გადაწყვეტილება №19218/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19218/2/2023
26.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 27.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19218/2/2023).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის დაკისრებული ჯარიმა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.03.2023 წლის №CB1445952 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 24.03.2023 წლის №5912 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.03.2023 წლის №CB1445952 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივანმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომერი ----), გადამოწმების დროს (6.03.2023 წ. 12:44 სთ) გამოვლინდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 1537.90 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის (ხორც-პროდუქტები, შებოლილი სულგუნი) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, რაზეც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.03.2023 წლის №5912 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136- ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 286-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
ავტომანქანა, რომელსაც იყენებს დისტრიბუციისათვის 2023 წლის 6 მარტს შეყვანილი იყო ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად ----ში. ტექნიკური ინსპექტირების დასრულების შემდეგ, 13:03 საათზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ დაჯარიმდა 5000 ლარით სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისათვის. ტექნიკური ინსპექტირებიდან ავტომობილი გამოვიდა 12 საათსა და 48 წუთზე, ელ----- სასაქონლო ზედნადები ატვირთული იქნა 12:48 საათსა და 25 წამზე, ხოლო სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი დაიწერა 13:03 საათზე, მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან ავტომანქანა არ ყოფილა გასული პროდუქციის სარეალიზაციოდ, (მანქანის ტექნიკური მდგომარეობა უცნობი იყო და ელოდებოდა ტექნიკური შემოწმების პასუხს) ხოლო როგორც კი გაიგო, მანქანის მდგომარეობა, რომ შეიძლებოდა გადაადგილება დაუყოვნებლივ ატვირთა ზედნადები. მომჩივანი, ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას. ამასთან მიუთითებს, რომ არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი და ყველა მიწოდებულ პროდუქციაზე ახდენს შესაბამისი სასაქონლო ზედნადების გამოწერას და ატვირთვას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, − იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით,− იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის №28627-21-12 წერილიდან ირკვევა, რომ 6.03.2023 წელს გადამოწმებულ იქნა სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით ---. გადამოწმებისას დადგინდა, რომ მომჩივანი ახდენდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (1537,90 ლარის ღირებულების შერეული ტიპის სურსათი) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.
მომჩივნის განმარტებით, ავტომანქანა დისტრიბუციისათვის 2023 წლის 6 მარტს შეყვანილი იყო ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად ---ში. ტექნიკური ინსპექტირებიდან ავტომობილი გამოვიდა 12 საათსა და 48 წუთზე, ელ--- სასაქონლო ზედნადები ატვირთული იქნა 12:48 საათსა და 25 წამზე, ხოლო სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი დაიწერა 13:03 საათზე, მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან ავტომანქანა არ ყოფილა გასული პროდუქციის სარეალიზაციოდ, (მანქანის ტექნიკური მდგომარეობა უცნობი იყო და ელოდებოდა ტექნიკური შემოწმების პასუხს) ხოლო როგორც კი გაიგო, მანქანის მდგომარეობა, რომ შეიძლებოდა გადაადგილება დაუყოვნებლივ ატვირთა ზედნადები.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.03.2023 წლის №CB1445952 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომერი ---), გადამოწმება მოხდა 6.03.2023 წ. 12:44 სთ-ზე, ხოლო ელ---სასაქონლო ზედნადები ატვირთული იქნა 12:48 საათზე.
მხარეთა არგუმენტაციის შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო აღნიშნავს, რომ ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის დაკისრებული ჯარიმა.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, გამოვლინდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (ხორც-პროდუქტები, შებოლილი სულგუნი) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, რაზეც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.03.2023 წლის №5912 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136 (4); 286 (1;2); 269.