემულ შემთხვევაში ინდ. მეწარმე --------ის მიერ რეალიზებული და ფიზიკური პირი ---------ის მიერ რეალიზებული უძრავი ქონებები.

ვიანიდან სახეზე გვაქვს კანონით დაშვებული ყველა კანონიერი მოქმედება, რომელიც თავისი ფორმით და შინაარსი გათვალისწინებით შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან (მეწარმეთა შესახებ კანონი, სს კოდექსი, სამოქალაქო კოდექსი). გადამხდელის პოზიცია, რომ სადავო საკითხთან მიმართებაში დარიცხული გადასახადები წარმოადგენს არაობიექტურად დარიცხულ გადასახადებს და ექვემდებარება გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტების და მე-8 ნაწილის თანახმად:

1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8. უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

 

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, სადავოა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. მეწარმის მიერ -----ის ქუჩაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა არ წარმოადგენს სტანდარტული მიწის შეძენას, მასზე საცხოვრებელი კორპუსების აშენებას და შემდგომ ბინების რეალიზაციას, არამედ საქმიანობის მიზანი იყო კორპუსების აშენება და აშენებისთვის ანაზღაურების სახით (ანუ ფულის სანაცვლოდ) განშლით რეგისტრირებული ბინა ერთეულების თუ სხვადასხვა დანიშნულების ფართების ინდ. მეწარმისთვის საკუთრებაში გადაცემა და შემდგომ მათი რეალიზაცია. აღნიშნულს ადასტურებს, როგორც ამხანაგობა ------სა და --------ლს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსი, ასევე რეესტრში რეგისტრირებული ხელშეკრულებები და ამონაწერების საჯარო რეესტრიდან, რომელშიც უფლებისდამდგენ დოკუმენტებად მითითებულია „ხელშეკრულება უძრავი ქონების გადაცემის შესახებ“. მოცემულ შემთხვევაში ყველა უძრავი ქონება, რომელიც რეალიზებულია კომერციული საქმიანობის ფარგლებში, დაბეგრილია. რაც შეეხება, სადავო ორ ქონებას, რაზეც გადასახადი დაერიცხა არის მხოლოდ ფიზიკური პირის --------ის მიერ მიღებული ქონება, გაცვლის ხელშეკრულებით მიღებული დამხმარე ფართი და ნასყიდობის ხელშეკრულებით მიღებული ავტოსადგომი, რომლებიც გასხვისდა 11.11.2019 და 16.06.2021 წელს. აღსანიშნია, რომ რამდენიმე დამხმარე ფართი მიღებული აქვს როგორც საზღაური, ეს კონკრეტული მიღებული აქვს გაცვლის ხელშეკრულებით და ეს დამხმარე ფართები არის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ფართები, რადგან რაღაც პერიოდში გადაწყვიტა ეცხოვრა საქართველოში და შეიძინა პირადი მიზნებისთვის საცხოვრებლად.

