ბრძანება N 4553

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.03.2023
№ დოკუმენტი 4553
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4553

10.03.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: -------------------------- )

2023 წლის 2 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა შპს „-----------“-ის (ს/ნ ---------) №18789/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 9 ნოემბრის №021-1121 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, 17 ნოემბრის №2021/021-1121/1 აქტს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, 17 ნოემბრის №021-2021-217995 ბრძანებას საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ და ითხოვს ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის დაწყებას.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 9 ნოემბრის №021-1121 ბრძანების საფუძველზე ყადაღა დაედო შპს ---------ის ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სადავო აქტით მოხდა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების აღწერა/დაყადაღება. 2022 წლის 3 თებერვალს შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა -------ის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია. 2022 წლის 28 მარტს -------ის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა შპს -----------ის დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის შესახებ.

-----------ის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის ბრძანება შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრა -----------ის სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ -----------ის სააპელაციო სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის საჩივარი და უცვლელი დარჩა --------ის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის ბრძანება.

სასამართლოს მხრიდან შუამდგომლობაზე უარი იმით იქნა დასაბუთებული, რომ შპს --------- ის მიერ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრებული იქნა 2020 წლის 13 მაისის №047-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 24 ივლისის №21079 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. №047-15 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის №21079 ბრძანება გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 2021 წლის 2 ივლისის №11288/2/2020 გადაწყვეტილებით გადამხდელის საჩივარი დატოვა განუხილველი. შპს -----------ის მიერ სარჩელი იქნა აღძრული სასამართლოში და გასაჩივრებულ იქნა №047-15 საგადასახადო მოთხოვნა და №11288/2/2020 გადაწყვეტილება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და სადავო საკითხის გადაუწყვეტილად ბათილად იქნა ცნობილი დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 2 ივლისის №11288/2/2020 გადაწყვეტილება და მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს დაავალა, სადავო საკითხთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა. გადაწყვეტილება გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში და არ არის შესული კანონიერ ძალაში, შესაბამისად დარიცხული თანხები არ განეკუთვნება საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას.

მას შემდეგ, რაც განხორციელდა შპს -----------ის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალების წარდგენა, ქონებაზე ყადაღის დადება და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტის გამოცემა, შეიცვალა გარემოებები და სასამართლოს გადაწყვეტილებები არსებობს, რომლითაც ყადაღადადებული ქონების რეალიზების საკითხზე შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ---------ის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, რომელიც უკვე კანონიერ ძალაშია შესული. ასევე დარიცხულ თანხებთან დაკავშირებითაც სასამართლომ ---------ის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით თავიდან უნდა იმსჯელოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ. წარმოიშვა ახალი გარემოებები, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ არ არსებობს აღიარებული საგადასახადო დავალიანება. შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის დაწყებას და სადავო ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, შპს „---------“-ს (ს/ნ ---------) 2021 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 191876.06 ლარი, ჯარიმა 124568 ლარი, საურავი 142938.55 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული 265502.90 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შპს „----------“-ს (ს/ნ --------------) მიმართ გამოცემულ იქნა 2021 წლის 9 ნოემბრის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №021-1121 ბრძანება. აღნიშნულ ბრძანებას გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2021 წლის 14 ნოემბერს.

აღნიშნული ბრძანების საფუძველზე კი, 2021 წლის 17 ნოემბერს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №2021/021-1121/1 აქტი, რომელსაც გაეცნო 2021 წლის 30 ნოემბერს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 17 ნოემბრის №021-2021-217995 ბრძანება შპს „----------“-ის (ს/ნ -----------) საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის თაობაზე, რომლის საფუძველზეც საბანკო ანგარიშებიდან თანხის ჩამოწერა არ განხორციელებულა (აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 191876.06 ლარი, ჯარიმა 124,568 ლარი, საურავი 143023.64 ლარი).

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით შპს „----------“-ს (ს/ნ --------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 353656.06 ლარი, ჯარიმა 206004 ლარი, საურავი 201249.11 ლარი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.

ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ-----ის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის ბრძანება (საქმე №3/8-2022) ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ/ახლად გამოვლენილ გარემოებად. შესაბამისად, გადამხდელის საჩივარი ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების თაობაზე დაუსაბუთებელია და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „--------------“-ის (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.