გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.01.2018
საქმის ნომერი
130210017002145552
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
08.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 130210017002145552

(2-744-17 )

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 დეკემბერი, 2017 წელი, ქ. ხაშური

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

ხაშურის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი

 

მოსარჩელე თ---------შვილი

წარმომადგენლები გ---------------ძე და მ-------------შვილი

მოპასუხეები თ-----------------------შვილები, ი------------შვილი,ნოტარიუსი ქ--------------ძე

წარმომადგენლები ზ-----------შვილი, ნ-----------ია

დავის საგანი სამკვიდრო მოწმობის და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად

ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 19 თებერვალს გაცემული ის სამკვიდრო მოწმობა ნახევრის ¼ ნაწილში, რომლითაც თ-----------შვილმა მიიღო დედის - ლ----------შვილის მემკვიდრეობა (სარჩელი, გვ.6; დაზუსტებული მოთხოვნა. 2017 წლის 20 დეკემბრის სხდომის ოქმი: 15:20:45-15:21:40; 16:43:10-16:43:50);

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 24 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც თ-----------შვილმა მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ნივთი აჩუქა თავის შვილს მ------------შვილს და მოსარჩელის შვილს ი------------შვილს;

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე: მოპასუხე თ-----------შვილი არის 1992 წელს გარდაცვლილი ლ------------შვილის შვილი და მოსარჩელე თ---------შვილის ქმრის - 2004 წელს გარდაცვლილი დ--–---------შვილის ძმა; ნოტარიუს ქ--------------ძის მიერ 2014 წლის 19 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, თ-----------შვილმა - პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო ლ------------შვილის მთელი სამკვიდრო ქონება სრულად; ლ----------შვილს ჰყავდა კიდევ ერთი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი - დ--–---------შვილი, რომელმაც ასევე მიიღო დედის მემკვიდრეობის ნახევარი. მას დარჩა ოთხი მემკვიდრე - მოსარჩელე და სამი შვილი, მათ შორის - მოპასუხე ი------------შვილი, რომლებმაც, ასევე, მიიღეს სამკვიდრო;

გაურკვეველია ჩუქების ხელშეკრულების საფუძველი, თ-----------შვილს არ შეეძლო მემკვიდრეობით მიღებული ქონების გაჩუქება, რადგან ამ ქონების ნახევრის ¼ ნაწილი მოსარჩელე თ---------შვილს ეკუთვნოდა, შესაბამისად, ჩუქების ხელშეკრულება ბათილია როგორც მართლსაწინააღმდეგო გარიგება (სარჩელი, გვ.6-7, მთავარ სხდომაზე წარმოდგენილი დაზუსტებული მოთხოვნა);

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მოსარჩელის ქმარს დ--–---------შვილს დედის მემკვიდრეობა არ მიუღია, ისევე, როგორც მოსარჩელეს არ მიუღია დ--–---------შვილის მემკვიდრეობა;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1 2014 წლის 19 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, თ-----------შვილმა მემკვიდრეობით მიიღო დედის, ლ----------შვილის კუთვნილი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რ----ში მდებარე უძრავი ნივთი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.33, 34);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.41-42);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.2. მემკვიდრეობით მიღებულ უძრავ ნივთზე, 2014 წლის 7 აპრილს, დარეგისტრირდა თ-----------შვილის საკუთრების უფლება. სადავო ქონება, თ-----------შვილმა აჩუქა თავის შვილს მ------------შვილს და გარდაცვლილი ძმის, დ--–---------შვილის და მოსარჩელის შვილს ი------------შვილს, რომელთა საკუთრებადაც დარეგისტრირებულია სადავო ქონება საჯარო რეესტრში 2015 წლის 2 მარტს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 26-27; 22-23);

- უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 24-25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.3. ნოტარიუსის 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილებით, თ---------შვილს უარი ეთქვა ლ----------შვილის სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, რადგან მთელი მემკვიდრეობა უკვე მიღებული ჰქონდა თ-----------შვილს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნოტარიუსის დადგენილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ.58);

3.1.4. თ---------შვილის და 2004 წელს გარდაცვლილი დ--–---------შვილის ქორწინება რეგისტრირებულია 1967 წლიდან, ჰყავთ სამი შვილი, მათ შორის -მოპასუხე ი------------შვილი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.18);

- იზა, ი---- და ი--- გ----შვილების დაბადების მოწმობები (ს.ფ. 55-57);

- დ--–---------შვილის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 20);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.5. სამკვიდროს დამტოვებელი ლ----------შვილი 1992 წელს გარდაიცვალა და ის კომლის ერთადერთ წევრად ირიცხებოდა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლ------------შვილის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 19);

