გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.01.2018
საქმის ნომერი
080210016001398659
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
09.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N080210016001398659

№2/1155-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 დეკემბერი 2017 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტო“;

წარმომადგენელი - თ---ურაზ მ------ნელი;

მოპასუხე - შპს „დ--ი“;

წარმომადგენელი - თ---ურაზ კ-----–-ძე, კ-------ნტინე კ-----–-ძე;

დავის საგანი პირგასამტეხლოს თანხის დაკისრება:

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპს „დ--ის“ დაეკისროს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 10253.05 ლარის გადახდა.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ და შპს „დ--ის“ შორის 2015 წლის 3 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება Nეტ-4, რომელიც ითვალისწინებდა სათაფლიის აღკვეთილის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა შენობა-ნაგებობის და ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოს შესრულებას, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 131899.95 ლარს და მისი შესრულების ვადა იყო 60 კალენდარული დღე. ამავე ხელშეკრულების 4.1. პუნქტის საფუძველზე, ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით, სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ თავმჯდომარის 2015 წლის 10 ივნისის N5/ა-0419 ბრძანებით შეიქმნა ინსპექტირების ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი ვალდებულება იყო სამუშაოების დასრულების ვადების და გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ვადების კონტროლი. შპს „დ--ის“ მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები დასრულდა 2015 წლის 21 აგვისტოს, 19 დღიანი დაგვიანებით, რაც დასტურდება თავად მოპასუხის 2015 წლის 21 აგვისტოს წერილით და 2015 წლის 3 სექტემბრის სამუშაოთა დასრულების აქტით. ამასთან, მოპასუხემ დაარღვია გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადა 180 დღით, ხელშეკრულების 13.1 და 13.2 პუნქტების საფუძველზე დაანგარიშდა პირგასამტეხლო, რომელმაც სამუშაოს დასრულების დაგვიანებისათვის შეადგინა 1253.05 ლარი, ხოლო გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის 9000 ლარი, სულ 10253.05 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე 2015 წლის 30 ნოემბერს წერილით მიმართეს მოპასუხეს, თუმცა უშედეგოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მათი მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ჯერ კიდევ 2015 წლის 31 ივლისს დასრულდა, რის შესახებაც წერილობით აცნობეს მოსარჩელეს, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. 2015 წლის 21 აგვისტოს წერილი კი ასლია 5 აგვისტოს გაგზავნილი წერილის, რომლითაც შემკვეთს აცნობეს სამუშაოს დასრულების შესახებ და გაუგზავნეს შემსყიდველის ფორმა N2. „სააგენტოს“ მხრიდან დაცული არაა ხელშეკრულების 4.4. და 4.6. პუნქტი, რომელთა გამოყენების შემთხვევაში ამოქმედდებოდა 4.5 პუნქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული უსაფუძვლო სარჩელი. გარდა აღნიშნულისა, ხელშეკრულების 13,2 მუხლით ვადაგადაცილებად ითვლება სამ კვირაზე მეტი ვადით გადაცილება, მოსარჩელის მტკიცებით კი ვადაგადაცილებას ადგილი ჰქონდა მხოლოდ 19 დღით, რაც არასწორია და ვადაგადაცილების შემთხვევაშიც მიმწოდებელს ევალებოდა გამოესწორებინა დაშვებული ხარვეზი საკუთარი სახსრებით, უმოქმედობის შემთხვევაში კი უნდა გამოეყენებინა 13.1 პუნქტი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ და შპს „დ--ის“ შორის 2015 წლის 3 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება Nეტ-4, რომელიც ითვალისწინებდა სათაფლიის აღკვეთილის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა შენობა-ნაგებობის და ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოს შესრულებას. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 131899.95 ლარს. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის მიხედვით მისი შესრულების ვადა იყო 60 კალენდარული დღე.

ხელშეკრულების 13.1 და 13.2 პუნქტებით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: 13.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილევბული დღისათვის მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით.

