ბრძანება N 1307
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 1307
26 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2024 წლის 13 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2024 წლის 13 იანვრის №86725/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №007-421 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არ ეთანხმება 2018 წლის ბოლოს ნუშის ნაშთის მონაცემებს. განმარტავს, რომ 2018 წელს მიღებულია 16 000 კგ ნუში მოუხალავი. წონის დანაკარგი გადამუშავების პროცეში (მოხალვა) არის 1 545.22 კგ (სასამართლი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე). მიღებული ნუშის რაოდენობამ შეადგინა 14 452.78 კგ. 2018 წლის რეალიზაციამ შემოწმების გაანგარიშების მიხედვით შეადგინა 6 875 კგ. შესაბამისად 2018 წლის ნაშთი არის 7 577,78 კგ. ხოლო შემოწმების მიერ მოწოდებულ საქონლის მოძრაობის გადაანგარიშებულ ცხრილში არის შეცდომით (სავარაუდოთ მექანიკური შეცდომა) მითითებული 8 622 კგ ნაცვლად 7577,78 კგ-ისა. მომჩივანი ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 მარტის №5864 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება პროდუქციის წარმოების საწარმოო დანაკარგის ოდენობა (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს აუდიტის დეპარტამენტთან);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 მარტის №5864 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 25 დეკემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები სულ 155 932 ლარი, მათ შორის, გადასახადი 105 460 ლარი და ჯარიმა 50 472 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 27 დეკემბრის №007-421 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ექსპერტიზის ჩატარებაზე მიმართა 2023 წლის 20 აპრილს (№----------). ექსპერტიზის დასკვნა (№----------) მომზადდა 2023 წლის 11 სექტემბერს. ექსპერტიზის წინაშე დასმული იქნა შემდეგი კითხვები:
1. ექსპერტიზით განისაზღვროს შრობის და პირველადი გადამუშავების პროცესში წარმოქმნილი დანაკარგები საწყისი ტენიანობის გათვალისწინებით.
2. ნედლეულის გადამუშავების პერიოდში მოხალვის პროცესში განისაზღვროს ნედლეულის წონის დანაკარგები.
ექსპერტიზის შედეგად განისაზღვრა შრობისა და მოხალვის დანაკარგები ყოველი ნედლეულისთვის (თხილი, მიწის თხილი, ფისტა, ქეშიუ, ნუში) ცალ-ცალკე. ექსპერტიზით თხილზე შრობისა და მოხალვის გათვალისწინებით მიღებულმა გამოსავლიანობამ (30%) შეამცირა შემოწმებით გამოყენებული გამოსავლიანობა (38%). ექსპერტიზით მიღებულმა მოხალვის დანაკარგმა (მიწის თხილზე 6.5%, ქეშიუზე 8%, ფისტაზე 4%, ნუშზე 10%) ასევე შეამცირა შემოწმებით გამოყენებული გამოსავლიანობა. შემოწმებით მოხალვის დანაკარგის გათვალისწინება არ მომხდარა, რადგან გადამხდელს არ წარმოუდგენია საწარმოო აქტები, ან სხვა სახის მტკიცებულებები, რითაც განისაზღვრებოდა დანაკარგის ზუსტი ოდენობა. ზემოაღნიშნული დანაკარგების გათვალისწინებით შემცირდა შემოწმებით მიღებული მზა პროდუქციის ნაშთი(კგ) ყოველი ნედლეულისთვის (თხილი, მიწის თხილი, ფისტა, ქეშიუ, ნუში), რამაც გამოიწვია რაოდენობრივად(კგ) პროდუქციის დანაკლისის შემცირება. შედეგად, გადაანგარიშებით შემცირდა შემოწმებით დარიცხული თანხები.
შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“ პროგრამაში და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის (saras.gov.ge) გაგზავნილ ანგარიშგებაშიც ბალანსზე ირიცხებოდა აღნიშნული ძირითადი საშუალება და 2200 ანგარიშზე ხდებოდა დარიცხული ცვეთის დაგროვება. გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებით შესწავლისას, საჯარო რეესტრის მონაცემების საფუძველზე დადასტურდა ---------- ფართის რეალიზაცია 2016 წელს. გადამხდელმა ძირითადი საშუალებების ცვეთაზე წარმოადგინა გაანგარიშების ცხრილი, სადაც სწორადაა გაანგარიშებული დარიცხული ცვეთა. გადაანგარიშების შედეგად ქონების გადასახადში დარიცხული თანხა დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნა. ექსპერტიზის შედეგად განისაზღვრა შრობისა და მოხალვის დანაკარგები ყოველი ნედლეულისთვის (თხილი, მიწის თხილი, ფისტა, ქეშიუ, ნუში) ცალ-ცალკე. დანაკარგების გათვალისწინებით შემცირდა შემოწმებით მიღებული მზა პროდუქციის ნაშთი(კგ) ყოველი ნედლეულისთვის (თხილი, მიწის თხილი, ფისტა, ქეშიუ, ნუში), რამაც გამოიწვია რაოდენობრივად(კგ) პროდუქციის დანაკლისის შემცირება. ხოლო, შემოწმებით მოხალვის დანაკარგის გათვალისწინება არ მომხდარა, რადგან გადამხდელს არ წარმოუდგენია საწარმოო აქტები, ან სხვა სახის მტკიცებულებები, რითაც განისაზღვრებოდა დანაკარგის ზუსტი ოდენობა.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელს შემოწმების მიმდინარეობისას არ მოუწოდებია საქონლის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია და არც 2018 წლის საწყისი და საბოლოო ნაშთები. შემოწმებით 2018 წელზე შედგა საქონლის მოძრაობის ანალიზის ცხრილი, რის მიხედვითაც 2018 წლის პირველ 4 თვეში (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი) რეალიზებული მზა პროდუქციის რაოდენობა აღემატება შეძენის რაოდენობას 1 045 კგ-ით, რაც მეტყველებს იმაზე რომ გადამხდელს 2018 წლის 1 იანვრისთვის უფიქსირდებოდა მზა პროდუქტი ნუშის ნაშთი არანაკლებ 1 045 კგ-სა. აღნიშნულიდან გამომდინარე საქონლის მოძრაობის ანალიზისას გათვალისწინებულ იქნა 1 045 კგ ნუში, როგორც 2018 წლის საწყისი ნაშთი. შესაბამისად 2018 წლის საბოლოო ნაშთია 8 622 კგ ნუში (7 577 კგ ნუში, როგორც 2018 წლის ნუშის შეძენას გამოკლებული მოხალვა/რეალიზაციის სხვაობა და 1 045 კგ ნუში როგორც მზა პროდუქციის საწყისი ნაშთი).
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 მარტის №5864 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადამხდელის საჩივარი.
აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნა. ექსპერტიზის შედეგად განისაზღვრა შრობისა და მოხალვის დანაკარგები ყოველი ნედლეულისთვის (თხილი, მიწის თხილი, ფისტა, ქეშიუ, ნუში) ცალ-ცალკე. დანაკარგების გათვალისწინებით შემცირდა შემოწმებით მიღებული მზა პროდუქციის ნაშთი(კგ) ყოველი ნედლეულისთვის (თხილი, მიწის თხილი, ფისტა, ქეშიუ, ნუში), რამაც გამოიწვია რაოდენობრივად(კგ) პროდუქციის დანაკლისის შემცირება. ხოლო, შემოწმებით მოხალვის დანაკარგის გათვალისწინება არ მომხდარა, რადგან გადამხდელს არ წარმოუდგენია საწარმოო აქტები, ან სხვა სახის მტკიცებულებები, რითაც განისაზღვრებოდა დანაკარგის ზუსტი ოდენობა. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელს შემოწმების მიმდინარეობისას არ მოუწოდებია საქონლის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია და არც 2018 წლის საწყისი და საბოლოო ნაშთები. შემოწმებით 2018 წელზე შედგა საქონლის მოძრაობის ანალიზის ცხრილი, რის მიხედვითაც 2018 წლის პირველ 4 თვეში (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი) რეალიზებული მზა პროდუქციის რაოდენობა აღემატება შეძენის რაოდენობას 1 045 კგ-ით, რაც მეტყველებს იმაზე რომ გადამხდელს 2018 წლის 1 იანვრისთვის უფიქსირდებოდა მზა პროდუქტი ნუშის ნაშთი არანაკლებ 1 045 კგ-სა. აღნიშნულიდან გამომდინარე საქონლის მოძრაობის ანალიზისას გათვალისწინებულ იქნა 1 045 კგ ნუში, როგორც 2018 წლის საწყისი ნაშთი. შესაბამისად 2018 წლის საბოლოო ნაშთია 8 622 კგ ნუში (7 577 კგ ნუში, როგორც 2018 წლის ნუშის შეძენას გამოკლებული მოხალვა/რეალიზაციის სხვაობა და 1 045 კგ ნუში როგორც მზა პროდუქციის საწყისი ნაშთი).
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)