გადაწყვეტილება №23518/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23518/2/2024
19 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---ში“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ის 18.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23518/2/2024).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება საფუძვლით - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.11.2022 წლის №081-236 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.06.2024 წლის №14940 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 223 676 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 128 800
დღგ - 48 565
საშემოსავლო გადასახადი - 80 235
ჯარიმა - 64 731
საურავი - 30 145
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი კოტეჯების მშენებლობა-რეალიზაცია და იმპორტირებული გრუნტის გრანულებისა და კომპოზიციური პანელების რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 24 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №29826 ბრძანება და 30.11.2022 წლის №081-236 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11948 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 22.09.2023 წელს მიღებული №20040/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი 2024 წლის 14 ივნისის (№99424/21-11) საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №081-236 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 25.06.2024 წლის №14940 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს --- ის მიერ, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №081-236 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, წარდგენილი 2022 წლის 19 დეკემბრის საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 მაისის №11948 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს ---- ის 2024 წლის 14 ივნისის საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №081-236 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. აღნიშნავს, რომ გასაჩივრება არ მომხდარა, უფრო მეტიც, კომპანიის ხელმძღვანელი არ ყოფილა ინფორმირებული ბრძანებაში დაფიქსირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით და შესაბამისად, მის მიერ არ მომხდარა აღნიშნული აქტის გასაჩივრება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს შემოსავლების სამსხურის 2024 წლის 25 ივნისის №14940 ბრძანების ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. დადგენილია, რომ საგადასახადო შემოწმების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №081-236 საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში (19.12.2022 წელს რეგისტრირებული №77387/1/2022 საჩივარი) და 2023 წლის 30 მაისის №11948 ბრძანებით მიღებულია გადაწყვეტილება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 მაისის №11948 ბრძანება გასაჩივრებულია (22.06.2023 წელს რეგისტრირებული №20040/2/2023 საჩივარი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 22.09.2023 წელს მიღებული №20040/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამგვარად, ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №081-236 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საჩივრის განუხილველად დატოვება საფუძვლით - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №081-236 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 25.06.2024 წლის №14940 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 (1, ზ).