გადაწყვეტილება №25338/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25338/2/2025
04 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,27.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 19.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25338/2/2025).
დავის საგანი:
1.საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების 25%-ის დირექტორის მიერ მიღებულ
ხელფასად განხილვა;
3. დივიდენდის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2024 წლის №041-16 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.07.2024 წლის №16048 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 087 479.38 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 536 154
დღგ - 119 083
საშემოსავლო გადასახადი - 417 071
ჯარიმა - 468 212
საურავი - 83 113.38
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტი და რეალიზაცია ე.წ. „------“-ს ბაზრობის ტერიტორიაზე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 20.01.2022 წლიდან 1.02.2024 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 8 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 აპრილის №8026 ბრძანება და №041-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.07.2024 წლის №16048 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი და მე-9 ნაწილების შესაბამისად:
1. საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 23.06.2025 წლის №------ წერილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 5.07.2024 წლის №16048 ბრძანება გაიგზავნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე და ვინაიდან, ბრძანების განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, ასევე „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-14 და 151 მუხლებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა ავტომატურ რეჟიმში განახორციელა 2024 წლის 5 ივლისის №16048 ბრძანების საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) 2024 წლის 5 აგვისტოს. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 ივლისის №16048 ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2024 წლის 5 ივლისს და გაცნობა ფიქსირდება 2025 წლის 23 იანვარს.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 და მე-11 ნაწილების შინაარსის გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო აქტი, საჯაროდ გავრცელებიდან მე-20 დღეს ითვლება ჩაბარებულად, ხოლო პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში, მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო აქტის გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს საჯაროდ გავრცელებიდან მე-20 დღეს და არა ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობის დღიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გასაჩივრებული შემოსავლების სამსახურის 5.07.2024 წლის №16048 ბრძანება საჯაროდ გავრცელდა 5.08.2024 წელს, ჩაბარებულად ითვლება 25.08.2024 წელს, შესაბამისად, გასაჩივრების ბოლო დღე იყო 14.09.2024 წელი. საჩივარი წარმოდგენილია ელექტრონულად 19.06.2025 წელს, გასაჩივრების 20 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
მომჩივანი საჩივარში აღნიშნავს, რომ კომპანიის დამფუძნებელი საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას და მის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. აღნიშნულ პირობებში მას ფაქტობრივად არ ჰქონდა შესაძლებლობა განეხორციელებინა კომპანიის საქმიანობაზე ზედამხედველობა, არ ფლობდა ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს მოთხოვნებისა და კომპანიის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ და არ გააჩნდა ობიექტური საშუალება მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილებები ან მიეცა მითითებები კომპანიის წარმომადგენლებისთვის. აღნიშნული გარემოება არსებითად ზღუდავდა როგორც კომპანიის, ისე თავად დამფუძნებლის შესაძლებლობას, დაეცვათ საკუთარი სამართლებრივი პოზიცია ადმინისტრაციულ დავაში.
მომჩივანი საჩივარზე დანართის სახით წარმოადგენს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 28.05.2025 წლის განაჩენს „------“-ის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, რომლის სარეზოლუციო ნაწილის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა აითვალოს დაკავების მომენტიდან - 2024 წლის 31 აგვისტოდან. ამასთან, ამავე საჩივარზე თანდართულია ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომელიც რეგისტრირებულია 5.02.2024 წელს (№240131948), რწმუნებულება გაცემულია კომპანიის დირექტორის „------“-ს მიერ „------“-სა და „------“-ზე განუსაზღვრელი ვადით. ხოლო, შემოსავლების სამსახურში არსებული საქმის მასალებით ირკვევა, რომ საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია (15.05.2024 წელი, №79694/21) და დადგენილი ხარვეზი გამოსწორებულია (31.05.2024 წელი №90466/21) ხსენებული პირების მიერ.
ამგვარად, ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გასაჩივრების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მინდობილ პირებს უფლებამოსილება გააჩნდა გაესაჩივრებინა შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება, რაც მათ არ განუხორციელებიათ.
აღსანიშნავია, რომ საჩივრის განხილვა ჩაინიშნა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის (მინდობილი პირის) „------“-ის მონაწილეობით, რაზეც მას ეცნობა 24 ივნისს (14:05 საათზე, საჩივარში მითითებული ტელეფონზე დარეკვით) და შეეთავაზა საჩივრის ზეპირ განხილვაში მონაწილეობა, რის შემდგომაც მის მიერ გამოგზავნილ მეილზე, 25 ივნისს გაეგზავნა საჩივრის ზეპირ განხილვაზე ჩართვის ბმული, თუმცა მას აღნიშნული შეთავაზებით არ უსარგებლია და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, გასულია შემოსავლების სამსახურის 5.07.2024 წლის №16048 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტი და რეალიზაცია ბაზრობის ტერიტორიაზე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 20.01.2022 წლიდან 1.02.2024 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 8 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 აპრილის №8026 ბრძანება და №041-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.07.2024 წლის №16048 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, გასულია შემოსავლების სამსახურის 5.07.2024 წლის №16048 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
301-"ე"