ბრძანება N 38923-3
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 38923
28/12/2020
შპს -----------------------
(მის.: ქ. -----------------)
სადავო საკითხთან დაკავშიებით საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 04 დეკემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი № 91) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 27 ოქტომბრის და 04 დეკემბრის № 54336/1/2020, № 55145/1/2020 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 28 სექტემბრის №007-354 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
არ ეთანხმება იმ ნედლეულის რეალიზებულად განხილვას, რომელიც შემოტანილი იყო საქართველოში დროებითი გადამუშავების რეჟიმში და აღნიშნული ნარჩენები განადგურდა საგადასახადო კანონმდებლობის სრული დაცვით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 ივნისის №17489 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 01 მაისამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე, 2020 წლის 24 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2020 წლის 28 სექტემბრის №29102 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №007-354 საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 583 307 ლარით, მათ შორის: გადასახადი 306 515 ლარი, ჯარიმა 153 650 ლარი. ხოლო, საურავი 123 142 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
ბუღალტრული პროგრამის ანალიზით გამოვლინდა, რომ შპს ----- ს შესამოწმებელ პერიოდში ჩამოწერილი ჰქონდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (ნედლეული და მასალები). აღნიშნული ოპერაცია უფიქსირდება სამ საანგარიშო პერიოდში 2017 წლის თებერვალში, მარტში და აგვისტოში. საქონლის ჩამოწერის საფუძველი იყო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების განადგურება. აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილი იქნა განადგურების ოქმი, რომელსაც დანართის სახით არ ახლდა განადგურებული საქონლის ჩამონათვალი. შესაბამისად, შემოწმების ხელთ არსებული მასალებით, ვერ დადგინდა რა დასახელების, რაოდენობის ან ღირებულების საქონელი იქნა განადგურებული. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია საარქივო სამმართველოდან. საარქივო სამმართველოსგან 2020 წლის 08 სექტემბერს მიღებული ინფორმაციით ვერ დადგინდა განადგურებული საქონლის სახეობა, რაოდენობა და ღირებულება. შედეგად, შემოწმებით აღნიშნული საქონელი განხილული იქნა მიწოდებად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს 43-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;
გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;
დ) საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
ამავე კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო- მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
დადგენილია, რომ შპს -------------- ს შესამოწმებელ პერიოდში ჩამოწერილი ჰქონდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. საქონლის ჩამოწერის საფუძველი იყო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების განადგურება.
წარმოდგენილი იქნა განადგურების ოქმი, რომელსაც დანარის სახით არ ახლდა განადგურებული საქონლის ჩამონათვალი, რაოდენობა და ღირებულება.
შესაბამისად, შეუძლებელია განადგურებული საქონლის სახეობის, რაოდენობის და ღირებულების დადგენა. ამასთან, აღნიშნული ინფორმაცია გადამხდელის მიერ არც შემოწმების პროცესის და არც დავის ეტაპზე წარმოდგენილი არ არის და აღნიშნულის დადგენა ვერც შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილი ინფორმაციით ვერ ხერხდება.
ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს საჩივრები სადავო საკიოთხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება იმ ნედლეულის რეალიზებულად განხილვას, რომელიც შემოტანილი იყო საქართველოში დროებითი გადამუშავების რეჟიმში და ნარჩენები განადგურდა.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით გამოვლინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ჩამოწერილი ჰქონდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (ნედლეული და მასალები).. საქონლის ჩამოწერის საფუძველი იყო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების განადგურება. აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილი იქნა განადგურების ოქმი, რომელსაც დანართის სახით არ ახლდა განადგურებული საქონლის ჩამონათვალი. შესაბამისად, შემოწმების ხელთ არსებული მასალებით, ვერ დადგინდა რა დასახელების, რაოდენობის ან ღირებულების საქონელი იქნა განადგურებული. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საარქივო სამმართველოსგან მიღებული ინფორმაციით ვერ დადგინდა განადგურებული საქონლის სახეობა, რაოდენობა და ღირებულება. შედეგად, შემოწმებით აღნიშნული საქონელი განხილული იქნა მიწოდებად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა სსკ-ს 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 145(6); 275
01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161(1,,ა“)