2. 2014 წელს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით უძრავი ქონება გასხვისდა ------ზე, შემდგომ ჩანაცვლდა ------ით, მესაკუთრე დარჩა ------ლი, გადახდის გრაფიკი გაიწერა ხელშეკრულებაში, რომლის გადახდის შემხთხვევაში მყიდველზე მოხდებოდა ქონებაზე საკუთრების რეგისტრაცია. უძრავი ქონება მყიდველს პირდაპირ გადაეცა მფლობელობაში და გარკვეულ პერიოდი თანხას იხდიდა, თუმცა როცა შეწყვიტა გადახდა -------მა მიმართა სასამართლოს და ითხოვდა ერთი მხრივ, ხელშეკრულებიდან გასვლას, უძრავი ქონების დაბრუნებას და მეორე მხრივ, ვინაიდან მყიდველი უკვე ფლობდა ამ ქონებას, ითხოვდა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთავისუფლებას. სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა და შემდგომ მორიგების ფარგლებში ნაწილი თანხა დაუბრუნა -------ლს, რომელმაც შეწყვიტა ქონებაზე რეგისტრირებული ვალდებულება და ქონება დაუბრუნა უკან -------ის. 2017 წელს ჩატარდა შიდა აუდიტი და დადგინდა, რომ 2013-2015 წლებში გარკვეული ქონებების რეალიზაცია სწორად არ იყო დაბეგრილი, რის გამოც დაზუსტდა დეკლარაცია და 2017 წლის დეკემბერში დამატებით დაიბეგრა მათ შორის ის ქონება რომელზეც ზემოთ იყო საუბარი. საჩივარს ახლავს ცხრილი, რომელშიც გაშიფრულია 2017 წლის დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები. 2019 წელს განხორციელდა ------ის მიერ, სასამრთლოს გადაწყვეტილების ფარგლებში, დაბრუნებული ქონებაზე 2017 წელს გადახდილი დღგ-ის ჩათვლა და აღნიშნულის გამო იმავე წელს ნოემბერში გაყიდული უძრავი ქონებებიდან არ იქნა დღგ გადახდილი, რადგან ჩათვლილი დღგ გამოაკლდა გადასახდელ ვალდებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ შემმოწმებლის მიდგომა, რომ მეწარმემ არ დაბეგრა კომერციული ფართების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ შეესაბამება სიმართლეს.

 

მომჩივნის არგუმენტებზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით:

1. დამხმარე ფართი შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით არ არის დაბეგრილი. უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: ----------, მდებარე ქ. თბილისში, -----ის ქუჩა №--, ავტოსადგომი №---, 5.11.2018 წლამდე ირიცხებოდა ფიზიკური პირის ------ის (პ/ნ ------) საკუთრებაში, რომლისგანაც ის -----------მა, როგორც ფიზიკურმა პირმა 5.11.2018 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა, ხოლო 16.06.2021 წელს --------მა როგორც ფიზიკურმა პირმა ნასყიდობის ხელშეკრულებით მიყიდა შპს „------ას“ (ს/კ -------). შემოწმების შედეგად 2021 წლის ივნისის თვეში აღნიშნულთან დაკავშირებით გამოვლინდა სხვაობა, კერძოდ, რეალიზებული ავტოფარეხი (ს/კ --------) არ არის დაბეგრილი შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით. შემოწმების შედეგად აღნიშნული ფართების რეალიზაცია გათვალისწინებულია შესაბამისი თვის დღგ-ის ბრუნვის გაანგარიშებისას.

2. საქმეში წარმოდგენილია 25.12.2013 წლის წინასწარი ხელშეკრულება საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის შესახებ №---. აღნიშნული შეთანხმებით საკუთრების უფლება არ გადასულა მყიდველზე და განსახილველი პერიოდის განმავლობაში იყო მომჩივნის საკუთრებაა. ასევე, საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის სასამართლოს გადაწყვეტილებით ------------ს დაევალა შიდა განვადების შესაბამისად გადახდილი თანხის, ხარჯის გათვალისწინებით, უკან მყიდველისათვის დაბრუნება. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ხარჯების დაანგარიშებისას აღნიშნული გადახდის გათვალისწინება. რაც შეეხება, დღგ-ის ნაწილს, 2019 წლის ნოემბრის თვეში რეალიზებული აქვს 2 კომერციული ფართი რომლის დასაბეგრი ბრუნვა დღგ-ის გარეშე არის 288 552 ლარი და რომელიც შემცირებულია 57 744 ლარით ანუ ის კომერციული ფართები რაც იყო დასაბეგრი ხსენებულ პერიოდში გადამხდელმა შეამცირა იმ არგუმენტით, რომ ეს თანხა დაბეგრილი იყო 2017 წელს ზემოთ აღწერილი გარემოებების გამო.

