ბრძანება N 10027
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10027
08.05.2023
შპს „--------------“ (ს/ნ --------------)
(ყოფილი -------------)
(მის.: ----------)
2023 წლის 25 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 აპრილის სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა შპს „--------------“ (ს/ნ -------------) 2023 წლის 25 იანვრის №78506/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №005-196 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ადვოკატისთვის ანაზღაურებული მომსახურების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. მიუთითებს, რომ მეწარმეთა შესახებ კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობად არ მიიჩნევა ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო, საარბიტრაჟო, სამედიატორო, სანოტარო, აუდიტორული ან საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა. ასეთივე წესი განსაზღვრული იყო ძველი მეწარმეთა შესახებ კანონის პირველი მუხლის მესამე ნაწილით. შესაბამისად, ადვოკატს არ სჭირდება თავისი საქმიანობის განხორციელებისათვის დარეგისტრირდეს ინდივიდუალურ მეწარმედ ან სხვა სამეწარმეო სუბიექტად. მომჩივანი განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება არ ევალება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №41769, 2022 წლის 6 აპრილის №8595 და 8 დეკემბრის №30980 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------------“ (ს/ნ*-----------) (ყოფილი შპს „--------------“ (ს/ნ -------------)) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 12 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 23 დეკემბრის №32578 ბრძანება და ამავე თარიღის №005-196 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 29 958 ლარი, მათ შორის, გადასახადი 16 218 ლარი, ჯარიმა 8 056 ლარი, საურავი 5 684 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მონაცემებით შპს „-------------“ (ყოფილი შპს „---------------), 2017 წლის 7 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულებით, აუქციონზე შეძენილი აქვს უძრავი ქონება (დასაკუთრებული ქონება), რომელიც 2021 წლის 21 თებერვალს რეალიზებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნულ ოპერაციაზე პირს არ აქვს შესრულებული საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულება დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში.
შემოწმების პროცესში გაანალიზდა პირის სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზაში არსებული მონაცემები. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე გაანგარიშდა პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, ბუღალტრული მონაცემებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების გათვალისწინებით, სხვადასხვა ფიზიკური პირებისთვის ანაზღაურებული მომსახურების ღირებულება (მათ შორის საბანკო გადარიცხვით ანაზღაურებული მომსახურების ღირებულება) შემოწმებით დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1.საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით გადასახადის გადამხდელს აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონება (დასაკუთრებული ქონება) რეალიზებული აქვს 2021 წლის 21 თებერვალს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი განსახილველ სადავო საკითხთან მიმართებაში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკურ პირად ითვლება:
ა) ინდივიდუალური მეწარმე - ფიზიკური პირი, თუ ის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, არის ინდივიდუალური მეწარმე;
ბ) ფიზიკური პირი, თუ ის ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას.
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობად არ მიიჩნევა ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო, საარბიტრაჟო, სამედიატორო, სანოტარო, აუდიტორული ან საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა, აგრეთვე ფიზიკური პირების ან იურიდიული პირების ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ფ/პ ---------- გაფორმებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება და შესაბამისი ინვოისები, თანხის ანაზღაურება ფიქსირდება საბანკო ამონაწერებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით ----------- არ არის რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ ვინაიდან ------------ არ არის რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურებული თანხის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერად განხორციელდა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------------“ (ს/ნ --------------) (ყოფილი შპს „--------------“ (ს/ნ -----------)) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ადვოკატისთვის ანაზღაურებული მომსახურების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.გადასახადის გადამხდელს,აუქციონზე შეძენილი აქვს უძრავი ქონება (დასაკუთრებული ქონება), რომელიც 2021 წლის 21 თებერვალს რეალიზებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნულ ოპერაციაზე პირს არ აქვს შესრულებული საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულება დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში.
აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე გაანგარიშდა პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
2.გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სხვადასხვა ფიზიკური პირებისთვის ანაზღაურებული მომსახურების ღირებულება (მათ შორის საბანკო გადარიცხვით ანაზღაურებული მომსახურების ღირებულება) შემოწმებით დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
გადაწყვეტილება
პირველ და მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი განსახილველ სადავო საკითხთან მიმართებაში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
136(3);158;(1)159(1);160(1);163(1,2);164(1);100(3),102(1),154(1)