გადაწყვეტილება №20718/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20718/2/2023
22 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 30.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20718/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 24.05.2021 წლის №15692 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის №006-134 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 ივნისის №14396 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 619 879 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 302 560
მიწა - არასასოფლო - 132
მოგების გადასახადი - 225 952
საშემოსავლო გადასახადი - 76 476
ჯარიმა - 151 280 საურავი - 166 039
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 14 დეკემბრის №37130 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2017 წლის საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 30 დეკემბრის №39679 ბრძანება და №006-864 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 28 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 24.05.2021 წლის №15692 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 24.05.2021 წლის №15692 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის დასკვნა, 10 აპრილის №7774 ბრძანება და №006-134 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 15 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 22 ივნისის №14396 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მითითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, უძრავი ქონების მყიდველი პირებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, კერძოდ, შპს „---სა“ და თითოეულ პირს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები, მათ შორის, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, ხელშეკრულების ცვლილებები/გაუქმება (არსებობის შემთხვევაში), ასევე, პირის მიერ უძრავი ქონების შეძენის მიზნით გადახდილი თანხების დამადასტურებელი დოკუმენტები. ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე სადავო საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით, გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა 2017 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდში რეალიზებულ უძრავ ქონებებთან დაკავშირებით ინფორმაცია (2017 წელს რეალიზებული თითოეული უძრავი ქონების ბარათი ცხრილის სახით, საკადასტრო კოდის, ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ღირებულების, უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხების (როგორც სალაროს, ასევე საბანკო გადარიცხვის საშუალებით) და თარიღის მითითებით, ასევე, სალაროში თანხის მიღების შემთხვევაში, თანხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი).
აღნიშნული ინფორმაცია გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი სრულყოფილად და ცხრილში მითითებული ინფორმაციით შეუძლებელი იყო თითოეული უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხების ზუსტად განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა არ დააკმაყოფილა საჩივარი და გაიზიარა შემმოწმებლის პოზიცია, რომ თურმე მომჩივანმა ვერ მიაწოდა შესაბამისი დოკუმენტაცია შემმოწმებელს. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებულია სრული დოკუმენტაცია. მათ შორის, საბანკო ამონაწერები (ხანდაზმულ პერიოდამდე), სრული რეალიზაცია, განშლა თითოეული საკადროს მიხედვით, მყიდველის საიდენტიფიკაციო მონაცემებით. განუმარტეს და განმარტება დასტურდება საბანკო ამონაწერებით, რომ 2017 წლიდან არ მიუღიათ არანაირი თანხა (რაც მოქმედებს ესტონური მოდელი). სრული რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი 2017 წლამდე, რაც უნდა მიეღო კომპანიას მთლიანი მშენებლობიდან კონტრაქტების შესაბამისად, არის სრულად დაბეგრილი მომჩივნის მიერ. შესაბამისად, გაუგებარია და წარმოუდგენელია შემმოწმებლის პოზიცია, რომ ვერ ხედავს ვერანაირ ჩარიცხვას ან სალაროში თანხის შემოსვლას.
ამავდროულად, რომ ჩათვალოს სრულად, რომ დათვალოს მისაღები შემოსავალი, რაც უნდა მიეღო კომპანიას, სრულად არის მიღებული 2017 წლამდე და მაინც გაორებულად არიცხავენ აქეთ პერიოდზე მოგების (ესტონური მოდელი) და საშემოსავლო გადასახადს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დამატებით წარმოადგენს ყველა იმ დოკუმენტაციას, რაც მიწოდებული აქვთ შემმოწმებლისთვის და ასაბუთებს მომჩივნის სიმართლეს. მათ შორის, საბანკო ამონაწერები, ექსელის ცხრილები, სადაც ნათლად და მკაფიოდ ჩანს თითოეული ბინიდან მიღებული შემოსავალი პერიოდების მიხედვით. გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების სრულად/ნაწილობრივ გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 24.05.2021 წლის №15692 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, დამატებით იქნა შესწავლილი სადავო საკითხი. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელისგან დამატებით იქნა გამოთხოვილი, 2017 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდში რეალიზებულ უძრავ ქონებებთან დაკავშირებით, ინფორმაცია/დოკუმენტაცია: 2017 წელს რეალიზებული თითოეული უძრავი ქონების ბარათი (ცხრილის სახით), საკადასტრო კოდის, ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ღირებულების, უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხების (როგორც სალაროს, ასევე საბანკო გადარიცხვის საშუალებით) და თარიღის მითითებით. სალაროში თანხის მიღების შემთხვევაში, თანხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.
აღნიშნული ინფორმაცია მომჩივნის მიერ არ იქნა წარდგენილი სრულყოფილად. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ცხრილში არ არის ასახული სალაროში მიღებული თანხები და ცხრილში წარმოდგენილი ინფორმაციით შეუძლებელია თითოეული უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხების ზუსტად განსაზღვრა. შესაბამისად, შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 24.05.2021 წლის №15692 ბრძანება არ არის აღსრულებული. „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 ივნისის №14396 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
დავის საგანი
შემოსავლების სამსახურის 24.05.2021 წლის №15692 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 24.05.2021 წლის №15692 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის დასკვნა, 10 აპრილის №7774 ბრძანება და №006-134 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 15 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 22 ივნისის №14396 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1,ბ).