გადაწყვეტილება №20849/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20849/2/2023
20 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 18.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20849/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 18.05.2021 წლის №14780 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.07.2023 წლის №002-168 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.09.2023 წლის №21989 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 64 701 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 30 786
დღგ - (-11 408)
საშემოსავლო გადასახადი - 42 194
ჯარიმა - 26 141
საურავი - 7 774
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა საყოფაცხოვრებო ტექნიკით ვაჭრობა (საცალო და კორპორატიული). აუდიტის დეპარტამენტის 17.12.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 28.12.2020 წლის №002-409 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.05.2021 წლის №14780 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ); ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
დღგ-ის ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობის, არამეწარმე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების დაბეგვრის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში გამოვლენილი უზუსტობის საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
განკარგვადი ფულის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებებისა და ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 18.05.2021 წლის №14780 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენილი იქნა ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი. აღნიშნულ ცხრილში ფასნამატები დაყოფილია კატეგორიებად, კერძოდ ტენდერის ფარგლებში განხორციელებული ოპერაციების ფასნამატი, ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაციების ფასნამატი და სხვა დანარჩენი დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი. ფასნამატები გაანგარიშებულია უშუალოდ საქონლის სახეობის მიხედვით (დაკავშირებულია კოდებით). შესაბამისად, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშებაც განხორციელდა ზემოაღნიშნული ტიპების მიხედვით და საცალოდ (უდოკუმენტოდ) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გაანგარიშდა დოკუმენტური (გარდა ტენდერისა და ურთიერთდამოკიდებული პირისა) ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადაანგარიშებას (შემცირებას) დაექვემდებარა აქტით დარიცხული დღგ-ის თანხა და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად დარიცხული ჯარიმა.
ამასთან, გადასახადის გადამხდელმა განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის შედეგადაც, დაკორექტირდა (შემცირდა) არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლები. ასევე, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები (ჩაშლილად, იდენტიფიცირდება მეორე მხარეები), რომელიც განსხვავდება აქტის დროს წარმოდგენილი ინფორმაციისგან. შემოწმების მიერ გადამოწმებულ იქნა გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაცია. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით დაკორექტირდა (შემცირდა) ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი განკარგვადი თანხა, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის თანხისა და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად დარიცხული ჯარიმა.
დღგ-ის ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობის, არამეწარმე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების დაბეგვრის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში გამოვლენილი უზუსტობის საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე ისეთი მტკიცებულება (განსხვავებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია), რაც გამოიწვევდა აღნიშნულ საკითხებში აქტით დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირებას).
აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 24.07.2023 წლის №002-168 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.09.2023 წლის №21989 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 18.05.2021 წლის ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 27.06.2023 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები. კერძოდ, შემოწმების მიერ გადამოწმებულ იქნა გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი დებიტორ-კრედიტორიების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისად, დაკორექტირდა (შემცირდა) ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი განკარგვადი თანხა. ამასთან, ფასნამატები გაანგარიშებულია უშუალოდ საქონლის სახეობის მიხედვით, შესაბამისად, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშებაც განხორციელდა ზემოაღნიშნული ტიპების მიხედვით და საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გაანგარიშდა დოკუმენტური ფასნამატი. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია დაარსდა 2013 წელს. ითვლება ერთ-ერთ კონკურენტუნარიან და კეთილსინდისიერ მიმწოდებლად სახელმწიფო შესყიდვების კუთხით. ფუნქციონირების განმავლობაში მიწოდებული აქვს 500-ზე მეტი სახელმწიფო შესყიდვა. 2018-2019 წლებში კომპანიას გააჩნდა ორი საცალო სავაჭრო ობიექტი (ქ.---------და ქ. -----------, რომლებიც მალევე დაიხურა რეალიზაციის არქონის გამო).
შემოსავლების სამსახურმა 18.05.2021 წლის №14780 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. აღნიშნულ ბრძანებაში მითითებული შენიშვნების გათვალისწინებით მომჩივნის მხრიდან აუდიტორთან სრულად და დროულად იქნა გადაგზავნილი ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი.
27.07.2023 წელს ჩაბარდა აუდიტის დეპარტამენტის 24.07.2023 წლის №17825 ბრძანება, რომლის საფუძველზეც შესამცირებელი თანხების ჯამმა შეადგინა 41 236 ლარი. ბრძანების ჩაბარების შემდეგ ჰქონდა კომუნიკაცია და შეხვედრა აუდიტორთან, რომლისგანაც მიიღო ახალი დაანგარიშების დოკუმენტები. მიღებული დოკუმენტის მიხედვითაც ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში ცვლილება შეეხო მხოლოდ დებიტორ-კრედიტორებს, ხოლო ხარჯები, რომელთა არსებობაც დასტურდება კონკრეტული დოკუმენტებით (საბანკო ამონაწერებით) რატომღაც არ იქნა გათვალისწინებული.