 

შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მითითებულია შემდეგი:

1. დამხმარე ფართი და ავტოსადგომი მომჩივანს შეძენილი და შემდგომ რეალიზებული აქვს იმ შენობაში სადაც ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას, ამასთან, მის მიერ ავტოფარეხი რეალიზებულია სხვა ქონებებთან ერთად ერთ შემსყიდველზე. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დამხმარე ფართის და ავტოსადგომის რეალიზაცია შემოწმების მიერ დაბეგრილ იქნა კანონმდებლობის შესაბამისად.

2. შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრულია 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე. შესაბამისად, მომჩივანის მიერ განხორციელებული 2013 წლის ოპერაცია, რომელიც დღგ-ით დაბეგრა 2017 წელს და გაუქმდა 2019 წელს (აღნიშნულის საფუძველზე შეამცირა 2019 წლის ნოემბრის თვის დღგ-ის დასაბეგრი თანხა), შემოწმების მიმდინარეობისას არ იქნა გადამოწმებული და გათვალისწინებული (არ შემცირდა), რადგან მომჩივანის მიერ 2013 წელს განხორციელებული დასაბეგრი ოპერაცია არის ხანდაზმული და არ განხორციელებულა შესამოწმებელ პერიოდში. ამასთან მითითებული ქონების რეალიზაცია/უკან დაბრუნება არ ფიქსირდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში არსებული მონაცემებით, ასევე გადამხდელის მიერ მითითებულ 2013 წელს განხორციელებულ ოპერაციაზე არ არსებობს ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა გამოიწვია როგორც დღგ-ის, ასევე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ მყიდველის მიერ უკან დაბრუნებული თანხა (7 500 აშშ დოლარი = 22 002 ლარი) კომპანიის მიერ გატარდა 2019 წლის ხარჯებში, შესაბამისად პროპორციულად შემცირდა 2019 წლის დეკლარაციით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადი, მაგრამ შემოწმებისას, ხარჯების დაანგარიშებისას აღნიშნული გადახდა არ იქნა გათვალისწინებული. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ 2019 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის გაანგარიშების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხებიდან მე-2 ეპიზოდში (მომჩივანის მიერ განხორციელებული 2013 წლის ოპერაცია, რომელიც დღგ-ით დაბეგრა 2017 წელს და გაუქმდა 2019 წელს (აღნიშნულის საფუძველზე შეამცირა 2019 წლის ნოემბრის თვის დღგ-ის დასაბეგრი თანხა)), შესასწავლია თუ ხდება მომჩივნის მიერ მისი არგუმენტაციის დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციით ან სხვა ნებისმიერი გარემოებით, განხორციელებული ოპერაციების იდენტიფიცირება და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13943 ბრძანება;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, სადავო საკითხებიდან მე-2 ეპიზოდის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.

უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება.

საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 21.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა შემდეგი:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს ფართები, რომლებიც არასრულად არის დაბეგრილი.2019 წლის ნოემბრის თვეში რეალიზებულია 2 კომერციული ფართი და 1 დამხმარე ფართი . დამხმარე ფართი შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით არ არის დაბეგრილი. ასევე შემოწმებით სხვაობა გამოვლინდა 2021 წლის ივნისის თვეში რეალიზებული ავტოფარეხი არ არის დაბეგრილი შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად ფართების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დაიბეგრა დღგ-ით, და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80 და 81-ე მუხლების შესაბამისად დაანგარიშდა 2019 წლის საგადასახადო პერიოდში ფართების რეალიზაციის შედეგად მიღებული ნამეტი რაც ,დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №32496 ბრძანება და №002- 244 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №13943 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახურის №13943 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 79( „ა“); 80(1); 100(3 „ბ“ );102(1 „ბ“); 159(1 „ა“); 163(1.2 .6); 164(1);

(2021 წლამდე მოქმედი) 160( „ა“ ); 161(1„ა,ა“, „ა.ბ“, „ა.ბ.დ“. 8)