გადაწყვეტილება №23918/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23918/2/2024
31 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 13.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23918/2/2024).
დავის საგანი:
დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №002-246 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.08.2024 წლის №18747 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 391 707.38 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 230 665
დღგ - 20 039
მოგების გადასახადი - 178 664
საშემოსავლო გადასახადი - 31 962
ჯარიმა - 116 939
საურავი - 44 103.38
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხილ-ბოსტნეულის შეძენა და ექსპორტი ----------.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 12.07.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 8.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №32514 ბრძანება და 23.12.2022 წლის №002-246 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 29.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12370 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 28.09.2023 წლის №20054/2/2023 (რეგ. 10.10.2023წ. 03/79541) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12370 ბრძანება, საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 22.11.2023 წლის №28799 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 30.05.2024 წლის №21796/2/2024 (რეგ. 11.06.2024წ. 03/44608) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 22.11.2023 წლის №28799 ბრძანება და საჩივარი, გადაწყვეტილების შესაბამისად ხელახლა განსახილველად, დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 14.08.2024 წლის №18747 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 4.10.2024 წლის №---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით შემოსავლების სამსახურის 14.08.2024 წლის №18747 ბრძანებას მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 15.08.2024 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 4.09.2024 წელი, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 13.09.2024 წელს, გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
მომჩივანი განმარტავს, რომ სადავო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დარღვევის მიზეზი არის კომპანიის დირექტორის საქართველოში არყოფნა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო იმყოფებოდა თურქეთში მკურნალობის მიზნით, რისი დამადასტურებელი ცნობის წარდგენის შესაძლებლობაც აქვს. ითხოვს საპატიოდ ჩაითვალოს აღნიშნული გარემოება და მიღებულ იქნას კომპანიის მიერ წარმოდგენილი საჩივარი.
საჩივარს ახლავს 16.09.2024 წელს გაცემული სამედიცინო დოკუმენტის ფორმა №IV-100/ა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გაცემული სს „კ. ----------“ მიერ, სადაც მითითებულია ---------- (პ/ნ ----------) მიერ ამბულატორიაში მიმართვის თარიღი 16.09.2024 წელი, სტაციონარში გაგზავნის, მოთავსების და გაწერის თარიღები არ არის შევსებული.
ასევე წარმოდგენილია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ, რომლის დანართის მიხედვით ---------- (პ/ნ ----------) გასულია 2.09.2024 წელს და შემოსულია 14.09.2024 წელს.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, კომპანიის დირექტორი მითითებულია - ---------- (პ/ნ ----------).
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტი ვერ გახდება დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი. შესაბამისად, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დებიტორული დავალიანების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 4.10.2024 წლის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით შემოსავლების სამსახურის 14.08.2024 წლის №18747 ბრძანებას მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 15.08.2024 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 4.09.2024 წელი, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 13.09.2024 წელს, გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. მომჩივანი განმარტავს, რომ სადავო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დარღვევის მიზეზი არის კომპანიის დირექტორის საქართველოში არყოფნა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო იმყოფებოდა თურქეთში მკურნალობის მიზნით, რისი დამადასტურებელი ცნობის წარდგენის შესაძლებლობაც აქვს. ითხოვს საპატიოდ ჩაითვალოს აღნიშნული გარემოება და მიღებულ იქნას კომპანიის მიერ წარმოდგენილი საჩივარი. საჩივარს ახლავს 16.09.2024 წელს გაცემული სამედიცინო დოკუმენტის ფორმა №IV-100/ა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც მითითებულია დირექტორის მიერ ამბულატორიაში მიმართვის თარიღი 16.09.2024 წელი, სტაციონარში გაგზავნის, მოთავსების და გაწერის თარიღები არ არის შევსებული. ასევე წარმოდგენილია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ, რომლის დანართის მიხედვით დირექტორი გასულია 2.09.2024 წელს და შემოსულია 14.09.2024 წელს. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, კომპანიის დირექტორი მითითებულია აღნიშნული ფიზიკური პირი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ე).