გადაწყვეტილება №25247/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25247/2/2025
18 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ -----------------ი (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ,,------------------ი“-ის 2.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №----/2/2025).
დავის საგანი:
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2025 წლის №070-1 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9599 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 60 379,64 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 37 670,12
ჯარიმა - 18 835,10
საურავი - 3 874,42
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მეწარმის საქმიანობას წარმოადგენდა ქ. ------ი საცალო ვაჭრობა სასმელებით, საკვებით, სიგარეტით და ა.შ.
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის საგადასახდო შემოწმების აქტის საფუძველზე შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 26.04.2023 წლიდან 1.03.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მეწარმის განმარტებით, შემოწმების მიმდინარეობისას საქმიანობა შეწყვეტილი ჰქონდა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, გადასახადის გადამხდელის სახელზე რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატიდან და პოს ტერმინალიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალი (დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის გათვალისწინებით) სულ შეადგენდა 285 167 ლარს. ამასთან, შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის მიხედვით მიღებული შემოსავალი (გარდა ტერმინალით მიღებულისა). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა სულ 361 504 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.04.2025 წლის №070-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.05.2025 წლის №9599 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ მეწარმე ცდილობდა კეთილსინდისიერად, კანონმდებლობის სრული დაცვით გადაეხადა გადასახადები და მისთვის გაუგებარია რაზე დაყრდნობით გაიანგარიშა შემოწმებამ ბიუჯეტში გადასარიცხი თანხის აღნიშნული ოდენობა, რომელიც გაუმართლებლად მაღალია. განმარტავს, რომ მეწარმეს ჰქონდა მცირე კაფე, რომლის ნაკლები პოპულარულობიდან გამომდინარე, მუშაობა მეტწილად შეჩერებული ჰქონდა, რამაც გამოიწვია შემოსავლის სიმცირე. მომჩივანი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით, ითხოვს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
დადგენილია, რომ შემოწმების მიმდინარეობისას მეწარმეს ეკონომიკური საქმიანობა შეწყვეტილი ჰქონდა. შემოწმებისთვის წარდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერის მიხედვით მიღებული შემოსავლიდან (გარდა ტერმინალით მიღებულისა) განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
საბჭო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახდო შემოწმების აქტის საფუძველზე შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 26.04.2023 წლიდან 1.03.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ მეწარმეს შემოწმების მიმდინარეობისას საქმიანობა შეწყვეტილი ჰქონდა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, გადასახადის გადამხდელის სახელზე რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატიდან და პოს ტერმინალიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალი (დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის გათვალისწინებით) სულ შეადგენდა 285 167 ლარს. ამასთან, შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის მიხედვით მიღებული შემოსავალი (გარდა ტერმინალით მიღებულისა). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა სულ 361 504 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №070-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №9599 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1);