ახალ გაანგარიშებაში (ისევე როგორც ძველში) მოცემულია გაურკვეველი თანხები, რომელთან დაკავშირებით გააჩნია საფუძვლიანი კითხვები. გამომდინარე იქიდან, რომ ვერცერთი აუდიტორისგან ვერ მიიღო დასაბუთებული პასუხი, თუ რისგან შედგება საჩივარში ნახსენები თანხები და რატომ არ ითვალისწინებენ დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს, მიაჩნია - სამართლიანი იქნება ხელახლა მოხდეს კომპანიის ფულის მოძრაობის გაანგარიშება კომპანიის წარმომადგენლის ჩართულობით, რომ ისევ არ დადგეს უსამართლო ფაქტის და გადაწყვეტილების წინაშე.
საჩივარში წარმოდგენილი ნებისმიერი ციფრი და არგუმენტი გამყარებულია კონკრეტული დოკუმენტით, რომელთა განხილვა და გათვალისწინებაც გაურკვეველი მიზეზების გამო არ მომხდარა აუდიტის დეპარტამენტის მიერ, გაანგარიშების არცერთ ეტაპზე.
წარმოდგენილი აქვს აუდიტორის მიერ მიწოდებული ფულის მოძრაობის გაანგარიშების დოკუმენტი, სადაც მოცემულია გაანგარიშების - პირველი და მეორე ეტაპის შედეგები, ხოლო ბოლო სვეტში მომჩივნის შენიშვნები.
როგორც პირველ, ისე მეორე გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული ხარჯები, რომელთა არსებობაც დასტურდება კონკრეტული დოკუმენტებით, ყოველივე აქედან გამომდინარე იძულებულია იფიქროს - საქმე აქვს ელემენტარულ უყურადღებობასთან.
მეოთხე წელი გადის კომპანიაში შემოწმების დაწყებიდან და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საუბარი უწევს ელემენტარულ არითმეტიკაზე - ხარჯებზე, რომელთა არსებობაც დასტურდება კონკრეტული დოკუმენტებით და აუცილებლად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული ორივე გაანგარიშებისას.
ახალ დაანგარიშებაში (ისევე, როგორც ძველში) არასწორადაა დათვლილი ფულის მოძრაობა, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის და შესაბამისად ჯარიმის ისევ არასწორად გამოთვლა, აუდიტორის დაანგარიშებაში გაურკვეველია შემდეგი დეტალები:
ბრუნვა - 2 705 076,05 ლარი; როდესაც RS.GE-ის მონაცემებით და მომჩივნის მიერ წარდგენილი დეტალური რეპორტით შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ბრუნვა შეადგენდა 2 624 273,67 ლარს (წარმოდგენილი აქვს დანართები: „ფულის მოძრაობა“ და „გაყიდვების ტიპები - (მთლიანი));
- დაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული შემოწმების დაწყებისა და დასრულების მომენტისთვის კომპანიის საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი ნაშთები, კერძოდ: საწყისი ნაშთი - 30 410,32 ლარი; საბოლოო ნაშთი - 34 191,25 ლარი (წარმოდგენილი აქვს საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები);
პროდუქციის მიღება - 2 285 404,7 ლარი; როდესაც RS.GE-ის და მომჩივნის მიერ წარდგენილი დეტალური რეპორტის მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიღება შეადგენს - 2 191 318,66 ლარს, (წარმოდგენილი აქვს დანართები: „ფულის მოძრაობა“ და „გაყიდვების ტიპები - (მთლიანი));
ხელფასი - 81 316 ლარი; საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებით წარდგენილი აქვს დეტალური ინფორმაცია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გაცემულმა ხელფასებმა შეადგინა - 116 621 ლარი ((წარმოდგენილი აქვს გაანგარიშებები: „ფულის მოძრაობა“ და „ხელფასები“) დივიდენდი - 108 128,05 ლარი; საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებით წარდგენილი აქვს დეტალური ინფორმაცია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გაცემულმა დივიდენდმა შეადგინა -
56 300 ლარი ((წარმოდგენილი აქვს დანართები: „ფულის მოძრაობა“ და „დივიდენდი“);
იჯარის ხარჯი - 9 900,8 ლარი; საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებით წარდგენილი აქვს დეტალური ინფორმაცია, რომ შესამოწმებელ პერიოდში იჯარის ხარჯმა შეადგინა - 13 934 ლარი (წარმოდგენილი აქვს დანართები: „ფულის მოძრაობა“ და „იჯარა“);