13.2. წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ ვალდებულია ორი კვირის ვადაში გაასწოროს არსებული ჩამორჩენა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადებიდან, წინააღმდე შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ დარღვეულ (სამი კვირა) და შემდგომ პერიოდზე, 13.1. პუნქტის გარდა დამატებით გადაიხდის პირგასამტეხლოს ყოველ გადაცდენილ დღეზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ჩამორჩენა ან მისი გამოსწორების ვადის უშედეგოდ გასვლა არ არის გამოწვეული „შემსყიდველის“ მიზეზით.

დადგენილია, რომ მხარეთა მიერ ცალ-ცალკეა შეთანხმებული გეგმა-გრაფიკი შემდეგ სამუშაოებზე: სპელოლოგიური მუზეუმი-გარე პერიმეტრი, გადმოსახედის კაფეტერია, მღვიმეებში მისასვლელი ბილიკები, მღვიმეში შესასვლელი და გამოსასვლელი, ჭიშკარი-ლოგო და ასოები, მთავარი მისასვლელი შენობისა და გარე პერიმეტრის რეაბილიტაცია, საკონსერვაციო პავილიონი, მონუმენტის მოედანი, ეკოსაგანმანათლებლო მოედანი და ბავშვთა გორაკები, ვიზიტორთა ცენტრი-შიდა პერიმეტრი, ვიზიტორთა ცენტრი-გარე პერიმეტრი, კაფეტერია-ტერასა, ელექტრო სამუშაოები-ლამპიონები, ამფითეატრი, წყლის რეზერვუარი, ფეხსავალი ბილიკის მოკირწყვლა.

2015 წლის 3 ივნისის ხელშეკრულების 4.1. პუნქტით, ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 10 ივნისის N5/ა-0419 ბრძანებით შეიქმნა ინსპექტირების ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი ვალდებულება იყო სამუშაოების დასრულების ვადების და გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ვადების კონტროლი.

მტკიცებულებები:

- 2015 წლის 3 ივნისის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ.14-58);

- 2015 წლის 10 ივნისის N5/ა-0419 ბრძანება (იხ.ს.ფ. 59-61);

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „დ--იმ“ ხელშეკრულების შესრულების თაობაზე 2015 წლის 21 აგვისტოს წერილით აცნობა იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, წერილში მითითებულია შემდეგი: შპს „დ--იმ“ დაასრულა სათაფლიას ტერიტორიაზე არსებული სხვადასახვა შენობა-ნაგებობის და ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოები, გიდგენთ სამუშაოების შესრულების და ანაზღაურების აქტებს. განცხადებას ერთვის სამუშაოების შესრულების და ანაზღაურების აქტები, შედგენილი 2015 წლის 21 აგვისტოს. წერილს ხელს აწერს შპს „დ--ის“ დირექტორი კ. კ-----–-ძე, რომელსაც სასამართლო სხდომაზე თავისი ხელმოწერა სადაოდ არ გაუხდია.

 

2015 წლის 3 სექტემბერს კი შედგენილია სამუშაოთა დასრულების აქტი, სადაც კიდევ ერთხელ მითითებულია, რომ 2015 წლის 21 აგვისტოს დასრულდა სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ და შპს „დ--ის“ შორის 2015 წლის 4 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება Nეტ-4-ით გათვალისწინებული სათაფლია აღკვეთილში არსებული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აქტს ხელს აწერს ორივე მხარის წარმომადგენელი, მათ შორის შპს „დ--ის“ დირექტორი.