- საარქივო ცნობა (ს.ფ. 52);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დ--–---------შვილთან დაქორწინების შემდეგ, მეუღლესთან ერთად, 1967 წლიდან, ფაქტობრივად ფლობდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რ----ში მდებარე სადავო ქონებას. დ--–---------შვილის გარდაცვალების შემდეგ კი ის და მისი შვილები დაეუფლნენ მემკვიდრეობას. შესაბამისად, დედის, ლ----------შვილის მემკვიდრეობის ნახევარი მიღებული ქონდა დილმან ღვინიაშვილს და მეუღლის მემკვიდრეობის ¼ ნაწილი თ---------შვილმა მიიღო;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან დ--–---------შვილს ლ----------შვილის მემკვიდრეობა არ მიუღია, არც დ--–---------შვილის მემკვიდრეობის თ---------შვილის მიერ მიღება დადგინდა;

აქედან გამომდინარე, არ არსებობს სამკვიდრო მოწმობის ბათილობის საფუძველი, რაც გამორიცხავს სხვა მოთხოვნის - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის დაკმაყოფილებასაც - კანონიერად მიღებული მემკვიდრეობის განკარგვის უფლება ჰქონდა თ-----------შვილს რისი (უფლების) რეალიზაციაც ასევე კანონიერად მოახდინა - გაასხვისა რა თავისი საკუთრება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 170-ე მუხლის პირველი ნაწილი; 1320-ე მუხლი; 1421-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილები; 1424-ე მუხლი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება.

 

სამოქალაქო კოდექსის: 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას;

თ-----------შვილმა განკარგა მემკვიდრეობით მიღებული ქონება, რომელზეც მისი საკუთრების უფლება დარეგისტრირდა - აჩუქა მ------------შვილსა და ი------------შვილს;

1320-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე;

1421-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.

მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო;

განსახილველ შემთხვევაში თ-----------შვილმა სამკვიდროს მიღების შესახებ 2014 წელს მიმართა განცხადებით ნოტარიუსს, რომელმაც სამკვიდრო მოწმობის გაცემით დაადასტურა თ-----------შვილის მიერ დედის, ლ----------შვილის მემკვიდრეობის მიღება, თ---------შვილმა კი, ანალოგიური განცხადებით, იმავე მემკვიდრეობაზე, ნოტარიუსს 2017 წლის 4 აგვისტოს მიმართა, 2017 წლის 8 აგვისტოს დადგენილებით უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე (ს.ფ. 39; 58) და განსახილველი საქმე აღძრა 2017 წლის 26 ოქტომბერს;

იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ დ--–---------შვილმა ლ----------შვილის მემკვიდრეობა მიიღო და თ---------შვილმა - დ--–---------შვილისა, წარმოდგენილია დ--–---------შვილის და მოსარჩელის ქორწინების მოწმობა და ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2017 წლის 17 ოქტომბერს გაცემული ცნობა (ს.ფ. 59) რომლის თანახმად, თ---------შვილი ნამდვილად ცხოვრობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რ----ში, მ----------------ში, თუმცა, მასში აღნიშნული არ არის როდიდან ცხოვრობს მოსარჩელე ამ მისამართზე;

არავითარი მტკიცებულება, რითიც დადგინდება, რომ დ--–---------შვილმა ლ----------შვილის მემკვიდრეობა მიიღო და შემდეგ - თ---------შვილმა მიიღო დ--–---------შვილის მემკვიდრეობა, წარმოდგენილი არ არის. განყენებულად, მხოლოდ ქორწინების რეგისტრაციით არ დასტურდება მემკვიდრეობის ფაქტობრივად დაუფლების გზით სამკვიდროს მიღების ფაქტი, ისევე როგორც დასახელებული ცნობით, - არ არის წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ცნობაში თ---------შვილის საცხოვრებლად მითითებული და თ-----------შვილის მიერ მემკვიდრეობით მიღებული სახლი ერთი და იგივეა. არ არსებობს არცერთი წერილობითი მტკიცებულება, სადაც მითითებულია, რომ სადავო ნივთი რ----ში, მ----------------ში მდებარეობს. გარდა ამისა, ცნობის შინაარსი წინააღმდეგობაშია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის შინაარსთან (ს.ფ.40), რომლის თანახმად, თ---------შვილი მუდმივად ცხოვრობს ქ.თბილისში, სადაც დახმარებას იღებს 2008 წლიდან;

1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. მოცემულ შემთხვევაში, ლ----------შვილის სამკვიდრო გაიხსნა 1992 წლის 18 ოქტომბერს (ს.ფ. 19) - მისი გარდაცვალების დღეს, დ--–---------შვილი გარდაიცვალა 2014 წლის 15 თებერვალს, თბილისში (ს.ფ. 20), თ---------შვილმა, სანოტარო ორგანოს, სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით, მიმართა 2017 წლის 4 აგვისტოს - სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისმა მეუღლემ და შემდეგ თვითონ, მიიღეს მემკვიდრეობა ფაქტობრივად დაუფლების გზით, თუმცა, თვითონ გარემოებაც კი არ აღნიშნა და მტკიცებულებაზეც კი არ მიუთითა, რომ მისი მეუღლის და შემდეგ მის მიერ სამკვიდროს მისაღბად საჭირო მოქმედებები შესრულდა ამ მუხლით დადგენილ ექვსი თვის ვადაში;

მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობით არ დასტურდება, რომ დ--–---------შვილმა და შემდეგ თ---------შვილმა კანონით დადგენილი ექვსი თვის ვადაში სამკვიდრო მიიღეს;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, ამავე ტიპის საქმეზე მიღებულ 2015 წლის 17 ივლისის N2ბ/475-15 განჩინებაში აღნიშნა: ,,სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას“;

ამდენად, დ--–---------შვილს არ მიუღია ლ----------შვილის მემკვიდრეობა, ისევე როგორც დ--–---------შვილის მემკვიდრეობა არ მიუღია თ---------შვილს. მხოლოდ ის გარემოება, რომ თ---------შვილი დ--–---------შვილის რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეა და დ--–---------შვილი ლ----------შვილის შვილი იყო (თუმცა მათი ნათესაური კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოდგენილა. ამის შესახებ მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიუთითა მოპასუხის წარმომადგენელმა და მანადე სადავოდ არ გამხდარა), სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არის - თ-----------შვილმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით მიიღო მემკვიდრეობა და განკარგა თავისი საკუთრება;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;

საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;

სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;

მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოებები - რომ დ--–---------შვილმა მიიღო ლ----------შვილის მემკვიდრეობა და თ---------შვილმა - დ--–---------შვილის მემკვიდრეობა, შესაბამისად, არ დადასტურდა თ-----------შვილის მიერ მემკვიდრეობის მიღების დამადასტურებელი სამკვიდრო მოწმობის და სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა, - არაფრით დადასტურებული მხარის ახსნა-განმარტება, რომელსაც არ ეთანხმება მეორე მხარე, არ არის საკმარისი სადავო გარემოების დასადასტურებლად;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა;

მოცემულ შემთხვევაში თ-----------------------შვილებმა წარმოადგინეს წარმომადგენლის დახმარებისათვის 700 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები: მომსახურების ხელშეკრულება და ანგარიშიდან ამონაწერი, ასევე - მოპასუხეებისადმი საფოსტო გზავნილისათვის 6 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ქვითრით არ დასტურდება ხარჯის - 6 ლარის - გაწევა განსახილველ საქმესთან დაკავშირებით;

სასამართლო მხედველობაში იღებს საქმის სირთულეს, განხილვისათვის საჭირო დროს, მოსარჩელის მიერ მითითებულ სარჩელის ფასს, მიაჩნია, რომ მოპასუხეებს თ-----------------------შვილებს უნდა აუნაზღაურდეთ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 700 ლარის ნაწილი - 200 ლარი;

მოპასუხე ი------------შვილმაც წარმოადგინა განსახილველ საქმეზე იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება, რომლის თანახმად, წარმომადგენლისათვის, 2017 წლის 30 ნოემბრამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით, უნდა გადაეხადა 5625 ლარი, თუმცა გადახდის, - ხარჯის გაწევის - დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის. ი------------შვილის მიერ ამ საქმესთან დაკავშირებით ხარჯის გაწევა არ დასტურდება ასევე წარმოდგენილი ქვითრებით, რომელთა შინაარსიდან მათი განსახილველ საქმესთან კავშირი არ დგინდება;

ამდენად, თ---------შვილს, არ უნდა დაეკისროს ი------------შვილის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თ---------შვილის სარჩელი თ-----------------------შვილების, ი------------შვილის, ნოტარიუს ქ--------------ძის მიმართ სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. თ---------შვილს გადახდეს მარიამ და თ-----------შვილების სასარგებლოდ 200 (ორასი) ლარი - მოპასუხეების მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ნაწილი;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ.რობაქიძის ქ.№7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (კოსტავას ქ.№15);

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი