გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.01.2018
საქმის ნომერი
101210017002185524
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
11.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 101210017002185524

№2/124-17წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 იანვარი, 2018 წელი ჭიათურა

შესავალი ნაწილი

საჩხერის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო ჭ---------ს მუნიციპალიტეტში

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე დავით კეკენაძე

სხდომის მდივანი თამარ წერეთელი

მოსარჩელე: ვ--------------–--ე

მოპასუხე: მ--–-------------–--ე

მოპასუხე: გ---–------------–---–ი (არ გამოცხადდა)

დავის საგანი: ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოსარჩელე ვ--------------–--ემ საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ჭ---------ს მუნიციპალიტეტში შემოიტანა სასარჩელო განცხადება თანდართული მასალებით და მოითხოვა ყადაღისაგან გათავისუფლდეს, ი------------------–-----------------------------ს სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, 2017 წლის 27 ოქტომბრის, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში შეტანილი შემდეგი მოძრავი ნივთები: მაგიდა, „BEKO“-ს ფირმის ტელევიზორი, „BEKO“-ს ფირმის მაცივარი, ჭურჭლის კარადა, სამეული (დივანი და ორი სავარძელი), ქონება დაყადაღებულია მ--–------------–---ს მიმართ არსებული დავალიანების აღსასრულებლად;

 

1.2 მოსარჩელემ განმარტა, რომ ქონება, რომელიც დაყადაღებული იქნა აღმასრულებლის მიერ, მ--–------------–---ს საკუთრება არაა. აღნიშნული ნივთები წარმოადგენს მის პირად საკუთრებას, შეძენილია მისი სახსრებით; მოპასუხე 1994 წლიდან აღარ ცხოვრობს მასთან აღნიშნულ მისამართზე, რეგისტრირებულია ცალკე კომლად, არავითარი მონაწილეობა არ მიუღია აღნიშნული ნივთების შეძენაში; მოასუხე 90-იანი წლებიდან დღემდე ცხოვრობს ქალაქ თბილისში; იგი განქორწინდა მეუღლესთან გ---–------------–---–თან და აქვს ალიმენტის დავალიანება; მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება იმავე საფუძვლით, რაც სასარჩელო განცხადებაშია აღნიშნული.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გ---–------------–---–ს შესაგებელი არ შემოუტანია; სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა; სასამართლოს მთავარ სხდომამდე სასამართლოში შემოვიდა სატელეფონო შეტყობინება, რომლითაც მოპასუხე გ---–------------–---–მა სცნო სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების თაობაზე; დაადასტურა, რომ დაყადაღებული ნივთები ნამდვილად მისი ყოფილი დედამთილის ვ--------------–--ის საკუთრებაა, იგი თანახმაა დაყადაღებული ნივთები გათავისუფლდეს ყადაღისაგან და არავითარი საწინააღმდეგო მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია, სასამართლო სხდომაზე ვერ ცხადდება ოჯახური მდგომარეობის გამო და გამოუცხადებლობა ჩაეთვალოს საპატიოდ;

 

2.2. მოპასუხე მ--–------------–--ემ შესაგებლით ცნო სარჩელი; ასევე სასამართლოს მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი ყადაღისაგან ქონების - მაგიდის, „BEKO“-ს ფირმის ტელევიზორის, „BEKO“-ს ფირმის მაცივარის, ჭურჭლის კარადის, სამეულის (დივანი და ორი სავარძელი), გათავისუფლების შესახებ. განმარტა, რომ აღნიშნული ნივთები დაყადაღებულია მის მიმართ არსებული ალიმენტის დავალიანების გამო, იგი რეგისტრირებული ცალკე კომლად და 1994 წლიდან ცხოვრობს ქალაქ თბილისში, დაქორწინდა, შეეძინა შვილი; დღეისათვის მეუღლესთან აღარ ცხოვრობს; მის მიერ შეძენილი ბინა და ა/მანქანა დარჩა მეუღლეს, რამეთუ ამ უკანასკნელის სახელზეა რეგისტრირებული; სადაო ნივთები არის მისი მშობლების შეძენილი და არავითარი წვლილი მათ შეძენაში არ მიუძღვის; დღეისათვის უმუშევარია;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 27 ოქტომბერს, ი------------------–-----------------------------ს სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი გამოცხადდა ჭ---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ რ---–ი, ვ--------------–--ის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში, დაათვალიერა ნივთები, მიიჩნია, რომ ამ მისამართზე განლაგებული: მაგიდა, „BEKO“-ს ფირმის ტელევიზორი, „BEKO“-ს ფირმის მაცივარი, ჭურჭლის კარადა, სამეული (დივანი და ორი სავარძელი), ეკუთვნოდა მოვალე მ--–------------–--ეს და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ნივთები აღწერა და დააყადაღა. შესაბამისად, შეადგინა აქტი მოვალის ქონების, აღწერისა და დაყადაღების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა განმარტებები;

 

-2017 წლის 27 ოქტომბრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი

 

3.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები განთავსებულია ჭ---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ რ---–ი მოსარჩელე ვ--------------–--ის სახლში, აღნიშნული ნივთები შეძენილია მოსარჩელის მიერ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 27 ოქტომბრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი;

- სარჩელი

-შესაგებელი

- მხარეთა ახსნა განმარტებები;

- მოპასუხის მ--–------------–---ს წერილობითი აღიარება;

- მოპასუხე და გ---–------------–---–ის სატელეფონო შეტყობინება;

- საგარანტიო ტალონები;

- მოწმეთა მა----------–---ს, იური ჩალაძის, დარეჯან ჩალაძის, ნელი ქუთათელაძის

ჩვენებები;

 

ამდენად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს რომ დაყადაღებული ქონება, ეკუთვნის მოსარჩელე ვ--------------–--ეს.

 

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფასაც; ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ--------------–--ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. კერძოდ, ყადაღისაგან გათავისუფლდეს ი------------------–-----------------------------ს სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2017 წლის 27 ოქტომბერს, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტების საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ნივთები: მაგიდა, „BEKO“-ს ფირმის ტელევიზორი, „BEKO“-ს ფირმის მაცივარი, ჭურჭლის კარადა, სამეული (დივანი და ორი სავარძელი);

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მე-4 ნაწილი; 158-ე, 159-ე, 161-ე, 170-ე, 172-ე,“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32-ე და 44-ე მუხლით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, მე-4, 102-ე და 105-ე, 131 მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი მისი მესაკუთრეა. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობაში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. ამავე კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად კი მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მაგიდა, „BEKO“-ს ფირმის ტელევიზორი, „BEKO“-ს ფირმის მაცივარი, ჭურჭლის კარადა, სამეული (დივანი და ორი სავარძელი), ნამდვილად მოსარჩელე ვ--------------–--ის საკუთრებაა; სასამართლო ასევე ითვალისწინებს ამ ნაწილში მოპასუხეთა პოზიციას; გარდა ამისა, საცხოვრებელი სახლი, სადაც სადაო ნივთებია განლაგებული, მოპასუხე მ--–------------–---ს საკუთრება არაა;

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და დაყადაღებული ნივთები: მაგიდა, „BEKO“-ს ფირმის ტელევიზორი, „BEKO“-ს ფირმის მაცივარი, ჭურჭლის კარადა, სამეული (დივანი და ორი სავარძელი), გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

 

6.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

 

მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მ--–------------–--ემ ცნო სარჩელი, რაც ასევე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია; რაც შეეხება მოპასუხე გ---–------------–---–ს, მან სატელეფონო შეტყობინებით გამოხატა თავისი პოზიცია და ცნო სარჩელი; (შესაგებელი არ წარმოუდგენია, ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე);

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოპასუხეებმა მ--–------------–--ემ და გ---–------------–---–მა დაადასტურეს გარემოება მასზედ, რომ სადაო ქონება მოსარჩელე ვ--------------–--ის კუთვნილებაა;

 

სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, დადგენილია იმ პირთა უფლებების დაცვის მექანიზმი, რომელთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გარკვეული წინაპირობების თანხვედრის შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად და ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე საკუთრების უფლებით აღჭურვილი მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შეაბამისად; მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მ--–------------–--ემ და მოპასუხე გ---–------------–---–მა სასამართლოს მთავარ სხდომამდე სცნეს სარჩელი; ამდენად აღნიშნული მოპასუხეები უნდა გათავისუფლდნენ მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისგან;

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-8, მე-10, 49-ე, 131-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. ვ--------------–--ის (პ/№5---------4) სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს ი------------------–-----------------------------ს სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, 2017 წლის 27 ოქტომბერს, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით აღწერილი და დაყადაღებული ვ--------------–--ის საკუთრებაში მყოფი შემდეგი ნივთები: მაგიდა, „BEKO“-ს ფირმის ტელევიზორი, „BEKO“-ს ფირმის მაცივარი, ჭურჭლის კარადა, სამეული (დივანი და ორი სავარძელი);

 

3. მოსარჩელე ვ--------------–--ეს (პ/№5---------4) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება N23, გადახდის თარიღი-24.11.2017 წელი, გადამხდელის დასახელება - ვ--------------–--ე (პ/№5---------4) გადამხდელი ბანკი - ს.ს "საქართველოს ბანკი", ბანკის კოდი BAGAGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300263150, ბანკის კოდი -TRESGE22; გადახდის დანიშნულება - ვ--------------–--ის (პ/№5---------4) სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საქმეზე);

 

4. მოპასუხე მ--–------------–--ე (პ/№5---------5) და მოპასუხე გ---–------------–---–ი (პ/№1---------9) გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ჭ---------ს მუნიციპალიტეტში მეშვეობით ( ჭიათურა გ.თხელიძის ქუჩა N 41).

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ჭ---------ს მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დავით კეკენაძე