გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.01.2018
საქმის ნომერი
180210017001874182
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/192-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 იანვარი, 2018 წ. ქ. მცხეთა.

შესავალი ნაწილი

მცხეთის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი - დარეჯან ქაშიაშვილი

მოსარჩელე - ვ--–-------------–---–-

წარმომადგენელი - დ--------------–---–-

მოპასუხე - ნ--------------–-

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გამოთხოვილი იქნეს ნ--------------–-ს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება, მდებარე მცხეთა სოფ. მისაქციელი ფართი 200 კვ.მ. შენობა-ნაგებობასთან ერთად საკადასტრო კოდით 72.03.15.1-- და აღნიშნული ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაუბრუნდეს მოსარჩელე ვ--–-------------–---–-

1.2. გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. (ს.ფ. 4)

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ვ--–-------------–---–-ს სახელზე ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე მდებარე მცხეთა სოფ. მისაქციელი ფართი 200 კვ.მ. შენობა-ნაგებობასთან ერთად საკადასტრო კოდით 72.03.15.1--. უძრავ ქონებაში უკანონოდ ცხოვრობს მოპასუხე, რომელიც უძრავი ქონების ნებაყოფლობით დატოვებაზე უარს აცხადებს.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ნ--------------–-- როგორც წარმოდგენილ შესაგებელში, ისე სასამართლოს სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უძრავი ნივთი მდებარე მცხეთა სოფ. მისაქციელი ფართი 200 კვ.მ. შენობა-ნაგებობასთან ერთად საკადასტრო კოდით 72.03.15.1--, მესაკუთრეს წარმოადგენს ვ--–-------------–---–- და საჯარო რეესტრში უძრავი ქონება რეგისტრირებულია მის სახელზე.

(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 14)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ვ--–-------------–---–-ს სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთს, მდებარე მცხეთა სოფ. მისაქციელი ფართი 200 კვ.მ. შენობა-ნაგებობასთან ერთად საკადასტრო კოდით 72.03.15.1--. ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე ნ--------------–- და იმყოფება მის უკანონო მფლობელობაში.

 

(მტკიცებულება: სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტება, 2018 წლის 05 იანვრის სხდომის ოქმი.)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეს სხვა რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისგან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი, მუხლი 1, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 21-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 170-ე, 172-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-270-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი აბზაცით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი სარჩელი არის ვინდიკაციური, რომლითაც მესაკუთრე ახდენს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი საკუთრების ვინდიცირებას, მისი გამოთხოვის გზით. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ნივთის მდებარე მცხეთა სოფ. მისაქციელი ფართი 200 კვ.მ. შენობა-ნაგებობასთან ერთად საკადასტრო კოდით 72.03.15.1--, მესაკუთრეს წარმოადგენს ვ--–-------------–---–- და საჯარო რეესტრში უძრავი ქონება რეგისტრირებულია მის სახელზე და სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადასტურდება, ის ნამდვილია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა. შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს საპროცესო ნორმაზე, რომლის მიხედვითაც კოდექსით დაშვებულია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, თუმცა ვერ ასაბუთებს მის აუცილებლობას. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის განმარტებაზე, რომ ოჯახი შედგება ცხრა სულისგან, სადაც ოთხი მცირეწლოვანია და რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულით 1540 სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი დაუსაბუთებლობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახ. ბაჟის - 120 ლარის გადახდა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 268-270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ვ--–-------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. გამოთხოვილი იქნეს ვ--–-------------–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. მცხეთა სოფ. მისაქციელი ფართი 200 კვ.მ. შენობა-ნაგებობასთან ერთად საკადასტრო კოდით 72.03.15.1--. მოპასუხე ნ--------------–-ს უკანონო მფლობელობიდან და მოსარჩელე ვ--–-------------–---–-ს ჩაბარდეს უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

3. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ მოსარჩელე ვ--–-------------–---–- ეთქვას უარი.

4. დაეკისროს მოპასუხე ნ--------------–- მოსარჩელის სასარგებლოდ სახ. ბაჟის 120 ლარის გადახდა.

5. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ უარი შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღეში თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე გრ. რობაქიძის განზირი #7ა-ში) მცხეთის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. მცხეთა სამხედროს ქ.#17) მეშვეობით.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე გრ. რობაქიძის განზირი #7ა-ში) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. მცხეთა სამხედროს ქ.#17) მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე კობა გოცირიძე.