აუდიტორის ახალ გაანგარიშებაში (ისევე როგორც ძველში) ნაჩვენებია თანხა - 25 185,34 ლარი, რომელსაც კომენტარის სახით მითითებულია აქვს - „სხვა“, რა იგულისხმება ამ თანხაში და რა ხარჯებზეა საუბარი გაურკვეველია (წარმოდგენილი აქვს დანართი -„ფულის მოძრაობა“);
ფულის მოძრაობის ახალ დაანგარიშებაში (ისევე როგორც ძველში) საერთოდ არ არის გათვალისწინებული შემდეგი ხარჯები: გაწეული მომსახურების საფასური - 108 366,31 ლარი; ტენდერში მონაწილეობის ხარჯი - 19 050 ლარი; ბანკის და ტენდერის საკომისიო ხარჯი - 4 035 ლარი; საპენსიო სააგენტოს გადასახადი - 2 223,72; აღნიშნული ხარჯების დადასტურების მიზნით წარდგენილი აქვს საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები (იხ. დანართი „ფულის მოძრაობა“ და „გაწეული მომსახურება“);
აუდიტორის ახალ გაანგარიშებაში (ისევე როგორც ძველში) ნაჩვენებია თანხა - 10,453.17 ლარი, რომელსაც კომენტარის სახით მითითებულია აქვს - „ბანკი სხვაობა“, რა იგულისხმება ამ თანხაში და რა სხვაობაზეა საუბარი ჩვენთვის გაურკვეველია (წარმოდგენილი აქვს დანართები: „ფულის მოძრაობა“). შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას გააჩნდა შემდეგი ტიპის რეალიზაციები:
რეალიზაცია საგადასახდო დოკუმენტებით (სასაქონლო ზედნადები და საგადასახადო ანგარიშფაქტურები) 2 326 017,71 ლარი (ფასნამატი - 20,8%), (წარმოდგენილი აქვს დანართი: „გაყიდვების ტიპები - (საცალოს და ურთიერთდამოკიდებულის გარდა)“.
საცალო რეალიზაცია, საბანკო გადარიცხვით და განვადებით - 93 630,46 ლარი (ფასნამატი - 12,2%), წარმოდგენილი აქვს დანართი „გაყიდვების ტიპები (საცალო - განვადება და უნაღდო)“ - საცალო რეალიზაციისას - ნაღდით და განვადებით რეალიზაციებს შორის პროცენტის სხვაობა განპირობებულია ბანკების პროცენტული განვადების საკომისიოთი (საშუალოდ 6-7%), რომელიც თავის მხრივ ასახული აქვს ხარჯების გრაფაში, გაანგარიშებაში „ფულის მოძრაობა“;
საცალო რეალიზაცია, ნაღდი ანგარიშსწორებით - 102 875 ლარი (ფასნამატი - 19,3%), წარმოდგენილი აქვს დანართი - „გაყიდვების ტიპები - (საცალო - ნაღდი)“;
რეალიზაცია ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის - 101 750,50 ლარი (ფასნამატი - 7,8%), იხ. დანართი ,,გაყიდვების ტიპები - (ურთიერთდამოკიდებული)“.
აუდიტორის ინფორმაციით (ასევე ძველი დაანგარიშებით) - პირველი ტიპის, რეალიზაციის ფასნამატის პროცენტმა შეადგინა - 26%, რაც ასევე გაურკვეველია და ვერანაირად ვერ დასტურდება, ვინაიდან დანართის - ,,გაყიდვების ტიპები - (საცალოს და ურთიერთდამოკიდებულის გარდა)“ სახით წარდგენილ დოკუმენტში ყველა რეალიზაციის სიზუსტე და ფასნამატის პროცენტი დასტურდება კონკრეტული: სასაქონლო ზედნადებებით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ან საბანკო ამონაწერებით.
თავის მხრივ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მოხდა - პირველი ტიპის რეალიზაციის ფასნამატის პროცენტის გავრცელება: მეორე, მესამე და მეოთხე ტიპის რეალიზაციებზე.
გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია, შემოწმების პერიოდში არ საქმიანობდა ბუღალტრული პროგრამით, ეთანხმება კომპანიის არაპირდაპირი მეთოდით შემოწმებას, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ბიუჯეტში გადასახდელი თანხების არასწორად დარიცხვის მიზეზი.
გამომდინარე იქიდან, რომ პირველი გაყიდვების ტიპის ფასნამატის პროცენტი შეადგენს 20,8%-ს (რაც დასტურდება კონკრეტული დოკუმენტებით), შემდგომში: მეორე, მესამე და მეოთხე გაყიდვების ტიპებზე ამ პროცენტის გავრცელების შემთხვევაში მიიღება შემდეგი:
აქედან გამომდინარე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, რეალიზაციის თანხა უნდა გაზრდილიყო - 23 292,26 ლარით და არა - 80803,38 ლარით, როგორც მითითებულია აუდიტორი გაანგარიშებაში.
ხელახალი გაანგარიშებისას - 2 წლის მანძილზე არცერთხელ არ მომხდარა კომუნიკაცია აუდიტორის მხრიდან, იმასთან დაკავშირებით თუ რა მდგომარეობაში იყო შემოწმების პროცესი და არ ყოფილა დაინტერესება მომჩივნის არგუმენტებით. გაანგარიშებაში მოცემულია გაურკვეველი თანხები, რომელთა დაკავშირებით გააჩნია საფუძვლიანი კითხვები. გამომდინარე იქიდან რომ ვერცერთი აუდიტორისგან ვერ მიიღო დასაბუთებული პასუხი თუ რისგან შედგება საჩივარში ნახსენები თანხები და რატომ არ ითვალისწინებენ დოკუმენტალურად დადასტურებულ ხარჯებს, მიაჩნია - სამართლიანი იქნება ხელახლა მოხდეს კომპანიის ფულის მოძრაობის გაანგარიშება კომპანიის წარმომადგენლის ჩართულობით, რომ ისევ არ დადგეს უსამართლო ფაქტის და გადაწყვეტილების წინაშე.
ითხოვს, მოხდეს შემოსავლების სამსახურის 08.09.2023 წლის №21989 ბრძანების გადახედვა და შემოწმების შედეგების ხელახალი გაანგარიშება, საჩივარში წარმოდგენილი და დოკუმენტალურად გამყარებული არგუმენტების გათვალისწინებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 18.05.2021 წლის №14780 ბრძანებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ); ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
დღგ-ის ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობის, არამეწარმე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების დაბეგვრის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში გამოვლენილი უზუსტობის საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
განკარგვადი ფულის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; გადამხდელის განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებებისა და შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარდგენილი იქნა ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი. აღნიშნულ ცხრილში ფასნამატები დაყოფილია კატეგორიებად, კერძოდ ტენდერის ფარგლებში განხორციელებული ოპერაციების ფასნამატი, ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაციების ფასნამატი და სხვა დანარჩენი დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი. ფასნამატები გაანგარიშებულია უშუალოდ საქონლის სახეობის მიხედვით (დაკავშირებულია კოდებით). შესაბამისად, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშებაც განხორციელდა ზემოაღნიშნული ტიპების მიხედვით და საცალოდ (უდოკუმენტოდ) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გაანგარიშდა დოკუმენტური (გარდა ტენდერისა და ურთიერთდამოკიდებული პირისა) ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადაანგარიშებას (შემცირებას) დაექვემდებარა აქტით დარიცხული დღგ-ის თანხა და დაკისრებული ჯარიმა.
ამასთან, გადასახადის გადამხდელმა განსაზღვრულ ვადაში წარადგინა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის შედეგადაც, დაკორექტირდა (შემცირდა) არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლები. ასევე, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები (ჩაშლილად, იდენტიფიცირდება მეორე მხარეები), რომელიც განსხვავდება აქტის დროს წარდგენილი ინფორმაციისგან. შემოწმების მიერ გადამოწმებულ იქნა გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაცია. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით დაკორექტირდა (შემცირდა) ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი განკარგვადი თანხა, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის თანხისა და ჯარიმის შემცირება.
დღგ-ის ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობის, არამეწარმე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების დაბეგვრის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში გამოვლენილი უზუსტობის საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი რაიმე ისეთი მტკიცებულება (განსხვავებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია), რაც გამოიწვევდა აღნიშნულ საკითხებში აქტით დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირებას).
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 8.09.2023 წლის №21989 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.07.2023 წლის №002-168 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.09.2023 წლის №21989 ბრძანება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარდგენილი იქნა ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი. აღნიშნულ ცხრილში ფასნამატები დაყოფილია კატეგორიებად, კერძოდ ტენდერის ფარგლებში განხორციელებული ოპერაციების ფასნამატი, ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაციების ფასნამატი და სხვა დანარჩენი დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი. ფასნამატები გაანგარიშებულია უშუალოდ საქონლის სახეობის მიხედვით (დაკავშირებულია კოდებით). შესაბამისად, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშებაც განხორციელდა ზემოაღნიშნული ტიპების მიხედვით და საცალოდ (უდოკუმენტოდ) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გაანგარიშდა დოკუმენტური (გარდა ტენდერისა და ურთიერთდამოკიდებული პირისა) ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადაანგარიშებას (შემცირებას) დაექვემდებარა აქტით დარიცხული დღგ-ის თანხა და დაკისრებული ჯარიმა.
დღგ-ის ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობის, არამეწარმე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების დაბეგვრის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში გამოვლენილი უზუსტობის საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი რაიმე ისეთი მტკიცებულება (განსხვავებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია), რაც გამოიწვევდა აღნიშნულ საკითხებში აქტით დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირებას).
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;302(6);