 

2015 წლის 16 ნოემბერს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ წერილობით მიმართა იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა, მისი განმარტებით მოპასუხემ 2015 წლის 21 აგვისტოს წარადგინა წერილი სამუშაოების დასრულების შესახებ, რაც შეისწავლა ადმინისტრაციამ და 3 სექტემბერს დაადასტურა 21 აგვისტოს მდგომარეობით სამუშაოების დასრულება.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას, რომ სამუშაოები რეალურად დასრულდა 31 ივლისისთვის, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არაა. შპს „დ--ი“ უთითებს მისი სახელით ამავე თარიღით გაგზავნილ ელექტრონულ შეტყობინებაზე, თუმცა თვითონვე ადასტურებს, რომ წერილი ადრესატს არ მიუღია, რაც შეეხება 5 აგვისტოს წერილს, მისი ასლი და გაგზავნის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საერთოდ არაა წარმოდგენილი. ნიშანდობლივია ისიც, რომ 21 აგვისტოს წერილში მოპასუხე საერთოდ არ უთითებს, რომ შეტყობინების განმეორებით გაგზავნაზე, ამასთან თავისი ხელმოწერით ადასტურებს, რომ სამუშაოები ნამდვილად დასრულდა 21 აგვიტოს, ანუ 19 დღის დაგვიანებით.

მტკიცებულებები:

- 2015 წლის 21 აგვისტოს წერილი და თანდართული დოკუმენტები (ს.ფ. 62-66);

- 2015 წლის 3 სექტემბრის აქტი (ს.ფ.67);

- 2015 წლის 16 ნოემბერის წერილი (ს.ფ.68);

 

3.2.2. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მოხსენებითი ბარათით სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ მიმართ, შპს „დ--ის“ მიერ გეგმა-გრაფიკი დარღვეულია შემდეგ შემთხვევებში: გადმოსახედის კაფეტერია-ოვალურ სახურავზე მეტლახის ბორდიურის მოწყობა (წყალ შემკრები, 3 გვერდი) 4 გამსვლელი ღობით (შესრულების ვადა 4-8 ივნისი), გადაცილებულ დღეთა რაოდენობა შეადგენს 18 დღეს.

 

მღვიმეში შესასვლელი და გამოსასვლელი - ფლეთილი ქვის დემონტაჟი და ხელახალი მონტაჟი გრანიტის ფილებით (შესრულების ვადა 4-8 ივნისი), გადაცილებულ დღეთა რაოდენობა შეადგენს 18 დღეს.

ჭიშკარი, ლოგო და ასოები - ლოგოს ასოების დამზადება(მაღალი ხარისხის მოვერცხლილი ასოები), 15 დიდი ზომის 49 პატარა (შესრულების ვადა 14-18 ივნისი), გადაცილებულ დღეთა რაოდენობა შეადგენს 18 დღეს.

მთავარი მისასვლელი შენობის რეაბილიტაცია, გარე პერიმეტრის რეაბილიტაცია-

1.კედლის დაშენება არსებულ კედელზე სისქით 20 სმ (შესრულების ვადა 4-8 ივნისი), გადაცილებულ დღეთა რაოდენობა შეადგენს 18 დღეს.

2.კედელზე დეკორატიული ლამფის მოწყობა (შესრულების ვადა 4-8 ივნისი), გადაცილებულ დღეთა რაოდენობა შეადგენს 18 დღეს.

საკონსერვაციო პავილიონი - დაზიანებული შინგლის გადახურვის შეკეთება (შესრულების ვადა 4-8 ივნისი), გადაცილებულ დღეთა რაოდენობა შეადგენს 18 დღეს.

ვიზიტორთა ცენტრი გარე პერიმეტრი-

3.ბრუსჩატკის დემონტაჟი (შესრულების ვადა 4-8 ივნისი), გადაცილებულ დღეთა რაოდენობა შეადგენს 18 დღეს.

4.ქვიშის საფარის მოხსნა (შესრულების ვადა 4-8 ივნისი), გადაცილებულ დღეთა რაოდენობა შეადგენს 18 დღეს.

5. ღორღის საფარის მოხსნა (შესრულების ვადა 4-8 ივნისი), გადაცილებულ დღეთა რაოდენობა შეადგენს 18 დღეს.

