ბრძანება N 1344

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.01.2024
№ დოკუმენტი 1344
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 1344

29 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

------ (პ/ნ -----)

(მის.: -------)

2024 წლის 8 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 24 იანვრის სხდომაზე (ოქმი №6) განიხილა -------ს (პ/ნ -----) №1231/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება 2020 წლის 24 აგვისტოს №20010/877760 საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4-ით დაკისრებულ იმპორტის გადასახდელზე წარმოშობილ საურავს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მისთვის უცნობი იყო საბაჟო დეკლარაციით დარიცხული დღგ-ს გადახდის ვალდებულების შესახებ. აღნიშნულის გადაუხდელობამ კი წარმოშვა საურავი, რის შესახებაც მისთვის არავის უცნობებია.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სურავის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2020 წლის 17 აგვისტოს საფოსტო გადამზიდავის – შპს „--------ს“ მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფიზიკური პირი ------ს (პ/ნ -----) სახელზე -------დან №------ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის (მ/მ ტანსაცმელი – 8 ცალი, მობილური ტელეფონი – 3 ცალი, ნოუთბუქი – 1 ცალი, ფეხსაცმელი – 1 წყვილი, საერთო ღირებულება თანმხლები დოკუმენტის (CN23) მიხედვით – 34 000 რუსული რუბლი) ზოგადი დეკლარირება, დეკლარირებას დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა №2-ით.

2020 წლის 24 აგვისტოს, აღნიშნულ საფოსტო გზავნილში განთავსებულ საქონელზე გადამზიდავის მიერ შევსებულ იქნა №----- საბაჟო დეკლარაცია ფორმა – 4, რომლითაც, საქონლის საბაჟო ღირებულების – 1 594.311 ლარის (საიდანაც 190.72 ლარი შეადგენდა გზავნილის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებას, ხოლო 1 403.588 ლარი – საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რუსული რუბლის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლით კურსზე (4.1282) გადაანგარიშებულ საქონლის ღირებულებას) მიხედვით, ფიზიკურ პირ ------ს დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი (დღგ) 268 ლარის ოდენობით. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის კი დაეკისრა საურავი 145.64 ლარის ოდენობით.

დასახელებულ საბაჟო დეკლარაციას გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ის მეშვეობით დამუშავებისას განესაზღვრა „მწვანე დერეფანი“.

№------ საბაჟო დეკლარაცია ფორმა – 4-ში შეტანილი მონაცემები დადასტურებულია დეკლარანტის – ფიზიკური პირი -------ს ხელმოწერით და დეკლარირებული საქონელი გატანილია საბაჟო კონტროლის ზონიდან.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის მე-8 მუხლით დადგენილია, რომ აღიარებული საგადასახადო დავალიანება – საგადასახადო დავალიანება, თუ: ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.

ამავე მუხლის მიხედვით, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს, რომ იმპორტის გადასახდელი არის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადი, აქციზი, დამატებული ღირებულების გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან დაკავშირებით წარმოიშობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 47-ე მუხლი ადგენს, რომ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა იმპორტის გადასახადით დასაბეგრი უცხოური საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში მოქცევისას. საბაჟო ვალდებულება კი წარმოიშობა საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163 პრიმა მუხლით დადგენილია, რომ საქონლის იმპორტის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის მომენტში, ხოლო, თუ საქონელი არ იბეგრება იმპორტის გადასახადით ან გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისგან − მომენტში, როდესაც ეს საქონელი დაიბეგრებოდა, ამ გადასახადისგან გათავისუფლებული რომ არ ყოფილიყო.

ამავე კოდექსის 270–ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამავე საკანონმდებლო აქტის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

დადგენილია, რომ №------ საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4-ით დარიცხული დღგ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ არის გადახდილი. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად მომჩივანს დაეკისრა საურავი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული საურავი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ------ (პ/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

2020 წლის 24 აგვისტოს საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4-ით დაკისრებულ იმპორტის გადასახდელზე წარმოშობილ საურავს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2020 წლის 17 აგვისტოს საფოსტო გადამზიდავის მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მომჩივნის სახელზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება, დეკლარირებას დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა №2-ით. 2020 წლის 24 აგვისტოს, აღნიშნულ საფოსტო გზავნილში განთავსებულ საქონელზე გადამზიდავის მიერ შევსებულ იქნა საბაჟო დეკლარაცია ფორმა – 4, რომლითაც, საქონლის საბაჟო ღირებულების – 1 594.311 ლარის მიხედვით, მომჩივანს დაერიცხა კუთვნილი იმპორტის გადასახდელი (დღგ) 268 ლარის ოდენობით. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის კი დაეკისრა საურავი 145.64 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული საურავი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272.