კაფეტერია ტერასა- ფლეთილი ქვის დემონტაჟი, ხელახალი მონტაჟით, ქვიშა ცემენტის ხსნარზე შოვების შევსებით (შესრულების ვადა 4-8 ივნისი), გადაცილებულ დღეთა რაოდენობა შეადგენს 18 დღეს.

აღნიშნულის თაობაზე 2015 წლის 30 ნოემბერს მოსარჩელემ წერილობით აცნობა შპს „დ--ის“ და გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის 180 დღეზე გაანგარიშებით მოსთხოვა პირასამტეხლოს 9000 ლარის გადახდა.

მტკიცებულებები:

-მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 69-70);

- 2015 წლის 30 ნოემბრის წერილი (ს.ფ. 72-73)

 

სასამართლო ვერ გაიზირებს მოსარჩელის განმარტებას, რომ სახეზეა გეგმა-გრაფიკის ვადის დარღვევა 180 დღით. როგორც უკვე აღინიშნა, მხარეები შეთანხმდნენ ცალკეული სამუშაოების შესრულების ვადებზე ცალ-ცალკე, რაც აისახა გეგმა-გრაფიკებში, თითოეული მათგანის ვადის დარღვევა მოხდა 18 დღით, შესაბამისად, გაურკვეველია რატომ მოხდა მათი დაჯამება და დარღვევის დღეების ოდენობად 180 დღის მითითება, როცა ასეთ შეთანხმებას ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე მუხლებით.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა- მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება იწვევს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო. ამასთან, ეს წესი არ მოქმედებს, მაშინ როცა სახეზეა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით (საქმე №ას-939-879-2017), სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09). სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

 

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების 31.1 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით. დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების შესრულების ვადა 19 დღით, 131899.95 ლარის 0.05% შეადგენს 65.94 ლარს, რაც 19 დღეზე გაანგარიშებით 1252.86 ლარია. ამდენად, ხელშეკრულების 31.1 პუნქტიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1252.86 ლარის გადახდა.

 

რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრებას ხელშეკრულების 13.2 პუნტიდან გამომდინარე, არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: 13.2. პუნქტის მიხედვით, წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ ვალდებულია ორი კვირის ვადაში გაასწოროს არსებული ჩამორჩენა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ დარღვეულ (სამი კვირა) და შემდგომ პერიოდზე, 13.1. პუნქტის გარდა დამატებით გადაიხდის პირგასამტეხლოს ყოველ გადაცდენილ დღეზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში დამოუკიდებელი გეგმა-გრაფიკები იყო შედგენილი შემდეგი სამუშაოების შესრულებაზე: სპელოლოგიური მუზეუმი-გარე პერიმეტრი, გადმოსახედის კაფეტერია, მღვიმეებში მისასვლელი ბილიკები, მღვიმეში შესასვლელი და გამოსასვლელი, ჭიშკარი-ლოგო და ასოები, მთავარი მისასვლელი შენობისა და გარე პერიმეტრის რეაბილიტაცია, საკონსერვაციო პავილიონი, მონუმენტის მოედანი, ეკოსაგანმანათლებლო მოედანი და ბავშვთა გორაკები, ვიზიტორთა ცენტრი-შიდა პერიმეტრი, ვიზიტორთა ცენტრი-გარე პერიმეტრი, კაფეტერია-ტერასა, ელექტრო სამუშაოები-ლამპიონები, ამფითეატრი, წყლის რეზერვუარი, ფეხსავალი ბილიკის მოკირწყვლა. არცერთი მათგანის შესრულების ვადა არ დაურღვევია მოპასუხეს 18 დღეზე მეტი ხნით, შესაბამისად, სახეზე არ არის ვადის სამკვირიანი დარღვევა, რაც ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრებას „მიმწოდებელზე“ დღეში 50 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

გამომდინარე კანონის ამ მოთხოვნებიდან, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. შპს „დ--ის“ დაეკისროს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 1252.86 ლარიას გადახდა.

1.2. დანარჩენ ნაწილში საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. შპს „დ--ის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე